სხვა ხედი. VII თავი. მოლოდინი
სხვა ხედი. VII თავი. მოლოდინი
სასტუმროში დაბრუნებულებს ნადიასა და მისი მეგობრის, მაიას ოთახში შუქი ჩამქრალი დახვდათ. მაია სასიამოვნო მოსაუბრე, საშუალო სიმაღლის ქერათმიანი ქალი იყო. ორი შვილი ჰყავდა - პირველკურსელი გოგონა და 5 წლის ბიჭი. ვიზუალურად არც ერთი შვილი არ ჰგავდა, თვითონ ბევრად უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი შვილები.

გასაღები გადავატრიალე, საძინებელში შევედით და კარი ისევ დავხურეთ. არ მომწონდა იქაურობა. ფანჯარა ეზოს გადაჰყურებდა. ზღვის ხედი არც აივნიდან ჩანდა. აბაზანა სუფთა იყო, მოწესრიგებული, მაგრამ პატარა და მოსაწყენი... ყოველი შემთხვევისთვის, ასე მეჩვენებოდა მაშინ... სასაცილოა, არა? ნეტა როგორია საინტერესო
ან მხიარული აბაზანა, თუმცა საქმე იმაშია, რომ მაშინ ორსულად ვიყავი და რაოდენ წარმოუდგენელიც უნდა იყოს, ფეხმძიმობის დროს, სრულიად შესაძლებელია მოსაწყენად მოგეჩვენოს საპირფარეშო, გული აგიჩუყოს შპალერის ფერმა, გაგაცოფოს უწყინარმა მწერმა, გაგახალისოს გამორთულმა ტელევიზორმა და ა.შ... მოკლედ, უსიტყვოდ დავწექით, რომ დაგვეძინა. მაქსიმს მალევე ჩაეძინა, მე გულძმარვამ არ მომასვენა, საწოლზე წამოვჯექი, ხელი უკან გადავწიე და ფანჯრის რაფიდან პატარა ჩანთა ავიღე, ელვაშესაკრავი გავხსენი და ხელი ჩავყავი. რამდენიმე წამი უშედეგოდ, ხელის ფათურით ვეძებე გულძმარვის საწინააღმდეგო აბები. გავბრაზდი, ფეხზე წამოვდექი და შუქი ავანთე.

საცვლების ამარა ვიყავი, ხალათი შემოვიცვი და გარეთ გავედი. ადრე მხოლოდ ტრუსებით ვიძინებდი ხოლმე, ბიუსტჰალტერს არათუ ღამით, დღეც იშვიათად ვიცვამდი, მაგრამ სადღაც წავიკითხე, რომ წონაში სწრაფი მატების დროს, როცა თავისთავად მკერდის მოცულობაც იზრდება, შესაძლოა, ფორმა გაგიფუჭდეს და გადავწყვიტე, ბიუსტჰალტერთან მჭიდრო კავშირი დამემყარებინა... 32 კვირის ორსულისთვის ათი კილოგრამი შესანიშნავია, მაგრამ ძუძუები ძალიან დიდი მქონდა, ათასგვარი დამცავი კრემის მიუხედავად, უკვე სტრიებიც მეტყობოდა. 17 წლის ასაკში სხეულის გაფუჭების პერსპექტივა მაფრთხობდა. ქირურგიული ჩარევების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ფინანსური რესურსებია საჭირო, რომლის მოპოვებასაც დიდი დრო მიაქვს. მაინც რამდენ ხანში შევძლებდი იმდენი ფულის შოვნას, სტრიები რომ გამექრო, მკერდი ამეწია ან გამედიდებინა. ჩემი უკანალის მიმართ ისედაც ყოველთვის კრიტიკული ვიყავი. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ არც საკუთარი სახლი მქონდა, არც სწავლის დაფინანსების საშუალება, მალე შვილი გამიჩნდებოდა, რასაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული საჭიროებები მოჰყვებოდა...

