სილამაზეზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ სიმახინჯეზე? მერი ენ ბევანი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, რომელშიც განსხვავებულ ადამიანებს მასხრად იგდებდნენ.
მას ნაღვლიანი, თუმცა საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. მოგიყვებით ინგლისელ ლედიზე, რომელიც იბრძოდა ტიტულისთვის - "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალი".
მერი ენი 1874 წელს ლონდონში, მუშების ოჯახში დაიბადა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მედდად გაატარა. 29 წლის იყო, როცა ცოლად ყვავილებით მოვაჭრეს, თომას ბევანს გაჰყვა. 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა და მერი ენი ოთხ შვილთან ერთად დარჩა მარტო. დაქვრივებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში უცნაური სენი შეეყარა, რომელმაც მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება შეცვალა.
აკრომეგალია - დაავადება, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით გამოიყოფა ზრდის ჰორმონი. 32 წლისა თავისა და კუნთების ტკივილით იტანჯებოდა. ქალს საკუთარ თავზეც უნდა ეზრუნა და შვილებზეც...
მატერიალური სიდუხჭირის გამო ქალმა კონკურსში "მის ყველაზე ულამაზო ქალი" მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მას "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის" ტიტული მიანიჭეს. ოჯახის კეთილდღეობისთვის ქალმა საკუთარი პატივმოყვარეობა გადათელა.
კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ცირკშიც დაიწყო გამოსვლები. იმდენად პოპულარული გახდა, რომ ნიუ-იორკის "დრიმლენდ პარკში" მიიწვიეს და სიკვდილამდე, 1933 წლამდე, იქ მუშაობდა.
რთული ბედის მქონე მერი ენმა დაამტკიცა, რომ სიმახინჯემაც შეიძლება მოუტანოს ადამიანს პოპულარობა და, რომ საკუთარი ახლობლების კეთილდღეობისთვის ხშირად საკუთარი თავის მსხვერპლად გაწირვაც საჭიროა.