შენ საკმარისი არ ხარ. თავი 14. მონატრებული კოცნის გემო უკეთესია
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 14. მონატრებული კოცნის გემო უკეთესია
იმ დღეს შვება ვიგრძენი. ავარიის შემდეგ ერთ თვეზე მეტი იყო გასული და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამიელვა იმ აზრმა, რომ მზად ვიყავი თორნიკეს სანახავად. ამ ფიქრთან შეწინააღმდეგებას არ ვაპირებდი. სასწრაფოდ დავურეკე რეზის და ვკითხე, იმ საღამოს სად შეიძლებოდა მისი პოვნა. პასუხი არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა - ბარი!

- ბარში რა უნდა?
- ვკითხე ემოციურად.
- რა ვიცი, მეგი, ბარში რას აკეთებენ ხოლმე...? სვამენ, ცეკვავენ, ნაშებს კერავენ...
- რეზი! - ვიღრიალე ტელეფონში.
- კარგი, კარგი ჰო... ბოლო რამდენიმე დღეა ძველ პროფესიას დაუბრუნდა და ღამე იქ მუშაობს.
- ჯანდაბა! ალბათ ვერონიკაც იქ იქნება...
- ჰო, ალბათ, რა ვიცი, აბა.
- კარგი, კარგი, მადლობა.
- მეგი...

ყურმილი ისე დავკიდე, მისი ნათქვამი აღარ გამიგია და ნერვიულად დავიწყე ოთახში სიარული. მიუხედავად ამისა, კვლავ მზად ვიყავი ბარში მისასვლელად! საშინლად აღელვებულს ელენემ თმა დამიხვია და მსუბუქი მაკიაჟიც გამიკეთა.

- აუ, ელ, ლოყებს ჩამიგდებ?
- ლოყებს კი ჩაგიგდებ, მაგრამ აი, ხმა რომ ვერაფრით ჩაგაგდებინე, მაგას რა ვუყოთ?

ხმა მართლა ვერ ჩამაგდებინა, რის გამოც ჰაერი ჩვენი სიცილით გავჟღინთეთ. შემდეგ კი სეზონისთვის შესაფერისი მუქი ლურჯი, გრძელსახელოიანი კაბა შემირჩია და თორნიკეს სანახავად დავიძარი.

ბარი გადატენილი იყო. ირგვლივ ბურუსი იდგა და ხალხიც ერთგვარ ტრანსში იმყოფებოდა. ერთ ადგილას გაჩერებული არავინ ყოფილა, ყველა ცეკვავდა გამაყრუებლად ხმამაღალ მუსიკაზე, რომელმაც თავი ამატკივა - როგორც ჩანს, ავარიის შემდეგ ყველაფერი ბოლომდე რიგზე მაინც არ მქონდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, დახლისკენ წავსულიყავი, სწორედ იქ, სადაც თორნიკე მეგულებოდა. მალევე შევნიშნე, რადგან უამრავი ლამაზი გოგო მიშტერებოდა მას. ნამდვილად მომხიბვლელად გამოიყურებოდა. მე ვხედავდი ადამიანს, რომელიც ხალხს უბრალოდ კი არ ემსახურებოდა, არამედ მათთვის კარგი მოსაუბრეც იყო. თორნიკე იყო ადამიანი, ვისთანაც საინტერესო საუბრის გაბმა სურდათ რამდენიმე ჭიქა სასმლის დალევის შემდეგ. სხვებით გართულმა, როგორც იქნა, იმ მხარეს გამოიხედა, საითაც მე ვიდექი და წამით გაშეშდა. შემდეგ თანამოსაუბრეებს ბოდიში მოუხადა და ჩემკენ წამოვიდა. მეც ბარს მივუახლოვდი და ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი.



