თავშესაფარი. ძარცვა (თავი 13)
თავშესაფარი. ძარცვა (თავი 13)
გიორგი მანქანას სადარბაზოსთან მიჩერებს. ჯერ თვითონ გადადის, იქაურობას ზვერავს, სიტუაციის რისკებს ითვალისწინებს და მერე ისევ თავის სავარძელს უბრუნდება.
- საკმარისია, გიორგი! მგონი უკვე შემიძლია, რომ გადავიდე და საკუთარ სახლში ავიდე, არა?
- მისი დატერორებული მოქმედებებით ვღონდები და მანქანის კარებს ვაღებ.
- მაქსიმუმ ათი წუთი დაგელოდები, გესმის? მედალიონს აიღებ და ჩამოხვალ! ვინც
არ უნდა დაინახო, მხოლოდ გამარჯობას ეუბნები და მანქანაში ჯდები! არავითარი გამოსაცვლელი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები! ყველაფერს გზად შევიძენთ! მედალიონი და ათ წუთში ჩამოსვლა! -
ისე მიღეჭავს და მიქუცმაცებს სიტყვებს, რომ მგონია, სრულიად უცოდინარი, უტვინო, სულელი არსება ვარ, რომელმაც პირველად დადგა ფეხი დედამიწაზე.
- გასაგებია, გიორგი! ჩემი სახლი რეციდივისტებით არ არის სავსე! ის უბრალოდ ჩემი სახლია, შეიგნე ეს! - ვუმტკიცებ და მანქანიდან გადავდივარ.

როგორც კი სადარბაზოში შევდივარ, კიბეებზე ავრბივარ, რადგან ნამდვილად არ მაწყობს, დაფეთებული გიორგი ათ წუთში არჩამოსვლის გამო სახლში შემომივარდეს. სულაც არ ვაპირებ, რომ მხოლოდ მედალიონი ჩავიჯიბო და უკან ჩამოვირბინო. გიორგის წინასწარმეტყველება რომ გამართლდეს და ჩემს ბინაში ვინმე შეიჭრას, ისეთი გაღლეტილიც არ ვარ, გული რამეზე რომ არ დამწყდეს.

ტახტიდან საშუალო ზომის ზურგჩანთას ვიღებ და მასში ჯერ რამდენიმე ხელ ტანსაცმელს და ჰიგიენურ ნივთებს ვაწყობ, მერე მობილურის დამტენს, ბოლოს კი საყვარელ საყურეებს და ბავშვობის ალბომს, რომელიც მახსენებს იმას, რომ ერთ დროს მეც ვიყავი უდარდელი. კარადაში შემორჩენილ საყვარელ შოკოლადის ფილას ვუმატებ შეგროვებულ ''საგზალს'' და თვითკმაყოფილი იერით გავდივარ სამზარეულოში, სადაც კონტეინერი მეგულება, კონტეინერში კი - მედალიონი.
ენა პირში მივარდება, როცა მედალიონს იმ ადგილას ვერ ვპოულობ, სადაც დავმალე. მოულოდნელობისგან ყვირილი მხდება, მერე კი ყველა უჯრას მორიგეობით ვსინჯავ, რამე ხომ არ მეშლება-მეთქი.

- მოიპარეს! ქურდები! ოჰ, ჯორჯ! მოღალატევ, არამზადავ! - სიბრაზისგან ზრიალებენ ჩემი ყბები.
შური იძია! მიმიხვდა, თუ როგორ გავასულელე და იგივე გამიკეთა მეც. გულისრევის შეგრძნება მუცლიდან გულამდე ამოდის, გულიდან კი - ყელამდე. უკვე აღარ ვიცი, რა ვუთხრა გიორგის და იმაზე ფიქრი ხომ საერთოდ არ შემიძლია, რა რეაქცია ექნება მას ამ ყველაფრის გაგების შემდეგ. ჩემი ჩერჩეტობის ბრალია ის, რაც მოხდა. თავიდანვე რომ მეთქვა სიმართლე, ამდენი ეჭვი რომ არ შემეტანა მედალიონის ჩემს სახლში აღმოჩენის ამბავში, გიორგის თავის დროზე ეცოდინებოდა ეს ყოველივე და დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი.

