დიდი ხანია, როგორც ასტროლოგს, არაერთგზის მიწევს ერთი შეხედვით ბანალურ, თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – "რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?"
საქმე ისაა, ჩემო კარგებო, რომ ზოგადად, ასტროლოგიის გადმოსახედიდან, არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით, დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში.
შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს, თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, საიმისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე, დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფექტური ბრძოლა გამოუცხადოთ.
რა პრიორიტეტები გააჩნია ტყუპს?
"გულისგულში უნდა გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს" – სერ ართურ კონან დოილი.
ამბობენ, რომ ნებისმიერ ადამიანში ორი "მე" ცხოვრობს – ეგო და ალტერეგო, რომელთა შორისაც გამუდმებით მიდის ჭიდილი. სხვების არ ვიცი, მაგრამ ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შორის რომ ზემოთ ხსენებული გაორებული ბუნება ნათლადაა სახეზე, ეს უდავო ფაქტია. ოღონდ ამ შემთხვევაში განსხვავება იმაში ვლინდება, რომ სხვა ადამიანებს თუ გაორება აშინებთ, ტყუპი პირიქით, ძალიანაც ერთობა და სხვებსაც ართობს ამ საკუთარი ორსახოვნებით.
ერთი შეხედვით, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ინდივიდი არასერიოზული, ფუქსავატი და ცვალებადი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა სიმსუბუქე, რომელიც მმართველი სტიქია ჰაერის გავლენით მიეცათ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, არასერიოზულობა კი არაა, ცხოვრებისეული საკითხებისადმი მარტივი ხედვის უნარს ეფუძნება. ამიტომაც ხდება, რომ იშვიათად ნახავთ ტყუპს ცუდ ხასიათზე. თუ მაინც შემოუტევს შავი ფიქრები, წამის მეასედში იცვლის განწყობას და მოკლე ხანში თქვენ წინაშე იგი ისევ ღიმილიანი და კომუნიკაბელური სახით წარდგება.
გაგრძელება