"იქს ფაქტორი" გრანდიოზული აღმოჩენების პროექტია. შოუ არაერთ მომღერალს დაეხმარა, თავისი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო.
რთულია, ამდენ საოცარ მომღერალს შორის ერთ-ერთი ნიჭიერებით გამოარჩიო. მათგან რომელიმე შესაძლოა, გამორჩეულად დაგამახსოვრდეთ განსაკუთრებული ისტორიის ან განსხვავებული იმიჯის გამო.
გთავაზობთ "იქს ფაქტორის" 5 ყველაზე დასამახსოვრებელ კონკურსანტს.
"იქს ფაქტორის" სცენაზე გამოსულ ჩვიდმეტი წლის დოდონა ნამორაძეს გულშემატკივართა ოთახში დედა და ძმა ელოდნენ. კონკურსანტმა ჟიურის წევრებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მის გულშემატკივართა შორის მამაც იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ფილიპინებიდან ამხნევებდა ქალიშვილს. სანამ დოდონა თავისი ვოკალური მონაცემებით მოინადირებდა ჟიურისა და მაყურებლის გულს, განაცხადა, რომ ფილიპინებზე რამდენიმე წლით ცხოვრება თავისი მშობლების განათლების გამო მოუწია - ისინი იქ დოქტორანტურაზე სწავლობდნენ. ყველაზე დიდი ოვაცია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თურმე, თავად დოდონას მიზნად დაუსახავს, 365 დღეში წაეკითხა 500 წიგნი და მიაღწია კიდეც მიზანს. რეკორდსმენმა მომღერალმა სიმღერით "Feeling good" კიდევ ერთხელ გააოცა მაყურებელი.
25 წლის ქუთაისელმა მომღერალმა თამუნა გიორგაძემ ბრწყინვალედ შეასრულა ელა ფიცჯერალდის სიმღერა - "don't mean a thing". თუმცა მაყურებელს თავი არა მხოლოდ საოცარი ჰანგებით, არამედ - მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათით დაამახსოვრა. თამუნას 13 წლის ასაკში მოუწია დედასთან განშორება. მისთვის უდედოდ გატარებული 7 წელი ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ უდედოდ განვლილი წლებით მიღებული იარა დედის დაბრუნებამაც ვერ განუკურნა: დედას მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა... თამუნა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, სირთულეებს არ შეეპუა, უთხრა "არა" დეპრესიას და განაგრძო ცურვა დინების საპირისპირო მიმართულებით. მას თავის მეგობრებთან ერთად აქვს ინოვაციური წამოწყება "Lady taxi". თამუნამ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ სტერეოტიპები, ხელი შეეწყოთ ქალებისთვის, უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ-სამოქალაქო ღონისძიებებში. ქუთაისში მათ უკვე ჰყავთ რამდენიმე მანქანა წარწერით "Lady taxi", რომლებსაც მანდილოსანი მძღოლები მართავენ.
ია ტომაშიმ ჯერ თავისი არაორდინარული და ფერადი იმიჯით მოახდინა შთაბეჭდილება მაყურებელზე, შემდეგ კი ჯილ სკოტის რეპერტუარით - golden. მომღერალს გულშემატკივართა ოთახში შეყვარებული ელოდა. მან განაცხადა, რომ მისი მთავარი სტიმული და მამოძრავებელი ძალა სწორედ მისი შეყვარებულია. იამ სცენაზე ძალიან ორიგინალურად გამიქსა. მისმა ნამღერმა ფეხზე დააყენა ჟიური. თუმცა მაყურებლის ყველაზე დიდი გაოცება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თურმე იას დიდ სცენაზე მანამდე არასდროს უმღერია.
ჯეკ ჰაბელის სცენაზე გამოჩენას მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა აღტაცება მოჰყვა. ამერიკელი მომღერლის ქარიზმამ ქართველი მანდილოსნები დაატყვევა. ქარიზმატულმა კონკურსანტმა განაცხადა, რომ არასდროს უნახავს ქვეყანა, სადაც იმდენ ადამიანს შეუძლია ასე კარგად სიმღერა, როგორც საქართველოში. ჯეკ ჰაბელმა რედ Red Hot Chili Peppers-ის სიმღერა შეასრულა.
უცნაური ლარგო ბოლქვაძე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი აჭარელი, მწვანეთვალება ბიჭია. ის ბევრს არ ლაპარაკობს, თუმცა, როცა ლაპარაკობს, საკმაოდ გულწრფელია და თავის ღირსებებზე ხაზის გასმასაც არ ერიდება. ლარგო მსოფლიოში 15 ადამიანს ჰქვიაო, განაცხადა ჩვენმა უცნაურმა კონკურსანტმა და აქვე აღნიშნა, რომ ვოკალიც ისეთივე განსხვავებული აქვს, როგორც სახელი. მოგვიანებით, როცა სცენაზე მისი ვიზუალური მონაცემებით თავბრუდახვეულ ჟიურისა და მაყურებელს deep purple child in time შეუსრულა, თავისი განსხვავებული ვოკალითა და არაორდინარული შესრულების სტილით კიდევ უფრო დააბნია ჟიური.
თამთა ხუხუნაიშვილმა თურმე ერთხანს სიმღერას თავი გაანება, რადგან ამჩნევდა, რომ მის შეყვარებულს სურდა ასე. ის დანამდვილებით ვერ ამბობს, რატომ არ სურდა მის შეყვარებულს, რომ ემღერა, მაგრამ სავარაუდო მიზეზად ზედმეტი სიყვარულით გამოწვეულ ეჭვიანობას ასახელებს. კითხვაზე, კვლავ შეყვარებულია თუ არა, მომღერალმა პასუხის გაცემა არ ისურვა. კონკურსანტმა Rihana-ს ცნობილი სიმღერა "stay" შეასრულა. თამთას ნამღერმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
არ დაგავიწყდეთ უყუროთ "იქს ფაქტორის" გადაცემას დღეს, 22:00 სთ-ზე, "იმედის" ეთერში.
მერიემ კაკაურიძე