მეგა-პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მისი პირველი პარტნიორი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო იყო. მერე და მერე, სხვადასხვა სეზონზე იყვნენ - გიორგი ვარდოსანიძე, ანატოლი ბოისა, ზურა გორგაძე, ანდრია გველესიანი, ირაკლი მაქაცარია და ახლა გიორგი გილიგაშვილი, იგივე "ჩემმა მზემ".
ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა, ეს შოუ შენ გარეშე-მეთქი, - ვუთხარი სალომე ჭაჭუას. "მე ასე ვერ ვიტყოდი. ძალიანაც წარმოსადგენი იქნებოდა, თუმცაღა, ალბათ, ამ პროექტს რაღაც ელფერს მეც ვმატებ. ჩემთვის მასში მონაწილეობა საპასუხისმგებლოა, რადგანაც საზოგადოება ელოდება. ეს კი ყველაზე დიდი ბედნიერება და მოტივაციაა. რა ჯობია იმას, როცა სიამოვნებას იღებენ შენი შემოქმედებისგან. ეს ყველაფერი კი იმის სტიმულს მაძლევს, რომ ერთ ადგილას არასდროს გავჩერდე", - გვეუბნება მოცეკვავე, რომელიც მართლაც უზომოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს, რისთვისაც საზოგადოებას ძალიან უყვარს და მის ცეკვას ყოველთვის მოუთმენლად ელოდება.
"ხშირად უთქვამთ, სხვანაირი ხარ და სხვანაირად ცეკვავ, სცენაზე შენი სერიოზული გარდაქმნა ხდებაო. ერთადერთი პასუხი, რაც ამას შეიძლება მოვუძებნო, ისაა, რომ ცეკვისას თვითონ დიდ სიამოვენბას განვიცდი, რადგანაც იმ წუთებში ცეკვას ვქმნი და ალბათ, მაყურებლამდე ეს ყველაფერი ასევე მიდის. ეს მნიშვნელოვანია და ყველა პროფესიონალი მოცეკვავე ამისკენ მიილტვის, - საკუთარი თავი კარგად წარმოადგინოს და იპოვოს კიდეც სცენაზე", - ამბობს სალომე.
- ამ სეზონზე ვფიქრობ, რომ ცეკვის წარმოდგენისას მეტად არტისტული ხარ, ვიდრე აქამდე იყავი...
- ეს ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტია, ძალიან სასიამოვნოა, რადგანაც ცხოვრების მანძილზე, რაც კი სცენაზე ვმდგარვარ, ვცეკვავ და ამ სფეროში ვარ, არასდროს გავჩერებულვარ, იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ წელს ვვითარდები, ვესწრები მასტერკლასებს, უცხოეთში მყავს მწვრთნელები, სადაც ამ ყველაფერს ვსწავლობ, ვეუფლები. ერთ დღესაც არ მივცემივარ სიმშვიდეს, - უი, კარგ მოცეკვავედ მთვლიან და არაფერს აღარ გავაკეთებ-მეთქი. ყოველდღე, ყოველწლიურად განვითარებაში ვარ. მოკლედ, ვმუშაობ მწვრთნელებთან, ფსიქოლოგებთან.
- თუ პარტნიორი მხარს არ გიბამს, მაშინ რა ხდება?
- ასეთი ჩემს შემთხვევაში თითქმის არ ხდება. წელსაც ისე დაემთხვა, რომ პარტნიორი მხარს მიბამს, ერთმანეთს სცენაზე კარგად ვიცნობთ და ეს არის ყველაზე კარგი განცდა და გრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სცენაზე ერთი მთლიანი ადამიანი მუშაობს. მოკლედ, ამ ცეკვებში ასეა, მარტო არ ვარ - ერთ კონკრეტულს ორივე ვქმნით, რაც აუცილებლად მივა მაყურებლამდე და ისიც აუცილებლად იგრძნობს ჩვენს ემოციას.
- გიორგი გილიგაშვილი მართლაც კარგად ცეკვავს. რატომღაც მაყურებელი მისგან ამას თითქოს არ ელოდა. ბევრი კი მის ცეკვას იმით ხსნის, რომ ის შესაძლოა, ადრე ეუფლებოდა ცეკვას...
- საქართველოში ცეკვაზე, ალბათ, ყველა დადიოდა, მაგრამ თუ ვინმე პატარაობაში ცეკვას სწავლობდა, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენი სფერო ყოველ წელს ვითადება, წინ მიდის, რთულდება, თან, 2018 წელი ამ ჟანრში განსაკუთრებულ ზენიტშია, ყველაფერი ტენდენციურობას ითხოვს. მხოლოდ ორი-სამი "ჩა-ჩა-ჩა" ვიცეკვეთ და მორჩა, ასე არ არის. ტექნიკურად გამართული უნდა იყოს, მაყურებლისთვის გასაგები. ასევე მნიშვნელოვანია, მოცეკვავე სცენიდან რა ისტორიას გვიყვება, როგორი მუსიკალურობა, რიტმულობაა და ამ ყველაფრის როგორი შერწყმა ხდება. წუთ-ნახევარში მთელი ისტორია გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს, რომ ყველაფერს მიხვდნენ. სცენაზე გასვლა ჩემთვის განვითარებას, სწავლას ნიშნავს. განაგრძეთ კითხვა