შენ საკმარისი არ ხარ. თავი 22. გაბედე და შემიყვარე!
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 22. გაბედე და შემიყვარე!
საშინელი სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი გამეგო მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, მეხანძრეობის შესახებ.
- თორნიკე, დარწმუნებული ვარ, შენი ყოველი ცვლა განსხვავებული და მძაფრი შეგრძნებებითაა სავსე.
- ასეა.
- მომიყევი რომელიმე გამოძახების შესახებ.
- დარწმუნებული ხარ, რომ დღეს ამის მოსმენა გინდა? თან, საინტერესო არაფერია.
- კი, მინდა... ახლა და ახლავე, - ვთქვი გადაჭრით და მალევე დავამატე. -
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე იმისათვის, რომ მეხანძრე გახდე?
- კრიტერიუმი ბევრია, თუმცა სამ მთავარ მოთხოვნას გამოვარჩევდი.
- საინტერესოა... და მაინც, რას ითხოვენ?
- არ უნდა გეშინოდეს ცეცხლის, სიმაღლის და მიცვალებულის.
- ასეთი მარტივია? - ვთქვი ღიმილით.
- ზოგადად, მეხანძრეობაა ადვილი.
- მთავარი რა არის? - ვკითხე უკვე სერიოზულად.
- ჯგუფში მუშაობა უნდა შეგეძლოს. სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ მხოლოდ შენს თავზე იფიქრებ, ეს ჯგუფის წევრებისთვის აუცილებლად ტრაგიკულად დასრულდება. მეხანძრეებს ამის გარეშეც ბევრი პრობლემა აქვთ.
- რას გულისხმობ?
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაციების გარეშე ვმუშაობდით და ერთმანეთთან შორ მანძილზე კონტაქტი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ვინმეს შველა რომ დასჭირვებოდა, სხვები ვერაფერს გახდებოდნენ. მაშინ მზად ვიყავით და ჩვეულებრივ მოვლენადაც აღვიქვამდით იმ ფაქტს, რომ შეიძლებოდა სრულიად უპატრონოდ, სადმე აალებულ ცეცხლში მოვმკვდარიყავით.


მე მაგიდაზე ხელი სამჯერ დავაკაკუნე და ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ მათი წინათგრნობა არ გამართლდა. თორნიკემ გაიღიმა და განაგრძო.
- ერთ-ერთი ხანძრის დროს, ისევ და ისევ კონტაქტის არარსებობის გამო სახანძროს მძღოლმა წყლის დიდი წნევა ჩართო და ვერავინ გააგებინა, რომ დაეკლო. მაღალი წნევის გამო სახანძრო ლულა ხელიდან მივარდებოდა. გაუგონარი რამაა, როდესაც ეკიპაჟში ერთი ცალი რაცია აქვს ათმეთაურს. ქართველი მეხანძრეების აღჭურვილობა ცეცხლის სიღრმეებში შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს აღჭურვილობა მინიმალური იყო. მეხანძრის ჟანგბადის ბალონების დამტენი მინიმუმ სამ ადგილას მაინც უნდა ყოფილიყო თბილისში, მაშინ, როდესაც რეალურად ის მხოლოდ ერთ ადგილას იყო. რამდენიმეთვიანი დისკუსიისა და კამათის შემდეგ რაციებისა და შესაბამისი სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის შესაძენად მთავრობამ ბიუჯეტიდან თანხა გამოჰყო.