- მეგი... როგორ ხარ? აქ მარტო მოხვედი?
- მკითხა დაბნეულად, თუმცა აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა. - რეზი სად არის? - კითხვების დასმას აგრძელებდა და ხალხში რეზის ეძებდა.
- მარტო მოვედი. - ვუპასუხე, რათა უშედეგო ძიება დაესრულებინა, მან კი წარბის აწევით შემომხედა.
- კარგი, აქ მოიცადე, ახლავე გამოვალ. - ხელი მომკიდა და გამოსვლა დააპირა.
- არა, იყავი. მომწონს, როდესაც გიყურებ. მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
- დარწმუნებული ხარ? - გაკვირვებას ვერ მალავდა.
- სრულებით, არსად მეჩქარება. - ვუთხარი მშვიდად.
- ეს ჩვენს ანგარიშზე. - მითხრა მას შემდეგ, როდესაც სასმელი დამისხა და გამომიწოდა. - ჰოდა, ეს კაბა საოცრად გიხდება... თმებიც. - დაამატა იმ მაცდური ღიმილით, რომელიც ასე ძალიან მირევდა გონებას. მეც ღიმილით ვუპასუხე და ვანიშნე, საქმეს დაბრუნებოდა.

ორი საათი ისე გავიდა, ვერც შევნიშნე. მომწონდა, როდესაც თორნიკეს ვუმზერდი. ვფიქრობდი, რომ ეს არასდროს მომბეზრდებოდა. თავიდან მეგონა, რომ მე შევიცვალე, თუმცა ბარში ყოფნისას მივხვდი, რომ თორნიკეც სხვანაირი იყო. მისი თმა თითქოს უფრო გაზრდილი, თვალები კი სევდიანი მეჩვენა. ვიქტორია მის გარშემო კვლავ ყვავივით დაძრწოდა. მაშინვე სურვილი გამიჩნდა, რომ ფეხქვეშ გამეგდო და იმდენი მერტყა, სანამ თორნიკეს სახელს არ დავავიწყებდი. ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც რეალობაში ვიღაც უცნობმა დამაბრუნა, რომელიც მოულოდნელად მომიახლოვდა და საუბარი გამიბა.

- არ გინდა ვიცეკვოთ? - მკითხა მან.
- არა, გმადლობთ. აქაც კარგად ვგრძნობ თავს.
- მარტო კარგად თავს როგორ უნდა გრძნობდე? - არ მეშვებოდა. თორნიკემ ეს შენიშნა და ჩვენკენ წამოსვლა დააპირა, თუმცა ვანიშნე, რომ იქ დარჩენილიყო, სადაც იდგა.
- ცეკვა არ მინდა, აქ მარტო არ ვარ. - უცნობს ცივი სახით მივუბრუნდი და უკმეხად მივუგე.
- შენ გვერდით ვერავის ვხედავ. სასმელზე დაგპატიჟებ. - ეს თქვა და უფრო მომიახლოვდა.

თორნიკეს უსწრაფესმა რეაქციამ გამაოცა, რომელიც ჩვენკენ დაჟინებული მზერით წამოვიდა და უცნობს ხელი მკლავში მაგრად ჩასჭიდა, შემდეგ კი უთხრა:

- ჰეი, მეგობარო, მგონი გითხრეს, რომ ცეკვა არ სურთ. - თორნიკე უცნობს დაუნდობელ და სასტიკ მზერას არ აშორებდა.
- ჰეი, მეგობარო, სხვის საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფ და ბოთლების ტრიალი გააგრძელე. - უთხრა ცინიკურად უცნობმა. თორნიკეს ჩაეღიმა, შემდეგ კი მითხრა:
- მეგი, გთხოვ, ოდნავ გაიწიე.

მშვიდად მანიშნა, რომ გვერდით გავჩოჩებულიყავი. ასეც მოვიქეცი, ის კი ძალიან სწრაფი მოძრაობით გადმოხტა ბარიდან და უცნობს მუშტი სახეში გემრიელად უთავაზა, რომელიც სკამებს შორის დაეცა და წამოდგომა უშედეგოდ სცადა. თორნიკემ ხელი ჩამჭიდა, შემდეგ კი გასასვლელისკენ დავიძარით.

- ამისთვის პრობლემები არ შეგექმნება? - ვეუბნებოდი და თან უკან შექმნილ არეულობას შევცქეროდი.
- პრობლემები ყოველთვის იქმნება.

ჩვენ გარეთ გავედით. ძალიან ციოდა, ღრუბლები კი გაწვიმებას მოასწავებდა, თუმცა სულაც არ ვჩქარობდი. ჯიუტად გავჩერდი და პირდაპირ ვკითხე.