- რა ხდება, სად ხარ ამდენ ხანს? - მესმის შემოსასვლელიდან გიორგის ხმა და ყველაფერი ნათელი ხდება...
კარები ღია იყო. ეს კი მე საერთოდ ვერ შევნიშნე. მათ შეეძლოთ ასე სულაც არ მოქცეულიყვნენ, კარი დაეკეტათ ისე, ვითომც არაფერი მომხდარა და დანაშაულიც სუფთა ყოფილიყო, მაგრამ...
ყურებში ჯორჯის ხმა მიშხუის:
''- ასე ხომ? სულელო!''

ჩემი სახლიდან პირდაპირ სასტუმროში მივცვივდით. გიორგი მანქანის კარებს უკვე შიგნით მყოფი კეტავს და დაცვის შეძახილს, რომ აქ დაყენება არ შეიძლება, ყურადღებას არ აქცევს.
- ჯორჯ კრიგერი! აქ არის? - ადმინისტრატორთან მდგარ ბატონს გვერდით ვწევ და შეცბუნებულ ადმინისტრატორს სიტყვის თქმას არ ვაცლი.
- ეს რა წესია? საიდან მოხვედით? ზრდილობა და კულტურა იქონიე, გოგონი! - ცხვირს ამაყად წევს ზემოთ ბატონი და ცხენივით ფრუტუნებს.
- თქვენ გაჩუმდით თუ შეიძლება, რა! - უხეშად ეპასუხება გიორგი და მამაკაცსა და ჩემ შორის დგება.
- ბატონი კრიგერი სასტუმროში აღარ იმყოფება! - უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გოგონა საჭირო ინფორმაციას კომპიუტერში პოულობს. - ზუსტად ერთი საათის წინ...

- არამზადა! - ჰოლში ბოლთის ცემას იწყებს ნერვებდაწყვეტილი გიორგი. - ვიცოდი, რომ გაიპარებოდა... თაგვივით! სხვას რას ველოდი... ახლაც ისევე ენდობით, ქალბატონო ელენიკა?

- გიორგი, გთხოვ!... - სასოწარკვეთილი ვუყრი მოხრილ მხარში ხელს და გასასვლელისკენ ვექაჩები. - წამო, რა! აქ აღარაფერი დაგვრჩენია!
- არა, ვერ გავიგე, ამ სამყაროში ყველა გომბიოს ადგილია? არ გაქვთ უფლება, რომ დაცვას დაუძახოთ? - ყოყლოჩინა ტონით ეკითხება ჩვენ მიერ შევიწროებული ბატონი ადმინისტრატორს და ამ უკანასკნელს პასუხი არ სცალდება, რადგან გიორგი ხელს მაშვებინებს და სხვაზე გაბრაზებული მასზე იყრის ჯავრს.
- რა თქვი? ვისზე თქვი? არაგომბიოობა ამ ნაგავი სუნამოს სუნით და ჰალსტუხით განისაზღვრება, ბებერო იდიოტო? - ღრიალით ითრევს გიორგი კაცს.
კართან აფუცხუნებულ ადამიანებს რომ ვხედავ, ვხვდები, მალე დაცვის წევრები დაგვადგებიან თავზე. ვკივი და რაც ძალა და ღონე მაქვს, გიორგის სასტუმროდან გამოყვანას ვალევ. არ დავუშვებ, რომ საფრთხეში ჩავარდეს... არა, არაფრის გამო არ დავუშვებ! მე რომ ვიყო მისი საფრთხე, თავადაც კი გავეცლებოდი, რაოდენ დიდ ტკივილსაც არ უნდა მომანიჭებდეს ეს.