- სასაცილოა.
- რა?
- არის პროფესიები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია. ჰოდა, სასაცილოა ის, რომ მთავრობა პირველ რიგში თქვენს დაფინანსებაზე უნდა ფიქრობდეს - იმ ადამიანების, რომლებიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მზად არიან, ქვეყნის, საზოგადოების სამსახურში იდგნენ.
- ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენი პროფესია ნაკლებმნიშვნელოვანია.
დავეთანხმე და ცარიელ ბოთლს იმედგაცრუებით შევხედე. თორნიკემ გაიცინა და სამზარეულოდან ახალი ღვინის ბოთლი გამოიტანა, რამაც ძალიან გამახარა. ჭიქა კვლავ შემივსო და მე საუბარი განვაახლე.
- მომიყევი შენი რომელიმე გამოძახების შესახებ.
- არ მეშვები, ხო?
- დღეს არა... ჩვენ, ადამიანებს პრიმიტიულად წარმოგვიდგენია მეხანძრის საქმე. მაგალითად, მოდის მეხანძრე და ხანძარს წყლით აქრობს. ჰოპ და ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა რეალურად, ეს ყველაფერი სრულიად განსხვავებულად ხდება, არა? - ვუთხარი თუ არა, გაიცინა, შემდეგ კი სერიოზული სახით დაიწყო განმარტების მოცემა.
- ასეა. ყველაფერი განსხვავებულად ხდება. გამოძახების მიღებისთანავე, მობილიზების პროცესიდანვე ხდება ხანძრის დაზვერვა, მისი ტიპის დადგენა, იმისთვის, რომ ადგილზე მისულებმა უკვე ვიცოდეთ, წყლით უნდა მოხდეს ხანძრის ქრობა თუ ქაფით. აქ მნიშვნელოვანია ის, რა იწვის. ამის მიხედვით ხდება სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. როგორც წესი, ლოკაციის წერტილში მისვლამდე სულ რამდენიმე წუთი გვჭირდება, უსწრაფესად მივდივართ ცეცხლმოდებულ ობიექტამდე. ადგილზე მისულები ვსაზღვრავთ ხანძრის მასშტაბს, რის შემდეგაც ყველა მეხანძრე თავის პოზიციას იკავებს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობა. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ცეცხლმოდებული შენობიდან მოხდეს ყველა სულიერი არსების, ადამიანისა და ცხოველის გამოყვანა ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში. ამის შემდეგ კი ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინოთ ხანძრის ლოკალიზება, რაც გულისხმობს ცეცხლის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილებას. ლოკალიზების შემდგომი საფეხური ლიკვიდაციაა – ხანძრის კერების სრული ჩაქრობა.
ვიჯექი და ვუსმენდი, თვალებში ვუყურებდი, მის ისტორიებში ვიკარგებოდი. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ კი წარმოვთქვი:
- თორნიკე.
- გისმენ, მეგი. - თქვა და თმებზე მოფერება დამიწყო.
- გთხოვ, მომიყევი.
- რა მოგიყვე?
- მომიყევი იმ გამოძახების შესახებ, რომლის დროსაც ეს ჭრილობა მიიღე. - მივანიშნე კისერზე არსებულ ნაკერზე.
- ოხ, მეგი. არ მომეშვები, ხო?
- ისტორიის მოსასმენად უკვე მზად ვარ, - ვთქვი, როდესაც მან გემრიელად გაიცინა.
- მგონი, ვიღაცამ ბევრი დალია.
- თორნიკე, გისმენ!
- ის გამოძახება სტანდარტული იყო. - ჩაახველა და დინჯად დაიწყო.
- წარმომიდგენია, როგორი სტანდარტული იქნებოდა, - ვთქვი, თვალები ავატრიალე და შემდეგ ღვინო მოვსვი.


- ერთ-ერთ შვიდსართულიან სახლში ცეცხლი გაჩნდა და დასახმარებლად ცხელ ხაზში დარეკეს. ზარი ჩვენს დანაყოფში შემოვიდა, რადგან ამ სახლთან ყველაზე ახლოს ჩვენი ეკიპაჟია. როდესაც ადგილზე მივედით, ცეცხლი გიზგიზებდა და სიმხურვალე ფანჯრებიდან გამოღწევას ლამობდა. გარედან ცეცხლის ჩაქრობას ხელს მშრალი ამინდი და ქარი უშლიდა. პირველ რიგში, ენერგიის წყარო გავთიშეთ, რადგან ცეცხლი უფრო მასშტაბური არ გამხდარიყო და გვეზრუნა როგორც საკუთარ, ისე სხვების უსაფრთხოებაზეც. მთავარ ამოცანას ბინის გაწმენდა, ანუ შენობიდან ხალხის უსაფრთხოდ გამოყვანა წარმოადგენდა. ჩვენ ჩაფხუტები დავიფარეთ, აირწინაღები გავიკეთეთ და შიგნით შევედით. ბიჭები სართულების მიხედვით გადავნაწილდით. ცეცხლი თავდაპირველად მეხუთე სართულზე გაჩნდა და ნელ-ნელა ქვემოთ მოიწევდა. მეოთხე სართულზე ასვლისას ყვირილის ხმა გავიგონე. ბინის კარები შევანგრიე, საძინებელი და მისაღები ოთახი ცარიელი იყო. შემდეგ სამზარეულოში გავედი, სადაც ორმოცდაათამდე წლის ქალი მაგიდის ქვეშ მოყოლილი დავინახე. მაშინვე მისი მიმართულებით წავედი. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად ფეხქვეშ იატაკი გამომეცალა. როგორც ჩანს, სიმხურვალეს ის შეერბილებინა და როდესაც მე, როგორც მძიმე წონამ მასზე გავიარე, ვეღარ გაუძლო და ჩატყდა. ტანით დაბლა ჩავვარდი, თუმცა თავი ჯერ კიდევ ფიცრებს შორის მქონდა მოყოლილი. ჩემი მეწყვილე რომ არა, ალბათ იმ ქალთან ერთად ადგილზე შევიბრაწებოდი. - თქვა და გაიცინა.
- ეს სულაც არ არის სასაცილო ამბავი. - მივუგე სერიოზულად.
- სხვანაირად ეს ამბავი რომ მოვყვე, დედამიწისეულ კოშმარს წარმოიდგენ. მე კი ეს არ მინდა.
- კარგი და, ჭრილობა? - კითხვებს კვლავ ჯიუტად ვაყრიდი.
- ქალის გამოყვანას ვაპირებდით, როდესაც შიშისგან პანიკაში ჩავარდა და ზურგით დგომისას, ბასრი იარაღი მომიქნია. დრო რომ ჰქონოდა, ვინ იცის, სამწვადედაც გამამზადებდა და იმ სიმხურვალეში შემბრაწავდა.
თქვა და კიდევ გაიცინა, რის გამოც ხელი მაგრად მივარტყი მკერდში.
- საგანგაშო მართლაც არაფერია ისეთი თანამებრძოლების გვერდით, როგორებიც მე მყავს. ნამდვილად ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემთან ერთად მუშაობენ არაჩვეულებრივი პროფესიონალები. მე ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ნაწილი ამ მტკიცედ შეკრული კოლექტივისა, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“.
- და ასეთი დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ შენ ჩემთან გამკლავება გიწევს... წარმოუდგენლად გიჟ არსებასთან, - ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
- და გჯეროდეს, ეს იმაზე რთულია, ვიდრე ჩემი სამუშაოს შესრულება. - თქვა კვლავ მხიარულად.
- სულელო! ახლა კარგად ხარ?
- კი... რამდენიმე ნაკერი დამადეს, თუმცა ყველაფერი რიგზეა. მხარიც ოდნავ მქონდა დაშავებული და ამიტომ ის ფართო დოლბანდით გადამიხვიეს ექთნებმა, თუმცა რადგან სერიოზული არაფერი იყო, მალევე მომხსნეს.
- ექთნებმა? ჯანდაბა! მე ყველა იმ ექთანზე ვეჭვიანობ, რომელსაც ყოველდღიურად საავადმყოფოში ხვდები. ამას ნამდვილად ვერ ავიტან... და წინასწარ გაფრთხილებ, რომ ამის გამო ჩვენ ხშირად ვიჩხუბებთ. - ვთქვი და კვლავ მოვსვი ღვინო.
- ასეა, ვიჩხუბებთ... რა თქმა უნდა, ვიჩხუბებთ და არაერთხელ. შენ იმ ექთნებზე იეჭვიანებ, რომლებიც ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ და რომლებთანაც გამუდმებით მიწევს შეხვედრა. მე კი იმ თავზეხელაღებულ მრბოლელებზე, რომლებიც მუდმივად გეჩეხებიან თვალწინ. ჰო, ჩვენი ცხოვრება ეჭვიანობით სავსე იქნება და ეს ყველაფერს უფრო მეტად მომხიბვლელს ხდის. ასე არ ფიქრობ?
- ჰო, უფრო სახალისოსაც კი, - ვთქვი და თავი ჩავქინდრე, თუმცა იმიტომ არა, რომ დასევდიანებული ვიყავი. უბრალოდ, ძალიან მეძინებოდა, შემდეგ კი დავამატე. - თორნიკე, ვწუხვარ...
- რის გამო?
- ჩემი ხასიათის გამო... მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ვინმე ადვილად შეიყვარებს... მე რთული ვარ და ზოგჯერ, ხისთავიანიც კი.
- რას ვიზამთ. შემიყვარდი და ამაზე სინანულს ახლა სულაც არ ვაპირებ.
ამის შემდეგ კვლავ ყვებოდა ისტორიებს საკუთარი საქმიანობის შესახებ და მე ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. ის ცეცხლზე, სიკვდილზე, სხვების სიცოცხლის შენარჩუნებაზე მესაუბრებოდა და ალკოჰოლი ჩემშიც აღვივებდა ხანძარს... ის კი არ ვიცოდი, შეძლებდა თუ არა თორნიკე ჩემში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. მე მას გამხიარულებული ვუსმენდი, თუმცა სასაცილო ისტორიებს სულაც არ ჰყვებოდა. კითხვებს კითხვებზე ვსვამდი და თორნიკეც არანაკლებ მხიარულად მპასუხობდა.
- სად ვერ იმუშავებდი ვერასდროს?
- პედიატრად ბავშვთა საავადმყოფოში, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს. მათი გადარჩენა ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მთელ ჩემს ცხოვრებას დაამახინჯებდა.
- იმაზე მეტად, ვიდრე ახლა? ...რადგან ახლაც საშინელ ისტორიებში ეხვევი.
- ჰო, იმაზე მეტად, ვიდრე ახლა, - თქვა და ერთი ჭიქა თვითონაც ჩაცალა.
- ეს ყველაფერი თამაშია, არა?
- რას გულისხმობ?
- მეხანძრეები საკუთარ სიცოცხლეს ეთამაშებით... შეგნებულად.
- ჰო, პრინციპში, ასეა. ჩვენი საქმიანობაც ერთგვარი თამაშია, თუმცა უფროსებისთვის განკუთვნილი. მთავარია, იმაში დარწმუნდე, რომ შენ პრობლემის გადაჭრის შემადგენელი ნაწილი ხარ და არა პრობლემის წამოჭრის.
- თითქოს თქვენს ცხოვრებას აპაუზებთ მანამ, სანამ სხვების გადარჩენას ცდილობთ, თუმცა ამ ბრძოლაში მთავარი სამიზნე ისევ და ისევ თქვენ ხართ და მე ეს არ მომწონს.
- ჩვენს პროფესიაში ბევრი რამ არის, რაც არ მოგეწონება, მაგრამ ამას ვერ შეცვლი.
- ასეა... რისი გეშინია ყველაზე მეტად? - კვლავ კითხვებს ვაყრიდი.
- ლაჩრულად სიკვდილის.
- ასე არ მოკვდები.
- ამისგან არავინაა დაზღვეული. ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ლაჩრულად ცხოვრობდეს და მისი ასეთ სიტუაციაში სიკვდილი ტრაგედია სულაც არ იქნება, თუმცა, როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობ, შეინარჩუნო სიმამაცე და ბოლოს შიშში, საცოდავად კვდები, აი, ესაა კოშმარი. ყოველი გამოძახების დასაწყისში, თითოეული ჩვენგანი უფალს სწორედ ამას სთხოვს... რომ გვქონდეს ძალა იმისათვის, რათა მამაცურად მოვკვდეთ.
- ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
ვთქვი და ჭიქა კიდევ ერთხელ შევავსე.
- ბევრს ხომ არ სვამ?
- არა, ჩემი ორგანიზმი ალკოჰოლს კარგად იტანს.
- კარგი, შენ გვერდით მე ვარ... პრინციპში, სახიფათო არაფერია.
- ჰო, ჩემი მეხანძრე ყველაფერს აკონტროლებს.
- შენი მეხანძრე...?! საინტერესოდ ჟღერს, - გაიღიმა და მალევე დაამატა. - ჩემზე ზედმეტად დიდი იმედების დამყარებაც არ გინდა. - თქვა და რატომღაც მის სახეზე სევდიანი გამომეტყვება შევნიშნე.
- ჰეი, თორნიკე... მე შენ გენდობი და დამიჯერე, ეს საუკეთესო რამაა, რისი მოსმენაც ჩემნაირი ადამიანისგან შეგიძლია. ეს იმაზე ძვირფასი სიტყვებია, ვიდრე ,,მე შენ მიყვარხარ“, რადგან შესაძლოა ვინმე გიყვარდეს, მაგრამ არ ენდობოდე, თუმცა შეუძლებელია ენდობოდე ადამიანს, რომელიც არ გიყვარს. ჰოდა, იცოდე, რომ მე შენ გენდობი.
ვუთხარი და ჩავეხუტე. მან კი კვლავ მხიარული განწყობა დაიბრუნა და მაცდურად მომიგო.
- მიყვარს, როდესაც შენი ტუჩები ჩემსას ეხება. როდესაც შენი სხეული ავტომატურად ჩემკენ იხრება. ეს იმას ნიშნავს, რომ გინდივარ... და შენ გინდივარ მთელი არსებით.
- ქვეყნად ამაზე სექსუალური რამ არსებობს? - ვუთხარი და მომხიბვლელად გავუღიმე.
- ქვეყნად ეს ყველაზე სექსუალური რამ არის. - თქვა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
- მე მიყვარს ჩემი თვალები, როდესაც მათ შენ უყურებ... მიყვარს ჩემი სახელი, როდესაც მას შენ წარმოთქვამ... მე ჩემი ცხოვრებაც კი შევიყვარე, რადგან მასში შენ ხარ... - ვუთხარი და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
- მეგი, საკუთარი თავი ძალიან გყვარებია.
- ასეა... მაგრამ არ იეჭვიანო, შენც მიყვარხარ. - ვუთხარი და გავუღიმე, შემდეგ კი დავამატე. - მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის პოზიტიურად შეფუთვას ცდილობ, მაინც დასტრესილი ხარ და თან, გამოუძინებელი...
- ამბობენ, რომ კოცნა დეპრესიასა და სტრესს მკურნალობს, - მითხრა თორნიკემ სიცილით.
- მაშინ ვიმკურნალოთ... - და მეც ავყევი თამაშში. - დღეს ჩემთან დარჩები? - შევთავაზე მოულოდნელად.
- ამას მართლა მთავაზობ? - მიპასუხა გაოგნებულმა.
- ასეთ კითხვებს დაუფიქრებლად არ ვსვამ, - ვიცრუე, მაგრამ არ შემიმჩნევია.
- ხვალ დილით პირდაპირ დანაყოფში მივდივარ, წამოხვალ? თან ყველაფერს დაგათვალიერებინებდი... - ამჯერად მან გადადგა მკვეთრი ნაბიჯი.
- არ ხუმრობ? - და ამჯერად მე ვკითხე გაოგნებულმა.
- ასეთ რამეზე არასდროს ვხუმრობ, - ალბათ თორნიკემაც იცრუა.
- ვგიჟდები შენზე... და შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტ ასეთ მდგომარეობაშიც კი.
- მომწონს ის აზრი, რომ ჩემზე ფიქრობ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ.
- თუ ეს ასე ძალიან მოგწონს, მაშინ იქნებ ჯობს, უფრო ხშირად დავკარგო კონტროლი?
- არ უნდა იყოს კარგი აზრი, - მითხრა ღიმილით და თავზე მაკოცა.


