მანქანა კორპუსის წინ რომ გააჩერა, სანამ კიბეს აივლიდა, წინასწარ იცოდა, რაც ელოდა. ისე ერთობოდა ამ სიტუაციით, ისეთ კარგ ხასიათზე აყენებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად გრძნობდა თავს ასე კარგად.
ჭკუიდან გადაჰყავდა ლენას დაფარულ ეჭვიანობას, ახლა კი, როცა დაფარვასაც ვეღარ ახერხებდა და აშკარად იმჩნევდა, გაცილებით უკეთესი სანახავი იყო.
– კარგი იყო?! – სადარბაზოს სენსორული განათების ჩართვასაც კი დაასწრო ელენემ, ისეთი ხმით ჰკითხა, კიბეზე ნაცნობი ფიზიონომია რომ შენიშნა.
– საღამო მშვიდობისა! – დემნამ კი, ისე არხეინად გაუცინა, თითქოს მოახლოებული ომის გარდაუვალობას ვერც კი გრძნობდა.
– სად იყავი ამდენ ხანს?!
– ამდენ ხანს?! როდიდან მელოდები? – ჩაეცინა კიდევ ერთხელ და გვერდით უნდა მისჯდომოდა კიბეზე მოკალათებულს, ქალი გაცეცხლებული რომ წამოვარდა ფეხზე და წინ აესვეტა.
– დემნა, მოგკლავ! საკუთარი ხელით დაგახრჩობ!
– მინდა შეგახსენო, ჩემო ძვირფასო, საკმაოდ ცნობისმოყვარე მეზობლები რომ გვყავს და ასე აშკარა მუქარით მხოლოდ იმას მიაღწევ, პირველი ეჭვმიტანილი რომ გახდები, მე თუ რამე მომივა. – თვალი ჩაუკრა, პატარა ბავშვივით უჩქმიტა ლოყაზე, შემდეგ კი, უდარდელად შებრუნდა კარისკენ და აუღელვებლად მოარგო გასაღები საკეტს.
წამითაც არ ჩქარობდა. თითქოს განგებ, ხელოვნურად წელავდა ამ წუთებს, ელენეს მოთმინება საბოლოო ნიშნულამდე რომ მიეყვანა. ისე მოსწონდა ეს სიტუაცია, ლამის პოპკორნი მოემზადებინა, სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო და ისე მოესმინა ცოლის მონოლოგი, რომელსაც, ზუსტად იცოდა, რომ ვერსად წაუვიდოდა.
– უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადიხარ, ხვდები?! – და იფეთქა ელენემაც, როგორც კი სახლის კარი მიიხურეს. – რა იყო ეს? არა, მითხარი, რა იყო?!
– ლანჩი. – მხრები აიჩეჩა და დაღლილი სახით შეიხსნა ჰალსტუხი. – მიდი, ჩაი გამიკეთე რა, ძალიან დავიღალე!
– გაგიკეთებ და თავზე დაგასხამ!
– რატომ, თმისთვის არის კარგი? – გაიკვირვა გულწრფელად და ძლივს შეიკავა ხარხარი, ლენამ რომ მკერდზე მიიკრა გაშლილი ხელები.
– გეყოფა! მართლა მეტისმეტია! მე აქ ვზივარ, გელოდები, ჭკუიდან გადავდივარ, შენ კიდევ, ღმერთმა იცის, სად დადიხარ!
– რატომ მარტო ღმერთმა, დეამაც იცის. თუ გინდა, დაურეკე და გეტყვის.
– დემნა!
– რა? ჩემი მდივანია და ევალება, რომ იცოდეს!
– ღმერთო, შენ მართლა ჭკუიდან გადამიყვან! – ამოიღმუვლა და იმხელა ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოში, ხერგიანი დაეჭვებული მიჰყვა, მართლა ჩაის მომზადებას და თავზე გადასხმას ხომ არ მიპირებსო.
– ეგ ყოველთვის გამომდიოდა! – თუმცა, ონკანთან მისული რომ დაინახა, დამშვიდებული, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული მიუდგა გვერდით და თვალიც ჩაუკრა სრული ეფექტისთვის.
– სხვა ქალებთან ფლირტიც თუ ასე კარგად გამოგდიოდა, ეგ არ ვიცოდი!
– ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე! სამწუხაროა...
– ისე ნუ იქცევი, საერთოდ რომ დავკარგო ის წარმოდგენა, რაც შემრჩა!
– ლენა, არ მითხრა, რომ ეჭვიანობ! – ისე შეიცხადა, თითქოს ახლაღა მიხვდა, რატომ იყო ქალი გაბრაზებული.
– შენ როზეს გარდა, კიდევ რამე დალიე თუ ისე მოგხიბლა მისმა გადმოყრილმა მკერდმა, რომ საერთოდ დაკარგე აზროვნების უნარი?!
– ან ერთს რას ერჩი და ან მეორეს? – სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე და ელენეს გაფართოებული თვალები რომ დაინახა, მიხვდა, უკვე მართლა ზღვარზე იყო.
– რა თქვი?!
– რა ვთქვი?
– გაიმეორე, რა თქვი! გაბედე და გაიმეორე!
– ცომის საბრტყელებელი ჯოხი მოგაწოდო თუ პირდაპირ დანების ნაკრები გავხსნა?
– დემნა, იცოდე, კიდევ ერთი საქმის გამოძიება მოგიწევს, რომელიც ასმეცხრე მუხლით აღიძვრება, ახლავე, დეტალებში თუ არ მომიყვები ყველაფერს! რას ნიშნავს, რას ვერჩი? არა, როგორ ბედავ საერთოდ?! – ვეღარაფრით იკავებდა აღშფოთებას. ასეთი მშვიდი როგორ იყო? როგორ უყვებოდა ასე უდარდელად ამ ყველაფერს?
– რა მოგიყვე, შენი თვალით არ ნახე ყველაფერი? არა, მაინც რამ მოგიყვანა იქ? – სიცილით გაიქნია თავი და სახეზე უნდა მოეკიდა ხელები, ქალმა სწრაფად რომ გასწია თავი უკან.
– დაიწყე!
– ლენა, აჭარბებ უკვე!
– დაიწყე-მეთქი, გისმენ! რა ქენით ლანჩის შემდეგ, თავისთან დაგპატიჟა? თუ კაბინეტში ახვედით? – წარბიც არ უტოკდებოდა, ისე სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს და ცოტა არ იყოს, დემნას გაკვირვებაც გამოიწვია. ნუთუ, მართლა ასე რთულადაა საქმე?!
– რატომ არ გამოგვყევი უკან? თვითონ ნახავდი ყველაფერს! – გაუღიმა და თვითონვე შემოდგა ჩაიდანი გაზქურაზე. აშკარა იყო, ხანგრძლივი საუბარი რომ ელოდათ.
– მადლობა თქვი, რომ არ გამოგყევი! შენ მაგივრად ვაკეთებდი საქმეს.
– ელენე... გეყოფა-მეთქი! თქვი ახლა, რა მოისმინე?
– ჯერ შენ გისმენ. – წარბები აწკიპა და სამზარეულოს კარადაზე შემოსკუპდა. – კარგად გაერთეთ?
– არაჩვეულებრივად! – თვალები აატრიალა მობეზრებულმა. – ბრწყინვალედ! პირდაპირ გადარეული ვარ, ისეთი კარგი იყო!
– ხო, არა? ეჭვიც არ მეპარებოდა, ისე დააგვიანე!
– ჰო, ჯერ სახლამდე მივაცილე, მერე გადამეკიდა, ჩაიზე დაგპატიჟებ, შემოდიო. უარს ხო არ ვეტყოდი?! – მხრები აიჩეჩა უდანაშაულოდ და ელენე რომ სერიოზული სახით ჩამოხტა და მისკენ დაიძრა, მიხვდა, საკუთარი ხელით ითხრიდა სამარეს და ჩაწოლა კი არა, მიწის დაყრაც თვითონვე მოუწევდა, თუ კიდევ გააგრძელებდა.
– ესე იგი, ჩაიზე შეხვედი... – წარმოთქვა ნელა, გაწელილად და წამითაც არ მოუშორებია მზერა, ისე ჩამოადო კისერზე გადაჯვარედინებული ხელები. – გემრიელი იყო?
– რა ვიცი, ჩაი იყო...
– ტკბილი? – თავი გვერდზე გადახარა და წარბები აწკიპა.
– უკეთესიც შეიძლებოდა. – და დემნაც აჰყვა თამაშში. – ხომ იცი, ჩაის საკითხში ძალიან პრეტენზიული ვარ... – წელზე შემოხვია ხელები და მეტი დამაჯერებლობისთვის, თავიც დაიქნია. – უბრალო თემა ხომ არ არის!
– ჰო, ჩაი უმნიშვნელოვანესია! განსაკუთრებით, თუ პროფესიონალი აყენებს.
– ხომ არ დაგვეყენებინა? – ჩაეცინა და მოწყვეტით აკოცა ქვედა ტუჩზე.
– შეგეხო?
– ბატონო? – სიცილით გამოსწია თავი უკან. აი, ამას კი ნამდვილად არ ელოდა!
– მოგეკარა?! – ელენე კი, ისეთი სერიოზული იყო, ვერც კი დაეჭვდებოდით, თუ ხუმრობდა.
– საწოლზე მიმაბა და გამაუპატიურა!
– ხელებს მოვამტვრევ! – გაუღიმა სარკასტულად და შემდეგ ისე სწრაფად აკოცა, გააზრებაც არ აცადა.
საშინელი მესაკუთრე იყო. ზოგჯერ ისე სერიოზულად იმუქრებოდა, ნამდვილად არ გაგიკვირდებოდათ, თუ შეასრულებდა კიდეც. ჯიუტიც იყო და რამეზე თუ იტყოდა, რომ მისი იყო, ვეღარაფრით გადაათქმევინებდით შემდეგ. ახლაც, ხომ იცოდა, დემნა მის გასაბრაზებლად რომ ეუბნებოდა ამ ყველაფერს. წამითაც არ დაეჭვებულა, რომ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ იმის გახსენებაზეც კი, როგორი მზერით უყურებდა დეა, როგორ ისწორებდა კაბის დეკოლტეს ან როგორ ეფლირტავებოდა, ტვინში სისხლი ექცეოდა და თავისუფლად შეეძლო, რამე დაეშავებინა.
– არ გაბედო და მეორედ ჩემ თვალწინ სხვას აღარ ეფლირტავო! – წაისისინა ისე, არც მოშორებია ქმრის ტუჩებს.
– ანუ შენგან მოშორებით შემიძლია? – დემნამ კი, მართალია, ჩაიფხუკუნა, თუმცა სულ გაუქრა სიცილის ხასიათი, ქალის ხელების შეხება რომ იგრძნო ქამრის შესაკრავთან.
– მე გაგაფრთხილე! – კიდევ ერთხელ მტკიცედ წარმოთქვა ლენამ და შემდეგ აღარც გაკვირვებია, ხერგიანმა ერთი მარტივი მოძრაობით, ცალი ხელით რომ შემოისვა წელზე და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა საძინებლისკენ...
ყოველთვის ასე ხდებოდა. ჯერ საშინლად ჩხუბობდნენ, შემდეგ კი, ისე ასრულებდნენ, თითქოს ნახევარი წუთის წინ ერთმანეთს მოსაკლავად არ იმეტებდნენ. შუალედური მდგომარეობა არ ჰქონდათ. მთავარია, ერთად ყოფილიყვნენ და ჩხუბზეც კი არ იხევდნენ უკან. იმ ორი წლის განმავლობაშიც, ელენეს მისი სახელის გაგონებაც რომ არ სურდა, მაინც ყოველთვის გრძნობდა დემნას სიახლოვეს. ყოველთვის იყო. ფიზიკურად თუ არა, ისე მაინც არასდროს მოშორებია და ეს იყო მთავარი.
– ვგიჟდები შენს ეჭვიანობაზე. – ჩაიფხუკუნა დემნამ და ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო, მეორე კი, მის მკერდზე გაწოლილ ქალს მოხვია შიშველ წელზე.
– ხო არა? – წარბაწეულმა წამოყო თავი. – ანუ შენ შეგიძლია შენს მდივანს ეფლირტავო, მე კი, ჩემს უფროსთან ვახშმობის უფლებაც არ მაქვს?!
– ახლა გეყოფა! – გაეცინა, თუმცა აშკარად გაბრაზება უფრო დაფარა ამ სიცილით. დარასელის ხსენებისასაც კი ცეცხლი ეკიდებოდა მთელ სხეულზე.
– იცოდე, მეორედ ასე ვეღარ გამოძვრები და შენ კი არ მოგაკითხავ, პირდაპირ იმ დიდმკერდას მივადგები სახლში! – დაისისინა თითის ქნევით.
– ვერ ვხვდები, რატომ გშურს.
– რა მშურს?!
– არც შენ გაქვს პატარა... – ჩაეცინა ცალყბად და თითქოს, დარწმუნება უნდაო, სასაცილოდ გააპარა თვალი. – არა, ნამდვილად არ არის პატარა! – წარმოთქვა დარწმუნებით და ის იყო, ელენეს რეაქციაზე უნდა ახარხარებულიყო, უცნაური, დამწვრის სუნი რომ ეცა. – ასე გაგაბრაზე?!
– ხმას ნუ მცემ!
– ლენ, სიმწრისგან იწვი?
– არა, კიდევ აგრძელებ?!
– სუნი არ გცემს? – ჰკითხა შეცვლილი ტონით და დაეჭვებული წამოჯდა.
– ჯანდაბა, დემნა! – წამოიძახა ელენემაც და ისე სწრაფად გადაძვრა საწოლიდან, კაცის მაისურს დასწვდა და სამზარეულოსკენ გაიქცა, სიტყვის თქმაც არ აცადა.
– რა ხდება, გადავრჩით?! – დაბნეული მიჰყვა ხერგიანიც.
– მესმის, რომ ჩემზე უარის თქმა ძნელია და საერთოდაც, ყველაფერი გავიწყდება, როცა მხედავ, მაგრამ სამზარეულოს ნივთებს ნუ გაანადგურებ, მერე ისევ შენი საყიდელი გახდება. – დასცინა და გამურული ჩაიდანი რომ დაანახა, მაშინვე გაახსენდა, როგორ შემოდგა გაზქურაზე, სანამ ელენეს ანკესს წამოეგებოდა.
– ხედავ?! ჩაისაც კი გამჯობინე! – აჰყვა სიცილში და ზურგიდან მიეკრა მის მაისურში გამოწყობილს.
– ერთხელაც იქნება, ჩაის ზედმეტი დოზით მოიწამლები! – თავი გადაიქნია ქალმა, თუმცა ძლიერი მკლავები რომ შემოეხვია მუცელზე, თვითონაც მოუჭირა თითები მის ხელებს.
– სანამ ეგ მოხდება, შენ მომკლავ ინტრიგით! ახლა მაინც მითხარი, რა მოისმინე!
– ინტრიგა ჩემი შექმნილია, ძვირფასო! – ისე შებრუნდა მისკენ, ხელები არ მოუშორებია, შემდეგ კი, სრული ეფექტისთვის, თვალიც ჩაუკრა. – თუმცა, შენი მოფიქრებული მოსასმენის იდეა ნამდვილად გამოგვადგა. კარგად მუშაობ!
– აჰა, ანუ მე ვმუშაობ კარგად, ხო? – სიცილით გადაიქნია თავი, ამ საქმეში სრულიად არაპროფესიონალი ისე რომ აფასებდა, თითქოს ის ყოფილიყო უფროსი, თვითონ კი, მის დაქვემდებარებაში მყოფი.
– გადასარევად! შენი მდივანი კი, უფრო უკეთესად!
– ანუ?
– ანუ შენგან წამოვიდა თუ არა, მაშინვე დაურეკა ღვინიანიძეს ვინმე დეამ და ძალიან მეეჭვება, ეს სახელი იმდენად გავრცელებული იყოს, უბრალო დამთხვევა რომ აღმოჩნდეს!
– ოჰო, ეს უკვე საინტერესოა! რა უთხრა?
– ჭკვიანო, მე რა ვიცი, რა უთხრა, მხოლოდ ღვინიანიძის პასუხები მესმოდა! – თვალები აატრიალა და შუბლზე მიუკაკუნა თითები, ტვინი გაანძრიეო. – შეხვედრაზე შეუთანხმდა და ნამუშევარი შეუქო.
– სულ ესაა? – უკმაყოფილოდ ამოიოხრა. აშკარად მეტს ელოდა. მართალია, წინსვლა ჰქონდათ, თუმცა, იმდენად მცირე ნაბიჯებით, ვერაფრით კმაყოფილდებოდა.
– ასე მიცნობ?! გიორგისთანაც დავაყენე მოსასმენი, სანამ თქვენ შემოგიერთდებოდით კაფეში!
– არანორმალური ხარ! – სიცილით გადაიქნია თავი. – სწრაფად სწავლობ, ყველაფერს!
– კარგი მასწავლებელი მყავს. ყველაფერში! – აჰყვა ელენეც. – მაგრამ ჯერ მთლიანად არ მითქვამს!
– კიდევ გვაქვს სიურპრიზები?!
– გვაქვს! დარასელსაც დაურეკეს და შეხვედრაზე შეუთანხმდნენ. ვფიქრობ, არ გაგიჭირდება მიხვედრა, რა სახელი ახსენა ჩვენმა უფროსმა.
– ანუ გამყიდა...
– ეჭვი გეპარებოდა?! პირველივე დღიდან არ მომწონდა ეგ გოგო! ზუსტად ვიცოდი, მაშინვე ყველაფერს გიორგის რომ ჩაუკაკლავდა!
– გამოდის, ყველაფერი ზუსტად ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა... – ხერგიანმა კი, კმაყოფილმა წარმოთქვა სიახლეების მოსმენისას და აუჩქარებლად დაიძრა საყვარელი ქალის ტუჩებისკენ...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ: საქმე №109. თავი 39. შეთქმულება