ბიზნესი მაღალ ქუსლებზე მხოლოდ ნიუიორკელების ბედი როდია. ახალგაზრდა ნატალი სოხაძემ სცენიდან ბიზნესში გადაინაცვლა და ორი წლის წინ საკუთარი აკადემია დააარსა.
ენთუზიაზმით და პოზიტივით დატვირთული ბიზნესლედისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. ნატალი რჩევების გასაცემად მზადაა და მკითხველს წარმატების საკუთარ საიდუმლოსაც უმხელს:
როგორია ბიზნესლედის ერთი დღე?
- ჩემი დილა აუცილებლად იწყება 1 ჭიქა წყლით, ჩემი მწვანე რვეულის გადაფურცვლით და დღის გეგმის გადახედვით. მერე ვიწყებ საუზმის მომზადებას, რაც ძალიან მართობს. პარალელურად, ვუსმენ ცნობილი სპიკერების გამოსვლებს. ეს მოტივაციას მიმაღლებს. ამ შემართებით ვიწყებ იმ საქმის კეთებას, რომელიც ძალიან მიყვარს და უდიდეს ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა და დახმარება ჩემი ჰობია. ამიტომ მთელი დღის განმავლობაში სიამოვნებით ვაკეთებ ამას.
თქვენთვის, როგორც ქალისთვის, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მეწარმეობა, თუ ექმნება ქალს ბიზნესში ისეთი პრობლემა, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში გაცილებით მარტივად გვარდება?
- განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არ აღმოვჩენილვარ... თუკი ადრე მეწარმე ქალს სკეპტიკურად უყურებდნენ და მის გაკეთებულ საქმეში ეჭვი ეპარებოდათ, დღეს ეს სტერეოტიპი აღარ არსებობს. თანამედროვე ქალმა მოახერხა და ყველა დაარწმუნა იმაში, რომ შესაძლებელია ერთდროულად გყავდეს შვილები, გქონდეს სამსახური, იყო წარმატებული შენს საქმეში, სახლსაც კარგად ალაგებდე, გემრიელ სადილებსაც აკეთებდე და მუდმივად კარგადაც გამოიყურებოდე.
წლების წინ მღეროდით. როგორ აღმოჩნდით სცენიდან ბიზნესში?
- ინსტიტუტში არაჩვეულებრივი როკ-ჯგუფის წევრები გავიცანი. აღმოჩნდა, რომ ვოკალისტს ეძებდნენ... ჩემი ოცნება ახდა, მათ მიმიღეს. ჯგუფს - “Seagate”, ანუ „ზღვათა კარიბჭე“ დავარქვით. ვრეპეტიციობდით ყველგან, ვინც კი ფართს ცოტა ხნით მაინც დაგვითმობდა. სტუდენტებში დიდი პოპულარობით ვსარგებლობდით, ვაკეთებდით სოლო-კონცერტებს. ეს დრო ძალიან კარგად მახსენდება. მახსოვს, ინსტიტუტში Cranberries-ს მეძახდნენ, რადგან ჩვენი რეპერტუარის 70% მათი სიმღერებისგან შედგებოდა. მშვენივრად ვმღეროდით, თუმცა ამ გზას არ გავყევი. რომანტიკოს ბუნებასთან ერთად რეალისტიც აღმოვჩნდი და მივხვდი, ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროში წარმატების მიღწევა გამიჭირდებოდა.
ქალბატონებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ გზის გაკვალვას, თქვენ ხართ მოტივაცია. მათ აინტერესებთ თქვენ გზა. მოკლედ მოგვიყევით თქვენი აკადემიის შესახებ...
- ჩემს აკადემიაში ისწავლება სასტუმროს მენეჯმენტი, კვებისა და სასმელების მართვა, გაყიდვები და სხვა. აკადემიას ძალიან კეთილი მისია აქვს: საქართველოში გაუმჯობესდეს მომსახურების დონე, დანერგოს საერთაშორისო მომსახურების სტანდარტები, გადაამზადოს რაც შეიძლება მეტი ადამიანური რესურსი.
სხვათა შორის, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები ჩვენთან განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ. ჩვენ ვცდილობთ, მათ ცხოვრება გავუმარტივოთ. ვიტოვებთ მათ ბავშვებს ლექციის დროს, რადგან თითოეული წუთი, რომელიც მათ უცდებათ - დაკარგულია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, მსმენელი აკადემიიდან მაქსიმალურად საჭირო ინფორმაციით გავუშვათ.
ფრაზა „წარმატების საიდუმლო“ ძალიან ჯადოსნურად ჟღერს. უბრალოდ გვითხარით, რა არის ის მთავარი, რამაც ერთ-ერთ გავლენიან ქართველ ქალად გაქციათ?
- ჩემი წარმატების საიდუმლო პოზიტიურობაშია. ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანებისა და მოვლენების მიმართ დადებითად განწყობილნი, არ უნდა ვეძებოთ ცუდი, ეს ძალიან მარტივია. ნეგატიური აზრები და შიში კი ყველაფერს აფუჭებს. რა თქმა უნდა, სწორ დროს და სწორ ადგილზე მოხვედრა უმნიშვნელოვანესია, ასევე - ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები...
- რას ურჩევთ იმ ქალბატონებს, რომლებიც ბიზნესის სამყაროში „ფეხს ახლა იდგამენ“?
- ქალბატონები უნიკალური არსებები არიან, ამოუწურავი პოტენციალით. მოუსმინეთ თქვენს გულს, სულს, შინაგან ხმას... მთავარია, იცოდეთ, რა არ გინდათ ცხოვრებაში და იმას გაერიდოთ. მეორე ეტაპია, იფიქროთ იმაზე, რა გინდათ, რა გაბედნიერებთ, რისი კეთება მოგწონთ. დაისახეთ მიზანი, აირჩიეთ მიზნამდე მისასვლელი გზები. თუ პირველ ცდაზე არ გაგიმართლებთ, არ შეგეშინდეთ, არ გაჩერდეთ, დაბრკოლება არ არსებობს - ის მხოლოდ ჩვენს გონებაშია. საზღვრები არ არსებობს - ჩვენ ვუწესებთ საკუთარ თავს საზღვრებს! თავისუფალი ხართ აზროვნებაში. ჩართეთ კრეატივი, არ მოგერიდოთ საკუთარი არაორდინარული იდეების, იყავით გულწრფელი იმაში, რასაც აკეთებთ და გიყვარდეთ თქვენი საქმე!
ნუ მოუსმენთ ადამიანებს, რომლებიც სტიმულს გართმევენ. ეურთიერთეთ მათ, ვინც წაგახალისებთ, შეგაქებთ, მხარს დაუჭერს თქვენს ინიციატივებს, იქნება გულწრფელი და ობიექტური. გახსოვდეთ, ნეგატივი გვკლავს და პოზიტივი გადაგვარჩენს!