- ვიქტორიასთან რა ურთიერთობა გაქვს? - ვთქვი თუ არა, გაოცებული სახით შემომხედა.
- მართლა, მეგი? ამ კითხვას მართლა მისვამ?
- თორნიკე, სულაც არ ვხუმრობ. შენ გარშემო დაიარება, ხელებს გიფათურებს და ვნებით სავსე თვალებით გიყურებს. ახლა გული ამერევა...
- ამდენხნიანი გაუჩინარების შემდეგ მოდიხარ და ასეთი ეჭვიანობის სცენას მიწყობ? - მართლაც გაკვირვებული იყო.
- თორნიკე, უბრალოდ მითხარი, თქვენ შორის რა ჯანდაბა ხდება! - ეჭვიანობის სცენების დადგმისგან თავს ვერაფრით ვიკავებდი.
- ჩვენ შორის დიდი ხანია აღარაფერი ხდება. ახლა არაფერი გვაკავშირებს. - თქვა და თვალები აატრიალა.
- ახლა? და ადრე რა იყო? - კვლავ არ ვეშვებოდი.
- გაუჩინარების შემდეგ მოდიხარ და პირველი, რასაც მეკითხები, ის არის, თუ რა ურთიერთობა მაქვს ვიქტორიასთან? სულ გაგიჟდი?!
- ჰო, გავგიჟდი, ჭკუიდან შევიშალე, საკუთარ თავს აღარ ვგავარ. - ვამბობდი და ტონს ნელ-ნელა ვუწევდი, რაზეც თორნიკემ წარბი ასწია.
- ღმერთო, რატომ ხარ ასეთი ეჭვიანი? - და არანაკლებ მრისხანედ დაამატა.


ავადმყოფივით მომნატრებოდა. ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ შეშლილივით მიყვარდა. ვგრძნობდი, რომ ზღვარზე ვიყავი, რადგან სადაცაა გიჟივით მოვიქცეოდი, კანიდან ამოვხტებოდი და ყველაფერს ვაღიარებდი. ასეც მოხდა და დაუფიქრებლად, გაუთვლელად, გულწრფელად ვუპასუხე.
- არ ვიცი, თორნიკე. ალბათ, ყოველთვის ასეთი ვიყავი, რაც შენთან ურთიერთობის დროს გამოაშკარავდა. ამას ვეღარ შეცვლი, ახლა ვერა. ჰო, მე ეჭვიანი ვარ. ვეჭვიანობ ყველა იმ გოგოზე, რომელსაც შენი თვალები უმზერენ. ვეჭვიანობ შენს ხელებზე, რომლებიც სხვას ეხებიან. ვეჭვიანობ იმ ადამიანებზე, რომლებიც შენ გვერდით ყოფნას ხშირად ახერხებენ... მე კი ასე არ შემიძლია. ჯანდაბა! მე იმ ჰაერზეც კი ვეჭვიანობ, რომელსაც ახლა სუნთქავ, რადგან ის შენს სახეს, შემდეგ შენს ტუჩებს ეხება და საბოლოოდ, შენს სხეულში იდებს ბუდეს... მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ფეხებზე ჰკიდია ის, თუ რამდენი გოგო გყავდა ჩემამდე. არც ის ფაქტი მკიდია ფეხებზე, რომ ჩემამდე მრავალ ტუჩს შეეხე. იქნებ ჩავლილი ამბავია, მაგრამ კვლავ ვბრაზდები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ზოგიერთ მათგანთან შეხვედრა ჯერ კიდევ გიწევს. 

თორნიკე ჯერ გაკვირვებით შემომცქეროდა, შემდეგ კი ბოხი ხმით გულიანად გაიცინა. მის რეაქციაზე გავბრაზდი და ისეთი სილა გავაწანი, რომ ხელი მეტკინა. სახე გაუმკაცრდა, ხელი ხელებზე მომკიდა და ისე მაგრად მომიჭირა, რომ ადგილიდან დაძვრის საშუალება არ მომცა. მთელი სხეული მიხურდა. შემდეგ მკლავები მხრებზე მომხვია, სახე კისერში ჩარგო და მე მისი სუნთქვა ვიგრძენი. ამ დროს მის ბაგეებს ჩურჩულით წამოსცდათ ბგერები.
- ნეტავ იცოდე, როგორ მომენატრე.

