39 წლის წინ 6 წლის იტანი დილით სახლიდან სკოლაში წავიდა, მაგრამ იქიდან არ დაბრუნებულა. ეს ისტორია ამერიკის ისტორიაში ეროვნულ ტრაგედიად ითვლება.
2012 წელს ამერიკა შეაძრწუნა 51 წლის პედრო ჰერნანდესის აღიარებამ. წყნარი მამაკაცი ნიუ-იორკის რაიონ სოჰოში ვაჭრობდა. ბავშვს გაზიან სასმელს დაჰპირდა, მიიტყუა, ცელოფნის პარკით გაგუდა და მისი სხეული ნაგავსაყრელზე მოისროლა.
დაგვიანებულია...
ბიჭს იტან პატცი ერქვა. სკოლაში ყოველ დილით დამოუკიდებლად მიდიოდა. სკოლა სახლიდან 1 წუთის სავალზე იყო. არავინ იცის, რატომ დაუჯერა უცნობს და გადაუხვია ჩვეული გზიდან.
იტანი იმ დღეს სკოლაში არ მისულა, მაგრამ დედამ ამის შესახებ არ იცოდა.
საოჯახო საქმეების დასრულების შემდეგ დედა მიხვდა, რომ შვილი სკოლიდან არ დაბრუნდა. ალბათ, მეგობრებთან თამაშში გაერთოო - ივარაუდა. ის, რომ ტრაგედია დაატყდა თავს, რამდენიმე საათის შემდეგ გაიგო.
მასწავლებელი ვალდებულია, მოიკითხოს ბავშვი, რომელიც სკოლაში არ გამოცხადდა, მაგრამ 1979 წელს მობილურები ჯერ არ არსებობდა და მასწავლებელმაც ვერ შეძლო ბავშვის მშობლებთან დროულად დაკავშირება. იქნებ არ დაგვიანებულიყო ბავშვის მოძებნა...
"...ზურგჩანთაზე სპილოთი"
იტანის მშობლებს კვარტალში ყველა იცნობდა. საღამოს მის საძებნელად ყველა მეზობელი გამოვიდა. ბოძებზე განცხადებაც გააკრეს:
"დაიკარგა ქერათმიანი, ცისფერთვალება ბიჭი. ეხურა შავი კეპი, ეცვა ცისფერი ველვეტის ქურთუკი, ეკეთა ზურგჩანთა სპილოთი"...
ცოტა ხანში ძიებაში მთელი მანჰეტენი ჩაერთო. ბიჭის ფოტოები გაამრავლეს და გაავრცელეს.
რძის მწარმოებელმა დაკარგული ბიჭის ფოტო რძის ყუთზე დაბეჭდა. ძიებაში აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც ჩაერთო. მან სამარცხვინო უწოდა ქვეყანას, რომელმაც დაკარგული ბავშვის მოძებნა ვერ შეძლო.
შეწყალების გარეშე
იტანის მშობლები ბიჭის დაბრუნებას 33 წელი ელოდნენ. არ იცვლიდნენ მისამართს, ტელეფონის ნომერს იმედით, რომ ოდესმე ვინმე შეატყობინებდათ შვილის ადგილსამყოფელს. სიმართლე თავზარდამცემი აღმოჩნდა მათთვის. პედრო ჰერნანდესის აღიარებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. მას არ ჰქონდა ბავშვის მოკვლის მიზეზი. პრესამ იგი მანიაკად შერაცხა. სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა შეწყალების გარეშე.
იტანის ტრაგედიამ აშშ-ის საძიებო სისტემა სრულიად შეცვალა. დაკარგული ბავშვების ფოტოები კი დღესაც იბეჭდება რძის ყუთებზე...