ქართველი ავტორის, თეა ინასარიძის ახალი დეტექტიური ჟანრის რომანის - "მეცხრე ფლიგელის" პრეზენტაცია ექსპრო ჯორჯიას (თბილისი, წერეთლის 118) მე-11 პავილიონში გუშინ, 2 ივნისს გაიმართა.
მოდერატორი გახლდათ ქართველი მწერალი, სამი წიგნის ავტორი - ტორესა მოსი. Toresa mossy-მ ლიტერატურული პრემია საბა, 2014 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის მიიღო. მისი სადები-უტო რომანის სახელწოდებაა "სიბრძნე სიცრუისა" (გამომცემლობა "პა-ლიტრა L").
ტორესა მოსი:
- "ძალიან, ძალიან საინტერესო წიგნია. თანამედროვე ქართულ დეტექტივებში, ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა და არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურაში. ავტორს აქვს ძალიან საინტერესო, განსხვავებული წერის სტილი, თხრობის მანერა, გადაწყვეტა, კვანძის გახსნა... მოკლედ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ სტივენ კინგი და მსგავსი ტიპის ავტორები, ეს წიგნი იქნება უდიდესი აღმოჩენა..."
თეა ინასარიძე მკითხველმა სამწერლო ასპარეზზე გამოჩენისთანავე შეიყვარა, მისი მარტივი ენით მონათხრობი საინტერესო და ამავდროულად ღრმა ისტორიების დამსახურებით და ის 2017 წლის ერთ-ერთი ბესტსელერის ავტორიც გახდა. თეას პირველი წიგნი "გათხოვილის დღიურია". ახალი ნაწარმოები კი პირველისგან ჟანრობრივად განსხვავებულია, თუმცა როგორც თავად ამბობს, სწორედ დეტექტივი, თრილერი და მისტიკაა მისი ჟანრი.
თეა ინასარიძე:
-„მეცხრე ფლიგელს“ ჩემს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის ძალიან ახლოა ჩემს სამყაროსთან. დეტექტივი საკმაოდ რთული ჟანრია და ამ რომანზე მუშაობა ნამდვილად არ იყო ადვილი. ბევრი ღამე გამითენებია, იყო მომენტები, როდესაც მეგონა, რომ ჩიხში შევედი, „გავიჭედე“ და კვანძს ვეღარ გავხსნიდი, მაგრამ საბედნიეროდ ლაბირინთიდან მშვიდობით გამოვძვერი. (იცინის). მოქმედება ხდება საქართველოში და იტალიაში. იტალია ჩემი ოცნების ქვეყანაა. ვფიქრობ, ვისაც უყვარს „ექშენი“, უყვარს ეს ჟანრები, „მეცხრე ფლიგელი“ მოეწონება. მინდა მადლობა ვუთხრა გამომცემლობა „პალიტრა L”-ს და ტორესა მოსის, რომელმაც წარადგინა ჩემი წიგნი. მადლობა იმ საოცარი შეფასებისთვის. ტორესა უნიჭერესი, საინტერესო და ყველასგან გამორჩეული მწერალია, რომლის შემოქმედებასაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ...“
"მეცხრე ფლიგელი" შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში და იმოგზაუროთ მწერლის თავბრუდამხვევი თავგადასავლებით მოცულ სამყაროში.
ანოტაცია: "ლუ ფოტოგრაფია. ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.
საიდუმლოს გაგების სურვილი მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს..."
მერიემ კაკაურიძე
იხილეთ: საიდუმლოს ძიებაში: სად ვიპოვოთ "მეცხრე ფლიგელი" (+თიზერი)