რამდენიმე წამით ბედნიერებისგან გაბრუებული ვიდექი, თუმცა რეალობაში ჭექა-ქუხილის გამაყრუებელმა ხმამ დამაბრუნა. ერთმანეთს მოვშორდით და მაშინვე თორნიკეს მანქანისაკენ დავიძარით. ის კვლავ ჯენტლმენობას იჩენდა, კარი გამიღო და დამიცადა, სანამ სავარძელში მოვკალათდებოდი, შემდეგ კი საჭეს მიუჯდა, მანქანა დაძრა და გზას გავუყევით. უსასრულო საღამოს ამინდიც სევდას მატებდა. ხმას არც ერთი ვიღებდით. ძალიან, ძალიან ციოდა და კანკალმა ამიტანა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ გათბობა ჩართო და რამდენიმე წამში ისე, რომ არც შემოუხედავს, მკითხა.

- კიდევ გცივა?
- არა, მადლობა.
- არა, მადლობა? სულ ეს არის? - თქვა გაოცებულმა, გაბრაზებულმა, ნაწყენმა. მე კი უპასუხოდ დავტოვე მისი რეაქცია. მოგვიანებით ისევ მან დაარღვია სიჩუმე. - როგორ ხარ?
- უკვე კარგად. - ისე ვუპასუხე, რომ მისთვის არც მე შემიხედავს.
- ვნერვიულობდი.
- ვიცი, მაგრამ...
- მაგრამ ჩემი ნახვა არ გინდოდა, არა? - ეს თქვა და სევდიანი, თუმცა ამავდროულად, გაბრაზებული თვალებით შემომხედა. მე კი რამდენიმე წამით თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
- არ მინდოდა. - თუმცა ცივად ვუპასუხე.
- გაგიგებ, მართლა გაგიგებ, თუ ამიხსნი, რამ გადაგაწყვეტინა ასე მოქცევა. რა მოხდა ისეთი, რამაც ჩემზე უარი გათქმევინა. - მის ხმაში იგრძნობოდა, თუ როგორ უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა.
- კისერზე რა გჭირს?

მე რის მეგი ვიყავი, სახიფათო საუბრისგან თავის დაღწევა რომ არ მომსურვებოდა. ნაკერი ჯერ კიდევ ბარში ყოფნისას შევნიშნე, თუმცა კითხვის დასასმელად ეს ყველაზე ხელსაყრელ მომენტად მივიჩნიე.

- სერიოზული არაფერია, დაახლოებით სამი კვირის წინ ერთ-ერთ გამოძახებაზე დავშავდი. - მითხრა გულგრილად.
- ახლა კარგად ხარ? - მისი დაძაბული სახე მაშფოთებდა.
- როგორც ხედავ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. - მითხრა სერიოზულად, შემდეგ კი დაამატა. - ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.
- თორნიკე, ვინ არის მამაშენი? - ვიცოდი, ამ თემაზე საუბარს ვერ ავცდებოდი, ამიტომ პირდაპირ ვკითხე ის, რაც მაინტერესებდა.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- ყველაფერს, რაც შენ გეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. - ვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ კი მრავალმნიშვნელოვნად დავამატე. - დავით ომრეკელი მამაშენი იყო...
- ეს ახლა აღმოაჩინე? - მკითხა დაბნეულმა, რომელსაც ალბათ ჩემი გონების სიზანტე აკვირვებდა.

