ალბათ, მოგისმენიათ უნივერსალური ფრაზა: "ცხოვრებაში ყველაფერი ხდება", რომელიც თითქმის ნებისმიერ სიტუაციას ერგება. მისი გამოყენება წარმატებით შეგვიძლია მაშინაც, როცა საკუთარი უმწეობით გულაჩუყებულებს გამხნევება გვჭირდება და მაშინაც, როცა რაიმე ფაქტს ან მოვლენას ახსნას ვერაფრით ვუძებნით.
უცნაური და აუხსნელი კი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრია, ადამიანურ ურთიერთობებში მით უმეტეს...
ხომ შეგხვედრიათ წყვილები, რომლებიც წესისა და ლოგიკის მიხედვით ერთად არ უნდა იყვნენ, მაგრამ მაინც ჯიუტად ერთად არიან!
მაგალითად: მსმენია ისტორია ქალზე, რომელსაც ქმარი განუწყვეტლად უბრახუნებდა, ის კი მაინც მასთან რჩებოდა. ეგ კი არა, მეზობლებს მოურიდებლად უამბობდა: აი, ხომ მცემს ჩემი ქმარი, იმ დროს მეც გასაგლეჯად მინდა, მაგრამ ღამით რომ დავწვებით, ისე მეფერება, ისე მეალერსება, ცუდი და ავი უცებ მავიწყდება... თანაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ყოველ ღამე სულ სხვადასხვა კაცთან ვწვები, ლოგინში ისეთი განსაკუთრებულიაო...
შეიძლება ეს მათთვისაც უდიდესი გამოცანაა...
ცხოვრების საკმაოდ მრავალფეროვანი და მძიმე გზა გამოვიარე და მაინც ვერაფრით მივხვდი, როგორ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს ამგვარი პარადოქსი: გიყვარდეს და გძულდეს ერთდროულად. გტანჯავდეს და გდევნიდეს მისგან მოყენებული სულიერი ტკივილები და მაინც მასზე გეფიქრებოდეს - მოგონებების ლაბირინთებში დაკარგული ხელის ერთი აქნევით ცდილობდე ცუდისა და უარყოფითის გაფანტვას და გულუბრყვილოდ გჯეროდეს, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ...
სიგიჟეა არა? - რა გასაკვირია, თანამედროვე მეცნიერებმა სიყვარული ფსიქიკური აშლილობის სიაში შეიყვანეს! ერთადერთი გრძნობა, რომელიც არანაირ კანონზომიერებას, ლოგიკას და ფიზიკურ კანონებს არ ემორჩილება, პირიქით, ის თავად იმორჩილებს ყველას და ადამიანის მგრძნობიარე თავმოყვარეობას დაუნდობელი ულმობლობით ანადგურებს.
გეცნობათ სურათი, როცა სამზარეულოს ოხშივარში გამომწყვდეულს ერთი სული გაქვს, პირში მიახალო, რომ მეტი აღარ შეგიძლია, შენც გინდა შენი კოლეგების მსგავსად კაფე-ბარებსა და რესტორნებში ისადილო; როცა უკვე მერამდენედ დაგეგმე მასთან ერთად ახალი ფილმის სანახავად წასვლა, ის კი მაინცდამაინც იმ საღამოს გამოთვრა; როცა მარტოს გიწევს მისი ოჯახის უტაქტო შემოტევებთან გამკლავება, ის კი უმწეო ბავშვივით აწურული დგას და ხმას ვერ იღებს!.. როცა უკვე ხშირად ამჩნევ გაფანტულობას და გრძნობ, რომ ფიქრებით სულ სხვაგანაა... როცა არასდროს უჩნდება სურვილი, დაისვენოთ ერთად ან უბრალოდ, გაისეირნოთ მაინც...
რაღა თქმა უნდა, მასაც ექნება თავისი წილი სიმართლე და სიმძიმეები, რომლის გადატანაც შენთან ურთიერთობისას თავადაც უწევს...
და აი, დგება მომენტი, როცა მეტი მართლა აღარ შეგიძლია, გადაიწვი, გადაირიე... სულ ერთი წამი, ერთი ნაბიჯი გაშორებს საბედისწერო ნაბიჯისგან და უკვე აღარავის და აღარაფერს ძალუძს შენი შეჩერება... ამ დროს გძულს! გძულს იმ ტკივილებისთვის, რისი გადატანაც გიწევს. გძულს იმ სიბრალულის გამო, რასაც საკუთარი თავის მიმართ განიცდი... გძულს დაუფარავად, გაუაზრებლად, უზომოდ... და ისე ძლიერად და დამღლელად, რომ სულში სხვა ადგილს აღარ გიტოვებს ეს მძაფრი სიძულვილი...
და შენც მიდიხარ... გარბიხარ სულის მოსათქმელად, გგონია რა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია...
მაგრამ გადის დრო: ვისთვის წუთი, ვისთვის საათი, დღე, თვე და წელიწადი და აღმოაჩენ, რომ ღრუბელივით ყოფილა ეს სიძულვილი - შეგიძლია გაწურო, ცრემლი გამოადინო და სანამ თავიდან გაიბერება, უვნებელი ჩვარივითაა...
და იწყება ყველაზე აუტანელი და საზიზღარი მდგომარეობა, როცა გული და გონება ერთმანეთის ოპონენტები ხდებიან. მართალია, ამ დაპირისპირებას ადრეც ამჩნევდი, თუმცა, მარტივად "იკიდებდი", ახლა კი იმდენად შემაწუხებელი გახდა, მისგან გამოწვეულ თავის ტკივილს უკვე წამალიც ვეღარ აყუჩებს.
არადა, გამოსავალი ამ მარტივი ჭეშმარიტების აღიარებაშია, უბრალოდ, მიღებასა და აღიარებაში: დიახ, შესაძლებელია ერთდროულად გიყვარდეს და გძულდეს!..
ასევე წაიკითხეთ: