ელის დოჯსონი და თეა ინასარიძე - ორი ახალგაზრდა მწერალია, საინტერესო სამყაროთი.
ელის დოჯსონი ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017“-ის გამარჯვებულია. ის მკითხველმა მისი პირველი წიგნით გაიცნო, რომელსაც „რაფლეზია“ ჰქვია. სულ ახლახან კი, ელის დოჯსონის მეორე წიგნი - „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z” გამოიცა, რომელიც სათავგადასავლო ფენტეზის ჟანრის რომანია.
თეა ინასარიძის პირველი წიგნი გახლავთ „გათხოვილის დღიური“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L“-მა 2017 წლის აგვისტოში გამოსცა. „მეცხრე ფლიგელი“ კი ავტორის მეორე წიგნია. ეს გახლავთ დეტექტივი/თრილერი.
წიგნების ავტორები ერთმანეთს საინტერესო გარემოში შეხვდნენ.
თეა ინასარიძე კითხვებს უსვამს ელის დოჯსონს:
- ელის, როგორი ბავშვი იყავი და როგორი ჟანრის წიგნების კითხვა გიყვარდა?
- მშვიდი, დამჯერი ბავშვი ვიყავი და სასტიკად მეოცნებე. ხალხთან ურთიერთობას მერჩივნა ჩემთვის, განმარტოებით ყოფნა და კითხვა. ზოგჯერ სამ-ოთხ წიგნს ერთად ვკითხულობდი. უფრო სათავგადასავლო ჟანრი, განძის ძიება, ახალი ქვეყნების თემა მომწონდა. მოგზაურობა... სულ მინდოდა, თავადვე აღმოვჩენილიყავი მსგავს საიტუაციაში.
- როგორ ფიქრობ, ვინ იქნებოდი წინა ცხოვრებაში? სად, რომელ ეპოქაში იცხოვრებდი?
- მაგაზე ბევრი მიფიქრია და დაახლოებით რამდენიმე ეპოქაგამოვლილი მაინც ვიქნებოდი. პირველი, აუცილებლად ვიქნებოდი სამურაი, იაპონელი. რატომ, არ ვიცი, მაგრამ აი, ასე მგონია. მეორე, დიდი ეჭვი მაქვს, მადამ დე პომპადურიც ვიყავი. ვერსალში როცა ამოვყავი თავი, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს იქ ყველაფერი ნაცნობი და ახლობელი იყო ჩემთვის. აუცილებლად ვიყავი რომელიმე დრუიდი, ჯადოქარი, მისანი...
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
- რა საერთოა შენსა და „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“-ს გმირს, იმ ელის შორის? როგორ ფიქრობ, გავხართ?
- საერთო ალბათ ის გვაქვს, რომ სანამ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" წავიკითხე, ზუსტად იმავე არსებებთან ვმეგობრობდი, ვმეგობრობდი რა, მყავდა. დიდი მატლი, პატარა კურდღელი, კატაც თავისთავად, ოღონდ შავ-თეთრი. უცნაური კითხვები და აზრები მაწუხებდა. „ალისა“ სხვებმა შემარქვეს. რომ გამიცნობდნენ, ცოტა ხანში ასკვნიდნენ, ნამდვილი ელისი ხარ საოცრებათა ქვეყნიდანო...
- მისტიკის თუ გჯერა? როგორ ახსნი უცნაურ დამთხვევებს, რომლებიც ცხოვრებაში ხდება?
- მისტიკის ძალიან მჯერა. მგონია, რომ სამყარო პირდაპირ ვერ გველაპარაკება, მაგრამ გველაპარაკება ნიშნებით და უნდა ვიცოდეთ ამ ნიშნების მოძიება და ახსნა. ბევრი მისტიკური რამ ხდება. ვცდილობ, დავინახო და ავხსნა. საინტერესოა ნამდვილად.
- რომელ წიგნში იმოგზაურებდი, რომ შეგეძლოს?
- ალბათ, ჰარი პოტერი, ტომ სოიერის და ჰეკის თანამგზავრი ვიქნებოდი, მისისიპის მდინარეზე; ასევე, რომელიმე ისტორიულ რომანში, დავით აღმაშენებელში, მაგალითად.
- რას ნიშნავს შენთვის წერა? რა ხდება შენს თავს, როდესაც წერ?
- წერა არის მისია, მიზანი. რა ხდება და სრულიად იმ სამყაროში ვარ, იმ განცდებში, რასაც იმ მომენტში ჩემი გმირი განიცდის.
- ინსპირაციისთვის რა გჭირდება?
- არ მიფიქრია, რას მოჰყავს მუზა. ხანდახან ერთ სიტყვას ან რამე წინადადებას, ხან კიდევ უბრალოდ სუნს ან ადგილს. უცნაურადაა ეს ყველაფერი. რომ მიფიქრია, აი, ესა თუ ის რომანი რატომ დავიწყე, როდის, - ვერ ვიხსენებ.
- ამჟამად რაზე მუშაობ?
- ამჟამად ორ რომანზე ვმუშაობ ერთდროულად. ერთი ხევსურეთის თემაა, საინტერესო გამოდის, ეგაა, სანამ თავად არ ვნახავ ხევსურეთს, არ დავასრულებ. მეორე კიდევ დომენიკა ლივიგრეის მეორე ნაწილია.
- საოცარი ფანტაზია გაქვს. როგორ მოიფიქრე ის უცნაური არსებები, მათი სახელები? ამ სახელებს რამე დატვირთვა აქვს შენთვის? რაც ვთქვათ, მარტო შენ იცი...
- უცებ მომდის თავში, თითქოს ვხედავ და ნერვები მეშლება, რომ კიდევ ვერ აღვწერ ისე, როგორც მე ვხედავ. სახელებიც ასე მომდის. ხანდახან ვუცვლი პირველ სახელს. მაგალითად, ერთი არსება მოვიგონე და ტიშტარი დავარქვი, იმიტომ, რომ ჭვიშტარს ვაკეთებდი. მერე გადავარქვი და აისარი დავარქვი, ცხენ-დრაკონია.
- რატომ დაწერე „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z”? რა იყო ამის წინაპირობა?
- ძალიან ცუდად ვიყავი. მახსოვს, საღამო იყო. უცებ ავიღე ძველი ბლოკნოტის ნაგლეჯი ფურცელი და დავიწყე წერა. არც ის ვიცოდი, რაზე ვწერდი, რა უნდა მომხდარიყო. ვინაა დომენიკა, რა უნდოდა, სად მიდიოდა. უბრალოდ, ვწერდი და ნელ-ნელა იკვეთებოდა ეს ყველაფერი. მანამდე მაქსიმუმ სამი-ხუთი გვერდი იყო, რაც მქონდა დაწერილი. მოთხრობებს უფრო ვწერდი. ჰოდა, ასეთი ემოციით და ასეთი სიდიდის თან, რასაც ჰქვია წიგნი, პირველად ვცადე. მგონი, გამოვიდა. ეს მკითხველმა უნდა განსაჯოს.
ელის დოჯსონი უსვამს კითხვებს თეას:
- რა ერქვა პირველ მოთხრობას, რომელიც დაწერე და რამდენი წლის იყავი?
- პირველი მოთხრობა ფანტასტიკა-მისტიკის ჟანრში დავწერე. „ღამურების სახლი“ დავარქვი, ოღონდ ვერ დავასრულე, რადგან ორიგინალური ფინალი მინდოდა და არც ერთი ვერსია არ მომწონდა. მაშინ დაახლოებით 14-15 წლის ვიყავი. სამი თუ ოთხი წლის შემდეგ მივუბრუნდი და როგორც იქნა, დავამთავრე. მანამდე პატარა ჩანახატებს ვწერდი ხოლმე, მაგრამ არავის ვაკითხებდი. პრინციპში, აღარც მე მახსოვს ისინი...
- ახლა რა წიგნზე მუშაობ?
- ახლა ძალიან საინტერესო რომანზე ვმუშაობ. ჟანრი - ფანტასტიკაა. რომანს „ტრიგერი“ ერქმევა. მინდა, ამჯერად მკითხველს შემქმნელი სამყაროს ჩემეული ვერსია დავანახო. ვფიქრობ, ძალიან, ძალიან საინტერესო გამოვა...
- გყავს შენი საყვარელი გმირი შენი წიგნებიდან ან გამოუცემელი ნაწერებიდან? რა ჰქვია? რატომ დაარქვი ეს სახელი?
- განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს „მეცხრე ფლიგელთან“ და ალბათ, ამ რომანს გამოვარჩევდი, რადგან ძალიან ახლოსაა ჩემს შინაგან სამყაროსთან. იქ არის ჩემი სიზმრები, ფობიები და შეიძლება გაუცნობიერებელი სურვილები და მისწრაფებებიც კი... საყვარელი გმირი, ალბათ, ლუა. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მეშინოდა სიბნელის. ამიტომ გამოვიგონე პერსონაჟი, გოგონა, სახელად ლუ, რომელიც პატარა, საყვარელ სახლში ცხოვრობდა, რომელშიც მუდამ მზე იყო. ლუმ არ იცოდა, რა იყო ჩრდილი და სიბნელე. როცა მეშინოდა, თვალებს ვხუჭავდი და ლუს ვსტუმრობდი სახლში, სადაც დაცული ვიყავი ყველანაირი საფრთხისაგან (იცინის). როდესაც პერსონაჟის სახელზე ვფიქრობდი, გონებაში ჩემი ლუ ამომიტივტივდა და ჩემი ბავშვობის შიშების ამბავიც შევიტანე ამ წიგნში.
- იმოგზაურებდი დროში?
- დიდი სიამოვნებით. ძალიან მიყვარს სიძველეები. ვფიქრობ, რომ არქაული სული მაქვს... პირველ რიგში, ალბათ, წარსულში დავბრუნდებოდი და ვნახავდი, როგორ შეიქმნა სამყარო და რა ხდებოდა ადამიანის გაჩენამდე...
- როდის წერ ხოლმე, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში? რამე განსაკუთრებული გარემო უნდა იყოს ამ დროს? თუ კი, როგორი?
- გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობ, ვწერ იმ დროს, როცა ასე თუ ისე, თავისუფალი ვარ. ეს ძირითადად ღამის საათებში ხდება. იდეალური გარემო, სადაც სიამოვნებით დავწერდი - რაიმე მიტოვებული შენობაა, სადაც სიწყნარე იქნება და მარტო ვიქნები საკუთარ ფიქრებთან...
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
- მისტიკაზე მეც გკითხავ, აქცევ ნიშნებს ყურადღებას?
- კი და სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება უცნაური „დამთხვევები“. მათ მე ნიშნებს ვეძახი... დიდი ხანი არ არის, რაც პირველად გავიკეთე ტატუ. უბრალოდ ლამაზი ფიგურა არ მინდოდა. მისტიკური დატვირთვის სიმბოლოს ვეძებდი... ახლა უკვე მაქვს მაგიური რუნა, რომელიც არქაული პერიოდისაა და დამეხმარება სწორი გზის პოვნაში. ამის მჯერა...
- რომელი წიგნის ლიტერატურული გმირი ხარ? თუ ერთი არ გყოფნის, იყოს ორი, სამი...
- შერლოკ ჰოლმსი ვარ, ალბათ (იცინის). ვინ იცის, იქნებ რომელიმე წინა ცხოვრებაში ვიცნობდი კიდეც არტურ კონან დოილს, ან მისი მუზა ვიყავი...
- მთა თუ ზღვა? რომელი გიყვარს?
- ორივეს თავისი ადგილი აქვს. განწყობის მიხედვით... როცა განმარტოება და სიმშვიდე მინდა, მთა და ტყე იდეალური ადგილია. ზღვაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ ვიცი... უბრალოდ, სანაპირო მიყვარს და ტალღების ხმაურის მოსმენა.
- ოდესმე თუ ყოფილხარ ჩიხში, ანუ დაგიწერია, მისულხარ, აგიბურდავს, კვანძი შეგიკრავს და ვერ ხსნიდი... და როგორ მოახერხე მერე გახსნა?
- ეს დამემართა „მეცხრე ფლიგელზე“. ძალიან, ძალიან ჩავხლართე სიუჟეტი და მეგონა, ჩიხში შევედი. ღამეებს ვათენებდი, რომ გამოსავალი მეპოვა და ვიპოვე კიდეც. რაღაცნაირად მჯეროდა საკუთარი თავის...
- პირველად ვის აკითხებ ნაწერს?
- ერთ-ორ ძალიან უახლოეს ადამიანს... ვისაც არ მოერიდება, პირდაპირ მითხრას შენიშვნები.
- ბოლოს რა წიგნი წაიკითხე ისეთი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა შენზე და ემოციის გარეშე ვერ იხსენებ?
- გაგეცინება, მაგრამ ბოლოს შენი „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z” წავიკითხე (იცინის). შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ახლაც. სიმართლე გითხრა, ბოლოში ცრემლებიც კი წამომივიდა. არაჩვეულებრივ სამყაროში ვიმოგზაურე და ამისთვის მადლობა შენ! საოცარი წიგნი დაწერე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მოეწონება, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში...
ფოტოების ავტორი გიორგი ჟამერაშვილი