იმდენად ვყოფილვარ საკუთარი თავით გართული, რომ თურმე მარტივ რაღაცებს ვეღარ ვამჩნევდი. საკუთარი თავით გაბრაზებულმა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, თორნიკემ კი მკითხა:

- ამას როდის მიხვდი?
- როდესაც მესამე წრეზე გავედი, მაშინ...
- მესამე წრეზე? რბოლისას? - ის თითქოს ხმამაღლა ფიქრობდა და სიჩქარეს უმატებდა.
- თორნიკე! - ყურადღებას არ მაქცევდა, მე კი ვიყვირე - თორნიკე!
- გისმენ...
- შეანელე.. - ვუთხარი ოდნავ აკანკალებული ხმით. მან კი მზრუნველი თვალებით გადმომხედა და ხელი ჩამჭიდა.
- მაპატიე.
- უბრალოდ, ფრთხილად იარე.
- მესამე წრეზე მიხვდი, არა? - კვლავ თავის ფიქრებში გაეხვა.
- ასეა.
- რბოლის წინ რა გითხარი? ემოციებს არ აჰყვე-მეთქი, არ გაგაფრთხილე? შენ კი რაღაც ისტორიებს ერთმანეთთან აკავშირებდი... - მკაცრად მეუბნებოდა. - გამოდის, რომ შენ ჩემ გამო დაკარგე კონტროლი.
- ყველაფერს შენს თავს ნუ უკავშირებ. - შევეცადე, მეც მკაცრი ვყოფილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარ თავს დაადანაშაულებდა იმაში, რაც დამემართა.

ვიგრძენი, როგორ ფრთხილად ეხებოდა წვიმის წვეთები მანქანის მინას, მასზე ნაზად დასრიალებდა და თავისთვის ჩუმად ხმაურობდა. ჩვენ შორის დაძაბულობა იგრძნობოდა. თორნიკემ სვლა შეანელა, მანქანა გვერდზე გადააყენა და შემდეგ ღმუილის ხმა საერთოდ შეწყდა. ის მანქანიდან გადავიდა და წვიმაში სიარული დაიწყო. მე მას შორიდან შევცქეროდი და შემდეგ მის ნაკვალევს ავედევნე. როდესაც მივუახლოვდი, მომიბრუნდა, თვალებში ჩამხედა, ჩემი სახე კვლავ მის ხელისგულებში მოიქცია - ზუსტად ისე, როგორც იცოდა ხოლმე და მხურვალედ მაკოცა. ვგრძნობდი, ეს მას სჭირდებოდა, მეც მჭირდებოდა - ამიტომ ბოლომდე ჩავიკარგე მის სახეში. რამდენიმე წუთის შემდეგ კი თავად წამოიწყო საუბარი.

- შენ მართალი ხარ. დავით ომრეკელი მამაჩემი იყო. ის კაცი იყო, რომელსაც არ ვიცნობდი. ის კაცი იყო, რომელმაც დედაჩემს გული მოუკლა. ომრეკელი ის კაცი იყო, რომელმაც ამ სამყაროდან წასვლით დედაჩემს სიცოცხლის სურვილი დაუკარგა. ამის მოსმენა გინდოდა?
- თორნიკე, ძალიან ვწუხვარ.
- არ გინდა, ნუ წუხხარ. დამიჯერე, არ გინდა ზედმეტი ტკივილის შესისხლხორცება, რადგან ეს ცხოვრება ყოველთვის მოგიძებნის ისეთ რაღაცას, რაც გულს გატკენს. ჰო, ეს ცხოვრება ასეთია.
- ასეთი როგორი?
- როგორი? უსამართლო, დანაგვიანებული, აყროლებული... ეს ცხოვრება ბინძურია, მეგი, ძალიან ბინძური. თუმცა, ასეთი იქნება მანამ, სანამ ქუჩაში ნაგვის დაყრას თავად არ შევეშვებით. სისულელეებს რომ ჩავდივართ და შემდეგ ამაზე წუწუნსა და ცრემლების ღვრას ვეჩვევით, ეს მგონი ნათელია. იცი რა არის სასაცილო?

- არ ვიცი. - ვცდილობდი ზედმეტი არაფერი მეთქვა, რადგან ასეთ უკონტროლოს, ასეთ გულწრფელს, ასეთ სევდიანს პირველად ვხედავდი.
- სასაცილო ის არის, რომ ძალით ვაკეთებთ, ვქმნით და ვიგონებთ იმას, რაც შემდეგ დაგვამწუხრებს და როგორც ჩანს, ადამიანებს მოგვწონს, როდესაც დამწუხრებულები, დანაღვლიანებულები, თვალცრემლიანები ვართ. დიახ, მოგვწონს, რადგან ცუდად ყოფნა გვაგრძნობინებს რაღაცას - იმას მაინც, რომ ცოცხლები ვართ. რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს? რა უნდოდა მამაჩემს? გამარჯვება? არა, ეს არ უნდოდა. სიცოცხლე? მგონი, არც ეს უნდოდა, რადგან ამ შემთხვევაში იმ დაწყევლილ რბოლაში არ მიიღებდა მონაწილეობას.

