32 წლის სოფო მამულაშვილი უკვე ათი წელია თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს საზღვარგარეთ მოგზაურობაში ატარებს და თვლის, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა.
ის უკვე 19 ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა მსოფლიოს დათვალიერებას კვლავ განაგრძობს. marao.ge-ს მკითხველსაც ამას ურჩევს და გამოსადეგ რჩევებსაც აძლევს:
- როგორც ბავშვების უმრავლესობამ, არც მე ვიცოდი, რა მინდოდა გამეკეთებინა, როცა გავიზრდებოდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ბევრს ვიმოგზაურებდი. მოგზაურობა დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე. ამ დროის განმავლობაში 19 ქვეყანაში ვიყავი, ალბათ, 80-მდე ქალაქსა და სოფელში.
ბევრად უფრო მეტ ქვეყანაში ვიქნებოდი ნამყოფი, მაგრამ ძალიან მიყვარს საფრანგეთი და ხშირად ახალ ადგილზე წასვლის ნაცვლად, მივდივარ პარიზში და იქიდან დავხეტიალობ პატარა და საყვარელ სოფლებში.
უჩვეულო ამბავი, რომელიც საზღვარგარეთ შეგემთხვათ...
- ჩემი მოგზაურობა არის ძველი, შელახული და უზარმაზარი ზურგჩანთის ზურგზე შემოგდება, ხშირად მარტო და სპონტანურად ხეტიალი. შესაბამისად, ძალიან ბევრი თავგადასავალი მახსენდება და არ ვიცი, ახლა რომელი გიამბოთ. 30 გოთთან ერთად ღამის გათენება ფიგუერესის ერთ-ერთ გაჩერებაზე, ალბათ, მაინც ყველაზე საყვარელი მოგონებაა. მაშინ ჯერ კიდევ ეგზოტიკად მეჩვენებოდა ასეთი რაღაცები, არ ვიცოდი, რომ მომავალშიც არაერთ გაჩერებაზე, სადგურსა და აეროპორტში მომიწევდა ჭუჭყიან ასფალტზე ზურგჩანთათავქვეშამოდებულ მდგომარეობაში დაძინება.
ყველაზე უცნაური ისტორია ეგვიპტეში შემემთხვა, როდესაც ადგილობრივი კაცი სრული სერიოზულობით ევაჭრებოდა ჩემს მეგობარს, რომ ჩემი თავი აქლემების ნაცვლად დაეთმო და მის ცოლად დავეტოვებინე.
ამ სეზონზე სად შეგვიძლია იაფად დასვენება?
- თუ მანქანა გყავთ, შეგიძლიათ თურქეთში წასვლა. ძალიან იაფი დაგიჯდებათ.
ჩემი აზრით, ესპანეთსა და პორტუგალიაშიც შესაძლებელია დაბალბიუჯეტიანი ტურის გაკეთება.
როგორ ვიშოვოთ იაფად სასტუმრო, ჰოსტელი?
- მე booking.com-ით ან airbnb-ით ვსარგებლობ. booking.com-ზე frequent traveller-ია და ზოგ შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლება მაქვს.
ყველაზე იაფად გამოხვალთ იმ შემთხვევაში, თუ ადრე დაჯავშნით. თუ ზუსტად იცით, რომ წახვალთ და არ შეცვლით მარშრუტს, მომგებიანია on-refundable ნომრის აღება.
ყველაზე იაფად რა თანხად გიმოგზაურიათ და როგორ?
- ყველაზე იაფად, დაახლოებით, 700 ლარად (თან ოჯახის 2 წევრთან ერთად) ვიმოგზაურე საკუთარი მანქანით. მოვინახულეთ ტრაბზონის და სუმელას მონასტრები.
ევროპაში მოგზაურობისას ყველაზე იაფი 800 ევრო დამეხარჯა, თუმცა ნახევარჯერ მეგობრებთან ვრჩებოდი და სასტუმროზე თანხა არ დაიხარჯა.
თუ არსებობს რაიმე ხრიკი ბილეთების იაფად საყიდლად?
- მუდმივად ვამოწმებ ფასებს და ავიაკომპანიების შეთავაზებებს. ძირითადად, რამდენიმე თვით ადრე ვყიდულობ ბილეთს. ასევე, სხვადასხვა საიტზე ვამოწმებ და ვადარებ ხოლმე ბილეთების ფასებს მაგ. kayak.com და airtickets24.com.
ასევე, თუ კონკრეტულ ქალაქამდე ფრენის ფასები არ მაწყობს, ვეძებ სხვა მოსაზღვრე ქვეყნებამდე ფრენებს და იქიდან დანიშნულების ადგილამდე მატარებლებს ან ფრენებს. ხანდახან ასეთი ვარიანტი ბევრად იაფი გამოდის.
ხშირად ვიყენებ rome2rio.com-ს და მსგავს საიტებს, მეხმარება შევარჩიო ყველაზე მისაღები ვარიანტი.