"X ფაქტორში" გამოჩენისთანავე გულშემატკივართა არმია გაუჩნდა გიორგი ლობჟანიძეს, თუმცა გიორგის ყველაზე ერთგული გულშემატკივარი მისი ორსული ცოლია.
ის გიორგის ყოველთვის აღელვებული ელოდება გულშემატკივართა ოთახში და ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ხვდება ქმრის წარმატებას. გიორგიმ გვიამბო მათი სიყვარულის ისტორია, გაგვიმხილა ბავშვის სქესიც და გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე. როგორც აღმოჩნდა, მას ჟიურის ყველაზე მკაცრ წევრად სტეფანე მიაჩნია, ყველაზე ლოიალურად კი - ნანიკო.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში "X ფაქტორის" შემდეგ?
- ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, მოიმატა ადამიანების კეთილგანწყობამ, რაც ძალიან მახარებს.
- მაყურებელს მალევე შეაყვარეთ თავი. გულშემატკივრებს შორის ბევრი გოგონაც იქნება, თქვენი მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?
- მე კარგი და ჭკვიანი გოგო მყავს, ეჭვიანი არაა საერთოდ (იცინის).
- სანამ გაიგებდით, ბიჭების კატეგორიის მენტორი ვინ იქნებოდა, რომელი გერჩიათ, რომ შეგხვედროდათ?
- სიმართლე გითხრათ, არ ჰქონია დიდი მნიშვნელობა, ყველა მათგანი თანაბრად მისაღები იყო ჩემთვის…
- ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ?
- ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: იმდენი გამორჩეული მონაწილეა, რომ მათ მეგობრებად უფრო აღვიქვამ, ვიდრე კონკურენტებად. ამდენი კარგი მუსიკოსის შემყურეს საერთოდ დამავიწყდა, რომ "X ფაქტორი" კონკურსია.
- ჟიურიზე რას იტყვით, რომელი მიგაჩნიათ ყველაზე კრიტიკულად და მკაცრად? და რომელი პირიქით - ყველაზე ლოიალურად?
- ალბათ, მკაცრს სტეფანეს და ლოიალურს ნანიკოს ვუწოდებ.
- თქვენი ორსული მეუღლე ძალიან ბევრს ნერვიულობს თქვენი გამოსვლის დროს… რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ჩემი მეუღლე სამი წლის წინ გავიცანი. მეგობრები Cross Riders ბარს ხსნიდნენ და ქეთოც იქ იყო მტვერში ამოგანგლული (იცინის). თვალში მაშინვე მომხვდა და ცოტა ხანში ერთადაც აღმოვჩნდით. შემდეგ უფრო დავსერიოზულდით და ახლა ერთი სული გვაქვს, როდის მოვა აგვისტოს ბოლო, რომ ჩავეხუტოთ ჩვენს კურკას.
- პირველად როდის გამოუტყდით ერთმანეთს სიყვარულში?
- რამდენიმე თვეში, მე ვუმღერე და ქეთომ - მიყვარხარო.
- ხელი როგორ სთხოვეთ?
- ჩვეულებრივად, როგორც ქართულ ოჯახებში ხდება.
- ბავშვის სქესი უკვე იცით, ალბათ... სახელი შერჩეული გაქვთ?
- ბიჭია. სახელზე ჯერ არ შევთანხმებულვართ…
- სავარაუდო ვერსიები არ გაქვთ?
- კი, ყველაზე მეტად დაჩის ვფიქრობთ ჯერჯერობით.
- როგორი ორსულია? განსაკუთრებული სურვილები უჩნდება ხოლმე?
- კი, უნდება პეკინზე გასეირნება, ხიდან მოწყვეტილი ქლიავი, ბოსტნის მოთოხნა და ა.შ.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი წარმატება?
- მიმაჩნია, რომ ჩემი დაბადება იყო ჩემი პირველი წარმატება. ამიტომ ვერ გავიხსენებ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ წარმატება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და ყოველ ახალ დღეს წარმატება მოაქვს. მინდა, რომ ადამიანებმა ეს კარგად გავიაზროთ და ყველამ ჩამოვიყალიბოთ წარმატებული ცხოვრება.
- მაშინ, ზოგადად, სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით...
- სოლო-ალბომის ჩაწერას ვგეგმავ. ახლა ვწერ ჩემი ბენდის, Expecto Pateonum-ის პირველ ალბომს. მინდა, რომ ვიზრუნო მუსიკაზე და ჩვენს ამ კუთხით განვითარებაში წვლილი შევიტანო. მე და ჩემი მუსიკა აუცილებლად ვიმოგზაურებთ ჩვენი საყვარელი პლანეტის გარშემო.
უყურეთ "ორი სკამის" ტურს ორშაბათს, "იმედის" ეთერში, 22:00 სთ-ზე.
მერიემ კაკაურიძე