ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს გამოწურული ლიმონივით გრძნობთ.
ასეთი ადამიანები ე.წ. ენერგოვამპირები არიან, რომელთათვისაც აუცილებელია, სხვების ენერგიის ხარჯზე, საკუთარი ენერგოპოტენციალი როგორმე შეავსონ. მეთოდები სხვადასხვანაირია. ზოგი ამას გამუდმებული წუწუნით და თავის შეცოდებით ახერხებს, ზოგი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს გარშემო მყოფებთან და მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როცა მორიგ "დოპინგს" იღებს დაძაბული კამათის შემდეგ. მოდით, განვიხილოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ზოგადად, ენერგოვამპირებს ახასიათებთ და მათგან თავის დაცვის გზებზეც ვისაუბროთ.
პირველი ნიშანი, რომლითაც თქვენ ამგვარი ადამიანის ამოცნობა შეგიძლიათ, არის მისი გამუდმებული წუწუნი, ნევროზულობა. ენერგოვამპირი მუდმივად უკმაყოფილოა ცხოვრებით, არ შეუძლია სამსახურში საქმეზე კონცენტრირდეს; ურჩევნია, გამუდმებით ესაუბროს თანამშრომლებს და თავს მოახვიოს ჩივილები იმის შესახებ, თუ რამდენად აუტანელია მისი ყოფა და როგორ ოცნებობს, სხვა, უფრო უკეთეს ადგილას გადაბარგდეს.
გაითვალისწინეთ, ენერგოვამპირისთვის უმთავრესი გზა თქვენგან ენერგიის მისაღებად არის ის, რომ თქვენც ჩაგრთოთ თავის პრობლემებში, გაქციოთ მის გამზიარებლად, გაიძულოთ დაეხმაროთ, თანაუგრძნოთ, ყოველ ჯერზე აძლიოთ რჩევები და მასთან ერთად განიცადოთ მისი ყოფიერების აუტანლობა. სწორედ ასე ახერხებს იგი, თქვენგან ენერგეტიკით დაიმუხტოს და მომავალ "წუწუნის სეანსამდე" დაგემშვიდობოთ.
ასეთი ტიპის ენერგოვამპირებისგან, ძირითადად, ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენლები იტანჯებიან – თევზები, კირჩხიბები და მერწყულები. ეს იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ახასიათებთ სხვისი პრობლემებით დაინტერესება და ამასთან ერთად, ემოციური ველიც ძალზე ძლიერი აქვთ, რაც შესანიშნავი "საკვებია" ენერგოვამპირისთვის.
მეორე ტიპის ენერგოვამპირები ხასიათში გამოვლენილი რადიკალიზმით და განწყობის მუდმივი ცვლით გამოირჩევიან. ყავას ყოველთვის აკლია შაქარი, ტრანსპორტში ყოველთვის ორპირია, ოფისში ძალიან ცხელა ან პირიქით – ცივა... მოკლედ, არავინ ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე, პირიქით, მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა მომართული. გეცნობათ სიმპტომები? ე.ი. სადღაც შორიახლოს გყოლიათ ენერგოვამპირი. ამიტომ ფრთხილად. მეტსაც გეტყვით, მას საშინლად აღიზიანებს ვარდისფერი და ზოგადად, ვერ იტანს ქალურ, ნაზ ელემენტებს ჩაცმულობაში, იქნება ეს ბაფთები, ყვავილები, პეპლები ან ამ სიმბოლოებით გაწყობილი აქსესუარები. ნებისმიერი ასეთი დეტალი ვამპირში გაღიზიანებას იწვევს და იგი აუცილებლად შეეცდება, დასცინოს მათ მფლობელს საიმისოდ, რომ მისი ემოციების ხარჯზე (წყენა, ბრაზი) მორიგი ენერგეტიკული "ულუფა" მიიღოს საკუთარ ანგარიშზე.
მესამე ტიპის ენერგოვამპირი, ძირითადად, ვერბალური გზით "პარაზიტობს". მისი მთავარი "კოზირი" სიტყვებით თამაშია. თუკი ადამიანი გამუდმებით ცდილობს, შეგისწოროთ საუბრის მანერა, ჩასაფრებულია, როგორმე ტავტოლოგია აღმოაჩინოს თქვენ მიერ წარმოთქმულ ფრაზებში ან უბრალოდ, გაკრიტიკებთ რბილი "ლასის" ან ვითომდა კუთხური დიალექტიკის გაჟღერების გამო, იცოდეთ, რომ იგი ამ გზით საკუთარი ენერგობალანსის შევსებას ცდილობს და ნაკლებად აინტერესებს ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხი. ასეთი ადამიანები ხან სფინქსივით მდუმარე სახით სხედან საათობით, ხანაც მრავალსაათიანი მონოლოგის სურვილი წამოუვლით; თან ყოველთვის აკვირდებიან, უსმენს თუ არა პუბლიკა მათ ყურადღებით, იმიტომ, რომ ასე გაცილებით მეტ ენერგიას იღებენ ისინი გარშემო მყოფებისგან.
ამ ტიპის ვამპირები, ძირითადად, ტყუპებს, მშვილდოსნებს, ლომებს და ქალწულებს ემტერებიან. იმიტომ, რომ ზემოჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ პოლემიკაში ჩაბმა და თავი შესანიშნავ ორატორებად მიაჩნიათ. ენერგოვამპირი კი ზუსტად მათი ამ თვისებით "იპურებს" თავს.