შენ იცი, რომ მას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა? იცოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და უკან მაინც არ დაიხია. სახლში მეუღლე და პატარა ვაჟი ელოდებოდნენ, მაგრამ ბატონი დავითი მაინც ჩაჯდა მანქანაში, იმ დაწყევლილ მანქანაში. ჰო, მეგი, მე მძულს რბოლა და მრბოლელები. დიახ, მე თქვენ მძულხართ, რადგან საკუთარ სიცოცხლეს მუდამ რისკის ქვეშ აყენებთ... - მძიმედ სუნთქავდა და თვალებს ირგვლივ ემოციურად აცეცებდა. შემდეგ მომიბრუნდა და მკითხა. - შენ გარდა, ვინმეზე ფიქრობ, როდესაც საჭესთან ზიხარ? მეგი, რაზე ფიქრობ, როდესაც საჭესთან ზიხარ? - შეშლილივით დაჟინებული მზერით მომიახლოვდა.

- სიმართლე გაინტერესებს? პირველობაზე. იმ ადრენალინზე, რომელიც სიჩქარის აკრეფისას მეუფლება. - მისი გულწრფელობის შემდეგ ტყუილის თქმა არც მიცდია.
- და ეს ყველაფერი ამად ღირს? ეს ადრენალინი შენს სიცოცხლედ, სხვების ტკივილად ღირს?
- თორნიკე, მესმის, რომ გიმძიმს მამაშენის გამო, მაგრამ...
- მაგრამ ყველასთან ეს სიტუაცია არ იქნება? ნუ მაცინებ. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა შენი ჯანმრთელობის საკითხი. არც კი იცი, როგორი საშინელი ფიქრები მიტრიალებდა თავში. მე არ მინდოდა შენი ყოველი რბოლისთვის შიშით მედევნებინა თვალი, მაგრამ არ გამომივიდა, არ გამომდის.
შენგან შორს ყოფნა, შენი გაშვება არ გამომდის.
მიუხედავად ამისა, მზად ვარ, რომ შენ გვერდით ვიყო, მაგრამ სულ სხვა კითხვაზეა პასუხი საპოვნელი: შენც გინდა თუ არა ჩემ გვერდით ყოფნა?

ეს თქვა და ჩემს პასუხს დაელოდა. მე თვალები ამიცრემლიანდა და ყელში რაღაც გამეჩხირა, რამაც სიტყვის თქმის საშუალება არ მომცა. რამდენიმე წამი ასე შევცქეროდი, შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე და მივუგე.

- თორნიკე, შენნაირი ბიჭები ჩემნაირი გოგონებით არ უნდა იხიბლებოდნენ. შენ გჭირდება ვინმე კეთილი, საყვარელი, სათნო არსება და მე ასეთი არ ვარ, გესმის? მე არანორმალური და უხეში ვარ. რომ მკითხონ, თორნიკესთან ერთი ღამის გატარება გირჩევნია თუ ლატარიის მოგებაო, ამ უკანასკნელს ავირჩევ და მხოლოდ ამის შემდეგ გავატარებ შენთან საღამოს. მე არც ისეთი რომანტიკული ვარ, როგორიც ვჩანვარ.
- დამიჯერე, ასეთი სულაც არ ჩანხარ და საერთოდ, ეს რა შუაშია? მართლა ჭკუიდან შემშლი... ჩემ მაგივრად რატომ აკეთებ არჩევანს, შენ რატომ იღებ გადაწყვეტილებას?! მგონი, მე არ ვარ ის ადამიანი, ვის გვერდითაც ყოფნა გსურს და ამიტომ იგონებ ამდენ სულელურ მიზეზს.
- მინდა... შენ გვერდით ყოფნა მინდა. - ჩავიბურტყუნე, რასაც მისი თვალების ატრიალება მოჰყვა, შემდეგ კი მითხრა.
- გეშინია...
- რისი? - ვთქვი მკაცრად და წარბი ავწიე, როდესაც მის ბაგეზე ღიმილი შევნიშნე.
- იმის, რომ შენ უფრო მეტად გეყვარები, ვიდრე მე შენ.
- არა, უბრალოდ, ჩემი ცხოვრებიდან შენი გაუჩინარების მეშინია. - როგორც იქნა, შევძელი ამის ხმამაღლა აღიარება და თითქოს, დიდი ლოდი მომეხსნა მხრებიდან.
- და სანამ მე გავქრებოდი, შენ თვითონ აორთქლდი, არა? შესანიშნავია!
- ჰო, ნებითა ჩემითა....- ვთქვი და ვითომც აქ არაფერიო, ისე ავიჩეჩე მხრები.
- ჩემზე უარის სათქმელად, შენი მრისხანების გასამართლებლად მიზეზი გჭირდებოდა და დავით ომრეკელი შესაბამისი ლუკმა აღმოჩნდა.
შემრცხვა... ამჯერად ჩემი სისულელეების გამო მართლა შემრცხვა და გვერდით გავიხედე, რათა მის თვალებში იმედგაცრუება არ ამომეკითხა... ჩემიც მყოფნიდა!
ღრმად ჩაისუნთქა, მომიახლოვდა, თბილი ხელები თმაში შემიცურა, ვნებიანი თვალებით თავისკენ მიმიზიდა და მითხრა:

- თუ ოდესმე შენდამი ჩემს სიყვარულს ეჭვქვეშ დააყენებ, გაქრობა არ გაბედო. არ დაჯდე სახლში და საკუთარ თავში არ ჩაიკეტო. უბრალოდ მოდი და დამელაპარაკე. ემოციები, შეგრძნებები, ფიქრები გამიზიარე, რადგან სხვანაირად არაფერი გამოვა. სიყვარული ურთიერთობაშია და ურთიერთობა საუბრის გარეშე არ არსებობს. მე ვანგა არ ვარ და თუ არ დამელაპარაკები, ვერ გამოვიცნობ, რომ ჩემზე ნაწყენი ან გაბრაზებული ხარ. ვერც პასუხს გაგცემ, თუ კითხვას არ დამისვამ, ამიტომ არასდროს შეწყვიტო ჩემთან საუბარი. მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ეს აუცილებელია. არც იმიტომ, რომ იძულებული ვარ ან რაიმე საჭიროება მოითხოვს ჩემ აქ ყოფნას... მე აქ იმიტომ ვარ, რომ ასე მინდა და ამის ცოდნა შენთვის საკმარისი უნდა იყოს. გასაგებია?

სიტყვის დასრულებისთანავე მარცხენა ხელი ნიკაპზე ჩამავლო და თვალებში დაჟინებული, მშიერი ცხოველივით ჩამაშტერდა. შემდეგ უცებ მარჯვენა ხელი თმებში შემიცურა, მარცხენა გაითავისუფლა და სწრაფი მოძრაობით წელზე შემომხვია, მისკენ მომქაჩა და მთელი სხეულით მომეკრო. მარჯვენა ხელით, რომლითაც ჩემს თმებს ჩაფრენილიყო, თავი ოდნავ უკან გადამიწია და შემდეგ მწყურვალე ცხოველივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ვგრძნობდი, რომ ენით ჩემკენ მოიწევდა და მოულოდნელად, ერთმანეთთან შერწყმისას, თითქოს რაღაც სრულყოფილ წერტილს მივუახლოვდი, რამაც მთელ ტანში ისე გამიარა, რომ ცახცახი დამაწყებინა. კვნესას ვერ ვიკავებდი და მთელი სხეულით მისკენ ვიწეოდი. მისი მარჯვენა ხელი კვლავ ჩემს თმებს ებღაუჭებოდა, მარცხენა კი წელზე ველური მცენარესავით მეხვეოდა და მისკენ მიზიდავდა. ეს სიამოვნება კიდევ რამდენიმე წამით რომ გაგრძელებულიყო, იქვე მოვკვდებოდი. მალევე მომშორდა და ჩემი რეაქცია შეაფასა. მე ჩუმად ვიყავი, შემდეგ კი მთელი ძალით გავარტყი სილა სახეში. - ჰო, კიდევ ერთხელ! - არ გაჰკვირვებია, მე კი ადრენალინის გრძნობით სავსე ვიდექი მის წინაშე…