გარეთ გავედი, დერეფნის ბოლოში ვერანდაზე გასასვლელი კარისკენ გავეშურე. 5 წელიწადში? გამორიცხულია, მაგ დროისთვის მხოლოდ სწავლას დავამთავრებდი საუკეთესო შემთხვევაში. ათი? შეიძლება თხუთმეტიც... ვინ იცის, იქნებ სულაც ვერასდროს შევძლო საკუთარი თავისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, სხეულის შელამაზება და მოგზაურობა... კარი გავაღე და სასიამოვნო ნიავი შემომეფეთა. მიყრუებული ადგილი იყო, გასართობ ცენტრებს, კლუბებსა და ხალხმრავლობას მინიმუმ ერთი საათის გზა გვაშორებდა. თუმცა ვინ იცის, რამდენი მაშორებდა მე მხიარულებისა და თავისუფლებისგან. გათხოვების ყოველთვის მეშინოდა, თუმცა ამ სიტყვის საზარლობა მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრე, როცა უკვე დაქორწინებული ვიყავი. უნდა ვაღიარო, ოჯახური ცხოვრება არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორსაც ველოდი, მაგრამ ეს "გათხოვება" კვლავ ამორალურად მიმაჩნია. "გათხოვდი?" თითქოს, ფეხსაცმელი იყო ან ყვავილების ლარნაკი, ისე მოგიხსენიებენ, როგორც ნივთს...

როცა გადავწყვიტე, მაქსიმს ცოლად გავყოლოდი, საკუთარი თავი ყველანაირი საშინელებისთვის შევამზადე. მზად ვიყავი, წარსულისთვის ჩამებარებინა ჩემი სამომავლო გეგმები და ოცნებები, უარი მეთქვა პრინციპებზე, გართობაზე, თავისუფლებაზე, სიყვარულზეც კი... ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ არსებულ მომენტსა და ვითარებაში დავქორწინდებოდით, ჩვენს სიყვარულს ნათესაური ურთიერთობები და პასუხისმგებლობა დაძაბავდა, ფინანსური მდგომარეობა გათელავდა, მატერიალურად სხვაზე დამოკიდებულება გაანადგურებდა და ცოლქმრული, ოჯახური რუტინა საბოლოოდ შთანთქავდა.

ნადიას ინიციატივა ჩვენი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით მაფიქრებდა. მფარველი ანგელოზივით მომევლინა ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში და ვაპირებდი, არასდროს დამევიწყებინა ეს, როგორი საშინელი და ბნელიც უნდა ყოფილიყო მისი მეორე მხარე. ყველა ადამიანს აქვს ნათელი და ბნელი მხარეები. საგულისხმოა, რომ რაც უფრო კაშკაშაა სინათლე, მით უფრო უკუნითია სიბნელე და პირიქით. აქედან გამომდინარე, ჩემს დედამთილს ძალიან აუტანელი, გამაღიზიანებელი თვისებები უნდა ჰქონოდა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მომიწევდა მასთან ურთიერთობა და ალბათ, ბევრი დაძაბულობა და უსიამოვნებაც შემხვდებოდა. გადავწყვიტე, ყოველ ჯერზე შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რამხელა ცვლილებები შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში თავისი სინათლით მან.

ფლორენცვილიდან ხინესისკენ მიმავალი მანქანის ფანჯრიდან ვუცქერდი მქროლავ პეიზაჟს და ვფიქრობდი, ნეტავ როგორი იქნება ჩემი დედამთილი? ბინძური თუ ზედმეტად მომთხოვნი? ალბათ, ყოველთვის საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ან შეიძლება უყურადღებოა... ჩემი მარცხენა ხელი მაქსიმს ორივე ხელით ეჭირა და ავტომობილის უკანა სავარძელზე უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით ვისხედით. საჭესთან მაქსიმის ბიძა, ლეონის ძმა ლერი იჯდა. ვღელავდი. ვიცოდი, უამრავი სტუმარი დაგვხვდებოდა, პირდაპირ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში უნდა გამევლო. ორსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, როცა თორმეტსართულიანი კორპუსის წინ გავჩერდით, კარი მაქსიმმა გამიღო და მშფოთვარების დასაფარავად სწრაფად, მკვეთრი მოძრაობით გადმოვედი მანქანიდან. ფეხი გადამიბრუნდა და წავბარბაცდი. საბედნიეროდ, მაქსიმმა დამიჭირა.

- ფრთხილად!

- ნელა!


მისაყვედურეს თანამგზავრებმა.

- ხომ არ გავიწყდება, რომ თითოეული შენი მოძრაობა უნდა გააკონტროლო? იმედია, იაზრებ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია... - მითხრა დამფრთხალი გამომეტყველებით ქმარმა, ისე, რომ ხელი არ გაუშვია და ასე ხელჩაკიდებული ამიყვანა მეშვიდე სართულამდე. ეს ჩემი ქმარი იყო, ვისზეც ხელი მქონდა ჩაჭიდებული და მე ორსულად ვიყავი, ანუ თავს დიდი პასუხისმგებლობა მეკისრა და სახლში, სადაც მივდიოდი, მეუღლის მთელი სანათესავო და შესაძლოა, სამეზობლოც მელოდა, როგორც ახალ რძალს... ნეტავ როგორი იქნებოდა სამყარო, მოლოდინი რომ არ არსებობდეს? ყველა რაღაცას ელის, არ აქვს მნიშვნელობა, მოლოდინები გაამართლებს თუ არა, ეს უკვე ცალკე საკითხია. მთავარია, ყველა ყოველთვის ელის რაღაცას.

გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი

იხილეთ ასევე: სხვა ხედი. VI თავი. მესაიდუმლე


კომენტარები (1)
ეკო
საინტერესო საკითხავიაა, წერის სტილიც ძალიან მომწონს და სიუჟეტიც საინტერესოა... აქტუალურ თემებს ეხება, თითოეული თავი დამაფიქრებელი და ღრმაა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მდუმარე სასტუმრო - ნიღაბი (თავი 14)
11:27 / 22-05-2018
დათქმულ დროს ელი ოთახიდან გამოიპარა და ფეხაკრეფით დაუყვა სარდაფში მიმავალ კიბეებს. პიტერი უკვე იქ ელოდა. ორივენი უხმოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა, მაგრამ არ გაუმართლათ.
მდუმარე სასტუმრო - ნიშნები (თავი 13)
14:11 / 21-05-2018
ელი მიხვდა, რომ "სიზმრების დამჭერის" ბადეში ლათინური ასოები იყო გაბნეული - ზოგი თავდაყირა, ზოგიც სარკისებურად იყო შეტრიალებული. სულ ექვსი ასო იყო.
მდუმარე სასტუმრო - საიდუმლო გასასვლელი (თავი 12)
10:53 / 19-05-2018
გათენდა თუ არა, ელი და ანა საგრიმიოროსაკენ გაემართნენ. ალესტერი უკვე იქ იყო. გოგონებს მხიარულად შეხვდა და ყველა იქ მყოფი სათითაოდ გააცნო.
მდუმარე სასტუმრო - გვირაბი (თავი 11)
11:35 / 18-05-2018
- ბოდიშს ვიხდი, თუ ხელი შეგიშალეთ! თქვენ, ალბათ, დღეს ჩამოხვედით, რადგან აქამდე არ მინახიხართ!
მდუმარე სასტუმრო - აკლდამა (თავი 10)
10:00 / 17-05-2018
კიბით სულ ბოლო სართულზე ავიდნენ. აღმოჩნდა, რომ სხვენზე ოთახები იყო გაკეთებული, მომსახურე პერსონალისთვის. ალესტერმა გოგონებს ერთ-ერთი ოთახის კარი გაუღო.
მდუმარე სასტუმრო - "თეთრი ქალიშვილი" მოჩვენება (თავი 9)
12:45 / 16-05-2018
ალესტერი ერთ-ერთ კართან შეჩერდა და ჯიბიდან პლასტიკური ბარათი ამოიღო. ძალიან პატარა, ბნელ ოთახში შევიდნენ. ოთახი ცარიელი იყო. მხოლოდ ერთ კედელზე ეკიდა დიდი სარკე, რომლიდანაც სააბაზანო ოთახი ჩანდა.
მდუმარე სასტუმრო - საშიში გადაწყვეტილება (თავი 8)
11:15 / 15-05-2018
ანა ჟღალი ფერის თმამ ძალიან შეცვალა. მოუხდა კიდეც და თითქოს, რაღაცით ელისაც დაემსგავსა... წესით, ადვილი დასაჯერებელი უნდა ყოფილიყო უცხოსთვის ის ტყუილი, რის თქმასაც ისინი აპირებდნენ.
მდუმარე სასტუმრო - დაკარგული (თავი 7)
12:15 / 13-05-2018
ელი მანქანას მივარდა, კარი გამოაღო და მეგი თითქმის ძალით გადმოათრია გარეთ. ხელები მხრებზე მოჰკიდა და გაფართოებული თვალებით დააკვირდა, რამე ხომ არ სჭირდა…
მდუმარე სასტუმრო - სახლი ტყეში (თავი 6)
14:26 / 11-05-2018
ელი და მეგი თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ სახლიდან.- დღეს ხომ ნამდვილად პარასკევია?- ხომ მშვიდობაა, მამა?
მდუმარე სასტუმრო - სისხლიანი მერი (თავი 5)
09:13 / 09-05-2018
ანა შემოსასვლელში იდგა და ხელში ვაშლის ღვეზელი ეჭირა. გრძელი ნაწნავი მხარზე გადმოეგდო და იღიმოდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი