სიყვარულის ჩვენი ისტორია რომანტიკისგან მთლიანად დაცლილი იყო, ცარიელი - რაციონალური გრძნობებისგან და გაჟღენთილი - ოპიუმის სურნელით.
ჩვენს სისხლში ვერცერთ გრამ სიყვარულის ჰორმონს ვერ იპოვიდით, სამაგიეროდ, ექსტაზის გადამეტებული დოზის გამო გონებას ვკარგავდით. ამის შემდეგ რამდენად სამართლიანია, ამ ამბავს დავარქვა სიყვარული, თვითონვე განსაჯეთ.
ისტორია კი მაშინ დაიწყო, როცა დედამ სახლში შპრიცები იპოვა. ჩემთვის ახსნა-განმარტება არ მოუთხოვია, ჩემმა ჩალურჯებულმა ვენებმა ისედაც ყველაფერი უამბეს. არც თავი მიმართლებია და არც მაშინ გამიწევია წინააღმდეგობა, როცა ცემა დამიწყო...
მერე ნარკოლოგიურში წამიყვანა. ეგონა, ამ საშინელი ტანჯვისგან გათავისუფლების გზა იპოვა, მაგრამ მან არ იცოდა, ახლა წამალზე ისეთივე მიჯაჭვული ვიყავი, როგორც ახალშობილობის დროს - დედაზე დამოკიდებული. ჰოდა, როგორ თავისუფლდებიან დედისგან? იზრდებიან და სხვას პოულობენ, რომელსაც ზუსტად ისე მიეკედლებიან.
მაშინ ამას ვერ ვიაზრებდი, მაშინ ზუსტ დოზასაც კი ვერ ვსაზღვრავდი, მაგრამ ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილება ბედმა მიიღო და ნარკოლოგიურში მხსნელი მომივლინა. ერთ-ერთი სეანსის შემდეგ ნიკამ ლუდზე დამპატიჟა, მერე ალბათ მოვწიეთ და ისევ დავლიეთ. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, როგორ განვითარდა ურთიერთობა, მაგრამ მეორე დილით მის გვერდით გავიღვიძე. სიმშვიდე ვიგრძენი, მივხვდი, ერთმა პრობლემამ გაგვაერთიანა. საცხოვრებლად მასთან გადასვლა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და დედაც, ალბათ ისიც ფიქრობდა, რომ პრობლემას ერთად უკეთ დავძლევდით. მართლაც ასე იყო, თავს ვერეოდით, ერთმანეთს ვაკონტროლებდით, ერთმანეთის ხათრით წამალს აღარ ვეკარებოდით. წამლის ნაცვლად უკვე ერთმანეთზე დამოკიდებულები გავხდით.
შეხვედრებზე სიარულს საჭიროდ აღარ ვთვლიდით. ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. ნარკოლოგიურში დაწყებული სიყვარულის ისტორია ოჯახის შექმნით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ნელ-ნელა ვამჩნევდი, როგორ იცვლებოდა, სმას მოუხშირა, სახლშიც გვიან მოდიოდა. უკვე აღარ ვიცოდი, ვინ იყო ეს კაცი ჩემთვის. მე ხომ ის არასდროს მყვარებია, უბრალოდ, ჩვენ ირიბი გარიგება დავდეთ - მას ჩემზე უნდა ეზრუნა, მე კი - მასზე. ახლა რა იქნება? ცხოვრების სტიმული ისევ დავკარგე, მეგონა, აზრი აღარაფერს ჰქონდა და ისევ იმ უღალატო პარტნიორის ძებნა დავიწყე. ერთხელ, მორიგი ჩხუბის შემდეგ ისტერიკებმა ამიტანა, ვანაში ჩავიკეტე და ვენაში ნემსი გავიკეთე. არ მახსოვს, რამდენი საათი ვიწექი იქ. რომ გამოვფხიზლდი, უკვე მარტო აღარ ვიყავი, ჩემ გვერდით ჩემი "მხსნელიც" იწვა...
ახლა ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩვენს ურთიერთობას ერთმა პატარა შპრიცმა კვლავ იდეალურობა დაუბრუნა. ფხიზლები იშვიათად ვიყავით. ან გვეძინა, ან ვიკეთებდით. ჩვენი სახლის კარი ყველა სტუმრისთვის დაიკეტა, მიზეზების მოფიქრება კი ჩვენი ძირითადი საზრუნავი გახდა. ასე გაგრძელდა დიდხანს. ერთხელ კვლავ გავიაზრე, რომ თავს ვიღუპავდი, ძალა მოვიკრიბე და დედასთან საშველად მივედი. ეს საშინელი სცენა იყო. მისმა ცრემლებმა სულის ყველაზე ბინძური ნაწილი გამიწმინდა და მივხვდი, მე კვლავ მისი შვილი უნდა გავმხდარიყავი.
ნარკოლოგიურში სიარული ისევ დავიწყე. საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებდი. დედაც გვერდით მედგა. ახლა მე ნარკომანი აღარ ვარ.
სულ რამდენიმე დღის წინ ნიკას ისევ შევხვდი, უფრო სწორად, დავინახე. შარვალ-კოსტუმი ეცვა და მისი საძულველი ჰალტუხიც ახრჩობდა. ალბათ, საქმეს სჭირდება-მეთქი, ვიფიქრე. მისი ღიმილით მივხვდი, თავს მანაც უშველა. მინდოდა, ძალიან მინდოდა მივსულიყავი და მისთვის პატიება მეთხოვა, მაგრამ ვერ შევძელი.
P.S. გამოგვიგზავნეთ თქვენი ან უბრალოდ, საინტერესო ისტორიები მეილზე: mkitxvelis.story@yahoo.com