ამბობენ, "ფეისბუქმა" ურთიერთობები ვირტუალურ სივრცეში გადაიყვანა და ადამიანური კომუნიკაციის შემცირების მიზეზი გახდაო.
მთლად ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ შავით თეთრზე დაწერილივით ცხადია, ლურჯ ფონზე თეთრად აღმართული F-ს ჩვენს ცხოვრებას ვუნაწილებთ.
ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა შეყვარებულთან ერთად მყუდრო, მშვიდ გარემოში ატარებ დროს და მარტო იმაზე ფიქრობ, როდის გამოჩნდება მომენტი, მობილური ამოიღო და "დაჩექინდე", პარტნიორისთვის არცთუ ისე სასიამოვნო უნდა იყოს, თუმცა ჩხუბის მიზეზად არ ღირს.
კონფლიქტი შეიძლება მაშინ დაიწყოს, როცა შეამჩნევთ, რომ თქვენი შეყვარებული თქვენს ფოტოებს გვერდს უვლის და სხვებს ალაიქებს ან აკომენტარებს. კამათი არც მაშინაა გამორიცხული, თუკი სარეცელს მეორე ნახევრის გარდა, "ფეისბუქთანაც" იყოფთ. ძილის წინ ბოლოჯერ სოცქსელის ჩასქროლვის გარეშე ბევრი ხომ თვალს ვეღარ ხუჭავს. დავის საგანი შეიძლება ერთი უბრალო "თაგიც" გახდეს, სადაც ვიღაც გოგონასთვის გადახვეული შეყვარებულის ხელი ურთიერთობის მკვლელობის იარაღად გეჩვენება. ეჭვიანობის მიზეზი ყოფილთან ჯერ კიდევ წაუშლელი ფოტოებიც ხდება.
ჰოდა, "ფეისბუქს" მსხვერპლად ჩვენი ურთიერთობები რომ არ შევწიროთ, სჯობს ნაკლები დრო გავატაროთ მასთან და მეტი - შეყვარებულთან.
მარიამ ელიაშვილი
რატომ არ უნდა გააკეთოთ ონლაინ-ტესტები, რომლებიც "ფეისბუქით" ავტორიზაციას მოითხოვს