- დროზე ჩაჯექი მანქანაში! ჰო, იდიოტია და მას ვერაფერს შეაგნებინებ! - ვცდილობ მისი შეუპოვრობის და მრისხანების ჩაცხრობას, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვაღწევ მიზანს. გიორგი ნესტოებიდან სიბრაზისგან ბოლს უშვებს და გული ისევ იმისკენ მიუწევს, რომ კაცთან დაბრუნდეს და მუშტებით დაუზილოს სახე.
- ახლავე დაძარი მანქანა და წავედით! სადაც გინდა, იქ! უბრალოდ წავიდეთ! - მხარზე ვჩქმეტ გამოსაფხიზლებლად, როცა უკვე ორივე მანქანაში ვსხდებით და ხელს გასაღებზე ვაკიდინებ. ისიც მოდის აზრზე და სასწრაფოდ წყვეტს ადგილს ავტომობილს.
- ყველაფერი კარგად იქნება, გიორგი! რადგან ამას ვამბობ, ესე იგი, მართლა ასე იქნება, დამიჯერე! - ვარწმუნებ მას, რომ სიჩქარეს მოუკლოს და მანქანა ასე აღარ გააქროლოს, რადგან შიშისგან თუ ზიზღისგან უკვე ლამისაა გული ამერიოს.
გულნატკენ, ჩამუქებულ თვალებს მაპყრობს და ვხვდები, რომ იგრძნო. მასაც გადაედო ჩემი შინაგანი ღელვა.
ვხედავ, როგორ იხევს უკან სპიდომეტრის ისარი და ეს სულაც არაა ჩემთვის ცოტა.
ეს ჩემთვის ყველაფერია!

მანქანა ვიწრო გზაზე მიდის. სიჩქარე ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პირველი თვეა, ფანჯარა ბოლომდე მაქვს ჩაწეული, სიცივე კი სასიამოვნო სუსხში მხვევს. გიორგიმ რამდენჯერმე გამომხედა. ალბათ, ხვდებოდა, რომ ყინვას ახლა ემოციური სიმხურვალის გამო ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მეგონა, რომ ფანჯარას თუ ავწევდი, დახუთულობაში ამომხდებოდა სული. ამიტომ დავამშვიდე, არ მცივა-მეთქი და მეტად აღარც მე ამომიღია ხმა და აღარც მას.
''მასაც უყვარდა სიჩუმე! ის მთლიანად სიჩუმე იყო!' '- მახსენდება პელოს ექიმის კომენტარი ჩემი და პელოს მსგავსების შესახებ და გული მისკდება, რომ შეიძლება მართლაც ასეა... რომ შეიძლება გიორგი იმიტომ არ იწყებს საუბარს, რომ ჩემს სიჩუმეს პელოსთან აიგივებს... ჰაერისგან ერთიანად მეცლება ფილტვები... ან ჰაერი რჩება ჟანგბადის გარეშე... ცხვირის წვერი მეწვება და ვხვდები, რომ აღარ ვსუნთქავ. პირს ფართოდ ვაღებ ისე, როგორც ნაპირზე ამოვარდნილი თევზი და გიორგისკენ ვიხედები.

მისი მამაკაცური, მოუხეშავი პროფილი ჩემში რაღაც უცნაურს და მჩქეფარეს იწვევს. ასეც უნდა იყოს. მე ხომ ის მიყვარს. მიყვარს ისე, როგორც არავინ მყვარებია. კაცი, რომელთანაც ვერასდროს ვიქნები ბედნიერი. ეს ხომ მხოლოდ წამიერი ილუზიაა. წამიერი შეხვედრა. წამიერი ღიმილი. წამიერი კოცნა. წამიერი ღამე, მთვარე თუ მზე. ეს ჩემი დასასრულის დასაწყისია. რამდენჯერაც არ უნდა გამიმეოროს, რომ ელენიკა ვარ, მე თვითონ ყოველთვის დავიწყებ საკუთარ თავში პელოს ძებნას. ყველაზე დიდი ტანჯვა სიმართლის ცოდნაა. მაშინ, როცა ეს სიმართლე მხოლოდ შენ იცი და სხვამ არავინ. როცა უნდა დამალო... როცა უნდა შეინახო... მოუარო კიდეც იმიტომ, რომ შენია! ალბათ, ისეთ ადამიანთან ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა, ვისაც არ ვეყვარებოდი, ვიდრე იმასთან, ვისაც არ იცი, უყვარხარ თუ არა.

რამდენჯერაც არ უნდა ვიფიქრო, რომ ჩემ მიმართ რაღაცას გრძნობს და ეს ჩემი შანსია, ტყუილნარევი ტკივილი იქნება ეს. მე ვერასოდეს მოვიშორებ პელოს ანარეკლს, რომელიც იმ კვალს ემსგავსება, თოვლში მიმავალ ადამიანს უკან რომ მიყვება. ერთ დღეს აუცილებლად მომიწევს გადაწყვეტილების მიღება... ან გიორგი პელოსთან ერთად, ან არავინ!

