პირველი ლაივის ლიდერი, ხმების რაოდენობის მიხედვით, ნანიკოს კატეგორიის მომღერალი მარიამ შენგელია იყო. მარიამი "X ფაქტორის" წინა სეზონზე გაიცნო მაყურებელმა. ის გიორგი გაბუნიას კატეგორიის კონკურსანტი იყო.
- რამდენი ხანია, რაც მღერი?
- ბავშვობიდან. რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი...
- შეგიძლია გაიხსენო პირველი წარმატება?
-პირველი წარმატება იყო ალბათ 2017 წელს, "X ფაქტორის" წინა სეზონზე. ათეულამდე გავედი, გიორგი გაბუნიას კატეგორიაში ვიყავი.
-რა შეიცვალა X ფაქტორის შემდეგ შენს ცხოვრებაში?
-პოპულარული გავხდი და ვგრძნობ ხალხის სიყვარულს. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან დატვირთული ვარ... მხოლოდ ეს შეიცვალა, დანარჩენი ყველაფერი იგივეა.
- ელოდი ლიდერობას წინა ლაივზე?
- არა, ხმების რაოდენობით თუ ლიდერი გავხდებოდი, ნამდვილად არ ველოდი, თუმცა ხალხისგან იმხელა ყურადღებას და თანადგომას ვგრძნობდი, აუტსაიდერებში მოხვედრასაც არ ველოდი.
- პროექტის განმავლობაში, რა იყო შენთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა?
- ყველაზე დიდი მოულოდნელობაც ის იყო, ლიდერი რომ გავხდი. ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ ვინმე სხვა გახდებოდა ლიდერი.
- ჟიურის შეფასებაზე რას იტყვი?
- ორ სკამზე ისე ვერ ვიმღერე, როგორც უნდა მემღერა. შესაბამისად, კრიტიკა დავიმსახურე. მიუხედავად კარგი თუ ცუდი შეფასებებისა, ჟიური ყოველთვის ობიექტურია ჩემ მიმართ, მართლა.
- რომელი კონკურსანტი მიგაჩნია ყველაზე ძლიერ კონკურენტად? გიფიქრია ოდესმე, მენტორი რომ იყო, როგორ დააკომპლექტებდი შენს ჯგუფს?
- ყველანი ისე დავმეგობრდით, კონკურენტად მართლა ვერავის ვეღარ აღვიქვამ. რა თქმა უნდა, მიფიქრია, ალბათ, განსხვავებული კატეგორიებიდან ავირჩევდი კონკურსანტებს, თუმცა კონკრეტულად რომლებს, ამის თქმა არ შემიძლია. იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, მესამე ლაივზე ვინ შეიძლება გამოეთიშოს პროექტს, ყველანი საოცრად კარგები არიან.
- რა მოლოდინი გაქვს ამ პროექტიდან?
- იმედი მაქვს, რომ ამ პროექტიდან მივიღებ დიდ გამოცდილებას. მინდა სამომავლოდ გავაკეთო ჩემი ალბომი. ვნახოთ, ჯერჯერობით ყველაფერი წინ მაქვს. ამ ეტაპზე ყველაფერი შესანიშნავადაა.
მერიემ კაკაურიძე