თავიდან ყველაფერი ლამაზი და რომანტიკული იყო: გაცნობა, მასზე ფიქრი, ფერადი ოცნებები, გეგმები, მათი განხორციელების გზები, მღელვარება, უცნაური ჟრუანტელი, შიში, ადრენალინი და სასიამოვნო დაღლილობის შეგრძნება... - მიმიხვდით ალბათ, ასე იწყება აკრძალული სიყვარული - რომანი, რომელსაც არც ისე იშვიათად აბამენ ჩვენში ცოლიანი კაცები.
ტანჯვა მაშინ დაიწყო, როცა ამბავი გასკდა და ოჯახში ნამდვილი ომი გამოცხადდა - ომი სიყვარულის სახელით! გაბუტული და ნამტირალევი ცოლი, მოვიშვიშე დედა, გაბრაზებული მამა და დაბნეული შვილები...
ცალკე კიდევ გადარეული ნათესავები, ცნობისმოყვარე მეზობლები, სეირით დამტკბარი მტრები, მოცლილი მორალისტები - მაგრამ მაგათ ვინღა ჩივის!
სიმართლე თუ გაინტერესებთ, მთელ ამ ორომტრიალში ყველაზე მტანჯველი თავად ამბის სიმძიმე კი არ იყო, არამედ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა! აი, რა იყო და არის ყველაზე რთული, ძნელად მისაღები და თავში სახლელი!
არადა, მართლა გასკდა თავი და ვერ მიხვდა, რომელი არ ეთმობოდა, რომელს ვერ გაიმეტებდა, ბოლოს და ბოლოს რომელი უყვარდა...
არც ერთ ქალს სჯერა, როცა მამაკაცები ამბობენ: ორივე მიყვარსო - ქალები ლამის გაგიჟდნენ ამ ფრაზაზე. არადა, კაცები ამტკიცებენ, რომ მართლა შეუძლიათ ერთდროულად უყვარდეთ ორი...
იმის გასარკვევად, სიყვარულია თუ უბრალო გატაცება, ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი წასვლა და საკუთარ გრძნობებზე დაკვირვებაა და ისიც წავიდა, დროებით სხვაგან გადავიდა, მაგრამ ვერც ამ ნაბიჯმა უშველა: რომ ეგონა, ის მომინდება და მომენატრება, რომელიც მართლა მიყვარსო, აღმოჩნდა, რომ ორივე ენატრებოდა, ორივეზე წუხდა, ორივეზე დარდობდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ორივეს მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობდა.
ეს ორი ქალი თითქოს, ისე ჰარმონიულად ავსებდა მის ცხოვრებას და აკმაყოფილებდა მის მამაკაცურ თავმოყვარეობას, ვერც ერთს შეელეოდა, მისი ნება რომ ყოფილიყო. ოჯახი - სტაბილური ურთიერთობებითა და სიმშვიდით, გარანტირებული მომავლითა და სიბერეში თბილი კერით. ცოლი - ერთ დროს პატარა გოგო, რომელსაც საყვარლად ჩაკუჭული ლოყების ნაცვლად ახლა საკმაოდ ღრმა ნაოჭები გაუჩნდა, მაგრამ მისი დაღლილი თვალები მაინც სიყვარულით იმზირებიან, მისი გაბუტული ტუჩები მაინც სინაზით ირხევიან, მისი ნაღვლიანი სახე მაინც ზრუნვასა და ოჯახზე ფიქრს გამოხატავს... - არა, მართლა უყვარდა! მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები გახუნდა, სასიყვარულო თამაშებს ფერი და ვნება ნაწილობრივ დაეკარგა, სიტუაცია დაიძაბა, ყოფითმა პრობლემებმა ურთიერთობებში სილამაზე და სილაღე შეჭამა - მაინც უყვარდა! არ იყო ეს შეჩვევა, მეგობრობა, სინანული, სიბრალული, პასუხისმგებლობა და კიდევ ათასი ჯანდაბა, რაც შეიძლება იფიქროთ... სიყვარულის მიზეზების ახსნა კაცობრიობაში ვერავინ შეძლო და ჩვენ რას გავხდებით! დიახ, ეს იყო სიყვარული! მართალია, დაფლეთილი, გათელილი, დასვრილი, დაჭმუჭნული... მაგრამ მაინც ნამდვილი სიყვარული!
მაგრამ მსგავს მიჯაჭვულობას გრძნობდა მეორე ქალის მიმართაც, ქალის, რომელთან ურთიერთობაც კანონით არაფერს ავალდებულებდა, თავისუფლად შეეძლო დღესვე გაეწყვიტა, მაგრამ არა! ვერა! - არ შეეძლო! არ შეეძლო და მორჩა!
ქალი, რომელიც ერთიანად ვნებასა და ცეცხლს ასხივებდა, ნებისმიერ მომენტში მზად იყო, მისი სექსუალური ფანტაზიები დაეკმაყოფილებინა, პრობლემებით ტვინს არ უბურღავდა, თუ რამე სწყინდა, პატარა ბავშვივით გაბუტულის ინტონაციით ეუბნებოდა, - არა, გიჟი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ჰარმონიაზე უარი ეთქვა!
ესეც რომ არა, მამაკაცებზე ურთიერთობების ნგრევა ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს, ისინი ლამის ყველაფერზე წავლენ: იკადრებენ ტყუილს, ითამაშებენ მოსიყვარულეს როლს, გაიღებენ დიდ მატერიალურ ხარჯებს, ოღონდ ურთიერთობების გარკვევამდე და მით უმეტეს, ნგრევამდე არ მივიდეს საქმე! ისინი ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიან და ეშინიათ. ამიტომაც ბოლო მომენტამდე ინარჩუნებენ პარალელურ ურთიერთობებს, ცხოვრობენ ტყუილში მაშინაც კი, როცა ამისგან უკვე ძალიან დაღლილები არიან!..
მაგრამ დგება მომენტი, როცა ზღვარზე ხარ, სხვა გზა აღარ არის და გადასატანი უნდა გადაიტანო ან განადგურდე! და მანაც გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ეპოვა გამოსავალი, სანამ გაგიჟდებოდა. და ის, რაც მან გააკეთა, არც ერთ სერიალს არ დაესიზმრება! - მან მესამე გაიჩინა!..
ყბა ჩამოგივარდათ?! - ზუსტად იგივე დამემართა მეც, როცა გავიგე და კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, როცა შევიტყვე, რომ ეს სრულიად უცხომ, მაგრამ ქალმა ურჩია!..
ცოლმა და საყვარელმა კი, როგორც ჩანს, თანაბარ მდგომარეობაში იგრძნეს თავი და ომიც შეწყდა... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს სულიერი სიმშვიდისთვის ტკივილში თანაზიარობა წამალივით სჭირდებათ. ალბათ, ცოლმა ერთგვარი კმაყოფილება იგრძნო, როცა მისმა ქმარმა საყვარელსაც ისევე უღალატა, როგორც მას, ხოლო საყვარელი, ალბათ, დაამშვიდა იმის შეგრძნებამ, რომ ამის შემდეგ მხოლოდ ის არ ჩაითვლებოდა ოჯახის არევაში დამნაშავედ...
თავად მან კი შვებით ამოისუნთქა, როცა აღმოაჩინა, რომ მტანჯველი არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევდა: აღარც ოჯახს ანგრევდა და არც რომელიმე მათგანს "სწირავდა" მსხვერპლად საკუთარ შეცდომებს...
კინოა?! - არა, ყველაზე წარმოუდგენელი მოულოდნელობებით სავსე სერიალი, რომელსაც ცხოვრება ჰქვია!..