Marao.ge-ს მკითხველს ეკა ბუცხრიკიძემ უცნაური ისტორია უამბო. გოგონამ რამდენიმე თვის წინანდელი მოგზაურობის ამბები გაიხსენა და მოგვიყვა, როგორ შემოიარა ევროპა უფასოდ და საჩუქრად 200 ლარიც მიიღო:
„მარტის თვეში მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით ევროპაში დასასვენებლად წავსულიყავით. მოვძებნეთ ყველაზე იაფიანი ბილეთები "ვიზეარზე"... აღმოჩნდა, რომ ივნისის 12-ში ბუდაპეშტში 120 ლარად გავფრინდებოდით. რადგანაც 5 დღე გვინდოდა და უკანა გზა ბუდაპეშტიდან ქუთაისამდე ცოტა გვეძვირა, დავიწყეთ იქვე სხვა ქალაქებიდან გამოფრენის ბილეთების ძებნა. პრაღიდან გამოფრენა აღმოჩნდა ყველაზე იაფი, სადღაც 150 ლარი (თუ სწორად მახსოვს). ბინებიც airbnb-ზე ვნახეთ და დავჯავშნეთ. შემდეგ flixbus-ის საიტზე ავტობუსების ბილეთებიც ვიყიდეთ. ჯამში ყველაფერი დაჯდა 600 ლარი, არც მეტი, არც ნაკლები.
სახარჯოდ წავიღეთ 250 ევრო... ბუდაპეშტში 1 დღე-ღამე გავჩერდით, ავიღეთ ტურისტული ავტობუსის ბილეთები (25 ევრო) და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. მოგვატარეს თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა, გაგვასინჯეს გულიაში და დაგვალევინეს ლუდი (ამ ფასში შედიოდა ეს ყველაფერი). მეორე დღეს გავემგზავრეთ ვენაში flixbus-ის ავტობუსით და შოკი მივიღე ჩვეულებრივი, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ავტობუსში იყო ტუალეტი.
ვენა ფეხით მოვიარეთ. აქ ორი დღე დავრჩით. ვიყავით ვენის ზოოპარკში და გავოგნდი, ცხოველები ისეთ პირობებში ჰყავთ, რომ წარმომიდგენია, ადამიანის უფლებებს როგორ იცავენ! მაგარი ქალაქია ვენა. შემდეგ გავემგზავრეთ პრაღაში, საოცარ ქალაქში. მთელ პრაღაში დგას საოცარი სუნი, ანუ ისეთი ხეები ხარობენ, რომ სასწაულ სურნელს გაფრქვევენ და ამაზე გავგიჟდით. ძალიან ლამაზია პრაღა. ძირითადი ადგილები მოვინახულეთ და მიუხედავად იმისა, რომ ფეხები გვქონდა დასიებული სიარულისგან, მაინც ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით. მეორე დღეს კიდევ ბევრი ვიარეთ, დავლიეთ ჩეხური ლუდი, ვჭამეთ და გავეშურეთ აეროპორტისკენ.
ფრენამ 3 საათით დაიგვიანა, რის გამოც აგვინაზღაურეს 280 ევროს ოდენობით თითოეულ მგზავრს. მოკლედ, წავედით, ვიმოგზაურეთ, ვიხალისეთ, გავნიავდით და 200 ლარით დავსაჩუქრდით“ - გვიყვება ეკა.