ზაფხულის პერიოდში კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. ხშირია სახის კანის გაღიზიანების შემთხვევები, რომელთა მიზეზად ტონალურის ხშირი გამოყენება ან ეპილაცია იქცევა.
Marao.ge-ს მკითხველს კოსმეტოლოგი ანჟელა ბაკურაძე ურჩევს, თუ როგორ მოვუაროთ კანს ამ სეზონზე:
- ზაფხულში განსაკუთრებით ხშირია მწერების კბენის შემთხვევები, რაც ქავილს იწვევს და კანს კიდევ უფრო აზიანებს. კლიმატური ფაქტორების გამო ინფექციის შეჭრის შესაძლებლობაც იზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პიოდერმია, სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით გამოწვეული კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადება. გაურთულებელი პიოდერმიისას კანის დაზიანება არ არის ღრმა და გამოჯანმრთელების შემდეგ კანის საფარველი სრულად აღდგება. მიუხედავად ამისა, სახლში მკურნალობა არ არის რეკომენდებული. უმჯობესია, მიმართოთ დერმატოლოგს.
ხშირია მზეზე დამწვრობის შემთხვევებიც...
- კანის დამწვრობის შემთხვევაში აფთიაქში შეიძინეთ პანთენოლის ხსნარი და დღეში 2-3-ჯერ გამოიყენეთ დაზიანებულ ადგილებზე. კარგია მაწონიც, რომელიც კანიდან სიმხურვალეს დევნის.
ზაფხულში ძირითადად მსუბუქად ვიკვებებით, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სეზონური ხილი, ბოსტნეული, რომელიც კანზე დადებითად მოქმედებს?
- საკვების მიღება ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის. პრობლემატური ალერგიისაკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში, ბუნებრივია, მეტი აკრძალვა იქნება საკვების მხრივ. მე გირჩევთ, მიიღოთ ხილი და მეტი კენკრა. ბოსტნეულიდან კი - ბროკოლი და სატაცური, რომლებიც არა მარტო კანს, არამედ სხეულსაც ძალიან აჯანსაღებს.
რამდენად რეკომენდებულია ზაფხულში ტონალურის და მაკიაჟის სხვა საშუალებების დიდი ოდენობით გამოყენება? რის გამოყენებას გვირჩევთ?
- ტონალურის გამოყენება მიზანშეწონილი არაა 25 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დროს. ლაქებიანი კანი თუ გახასიათებთ, დასაცავად გამოიყენეთ SPF 80, ნორმალური ტიპის შემთხვევაში - SPF 20-იც საკმარისია.
სეზონზე ბევრი მიმართავს ეპილაციებს, რასაც ხშირად კანის გაღიზიანება სდევს თან. რა საშუალებებით შეგვიძლია ვებრძოლოთ მას?
- ზაფხულის პერიოდში ელექტროეპილაცია არ არის მისაღები კანისათვის, თუმცა არსებობს მალამოები, რომლებიც დაგეხმარებათ ეპილაციის შედეგად დაზიანებული კანის აღდგენაში. ერთ-ერთი საუკეთესოა Tyrosur-ი.