უცნაური არსებები ვართ ადამიანები, ასე არ ფიქრობთ? ჩვენ ვპასუხობთ მაშინ, როდესაც არაფერს გვეკითხებიან და ჩუმად ვართ, როდესაც კითხვით მოგვმართავენ.
მიუხედავად ადამიანთა მიერ ამოუცნობი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, მაინც ყველას სურს, რომ თავს კარგად გრძნობდეს. ასეა... ყველას უნდა უდარდელი, ბედნიერი, მარტივი ცხოვრება, რომელიც სავსე იქნება უამრავი შთამბეჭდავი მომენტითა და ენერგიული სექსით.. რაა გასაკვირი?
მაგრამ, თუ გკითხავ: „რა გსურს ცხოვრებისგან?“ და შენ რაიმე ამის მსგავსს მიპასუხებ: „მინდა, ვიყო ბედნიერი, მყავდეს ოჯახი და მქონდეს სამსახური, რომელიც მეყვარება“, მაშინ ყველაფერი მნიშვნელოვანი მნიშვნელობას დაკარგავს.
არსებობს უფრო საინტერესო კითხვებიც, რომლებიც არასდროს დაგისვამს საკუთარი თავისთვის. მაგალითად, რომელი ტკივილის განცდა გსურს? რისთვის ხარ მზად, რომ დაიტანჯო?
ყველას უნდა, რომ ჰქონდეს გასაოცარი სამსახური და იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, მაგრამ ყველას როდი სურს დაიტანჯოს 60-საათიანი სამუშაო გრაფიკით, კორპორატიული შეხვედრებით, საქმიან ქაღალდებში კირკიტით. ადამიანებს რისკის გაღების გარეშე სურთ გამდიდრება. მათ მსხვერპლის გაღება არ უნდათ.
ყველას უნდა წარმოუდგენლად მაგარი სექსი და სასიყვარულო ურთიერთობა, მაგრამ ყველას არ სურს, ჩაებას მძიმე დიალოგში, შეიგრძნოს უხერხული სიჩუმის გემო, გაიაროს ემოციური ფსიქოდრამის სტადიები. ბედნიერება მსხვერპლს მოითხოვს, რომლის გაღებაც ადამიანებს არ შეუძლიათ.
ყველას უნდა იდეალური ფორმები და ნავარჯიშები სხეული, მაგრამ შედეგს ვერ მიიღებ, თუ არ დააფასებ იმ ტკივილსა და ფიზიკურ სტრესს, რომელიც სავარჯიშო დარბაზში საათობით ყოფნას ახლავს თან.
ყველას უნდა, წამოიწყოს ბიზნესი და გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი, მაგრამ წარმატებული ვერ გახდები, თუ არ გარისკავ. რა აზრი აქვს ოცნებას, თუ კვლავ შეგეშინდება, იმავე შეცდომებს დაუშვებ, ფურცლებში უაზროდ თავჩარგული იჯდები და წარმოდგენა არ გექნება, ეს წარმატებას მოგიტანს თუ არა?..
ჰო, ყველას უნდა მოგება, თუმცა ეს არასდროს მოხდება, თუ არ ითამაშებ.
ზოგჯერ ადამიანებს ვეკითხები, თუ როგორ სურთ დაიტანჯონ. შემდეგ ისეთი სახით მიცქერენ, თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო, მაგრამ რეალურად ამ კითხვაზე პასუხი უფრო მეტად მეხმარება, გავიგო მათი სურვილებისა და ფანტაზიების შესახებ. ადამიანმა რაღაც უნდა აირჩიო. შეუძლებელია გქონდეს უმტკივნეულო ცხოვრება. როდესაც ბედნიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს ვსვამთ, თითოეული ჩვენგანის პასუხი ერთმანეთის მსგავსია. ყველაზე საინტერესო კითხვები კი ტკივილის გარშემო ტრიალებს. სწორედ ამ კითხვებს შეუძლიათ შენი ცხოვრების შეცვლა.
ჩვენ ყოველთვის გვსურს, მივიღოთ ჯილდო შრომის გარეშე. გვინდა, დავინახოთ შედეგი პროცესის გარეშე. გვინდა, ვუყვარდეთ ბრძოლის გარეშე... ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვინდა, თუმცა ცხოვრება ასე არაა მოწყობილი. ტკივილის შეგრძნების გარეშე გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია. სწორედ ეს არის ცხოვრების ყველაზე მარტივი შემადგენელი კომპონენტი.
ასე რომ, ჩემო მეგობრებო, დაფიქრებით შევარჩიოთ ის, რისთვისაც გვსურს ვიბრძოლოთ, ვიტანჯოთ, ვიშრომოთ...
ვინ ხარ შენ? - ის, რისთვისაც მიისწრაფვი, რომ დაიტანჯო.
ნინო მკალავიშვილი