თავს ისევ გზისკენ ვატრიალებ. საშინელი რამაა არჩევანი. მის წინაშე მაშინ დგები, როცა არ იცი, რა უნდა გააკეთო და ვარიანტებიც ერთმანეთზე უარესია. ის, რომ გიორგის ჩემს დაჟინებულ მზერაზე რეაგირება არ აქვს, ჩემი ფიქრების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ჩემზე კარგად იცის, რაც ხდება და პასუხი რომ არ აქვს, ამიტომ არ ამბობს არაფერს.
- გახსოვს, რა გითხარი პელოს საძინებელში? - ჩემი ფიქრების პასუხად მეკითხება და საჭეს მაგრად უჭერს ხელს.
- ნუ ფიქრობ! ნუ ისმენ! არ იგრძნო! - მეც კი მიკვირს, რომ ასე ზუსტად მახსოვს მისი ნათქვამი. მაშინ ხომ ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერს ვუსმენდი და ყველაფერს ვგრძნობდი.

- რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, პელო ჩემთვის უდიდესი ტკივილი იქნება! დაუვიწყარი! ამოუშლელი! თავიდან რომ გაგიცანი, მხოლოდ შეძრწუნებული ვიყავი, აუტანელი ტკივილი მჭამდა, მაგრამ მერე... მერე მივხვდი, პელოსთან რომ საფლავზე ავდიოდი, ისევ შენთან მინდოდა წამოსვლა... ჰო, მივდიოდი პელოსთან და მერე კიდევ... ხოდა მივხვდი, რომ შენ ელენიკა იყავი! ბოლოს უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ პირველად ვხედავდი ასეთი გარეგნობის ქალს... შენს სიტყვებში, საქციელებში ისეთ წვრილმანებს ვამჩნევდი... და ყოველი წვრილმანის აღმოჩენა დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის! - სიმწრის და ტკივილის ოფლი უსველებს სახეს მამაკაცს. - შენ არ იცი, რას ნიშნავდა პელოს სიკვდილი ჩემთვის... ბოლომდე მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა! სულ ფეხებზე მე*იდა მთელი ცხოვრება, ოღონდაც კი ის ყოფილიყო ჩემთან! ექიმი გვაიმედებდა... რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... რომ იცოცხლებდა, არ მიმატოვებდა, მაგრამ...
- ნუ ყვები! მე ამას არ ვითხოვ! - აცრემლებული ვაწყვეტინებ, რადგან არ მინდა, ჩემ გამო იტანჯებოდეს.

- ალბათ, ყოველივე იდეალურს აქვს დასასრული. ჩვენი ურთიერთობა ნამდვილი ჰარმონია იყო, დიდხანს და ბედნიერად კი მხოლოდ ბევრი უბედურების მერე მყარდება. ვიცი, რომ არაა ადვილი ჩემთან ყოფნა... გეფიცები, ყველაფერს გეფიცები, თუ ოდესმე წასვლას გადაწყვეტ, მე არ დაგიჭერ! ერთხელ მითხარი, შენ სავსე დარჩები, მე - ცარიელიო... ამას არ დავუშვებ! თუ ვიგრძნობ, რომ გტკენ, სისხლისგან გცლი, გაგიშვებ! მე არ ვიქნები შენი ვამპირი! შენ ჩემთვის პელო არ ხარ... მე ჩემი პელო უკვე მყავს, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ მყოფნის... რაღაც მაკლდება! რაღაც კი არა, ვიღაც, შენ! ვერ გეტყვი, მიყვარხარ და ერთადერთი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში-მეთქი, მაგრამ ერთი რამ ვიცი, არ მინდა, რომ წახვიდე! - ასრულებს მონოლოგს და მანქანას აჩერებს.
- არც მე მინდა წასვლა. - ვჩურჩულებ და ტირილი მივარდება.

- ერთ რამეს შემპირდი, კარგი? - სახიდან ხელებს მაშორებინებს და ისე ნაზად და ფრთხილად მახებს ტუჩებს ხელისგულის ზემოთ, მასზე შეყვარებული რომ არ ვიყო, ვერც კი ვიგრძნობდი. - როგორც უნდა გინდოდეს დარჩენა, თუ იგრძნობ, რომ გჭირდება, წადი!
- კარგი. - ცრემლები მერევა ხმაში.
- მპირდები?
- კარგი. - ისევ იმავეს ვიმეორებ.
- უბრალოდ თქვი, გპირდებიო.
- კარგი! - უკვე ვყვირი და კისერზე ხელებს ვხვევ.
არ შემიძლია შევპირდე, რადგან ვიცი, უაზრობა ის კი არ არის, რომ მიდიან, რომ არ უნდათ და მაინც რომ მიდიან.

