მიტოვებული შენობა, თავსატეხები, მოულოდნელობები და გამარჯვებულები - მოგზაურობა "მეცხრე ფლიგელში"
ფოტო
7 ივლისს, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გაიმართა, რომელსაც „მეცხრე ფლიგელის“ ავტორი თეა ინასარიძე უძღვებოდა. თამაშში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო (15 წლიდან ზემოთ).
რვა რიცხვითი კომბინაციის გამოსაცნობად და სიტყვა-გასაღების შესადგენად, მონაწილეები მისტიკურ, მიტოვებულ შენობაში შეიკრიბნენ.


წარწერა - „მეცხრე ფლიგელი“ მიგვითითებდა, რომ დანიშნულების ადგილას ვიყავით. ამასთან, გვიმძაფრებდა განცდას, რომ სწორედ იმ
შენობის უჯრედში ვიმყოფებოდით, რომელიც წიგნში ასეთი ემოციითა აღწერილი. მავთულხლართები, საბურავების გროვა, ფარღალალა მანქანები, დაფხრეწილი ფარდები, ქარის ზუზუნი... ეს ყველაფერი გამოშიგნულ ნაგებობას კიდევ უფრო მისტიკურს ხდიდა.


თამაშში მთელი არსებით ერთვები, რეალობას ეთიშები, ეჩვევი გუნდურ მუშაობას, ეძებ თავსატეხებს და ერთმანეთს მნიშვნელოვან დეტალებს უკავშირებ. უნდა მიხვდე, რომ შესაძლოა, რიცხვითი კომბინაციის საპოვნელად ერთ-ერთი ჭადრაკის ქვის ამობრუნებაც კი გახდეს საჭირო. თეთრი, სუფთა ფურცელი სინამდვილეში მინიშნებაა. მასზე წარწერაა, რომელსაც მხოლოდ სანთლის ალით ან ულტრაიისფერი ფარნის შუქის დანათებით გაარჩევ: - „ჩაასხი წყალი და რიცხვები თვითონ მოვლენ შენთან!“. წყალს ადვილად ვერ მოიპოვებ, ის კოდიანი ბოქლომითაა დაბმული. შენ ჯერ კოდი უნდა მოძებნო, მერე წყალი მილში ჩაასხა, საიდანაც თეთრი ბურთულა ამოცურდება. მასზე რიცხვებია...


ჩამონგრეულ კედელზე მიწებებული სურათიც კი არაა უბრალო. მას დიდხანს უნდა უყურო, რომ ფიგურა დაინახო და ლოგიკური ამოცანა ამოხსნა. საკუთარ თავს გამოცდას უწყობ და ცდილობ, უხილავი - ხილული გახადო. უნდა მიხვდე, სამი ყუთიდან რომელშია მინიშნება. სამივეს გახსნის უფლება კი არ გაქვს...





წიგნის მთავარი გმირი - ლუ ფოტოგრაფია. თამაშის დროს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს სამყაროს მისი თვალებიდან უმზერ... მასსავით გამბედავი და ძიების მოყვარული ხდები. ეს გადამდებია. შენ „მეცხრე ფლიგელში“ მოგზაურობ, წიგნის ავტორთან ერთად. უყურებ მონაწილეებს და ფიქრობ, რომელი ჰგავს ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, იდუმალ გიორგის... გახსენდება სიტყვები წიგნიდან, რაც მოტივაციას გმატებს: - „ სჯობს გააკეთო ზედმეტი, ვიდრე არ გააკეთო არაფერი“.

მონაწილეები თამაშის განმავლობაში უზარმაზარ ლოკაციაზე დარბოდნენ, მინიშნებებს ეძებდნენ და ერთმანეთსაც კი ეხმარებოდნენ.



Geo Stalk ვიდეო

გამარჯვებულებს, თეონა თოთაძეს და თეო ბახიას, ავტორმა პრიზი საზეიმო ვითარებაში გადასცა. მათ „ბიბლუსის“ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მიიღეს.
დღე დასასრულს მიუახლოვდა, წასვლა კი არავის გვინდოდა. მისტიკური გარემო - ჩვეულებრივმა ყოველდღიურობამ ჩაანაცვლა, მაგრამ მოთამაშეების მეხსიერებაში თამაშის დღე ძალიან, ძალიან დიდხანს დარჩება...

ფოტო: ვანო გორგიშვილი
ვიდეო: თამუნა სიდამონიძე



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
კოტე
ძალიან მაგარი იყო! შემდეგში აუცილებლად ვითამაშებ
13:14 / 09-07-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31