ამას წინათ გასაოცარ საუბარს შევესწარი. გასაოცარს პირობითად ვუწოდებ, რადგან ჩემზე ძალიან იმოქმედა და გამაბრაზა.
ახლობლები ერთ განქორწინებულ წყვილზე ჰყვებოდნენ, რომელსაც შვილი დარჩა, გოგონა, და მამას უთქვამს: იმიტომ აღარ ვნახულობ, რომ აზრი არ აქვს, მაინც უვარგის დედამისს დაემსგავსებაო (?!)... არ მეგონა, თუ 21-ე საუკუნეში მსგავსი, რბილად რომ ვთქვათ, პრიმიტივები თუ პრიმატები არსებობდნენ!
ეს საუბარი მწარედ ჩამრჩა მეხსიერებაში და ჩემს მეგობრებთან მოვყევი. მსურდა, ჯანსღად მოაზროვნე ადამიანების აზრიც მომესმინა, მაგრამ აქ ისეთ მოულოდნელობას წავაწყდი, სულ თავდაყირა დადგა ჩემი რწმენა-წარმოდგენები მამაშვილური სიყვარულის შესახებ.
ჩემმა ერთმა მეგობარმა, არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მომახალა: როცა კაცებს ქალი გადაუყვარდებათ, მისი გაჩენილი შვილიც უკვე ნაკლებად უყვართო(!).
ღმერთმა ქნას, ბევრი არ ფიქრობდეს შენსავით-მეთქი. ამაზე ფიქრიც არაა საჭირო, საქმით ამტკიცებენო, - მიპასუხა. სახტად დავრჩი! ქალების შემთხვევაში სულ სხვაგვარად არის, არა? რა თქმა უნდა, გვინახავს დედები, რომლებიც უმწეო ჩვილებს ნაგავსაყრელზე ტოვებენ, საკუთარი ხელით კლავენ კიდეც, მაგრამ მათი რიცხვი, საბედნიეროდ, საგრძნობლად მცირეა იმ თავდადებულ დედებთან შედარებით, რომლებიც შვილების კეთილდღეობისთვის ყოველდღე დაუღალავად იბრძვიან და ეს მიუხედავად იმისა, უყვართ მათი მამები თუ არა. ვფიქრობ, შვილების გადამგდები დედების რაოდენობა ასევე მცირეა იმ მამებთან შედარებითაც, რომლებიც განქორწინების შემდეგ შვილებზე აღარ ზრუნავენ და თითქმის აღარც ნახულობენ. ნუთუ მართლა ყოფილი ცოლის მიმართ გულის გაციების ან სიძულვილის შედეგია ეს ყველაფერი?! არ მინდა ვირწმუნო, რადგან ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მეორე ოჯახი ჰყავს, მაგრამ როცა ზაფხულობით ცოლ-შვილით დასასვენებლად მიდის, მათთან ერთად მიჰყავს შვილიც პირველი ქორწინებიდან.
ბუნებრივია, მამების მხრიდან უარყოფილი შვილები ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიან. განიცდიან მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ პატარები არიან, ხედავენ, რომ სხვა ბავშვებს მამები თავს დასტრიალებენ, იცავენ, ისინი კი, დედის ანაბარად დარჩენილები, მას კითხვით სავსე თვალებით შეჰყურებენ: "დედიკო, სად არის მამა?" მტკივნეულად აღიქვამენ მაშინაც, როცა უკვე მოიზრდებიან და განშორების სიმწარით დაღდასმულ და დანევროზებულ დედას უყურებენ. მათ გულებში ნელ-ნელა სიძულვილი ან, უკეთეს შემთხვევაში, გულგრილობა ისადგურებს. ამიტომ ხშირია ასეთ გარემოში გაზრდილი მოზარდების მხრიდან აგდებული და დამცინავი დამოკიდებულება ოჯახის, მშობლებისა და მამის ინსტიტუტების მიმართ. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ გარეგნული ვერატანის მიუხედავად, გულის სიღრმეში ისინი სწორედ ჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებსა და ოჯახურ გარემოზე ოცნებობენ.
დავუბრუნდეთ მამებსა და მათ დამოკიდებულებას დაშორებულ შვილებთან. მიკვირს და რა ვქნა?! ვერ წარმომიდგენია, როგორ გძინავთ უმანკო ბავშვებივით მშვიდად, ქათქათა ბალიშებზე, როგორ აგვარებთ სამსახურებრივ საქმეებს, დადიხართ, ერთობით, გიხარიათ, გწყინთ, გტკივათ და განიცდით ყოფით წვრილმანებს მაშინ, როცა არ იცით, თქვენი შვილები ამ დროს სად არიან, როგორ არიან, რა აწუხებთ, რას განიცდიან, რა სტკივათ და რა უხარიათ?! იქნებ ზუსტად იმ წუთებში, როცა თქვენ რბილ დივანზე მოკალათებულნი ფეხბურთის მატჩს მთელი განცდით უყურებთ, თქვენს შვილებს საფრთხე ემუქრებათ?! ან მაშინ, როცა განცხრომაში ხართ და ამქვეყნიურ სიამეებს არ იკლებთ, თქვენს შვილებს შიათ ან წამალი სჭირდებათ?!
იქნებ სულაც თქვენთან გულითადი საუბარი, საიდუმლოს განდობა, უბრალოდ, ქუჩებში ხეტიალი და ცელქობა ენატრებათ?! გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი გადარიცხული "სარგოს" გარდა, არსებობს უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული სარგებელი, რასაც სულიერი ერთობა და მორალური მხარდაჭერა ჰქვია?!
როგორ დავუშვა, რომ მართალია ის მოსაზრება, რითაც დავიწყე და უკვე შეძულებული ქალებისგან გაჩენილი შვილები აღარ გიყვართ?! ამას ვერასდროს დავიჯერებ! ეს ბუნების კანონსაც ეწინააღმდეგება! - საკუთარი ნაშიერი ხომ ცხოველსაც უყვარს! აბა, რა ხდება, რა ძალა ანგრევს ხიდებს მამებსა და შვილებს შორის? იქნებ ზოგჯერ დედები, რომლებიც არცთუ იშვიათად ცდილობენ, შვილები ბრმა იარაღად გამოიყენონ ყოფილი ქმრებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ?!
ამას თუ ხედავთ, მით უმეტეს, უფრო მეტად უნდა ეცადოთ შვილებთან თბილი ურთიერთობის შენარჩუნებას. ხოლო თუ არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ დედამ შვილი არაჯანსაღ გარემოში აღზარდოს და "დაიმსგავსოს", რატომ არ ცდილობთ, გადაარჩინოთ ამგვარი მავნე ზემოქმედებისგან?!
ყველა საღად მოაზროვნე დედა დამეთანხმება, რომ შვილების ფსიქიკური წონასწორობისა და ბედნიერი მომავლისთვის აუცილებელია ორივე მშობლის მხრიდან ბავშვის ცხოვრებაში ზომიერი და თანასწორი თანამონაწილეობა და ამისთვის მშობლებმა, თუნდაც ყოფილებმა, როგორმე უნდა აიტანონ ერთმანეთი.
აქ ცალკე თემაა ყოფილი მეუღლეების ე.წ. მეგობრობა, რომელზეც ჩემი წარმოდგენა მაქვს და სხვა დროს მოგიყვებით.
მანამდე კი მაინტერესებს მამაკაცების აზრი: მართლა იმიტომ "იკიდებთ" (მაპატიეთ ამ ტერმინისთვის) შვილებს გაყრის შემდეგ, რომ სხვა ქალი და მასთან გაჩენილი შვილები უფრო გიყვართ?!