გზაზე აბრას ვხვდებით. თიანეთი დიდი ასოებითაა წაწერილი თეთრ ფონზე. ცოტა უცნაური კია, მაგრამ თიანეთში არასდროს ვყოფილვარ. უნივერსიტეტში ერთი გოგო იყო იქიდან და გვპატიჟებდა რამდენიმეს, მაგრამ მაშინ მთელი არსებით სწავლაზე ვიყავი გადართული. ჩემი მიზანდასახულობა ვერაფერში გამომადგა, თორემ ღმერთს კი დიდი რაოდენობით დაებერტყა ჩემთვის ეს თვისება.
მარჯვნივ გაიხედავ თუ მარცხნივ, ხეები არიან გზისკენ გადმოწეულნი. აქა-იქ თოვლიც დევს, წინ კი იმხელა ნისლია, გიორგი ძალიან ნელა და ყურადღებით მართავს მანქანას. ერთი-ორჯერ ვიგრძენი, როგორ გასრიალდა ბორბლები. მალე ჩამობნელდება. ვიწრო გზა უფრო ართულებს საქმეს. ვატყობ, როგორ იძაბება გიორგი, მაგრამ ერთი მხრივ, გულდამშვიდებულიცაა. შეიძლება ამ გზებზე ხშირად უვლია და ამიტომ.
- მოგწონს? - ჩემ ასალაპარაკებლად მეკითხება გიორგი და თვალს არემარეს ავლებს.

- ძალიან მაგარი ადგილია! - აღტაცებული ვუცხადებ და მოგვიანებით ვამატებ. - ...ოღონდ ცოტა საშიშიც.
- აქ სულ ასეა ზამთარში! - უდარდელად ამოძრავებს მხრებს მამაკაცი. - საშიში მით უმეტეს არაფერია, თუ მძღოლი მე ვარ!
- თიანეთიდან ხარ? - ვინტერესდები მისი წარმომავლობით.
- დედაჩემი იყო თიანეთიდან.
- დედ-მამა აღარ გყავს? - დანაღვლიანებული ვეკითხები.
- დედა კარგად არც მახსოვს და მამა პელოს ამბის მერე მალევე გარდაიცვალა. - თვალებში ტკივილი უდგება ამის თქმისას.
- ვწუხვარ. - გული მეწურება იმის წარმოდგენაზე, თუ რა დღეში იქნებოდა მაშინ გიორგი.
ცოტა ხნით დუმილი ეუფლება სივრცეს. თითებს უხერხულად ვიმტვრევ. იმის მერე, რაც გიორგიმ მითხრა, არ შემიძლია სხვა თემაზე წამოვიწყო ბაასი.
- შენი ოცნების კუთხე რომელია? - უფრო იმისთვის, რომ გულისმომკვლელ სიჩუმეს ბოლო მოუღოს, ისევ მითრევს საუბარში.
- მმმ... მგონი სვანეთი! არასდროს ვყოფილვარ იქ! ჩემი ოცნებაც იქ წასვლა იყო და... ღმერთო!
- რა იყო? - ცოტა არ იყოს, შეშინებული ამუხრუჭებს მანქანას გიორგი.

- ჩემი ოცნებაც იქ მოხვედრა იყო და ჯორჯისაც! სულ მეუბნებოდა, შენს ადგილას რომ ვიყო და საქართველოში ვცხოვრობდე, პირველ რიგში იქ წავიდოდიო... ინტერნეტში ჰქონდა ნანახი ფოტოები, რაღაცებიც წაიკითხა და მოკლედ, ხომ ხვდები... ახლა საქართველოშია და მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები აქვს, იქ წავიდოდა! სვანეთი მისი დროებითი სამალავიც იქნება და ოცნებასაც აისრულებს! - მოვლენებს ერთმანეთთან ვაკავშირებ და ვხვდები, სადაც იქნება ჯორჯი. - დარწმუნებული ვარ! არ მეთანხმები?
გიორგი სიტყვიერად აღარ მიდასტურებს, მაგრამ მანქანას უკან ატრიალებს. ლაპარაკი აღარცაა საჭირო. ჩვენ სვანეთში მივდივართ!

გაგრძელება იქნება შაბათს

ავტორი სოფიკო კობლაშვილი

იხილეთ: თავშესაფარი. აღიარება (თავი 12)



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორ ატარებს თავისუფალ დროს ტახტის ერთადერთი მემკვიდრე - დუბაის პრინცი და როგორ ფოტოებს აქვეყნებს „ინსტაგრამზე“
17:05 / 16-07-2018
სწორედ მის მშობლებს ჰქონდათ ისტორიაში ყველაზე მდიდრული ქორწილი, რომლის ბიუჯეტიც 137 მილიონ დოლარს შეადგენდა.
თუ გგონიათ, რომ 70 წლის შემდეგ მოიწყენთ, შეხედეთ, ამ ადამიანებს
13:41 / 14-07-2018
უმრავლესობას სიბერის ეშინია და ვერ წარმოუდგენია, რომ ბებერს, რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სიბერე სასჯელი არაა, თუ თავად არ გადაწყვეტთ, დროზე ადრე დაბერებას.
 ჩალის ქუდი - აქსესუარი, რომელიც შენს ლუქს განსაკუთრებულს გახდის
11:29 / 12-07-2018
გიფიქრიათ, რომელია ყველაზე იდუმალი აქსესუარი? იდუმალი არა იმიტომ, რომ მას უკავშირდება საიდუმლოებითა და თავგადასავლებით მოცული ისტორიები, არამედ იმიტომ, რომ მისი მორგებისას თავს გრძნობთ სწორედ ასე.
"პირველი ღამის" კოშმარი და მეთვრამეტე "არასოდეს"
15:32 / 10-07-2018
მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს დეტალებში გვამახსოვრდება განსაკუთრებული მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა მამაკაცთან (ნელ მუსიკაზე), პირველი... - ნუ, გასაგებია რაც... და ა.შ.
უსახელო: რა ბინადრობს ბერკლის სკვერის 50 ნომერ სახლში?
12:06 / 08-07-2018
ნისლიანი ლონდონი, კიდევ უფრო მისტიკურობას სძენს ქალაქს. თითქოს ყოველი ქუჩის კუთხიდან პოლტერგეისტი მოჩანს.
ისწავლე უცხოელების შეცდომებზე - ტოპ 4 რამ, რაც ამაზონზე „შოპინგის“ დროს ეშლებათ
12:28 / 04-07-2018
"ამაზონს" 390 $ მილიარდის კაპიტალი აქვს, რაც ბევრად აღემატება საცალო ვაჭრობაზე მომუშავე ნებისმიერი კომპანიის ფინანსებს.
რა საიდუმლოს მალავდა მკვლელი ძიძა - ერთადერთი პატიმარი ქალი ახალ ზელანდიაში
23:52 / 20-06-2018
ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
წვიმის ოცდაერთი მსხვერპლის სისხლს თბილისს წვიმა ვეღარასოდეს ჩამობანს - ისტორია, რომელიც წყალმა წაიღო...
12:50 / 13-06-2018
ზაფხულის ერთი დღე - 13 ივნისი, არაფრით გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. მეგობრებს სახლში გათენებამდე უნდა ემეცადინათ; მოშორებით ბიჭს ჟღალთმიანი გოგონასთვის უნდა ეთქვა, რომ რუსეთში აღარ წავიდოდა, რადგან ერთი წითური გოგო შეუყვარდა.
ის, რაც მეტროს შესახებ არ იცოდით - თბილისის მეტროს ღამის ცხოვრება
15:15 / 05-06-2018
თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს!
6 წლის იტანის ტრაგედია, რომელმაც აშშ-ში ბავშვების ძიების სისტემა ძირეულად შეცვალა
14:24 / 04-06-2018
39 წლის წინ 6 წლის იტანი დილით სახლიდან სკოლაში წავიდა, მაგრამ იქიდან არ დაბრუნებულა. ეს ისტორია ამერიკის ისტორიაში ეროვნულ ტრაგედიად ითვლება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31