არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში მუსიკოსისა და მომღერლის, მაგდა ჯოხაძის შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა.
საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ მის გვერდით მყოფი გოგონა და ბიჭი მაგდას მეგობრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე შვილებს. ვინც ფოტოს ნახულობდა, მათი უმეტესობა არ იჯერებდა, რომ ნამდვილად მაგდას შვილები იყვნენ ასახულნი. რასაკვირველია, დავინტერესდით „ბავშვების“ ასაკით და მაგდასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. ბევრმა ალბათ იცის, რომ მაგდა ანრი ჯოხაძის დაა. როგორ შეიძლებოდა მასთან საუბარი ისე დაგვესრულებინა, მათი ბავშვობისდროინდელი ამბები რომ არ გაგვეხსენებინა. შესაბამისად, ინტერვიუ სახალისო და
საინტერესო გამოვიდა.
- მაგდა, დიდი შვილები გყავთ. რა ასაკში შექმენით ოჯახი?
- 15 წლის ასაკში გავთხოვდი, გავიპარე. 17 წლისას უკვე მყავდა შვილი - გოგონა.
- 17 წლის ბავშვს რომ მასზე პატარა ბავშვი ჰყავს გასაზრდელი, ეს ამბავი როგორ იყო?
- დედობა თავიდანვე ვიგრძენი. არიან გოგონები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ ამას. მე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, თავიდანვე გავიაზრე ყველაფერი. რასაკვირველია, დედა მეც მომეხმარა, მაგრამ მთლიანად დედისთვის არ გადამილოცია შვილი, ჩართული ვიყავი აღზრდაში. ძირითადად, გოგონაზე მეხმარებოდა. როცა წელიწად-ნახევრის შემდეგ ბიჭი შემეძინა, უკვე ცალკე ვცხოვრობდი და ორივეს ჯაფა მე დამაწვა კისერზე.
- რა სირთულეებს წააწყდით? ბუნებრივია, გინდოდათ სწავლა, გართობა. ამ დროს გყავდათ ორი შვილი, ქმარი...
- სირთულე იყო ის, რომ გათხოვებამდე არაფრის კეთება არ ვიცოდი და არც მიწევდა. ბავშვობაში კერძების კეთება კი მიყვარდა, მაგრამ სამზარეულოს ისეთ დღეში ვაგდებდი, ვერავინ „გადაახტებოდა“. დედა ისეთი ლმობიერი იყო, ოღონდ მე რაც მინდოდა, ის მეკეთებინა, თანახმა იყო ამაზეც. 5 ტორტის ინგრედიენტებს თუ გავაფუჭებდი და გადავყრიდი, ხმას არ იღებდა.
- მართლა ძალიან დამთმობი ყოფილა...
- კი, კი. ჩემმა შვილმა იგივე რომ გააკეთა, „რქები ამომივიდა“ და მაშინვე მივუთითე, რომ თავადვე დაელაგებინა სამზარეულო და ჩემთვის არ შეეტოვებინა (იცინის).
- მინდა, რომ გაიხსენოთ, როგორი იყო ქალბატონი რუსუდანი თქვენთან მიმართებაში და თავად როგორი დედა ხართ?
- ჩემს ოჯახში ვცხოვრობდით სამი სხვადასხვა გზით გაქცეული, გადარეული ბავშვი. სამივე დედმამიშვილს ჩვენ-ჩვენი ოფოფები გვქონდა. ისეთს არაფერს ვაშავებდით, მაგრამ სახლი ყირაზე იდგა, იმიტომ, რომ მე ჩემი მეგობრები მომყავდა სახლში, ანრის - თავისი და ომარს - თავისი. თითოს 10-12 კაცზე ნაკლები არ გვყავდა მიყვანილი. სახლში ეწყობოდა თეატრები. ანრი რეჟისორი იყო, დანარჩენები სტაფში იყვნენ. ზოგი დეკორაციაზე „მუშაობდა“, ზოგი სხვა დეტალზე. ამ ყველაფერში დედაც ჩართული იყო. ოღონდ ჩვენ ქუჩაში არ გავსულიყავით, რამე არ დაგვეშავებინა ან მარცხი არ მოგვსვლოდა, დედას შეეძლო, ბოლო კაპიკი ამოეღო ჯიბიდან, ჩვენთვის ფარდები, სათამაშოები ეყიდა, რომ სპექტაკლები დაგვედგა. ასე ვარ მეც ჩემი შვილების მიმართ, ძალიან მეგობრული და დამთმობი. ახლა უკვე დედის გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ დედა, ჩემთან შედარებით, ძალიან დამთმობი იყო, მამა - უარესი. მამა ბიზნესმენი გახლდათ. მაშინ „ცეხავიკებს“ ეძახდნენ. 5 წლის ვიყავი, როცა მამა დააპატიმრეს და 7 წლის შემდეგ გამოუშვეს. სამდღიანი ნახვის უფლება გვქონდა ოჯახს და მაშინ თუ ვნახავდით მამას. შვილებს მონატრებული იყო და უარს არაფერზე გვეუბნებოდა. არ მახსოვს, ჩემთვის წარბიც კი რომ აეწიოს, ხმამაღალ სიტყვაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა, მეც ვცდილობდი, არასდროს დამეშავებინა ისეთი რამ, რომ მამას მკაცრი გამომეტყველება მიეღო.