თამუნა გიორგაძე "X ფაქტორში" გოგონების კატეგორიაში მღეროდა, სანამ "ორი სკამის" ტურში მისი ადგილი თამთა ხუხუნაიშვილმა არ დაიკავა.
თამუნას ყოფილმა მენტორმა თამთა გოდუაძემ გამოთქვა იმედი, რომ მეხუთე მენტორი აიყვანდა თავის კატეგორიაში უნიჭიერეს კონკურსანტს და ასეც მოხდა. თამუნამ ანრის გუნდში გადაინაცვლა და დიდი შემართებით ემზადება პირველი ლაივისთვის.
- პირველ რიგში, მაინტერესებს, რამდენი ხანია მღერი?
- დაახლოებით 9 წლის ასაკში გავედი ბორჯომის ფესტივალზე. ზუსტად არ მახსოვს, პირველი თუ მეორე ადგილი ჩამოვიტანე, მაგრამ ძალიან დადებითი ენერგიით დატვირთული ჩამოვედი. ძალიან ბევრ ფესტივალზე ვყოფილვარ, უამრავი დიპლომი და სერთიფიკატი მაქვს. ზუსტად არ მახსოვს, პირველი რომელი იყო, თუმცა ეს მოგონება ამომიტივტივდა ახლა... 13-14 წლამდე აქტიურად ვმღეროდი. მერე, როცა სკოლა დავამთავრე, რატომღაც მუსიკალური თვალსაზრისით არ მივიღე გადაწყვეტილება და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ მუსიკა ყოველთვის იყო და იქნება ჩემში. ამიტომაც გადავწყვიტე, მოვსულიყავი "X ფაქტორში".
- სიმღერას ვინ გასწავლიდათ?
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დედა... ძალიან აქტიურად იყო ჩემს მეცადინეობებში ჩართული, თავადაც მღეროდა, უკრავდა. მუსიკალური ოჯახი მყავს - მამა, დედა, ბებია, ყველანი მღეროდნენ (იღიმის)... მასწავლებელი, რომელთანაც ბავშვობიდან ვმუშაობდი, მაია ბალანჩივაძეა. ჩემი მასწავლებელი იყო მაია ბალანჩივაძე, მასთან ბავშვობიდან ვმუშაობდი.
- მოგვიყევი, როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე შენთვის... როგორ იწყება შენი დილა, ვისთან ერთად საუზმობ, სადილობ, რას საქმიანობ და თავისუფალ დროს ვისთან ერთად, როგორ ატარებ?
- ახლა, "X ფაქტორის" პერიოდში ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. ჩემს ბიძაშვილებთან ვრჩები თბილისში მთელი ეს დრო. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ძალიან მეხმარებიან ყველაფერში და მგულშემატკივრობენ. დილით ვიღვიძებ ადრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მჭირდება დასვენებული გონება და ენერგია. თუ მაქვს დრო, გავდივარ გარეთ, ვვარჯიშობ... მერე იწყება მეცადინეობა, რეპეტიციები, გადაღებები...
- რა არის შენი მთავარი მოტივაცია?
- სიყვარული ადამიანებისა და საქმისადმი. მინდა, ჩემი სიმღერით ჩვეულებრივი დღე გავუხალისო და გავულამაზო ვინმეს... მინდა, განიტვირთონ და დაისვენონ, სასიამოვნო ემოციები აღვძრა ხალხში.
- მოგვიყევი "Lady taxi"-ს შესახებ, როგორ მოგივიდათ ეს იდეა, როდიდან დაიწყებს ფუნქციონირებას თქვენი ტაქსი?
- თებერვლის ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, მეგობრები შევიკრიბეთ და ერთ-ერთი მეგობრის მანქანაზე ვლაპარაკობდით, რომლის გაყიდვასაც აპირებდა ჩემი დაქალი. ძალიან გვიყვარდა ეს მანქანა. გვინდოდა, რამე მოგვეფიქრებინა ისეთი, რომ მანქანის გაყიდვის საჭიროება აღარ ყოფილიყო. ასე ვთქვათ, გვინდოდა, დაგვესაქმებინა მანქანა (იცინის)... იუმორით წამოვჭერით ტაქსის თემა, ვხუმრობდით. მერე ხუმრობით გავიდა ქალაქში, ასე ხუმრობა-ხუმრობით გავაკეთეთ სატესტო გვერდი "Lady taxi". იმხელა გამოხმაურება მოჰყვა და ისე აიტაცა ხალხმა ეს იდეა, უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. ერთმანეთს გვერდში დავუდექით ყველა და გავაკეთეთ "Lady taxi".