იმ ღამით მე ჩემს ოთახში დავიძინე, თორნიკეს კი დივანზე მოუხდა მოთავსება. პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოსაწესრიგებლად მას ახალი კბილის ჯაგრისი და პირსახოცი მივეცი. ვუთხარი, რომ თავი ისე შეეძლო ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. იმდენი ენერგია ნამდვილად არ მქონდა, რომ მისთვის სახლი დამეთვალიერებინა და ყოველი კუთხე-კუნჭული გამეცნო. შემდეგ წამოვდექი და წასვლა დავაპირე, თუმცა სწორედ მაშინ ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი, წონასწორობა დავკარგე და იქვე მდგარი სკამისთვის დავაპირე ხელის ჩაჭიდება, რათა არ წავქცეულიყავი. თორნიკეც წამოდგა და ცალი ხელი წელზე შემომხვია, მეორე კი ხელზე მომკიდა, რათა ძირს არ დავცემულიყავი. ასეთმა სწრაფმა რეაქციამ გამაოცა და გაკვირვებულმა შევხედე. მისი შეშინებული თვალების დანახვისას, სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე.

- კარგად ხარ? - მკითხა ღიმილით, როდესაც მიხვდა, რომ საგანგაშო არაფერი იყო.
- კი, უბრალოდ, საშინლად მეძინება.
- ვიცი. მოდი ჩემთან.

