დუკანის დიეტა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ ბევრმა მისი უარყოფითი შედეგების შესახებ არაფერი იცის.
Marao.ge-ს ის ქალბატონები ესაუბრნენ, რომლებსაც ამ დიეტის გამო ჯანმრთელობა შეერყათ და სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ქალბატონები ჩვენთან საუბრისას საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ და აღნიშნავენ, რომ დიეტის დაცვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთვის, ვისაც თირკმელების პრობლემა აქვს. ამაზე დალი გოგიჩაიშვილი არავის გაუფრთხილებია, რამაც შედეგად მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და გაუსაძლისი ტკივილებით ექიმს მიმართა:
„თირკმელების პრობლემა მქონდა და ამ დიეტის შემდეგ უფრო გამიმწვავდა. თავიდან ვერ მივხვდი, მეგობარმა მითხრა, რომ ცილებით იყო გამოწვეული.
მკურნალობა დამჭირდა, რომ ტკივილები მომეხსნა და თავისუფლად შემძლებოდა მოძრაობა ტკივილის გარეშე“, - ამბობს დალი გოგიჩაიშვილი.
უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა სოფიო ხუციძე, რომელსაც სხეულის კონკრეტული ადგილები დაუსივდა და ორი კვირის განმავლობაში სიარულსაც ვერ ახერხებდა:
„4 დღე დავიცავი დიეტა და 7 კგ დავიკელი დუკანით. სამაგიეროდ, ამტკივდა თირკმელი საშინლად. ვეღარ დავდიოდი. ორი კვირა ძალიან მძიმედ ვიყავი... დამისივდა ხელებიც, სახეც და ფეხებიც. ჰაერი არ მყოფნიდა და ვგრძნობდი, რომ სიარულის თავიც აღარ მქონდა... მერე დავიწყე მხოლოდ ბოსტნეულის მიღება. ნიახურის ნახარშებს ვსვამდი. ერთი თვე ვიტანჯებოდი ტკივილებით და საშინელი სიმძიმის შეგრძნება მქონდა. მეგონა, ფეხებზე გირები მეკიდა.. ვინც სრულიად ჯანმრთელია, იმ შემთხვევაში შეუძლია ცილოვანი დიეტა 3 ან მაქსიმუმი 4 დღე დაიცვას. დანარჩენი შერეული კვებით იდიეტოს. ცომეული ამოიღოს რაციონიდან, ტკბილეული და გაზიანი სასმელებიც და ისედაც დაიკლებს“, - ამბობს ხუციძე.
დუკანის დიეტით დაზარალებულ ქალბატონთა რიცხვში შედის ინგა პაპუაშვილიც, რომელმაც მართალია, დაიკლო, თუმცა უკუჩვენებამაც არ დააყოვნა და როგორც თავად ამბობს, თირკმელები გაუნადგურა:
„დიეტის დროს ვვარჯიშობდი კიდეც, წყალსაც ზომაზე ვსვამდი, თუმცა ცილის ამხელა დოზის მიღება ყველასთვის ერთნაირ შედეგს არ იძლევა. 7-დღიანი დიეტით 6 კილოგრამი დავიკელი და მალევე დამეწყო შეშუპება და თირკმელები გამინადგურდა“, - ამბობს ინგა პაპუაშვილი.