გოგონები მოდიან და მიდიან, ცოტა უჭირთ სიახლეებთან შეგუება. ამ ეტაპზე ერთი ბრენდირებული მანქანა გვყავს. აპლიკაცია ჯერ არ გვაქვს ჩართული, დროებით ტაქსის გამოძახება "ფეისბუქითაა" შესაძლებელი.
- აქტიურად მუშაობს ქალბატონების ტაქსი?
- კი, კი! დაახლოებით 2-3 თვეა არსებობს და უკვე ყველა იცნობს ჩვენს "Lady taxi"-ს, ქუთაისში ძალიან პოპულარულია.
- შენი აზრით, ჟიურის წევრებს შორის რომელია ყველაზე კრიტიკული, მკაცრი და რომელი პირიქით - ყველაზე ლოიალური?
-ასე ვერ ვიტყვი, ყველანი ძალიან საყვარლები არიან და ძალიან ობიექტურად აფასებენ.
ანრის დანახვა ძალიან გამიხარდა, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. აგვირჩია თუ არა, იმ წუთიდან ძალიან გვეხმარება, აქტიურადაა ჩართული ჩვენს მეცადინეობაში. ისეთი მენტორია, მასთან მუშაობას რომ ინატრებ.
- შეგიძლია დაასახელო შენთვის ყველაზე უცხო და რთული ჟანრი?
- რეპი არასდროს მიმღერია, მაგრამ ვფიქრობ, თუ მოვინდომებ, ამასაც შევძლებ.
- ყველაზე ძლიერ კონკურენტად რომელი კონკურსანტი მიგაჩნია?
-არ მიყვარს ეს კითხვა (იცინის)... ყველანი ძალიან კარგები და ინდივიდუალურები არიან, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
- მაშინ ასე გკითხავ, რომელია შენი ფავორიტი?
- ჩემი ფავორიტი გორის კაპელაა... არის და იქნება ყოველთვის, ნამდვილი საოცრებები არიან...
- "X ფაქტორმა" დიდი პოპულარობა მოგიტანა, ხალხმა გაგიცნო და შეგიყვარა. ალბათ, ქუჩაშიც გაჩერებენ. როგორი გრძნობაა ეს?
- ქუთაისში ერთი თვეა არ ჩავსულვარ. პირველი გამოსვლის შემდეგ რომ ჩავედი, სადაც მივდიოდი, ყველგან მცნობდნენ და ძალიან თბილად მხვდებოდნენ. თბილისშიც მცნობენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხალხმრავალ ადგილებში... ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ არავისგან მიგრძვნია უარყოფითი დამოკიდებულება, ყველა დადებითადაა განწყობილი ჯერჯერობით...
- რას გეგმავ გამარჯვების შემთხვევაში?
- არ მიყვარს იმედგაცრუება, ამიტომ წინასწარ არაფერს ვგეგმავ... არ ვიცი, ჯერ ვნახოთ, რა იქნება.
- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი...
- ვაპირებ, მუსიკალურად აქტიური ცხოვრება დავიწყო დიდი "პაუზის" შემდეგ... მინდა შევქმნა საკუთარი სიმღერები, არ მინდა ქავერებზე მუშაობა და ამ მიზნის მისაღწევად დიდი გზის გავლა მომიწევს...
უყურეთ პირველ ლაივს ორშაბათს, 22:00 სთ-ზე, "იმედის" ეთერში და უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტს.
მერიემ კაკაურიძე
იხილეთ: როგორი გოგონები მოსწონს იოსებ ბაჯო ტლაშაძეს - "...სტეფანეს შეუძლია მარტო იჯდეს ჟიურის მაგიდასთან..."