გამიღიმა და თავზე მაკოცა. შემდეგ მკერდზე მიმიკრა, მუხლებქვეშ ფრთხილად შემიცურა ხელები, მე მხარზე დავადე თავი და მან ნაზი მოძრაობით ხელში ამიტაცა. სწორედ ასე მიმაცილა საძინებლამდე. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ საწოლში მოთავსებაშიც მომეხმარა, რადგან ჩემით ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი. ტობი ოდნავ შეირხა, თუმცა არ გაუღვიძია.

- თორნიკე, გთხოვ, ტელეფონი მომაწოდე, - ვუთხარი, როდესაც საბანი დამაფარა და წასვლა დააპირა.
- რად გინდა?
- მაღვიძარა უნდა დავაყენო... ხვალ ხომ შენს ოჯახში მივდივართ?
- ასეა... - თქვა და გამიღიმა.
- ექვს საათზე ვდგებით, ხო?
- კი. ახლა კი დაიძინე, მეგი. აღარაფერზე იფიქრო.

მითხრა, თავზე მაკოცა და ჩემი საძინებლის კარიდან გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მთვრალი ვიყავი და საშინლად მეძინებოდა, ფიქრი მისი საშიში პროფესიის შესახებ გონებიდან არ მშორდებოდა. ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, როგორი დამსახურება აქვთ ჯარისკაცებს, ექიმებს, მაშველებს, მეხანძრეებს. მიუხედავად ამისა, არსებულ ხიფათს, მათი საქმის მნიშვნელობასა თუ ღირებულებას მხოლოდ მაშინ ვითავისებთ, როდესაც მოულოდნელად, მათ რიგებში ჩვენი საყვარელი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე... სწორედ მაშინ ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რეალურად რამდენად სახიფათო და საბედისწეროა ესა თუ ის პროფესია.
ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, თუმცა თორნიკეს დაკარგვის შიშმა ვეღარ მოასწრო ჩემი გონების დაბინდვა, რადგან უკვე ძალიან ღრმად მეძინა.

მომდევნო დღეს, ზუსტად ექვს საათზე გამეღვიძა - ალბათ იმიტომ, რომ გონებაში დილით ადრე ადგომა მქონდა ჩაბეჭდილი. მიუხედავად ამისა, თვალების მკაფიოდ გახელა მხოლოდ დიდი ძალისხმევისა და მონდომების შემდეგ მოვახერხე. საწოლზე წამოვჯექი და ჩემ ირგვლივ არსებული სიტუაციის გაანალიზებას შევუდექი. ფანჯარა ოდნავ ღია იყო, საიდანაც ოთახში გრილი ჰაერი შემოდიოდა და სახეზე ნაზად მელამუნებოდა. სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ… მოულოდნელად მივხვდი, რომ ტანზე არაფერი მეცვა. სასწრაფოდ მოვათვალიერე გარემო და საწოლის მახლობლად მდგარ სკამზე გადაკიდული კაბა შევნიშნე. ნაჩქარევად ავდექი, შხაპი მივიღე, სახანძროში წასასვლელად შესაფერისი სამოსი ჩავიცვი (კომფორტული და მოსახერხებელი) და პირველ სართულზე დავეშვი, სადაც ალბათ თორნიკე მელოდა.
ასეც აღმოჩნდა! ამჯერადაც სამზარეულოში იყო და ყავას ამზადებდა. ჩემი დანახვისას გაიღიმა და ამ ფაქტმა მეც ავტომატურად ღიმილი მომგვარა. ჩვენ მხოლოდ ყავა დავლიეთ, რადგან მეტი დრო ფიზიკურად არ გვქონდა.

- გუშინდელთან დაკავშირებით რამე უნდა ვიცოდე? - ვკითხე, თუმცა მისთვის თვალის გასწორება ვერაფრით მოვახერხე.
- რას გულისხმობ? - ჩამეძია ის.
- დილით კაბა არ მეცვა, - ამ სიტყვების გაგონებისას თორნიკეს სიცილი აუტყდა.
- ნუთუ?
- არ არის სასაცილო, - ვთქვი და დარცხვენილმა ტობისკენ გავიხედე, რომლისთვისაც თორნიკეს უკვე დაედგა საჭმელი და ისიც ჩვენთან ერთად, ნაადრევად საუზმობდა.
- აჰამ, როგორ არა, სასაცილოა... გუშინ კაბის შემოხევას ცდილობდი.
- რა? ხუმრობ, ხო? - ლამის ყავა გადამცდა.
- სულაც არა. მითხარი, რომ შიშველს გიყვარს ძილი. - თქვა და ეშმაკურად მოელვარე თვალებით შემომხედა.
- მართლა ასე გითხარი? - თვალებში კვლავ ვერ ვუყურებდი.
- კი, არ ვაჭარბებ.
- შემდეგ? - კვლავ ჩავეძიე.
- შემდეგ? - წარბი ასწია, ამოიოხრა და მითხრა. - ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. უბრალოდ, შენს კაბას გავუფრთხილდი. ძალიან გიხდებოდა, ამიტომ სხეულიდან მის დაუზიანებლად მოშორებაში დაგეხმარე.
- მეტი არაფერი მომხდარა? - გონებაში შემძვრალი ფიქრები კვლავ არ მასვენებდნენ.
- ამას სერიოზულად მეკითხები? რა თქმა უნდა, არა...

მითხრა და ოდნავ გაბრაზებულ-გაკვირვებულმა შემომხედა. რა თქმა უნდა, მეტი არაფერი მოხდებოდა, რადგან მე საშინლად მთვრალი ვიყავი, ის კი საშინლად ჯენტლმენი. ამის შემდეგ ჭიქები სამზარეულოში დავტოვეთ, ქურთუკები მოვიცვით და გარეთ გავედით, სადაც თორნიკეს სათამაშო გვიცდიდა. რამდენიმე წამიც და ჩვენ უკვე სახანძროსაკენ მიმავალ გზაზე მივაქროლებდით მანქანას, როდესაც მან ღიმილით მითხრა...