გაგრძელება იქნება ორშაბათს

ნინი მკალავიშვილი

იხილეთ: შენ საკმარისი არ ხარ. თავი 13. გიჟური, სულელური სიყვარული

შენ საკმარისი არ ხარ. თავი 13. გიჟური, სულელური სიყვარული



კომენტარები (2)
ნონა
როგორი კარგი დიალოგებიაა
ლიზა
ვერ გიტაანთ ასეთ მომენტებში რო იცით გაწყვეტა... :( შემდეგი თავი ორშაბათსო და გრაფიკი შეიცვალა ანუ?!

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
თავშესაფარი. მხსნელი (თავი 7)
14:54 / 23-06-2018
ჩემს დაგუბებულ ყურთასმენას უეცრად რაღაც ხმა წვდება. არ ვინძრევი. მგონია მეჩვენება, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ აღარავინ მეხება, ძალიან რეალურია.
თავშესაფარი. საფრთხე (თავი 6)
10:31 / 22-06-2018
იქვე, კაფეში ვსხდებით და მხოლოდ ყავას ვუკვეთავთ. ქალი ჩუმადაა, მე კი არ მჩვევია საუბრის პირველს დაწყება.
თავშესაფარი. წარსულის გაელვება (თავი 5)
10:43 / 19-06-2018
თითქმის მთელი დღე გაუნძრევლად ვზივარ. ცალ მხარეს ცოცხი მიდევს, როგორც მზე, მეორე მხარეს - იატაკის ჯოხი, როგორც მთვარე, წინ კი - პატივცემული საფირი, რომელმაც გეგმები ამირია.
მდუმარე სასტუმრო - ჯოჯოხეთის ძაღლი (თავი 23)
11:06 / 16-06-2018
ელის პასუხის მოლოდინში გული საშინლად უცემდა. ალესტერი ცოტა ხანს დუმდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
თავშესაფარი. მედალიონი (თავი 4)
11:17 / 15-06-2018
დილით კარებზე ძლიერი კაკუნის ხმა მაღვიძებს. თავიდან მგონია, რომ მუშტებს მირტყამენ, მაგრამ ძილიდან რომ გამოვდივარ, ვხვდები, რაშიცაა საქმე.
მდუმარე სასტუმრო - სასტუმროს იდუმალი მფლობელი (თავი 22)
10:17 / 13-06-2018
- ამოხვალთ თუ მე ჩამოვიდე?ჩამოსძახა ელის უცნობმა.
თავშესაფარი. ორეული (თავი 3)
11:44 / 12-06-2018
მაშინ ჯერ სკოლას ვამთავრებდი. დედამ ყავაზე დაპატიჟა თავისი თანამშრომელი ქეთი, რომელთანაც მეგობრობდა.
მდუმარე სასტუმრო - მეცამეტე საკანი (თავი 21)
11:18 / 11-06-2018
ელი მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც ხმაური შეწყდა. ის ძალიან ფრთხილად მიდიოდა გზაჯვარედინისკენ.
თავშესაფარი. უჩვეულო დამთხვევა (თავი 2)
11:51 / 09-06-2018
აწ უკვე დასატენად შეერთებულ მობილურს რომ ვრთავ, დედაჩემისგან შემოსული ხუთი ზარი მხვდება.
მდუმარე სასტუმრო - სალივანის დღიური (თავი 20)
11:16 / 09-06-2018
ელიმ დროის შეგრძნება დაკარგა. მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც მუხლებით იდგა და იმ დაწყევლილ შავ კარებს უბრახუნებდა. ფარნის სინათლემ იკლო, ციმციმი დაიწყო. ელემენტები ჯდებოდა. ჯონი არ ჩანდა. ელი სიცივემ აიტანა და ფეხზე წამოდგა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი