"X ფაქტორის" ლაივ-შოუები გუშინ დაიწყო. პირველი აუტსაიდერები ია ტომაში და ჯგუფი Funky house გახდნენ. ჟიურის ძალიან გაუჭირდა არჩევანის გაკეთება ორ უძლიერეს კონკურსანტს შორის. საბოლოო გადაწყვეტილება მეხუთე მენტორმა ანრი ჯოხაძემ გააჟღერა.
საბოლოოდ, პროექტს Funky house გამოეთიშა, ია ტომაშს კი კიდევ ერთი შანსი მიეცა იმის დასამტკიცებლად, რომ ის იმსახურებს, კიდევ დიდხანს იდგეს "X ფაქტორის" სცენაზე, ან თუნდაც გახდეს პროექტის გამარჯვებული.
ია ტომაშის აუტსაიდერებში მოხვედრა ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან მას ყოველთვის შემდგარ, სრულყოფილ მომღერლად ახასიათებდნენ.
- ია, გვითხარი, როგორ ფიქრობ, რატომ აღმოჩნდი აუტსაიდერებს შორის? შენ ხომ იგივე სიმღერა The voice-ში იმღერე, ანუ შენი შესრულებით ეს კომპოზიცია მაყურებლისთვის უკვე ნაცნობი იყო. იქნებ ამან გამოიწვია ნაკლები ხმების რაოდენობა? სხვა კონკურსანტებსაც ხომ არ შეაფასებ?
- არც ერთ კონკურსანტს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, არ მაქვს უფლება. ყველა ძალიან ძლიერია, მაგრამ კომენტარებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, ხალხი ფიქრობს, რომ რადგან ვცდილობ, გამოსვლები მქონდეს კარგი და სრულყოფილი, ესე იგი, მე ვარ შემდგარი და სჯობს სხვას დავუთმო პროექტი. უსამართლობაა, ამდენ შრომას ვდებ ამ ყველაფერში და ზუსტად ამის გამო მკრავენ ხელს... მე პროფესიონალიზმამდე და შემდგარ მომღერლამდე ძალიან ბევრი მიკლია.
- როგორ ფიქრობ, ამ ტიპის კონკურსის სისტემა, რომელშიც უმრავლესობაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება, ხელს ხომ არ უშლის ნიჭიერი ადამიანების განვითარებასა და წინსვლას?
- არა, ხელს კონკურსი ნამდვილად არ უშლის, პირიქით, იმ ბავშვებს, რომლებიც გამოუცდელები არიან, ძალიან ბევრ სტიმულს აძლევს და გამოცდილებას.
- რაიმე სტრატეგია ხომ არ შეგიმუშავებია, მომდევნო ლაივზე რომ მოვლენები იმავენაირად არ წარიმართოს?
- ვერანაირად ვერ გავხდები ძალით შესაცოდი. ისევ ჩემს ცხოვრებას გავაგრძელებ და ისეთივე შრომას, უფრო მეტს თუ არა. მე ამ პროექტში კარგი ნომრებისთვის მოვედი და დიდ სცენაზე სიმღერა ჩემი ოცნებაა. ვთხოვ ხალხს, რომ გაითვალისწინონ ჩემი სურვილიც.
მერიემ კაკაურიძე
იხილეთ: "ისეთი მენტორია, მასთან მუშაობას რომ ინატრებ..." - როგორ ემზადება ლაივისთვის თამუნა გიორგაძე?