"X ფაქტორის" ჟიურის წევრებს შორის, ბავშვების კატეგორიის მენტორობა ტელეწამყვანს, ნანიკო ხაზარაძეს ხვდა წილად. მას ძალიან გაუჭირდა "ოთხი სკამის" ტურში ექვსი კონკურსანტის გაშვება. ნანიკო რუბრიკის - Alter Ego-ს სტუმარია.
- დასაწყისისთვის გვითხარით, ხომ არ შეგიძლიათ გამოარჩიოთ, რომელი კონკურსანტის ჩანაცვლება იყო "ოთხი სკამის" ტურში ყველაზე რთული თქვენთვის?
- ვერავისზე ვერ ვიტყვი, მეტ-ნაკლებად ერთნაირად რთული იყო ყველა კონკურსანტის ჩანაცვლება. ძალიან გამიჭირდა ექვსივე ადამიანის გაშვება.
- სანამ გაიგებდით, რომელი კატეგორია შეგხვდებოდათ, რომელი უფრო გინდოდათ?
- ბავშვების გარდა, ნებისმიერი კატეგორია მინდოდა...
- რატომ?
- ოღონდ მართლა, იმიტომ, რომ ძალიან რთულია ბავშვებთან ურთიერთობა და კიდევ უფრო რთულია მათთვის თქმა, "შენ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ ახლა უნდა წახვიდე სახლში"...
- თქვენი, სტეფანესა და დათოს კამათზე ხომ არ გააკეთებთ კომენტარს?
- უი, არაჩვეულებრივი კამათი იყო, დღის ბოლოს გადაღლილების...
- კვლავ ფიქრობთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო დათომ?
- გადაწყვეტილებაზე საერთოდ არ იყო საუბარი... სცენაზე იდგა ბენდი, რვაკაციანი შემადგენლობით, თუ არ ვცდები. ესენი ამბობდნენ, რა საჭიროა ამდენი კაციო, მე კი ვამბობდი, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? მათ აქვთ სურვილი, იყვნენ რვანი და რატომ არ უნდა იყვნენ-მეთქი? ეს იყო მთელი კამათის მიზეზი... (იცინის).
- ახლა "ალტერ ეგოს" კითხვებზე გადავალ. გაქვთ რაიმე ფობია?
- რა ვიცი, ალბათ, ყველა ადამიანს აქვს ფობია, მათ შორის, მეც... ერთადერთი ფობია მქონდა მძაფრად - ობობების. მერე ვიმკურნალე.
- მავნე ჩვევა, რომელსაც ვერაფრით გადაეჩვიეთ...
- საღეჭი რეზინის რამეზე დაკვრა.
- შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ ალტერნატიულ სამყაროში იმოგზაურებდით?
- (ფიქრობს) არ ვიცი... ალბათ, ღია კოსმოსში.
- ძილის წინ რაზე ოცნებობთ ან ფიქრობთ?
- არ ვოცნებობ, მაგრამ განვლილ დღეს ვიხსენებ და თანმიმდევრულად ვალაგებ ხოლმე გონებაში.
- დაასახელეთ სამი ნივთი, რომლებსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდით...
- ჰიგიენის ნივთებს, ალბათ, კბილის ჯაგრისს და... არ ვიცი, მეტი არაფერი მახსენდება...
- შეგიძლიათ მოგვიყვეთ სიზმარი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
- ბავშვობაში მესიზმრა, ვითომ კიბე იყო მთვარეზე მიდგმული და საფეხურებზე ავდიოდი.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ან ფილმის გმირთან ერთად ივახშმებდით?
- რთული კითხვაა, არასდროს მიფიქრია ასეთ რამეზე... არ ვიცი! (იცინის).
- რომელია თქვენი ბავშვობის საყვარელი თამაში?
- ექიმობანა!
- რა განსხვავებული წარმოდგენები გქონდათ ბავშვობაში?
- მეგონა, რომ ოცი წლის ადამიანი უკვე ხანშიშესული იყო.
- ზებუნებრივი ძალის არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით და რატომ?
- რაღაც ისეთ ენერგიას, რომელიც ყველას დაეხმარებოდა...
- სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ როგორი წარმოგიდგენიათ?
- იცით, ძალიან ხშირად მეცვლება ამაზე აზრი. ამიტომ კონკრეტული არაფერი შემიძლია ვთქვა...
- წინა ცხოვრების გჯერათ?
- კი, მჯერა...
- ცხოვრების გამორჩეული მოგონება შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- ბევრია ასეთი, რთული გამოსარჩევია, თუმცა, მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა მახსენდება, ის მომენტია, როცა ჩემი შვილი გაჩნდა.
- წარმოიდგინეთ, თქვენ წინაშე ორი გზაა: ერთი საეჭვოდ განათებული და მეორე ბნელი. საით წახვიდოდით?
- განათებულში, რომ არ დავეცე და არ დავილეწო (იცინის).
- როგორ ფიქრობთ, რისთვის მოევლინეთ სამყაროს, გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მისია?
- ძალიან მინდა, ოდესმე ამ კითხვაზე პასუხი გავცე, მაგრამ ამ ეტაპზე აზრზე არ ვარ! არ ვიცი...
P.S. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 22:00 სთ-ზე, „იმედის“ ეთერში "ორი სკამის" ტურია.
მერიემ კაკაურიძე
ვინ არის სინამდვილეში "ზურაშა" და რაზეა რომანი, რომელსაც მალე გამოაქვეყნებს