ნინი მკალავიშვილი

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს

იხილეთ: შენ საკმარისი არ ხარ. თავი 21. წითელი ღვინის მაცდური ეფექტი

იხილეთ სარჩევი

კომენტარები (1)
მარი
ეს დღეები ჩამოვრჩი ვერ ვახერხებდი წაკითხვას და მივხვდი როგორ მომენატრა ეს ნოველა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
თავშესაფარი. მხსნელი (თავი 7)
14:54 / 23-06-2018
ჩემს დაგუბებულ ყურთასმენას უეცრად რაღაც ხმა წვდება. არ ვინძრევი. მგონია მეჩვენება, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ აღარავინ მეხება, ძალიან რეალურია.
თავშესაფარი. საფრთხე (თავი 6)
10:31 / 22-06-2018
იქვე, კაფეში ვსხდებით და მხოლოდ ყავას ვუკვეთავთ. ქალი ჩუმადაა, მე კი არ მჩვევია საუბრის პირველს დაწყება.
თავშესაფარი. წარსულის გაელვება (თავი 5)
10:43 / 19-06-2018
თითქმის მთელი დღე გაუნძრევლად ვზივარ. ცალ მხარეს ცოცხი მიდევს, როგორც მზე, მეორე მხარეს - იატაკის ჯოხი, როგორც მთვარე, წინ კი - პატივცემული საფირი, რომელმაც გეგმები ამირია.
მდუმარე სასტუმრო - ჯოჯოხეთის ძაღლი (თავი 23)
11:06 / 16-06-2018
ელის პასუხის მოლოდინში გული საშინლად უცემდა. ალესტერი ცოტა ხანს დუმდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
თავშესაფარი. მედალიონი (თავი 4)
11:17 / 15-06-2018
დილით კარებზე ძლიერი კაკუნის ხმა მაღვიძებს. თავიდან მგონია, რომ მუშტებს მირტყამენ, მაგრამ ძილიდან რომ გამოვდივარ, ვხვდები, რაშიცაა საქმე.
მდუმარე სასტუმრო - სასტუმროს იდუმალი მფლობელი (თავი 22)
10:17 / 13-06-2018
- ამოხვალთ თუ მე ჩამოვიდე?ჩამოსძახა ელის უცნობმა.
თავშესაფარი. ორეული (თავი 3)
11:44 / 12-06-2018
მაშინ ჯერ სკოლას ვამთავრებდი. დედამ ყავაზე დაპატიჟა თავისი თანამშრომელი ქეთი, რომელთანაც მეგობრობდა.
მდუმარე სასტუმრო - მეცამეტე საკანი (თავი 21)
11:18 / 11-06-2018
ელი მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც ხმაური შეწყდა. ის ძალიან ფრთხილად მიდიოდა გზაჯვარედინისკენ.
თავშესაფარი. უჩვეულო დამთხვევა (თავი 2)
11:51 / 09-06-2018
აწ უკვე დასატენად შეერთებულ მობილურს რომ ვრთავ, დედაჩემისგან შემოსული ხუთი ზარი მხვდება.
მდუმარე სასტუმრო - სალივანის დღიური (თავი 20)
11:16 / 09-06-2018
ელიმ დროის შეგრძნება დაკარგა. მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც მუხლებით იდგა და იმ დაწყევლილ შავ კარებს უბრახუნებდა. ფარნის სინათლემ იკლო, ციმციმი დაიწყო. ელემენტები ჯდებოდა. ჯონი არ ჩანდა. ელი სიცივემ აიტანა და ფეხზე წამოდგა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი