ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
შეყვარებული წყვილები მოუთმენლად ელიან ქორწილის დღეს და იმისათვის, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს, წინასწარ გეგმავენ ყოველ წვრილმანსა თუ ნიუანსს. თუმცა, ბედნიერ წუთებთან და ეიფორიასთან ერთად საქორწინო სამზადისს ფორიაქი და დაძაბულობაც ახლავს თან.
ახლა მაისია და თითქოს უკეთეს დროს ვერ მოიფიქრებდა კაცი ქორწინებისთვის, მაგრამ სწორედ აქ არის "ჩასაფრებული" დიდი "იმედგაცრუება".
არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, მაისში დაქორწინებული წყვილი მალე გაეყრება და მათი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს.
სწორედ ამიტომ წყვილები თავს არიდებენ ამ თვეში დაქორწინებას. ეს მოსაზრება რუსეთიდან გავრცელდა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ბედნიერებასთან და ქორწინების ხანგრძლივობასთან. არც სტატისტიკა ადასტურებს, რომ გაყრის უმეტესი შემთხვევები მაისში დაქორწინებულ წყვილებზე მოდის. თუმცა, თუ ადამიანი ცრუმორწმუნეა, მას მთელი ცხოვრება მოსვენებას დაუკარგავს ის ფაქტი, რომ მაისში იქორწინა და ყველა გაუგებრობასა და პრობლემაში ამ "ავბედით თვეს" დაადანაშაულებს.
მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ეკლესიის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს მაისში ჯვრისწერის და ქორწინების მიმართ (თუ, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი მარხვას არ ემთხვევა). მეტიც, საეკლესიო პირები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ყოველგვარ აზრსმოკლებულ ცრურწმენას.
რა არის ცოლქმრული ცხოვრება? ეს არის ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევის სურვილი და მცდელობა, ამის საფუძველი კი სიყვარული და ურთიერთგაგებაა. ფიქრობენ კი შეყვარებულები ამაზე წინასწარ?
გახსოვდეთ! ბედნიერი ოჯახის შექმნისა და შემდეგ ამ ბედნიერების ხანგრძლივი დროით შენარჩუნებისთვის მხოლოდ ქორწინების თვის, რიცხვისა და დღის შერჩევა არ არის საკმარისი. თუ ქალი და მამაკაცი ცხოვრების ძირითად სფეროებში შეუთავსებელნი არიან, რომელ თვეშიც უნდა იქორწინონ, მათი ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ნება თქვენია, როდის გადაწყვეტთ ოჯახის შექმნას, მაგრამ მაინც გირჩევთ, არ დაგეგმოთ ცრურწმენების მიხედვით საკუთარი ცხოვრება... თუ ორ ადამიანს ერთმანეთი ჭეშმარიტად უყვარს და სწორედ ამ სიყვარულის და ურთიერთგაგების საფუძველზე დაუკავშირებს ბედს ერთმანეთს, მათ თანაცხოვრებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
• იდეალური ამინდი არაჩვეულებრივი განწყობისა და დაუვიწყარი დღისთვის;
• ულამაზესი ფოტოსესია;
• ნეფე-დედოფლის კომფორტული ჩაცმულობა;
• დაბოლოს, მაისი ნამდვილად სიმბოლური თვეა ოჯახის შექმნისთვის, რადგან სწორედ ამ დროს აღნიშნავენ ოჯახის საერთაშორისო დღეს!
თათია ბეჟიტაშვილი