გაყიდვების მენეჯერი, რომელიც მაღაზიაში შესულს გეკითხება: „დაგეხმაროთ?“ - სინამდვილეში სულაც არ არის გამყიდველი...
ის არის მაღაზიის თანამშრომელი, რომელიც ამ კითხვით აფრთხობს მათ, ვინც მაღაზიაში ზამთარში გასათბობად შემოვიდა. ქალების უმრავლესობა გიჟდება შოპინგზე. ზოგი დეპრესიიდან გამოსვლას სწორედ ამ გზით ცდილობს. სავაჭრო ცენტრები კი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ მარტოობას გაექცე და სხვადასხვა ბრენდის ლოგოებდაპრინტული პარკებით ხელში მოსიარულე ხალხის მასას შეერიო, მათი ნაწილი გახდე... არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ გატკინა გული ვინმე დათომ, რომელსაც არ გაახსენდა თქვენი პირველი კოცნის პირველი იუბილე.
სავაჭრო ცენტრში კი ყველაფერია! ერთ სივრცეში თავმოყრილი ტანსაცმლის, აქსესუარების და ათასი წვრილმანის მაღაზიები. კვების ობიექტებიც იქვეა. ივლი, ივლი, დაიღლები, მოგშივდება - შეხვალ რომელიმე კაფეში და გემრიელად წაიხემსებ. ჰოდა, უსაქმურობით დაღლილმა (ასეთებიც ხდება ხოლმე), მორიგი მელოდრამის ჟანრის სერიალის მეშვიდე სეზონის ყურებაც რომ დავასრულე, გადავწყვიტე, თავი დამეღწია შინაპატიმრობისგან (რომელიც საკუთარ თავს თავადვე მივუსაჯე) და სავაჭრო ცენტრი - „გალერეა თბილისი“ დამეპყრო.
თითქმის ყველა მაღაზიაში შევედი და გასახდელში აღმოვაჩინე, რომ ლოგინში კოტრიალს ჩემს ორგანიზმზე შესამჩნევი კვალი დაუტოვებია. ვსო, მორჩა! გადავწყვიტე, იმ დღიდანვე გადავსულიყავი ჯანსაღ კვებაზე. არც ხვალიდან, არც ზეგიდან და მით უმეტეს, არც ორშაბათიდან, არამედ იმ წუთიდანვე.
იმასაც მივხვდი, რომ დიდი ხანია, პაემანზე აღარ ვყოფილვარ. ჰო, ასეა! ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიის ვიტრინაში წარმოდგენილ იდეალური ფიგურის მქონე, გემოვნებით ჩაცმულ მამაკაც მანეკენებს ვათვალიერებდი. რა იქნება, რომ მეც ასეთი თაყვანისმცემელი გამომიჩნდეს?.. არა, ასეთი არა, ის სჯობს, იმ მეორე მაღაზიის შესასვლელთან რომ დაუდგამთ... ზუსტად ისე აცვია, როგორც ჩემს ოცნებებში არსებულ არაიდეალურ მამაკაცს (იდეალური მამაკაცი არც არსებობს და ჩემი აზრით, არც იქნებოდა საინტერესო).
პარკები მარჯვენა ხელში გადავიტანე და მარცხენით ნაზად შევეხე ტორსზე. მაინტერესებდა, ჟილეტი ნატურალური ტყავის იყო თუ ხელოვნური... უცბად, საოცრება მოხდა. მანეკენი გაინძრა და ჩემკენ შემობრუნდა, გაკვირვებული სახით. მე კიდევ ისე დავიბენი, ის მარცხენა ხელი ჰაერში გამიშეშდა. მივხვდი, რომ ეს მანეკენი კი არა, ნამდვილი მამაკაცი იყო... სხვათა შორის, საკმაოდ სიმპათიური...
- უკაცრავად... გიცნობთ?
ხმაც საოცრად სექსუალური და სასიამოვნო მოსასმენი ჰქონდა.
- მმმ... აა.. არა... უბრალოდ, მანეკენი მეგონეთ და... ლამაზი ჟილეტია!..
მგონი, პომიდორივით გავწითლდი. არა, უფრო - ალუბალივით. ხასხასა წითელი ალუბალივით...
სიმპათიურმა ჩაიცინა. – „არა უშავს, ხდება ხოლმეო“ - მითხრა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ჰმ, „ხდება ხოლმე"... - საინტერესოა, ეს სიტყვის მასალად თქვა თუ ხშირად ერევათ უცნობ ქალებს მანეკენში?
- და ისე, თქვენ ფიტნეს-მწვრთნელი ხართ?
ჯანდაბა. მეც არ ვიცი, საიდან მომივიდა აზრად, ეს სისულელე მომეროშა. ზოგჯერ საკუთარი ენა შენ წინააღმდეგ რომ გაილაშქრებს ხოლმე, თითქოს მტერია.
- როგორ მიხვდით? აა, თქვენ იმ ფიტნეს-დარბაზში ვარჯიშობდით, სადაც მე ვმუშაობ?.. მაგრამ რატომ არ მახსოვხართ...
- აა, არა... არ მივარჯიშია, მაგრამ სულ ვაპირებ... მომავალში აუცილებლად ვივარჯიშებ!
მეტი სისულელე რომ არ წამომეროშა, სასწრაფოდ გავშორდი. დაახლოებით 10-12 ნაბიჯი მქონდა გადადგმული, როდესაც წამომეწია, მომიბოდიშა, ძალიან მთხოვა, სხვანაირად არ გამეგო მისი სიტყვები და შემომთავაზა, სადმე დავსხდეთ, წავიხემსოდ და ყავა დავლიოთო... რა გითხრათ... არ გეგონოთ, რომ უცნობ მამაკაცებს ეგრევე ვთანხმდები დაპატიჟებაზე, უბრალოდ, მისი კუნთების და მომნუსხველი ღიმილის გამო არ ამომივიდა პირიდან უარი. დავთანხმდი და კვების ობიექტის არჩევაც მას მივანდე. „გალერეა თბილისს“ თვალი მოავლო და არჩევანი KFC-ზე შეაჩერა.
მივუახლოვდით KFC-ს და მონიტორებიდან მაცდურად დამყურებდა ცხარე ფრთის ბასკეტი, შეფბურგერი, სტრიფსები და სხვადასხვა გემრიელობა.
- მე სალათას შევუკვეთავ, ქათმით არის, შესაბამისად, ცილებით გაჯერებულია! კიდევ უალკოჰოლო მოჰიტო აქვთ ძალიან გემრიელი და მექსიკური კარტოფილი.
- მეც იგივე!
გაკვირვებულმა და გახარებულმა მივუგე. რატომღაც ვერ წარმომედგინა, რომ სწრაფი კვების ობიექტში დიეტური საკვები იქნებოდა. გემრიელად წავიხემსეთ, ვისაუბრეთ და ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. თან, მოვილაპარაკეთ, რომ ორშაბათიდან სავარჯიშოდ ვივლიდი მასთან... მარტო სურვილი ნამდვილად არ არის საკმარისი, მოტივაციაა მთავარი. ჰოდა, ჩემი მოტივაცია ჩემ წინ იჯდა და გემრიელად შეექცეოდა ქათმის მსუბუქ სალათას, რომელიც თურმე ცილებით იყო გაჯერებული და აყოლებდა მოჰიტოს, რომელიც ალკოჰოლის გარეშე კიდევ უფრო გემრიელი ყოფილა.
ასე შედგა ჩემი „გემრიელი“ პირველი პაემანი გაცოცხლებულ მანეკენთან, ქალაქის გულში, ს/ც "გალერეაში".