პირველი სამი თვე ლოვუდში საუკუნედ მეჩვენა. უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ოქროს ხანა არ იყო;
მიწევდა დამქანცველი ბრძოლა ათასგვარ სიძნელესთან; უნდა შევგუებოდი ახალ წესებსა და ჩემთვის არასასურველ გაკვეთილებს. იმის შიში, რომ თავს ვერ გავართმევდი ამ საქმეს, უფრო მეტად მაშინებდა, ვიდრე ჩემი უბედობით გამოწვეული ცხოვრების სიდუხჭირე.
თუმცა ამისი ატანაც ძნელი იყო. მთელი იანვარი, თებერვალი და მარტის პირველი ნახევარი ისე მიიწურა, რომ სასეირნოდ ბაღის კედლების გარეთაც კი ვერ გამოვდიოდით. იმ ზამთარს დიდი თოვლი დადო. მერე კი თოვლის დნობამ შეგვიშალა ხელი; მისგან ატალახებული გზა თითქმის გაუვალი გახდა. მხოლოდ ეკლესიაში ვახერხებდით სიარულს. ასეთ ხელის შემშლელ პირობებშიც კი ყოველდღე ერთი საათი მაინც უნდა გაგვეტარებინა სუფთა ჰაერზე. ღარიბული ტანსაცმელი ვერ გვიფარავდა მკაცრი სიცივისგან. მაღალყელიანი ფეხსაცმელი არ გვქონდა, ხოლო რაც გვეცვა, მათში თოვლი ადვილად ჩადიოდა და შიგვე დნებოდა. უხელთათმანოდ ხელები გვაზრებოდა და ხელ-ფეხი გვეყინებოდა. კარგად მახსოვს, როგორ ვიყავი ამის გამო შეწუხებული ყოველ საღამოს, როგორ ვიტანჯებოდი, როდესაც გასივებულ, მთლად დასისხლიანებულ ფეხებზე დილით ისევ უნდა ჩამეცვა ფეხსაცმელი. საკვების სიმცირეც სულს გვიხუთავდა. როგორც მოზარდებს, მუდამ კარგი მადა გვქონდა; ხოლო ის, რასაც ჩვენ ვიღებდით, მისუსტებულ ავადმყოფსაც კი ძლივს ეყოფოდა. საკვების ასეთი ნაკლებობა მძიმე ხვედრად ყველაზე პატარა აღსაზრდელებს გვაწვა. როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, ეს დამშეული მოზრდილი გოგონები ართმევდნენ პატარებს საჭმელს ხან მოფერებით და ხანაც მუქარით. რამდენჯერ გამინაწილებია ორი მოზრდილი მშიერი გოგონასთვის სანატრელად ქცეული შავი პურის ნაჭერი, რომელსაც ჩაისთან ერთად ვიღებდით, მესამისთვის კი დამითმია რამდენიმე ყლუპი ყავა. იმ მცირეოდენს კი, რაც ფინჯანში მრჩებოდა, შიმშილით გამოწვეული მალული ცრემლის ღვრით ვსვამდი.
იმ ზამთარს ყველაზე მოსაწყენი კვირა დღეები იყო. ფეხით უნდა გაგვევლო ორი მილი ბროკლბრიჯის ეკლესიამდე, სადაც ჩვენი პატრონი წირავდა. გარეთ გასვლამდე სიცივე უკვე ძვალ-რბილში გვქონდა გამჯდარი; ეკლესიაში უფრო და უფრო ვიყინებოდით და, ვიდრე დილის წირვა დამთავრდებოდა, სიცივისგან ვცახცახებდით. სადილობამდე დიდი დრო რჩებოდა; უკან აღარ ვბრუნდებოდით, ამიტომ წირვებს შორის ვიღებდით ცივად მოხარშულ ხორცსა და პურს ისეთივე მცირეს, როგორც ყოველი ჭამის დროს.
ნაშუადღევის წირვის შემდეგ სახლში ფართო გზით მოვეშურებოდით. გზადაგზა უამრავი პატარ-პატარა ბორცვი გვხვდებოდა. ჩრდილოეთის თოვლიანი მწვერვალებიდან მონაბერი ზამთრის სუსხიანი ქარი სიცივით სახეებს გვიწვავდა.
მაგონდება, როგორ მსუბუქად და სწრაფად მოაბიჯებდა ამ დროს მის ტემპლი ამ თავჩაქინდრული ბავშვების მწკრივებს შორის თავისი შოტლანდიური წამოსასხამით, რომლის კალთებსაც სუსხიანი ქარი ხან განზე უფრიალებდა და ხან მჭიდროდ ახვევდა გარს. ის გვამხნევებდა, მაგალითს გვიჩვენებდა, რომ სულით არ დავცემულიყავით და მუდამ "მამაცი ჯარისკაცებივით~ წინ გვევლო, როგორც მას უყვარდა თქმა. დანარჩენი მასწავლებლები კი, საბრალონი, თვითონ იმდენად ნაწამებნი ჩანდნენ, რომ თავი აღარ ჰქონდათ, ჩვენ გავემხნევებინეთ.
ოჰ, როგორ ვნატრობდით მოგიზგიზე ბუხრის სინათლესა და სითბოს უკან დაბრუნებისას. მაგრამ პატარებისთვის ეს მიუღწეველი იყო. სასკოლო ოთახში ბუხარს მაშინვე ორ მწკრივად მოზრდილი გოგონები შემოუსხდებოდნენ ხოლმე, მათ უკან პატარები ჩაიცუცქებოდნენ და საცოდავად ეკვროდნენ ერთმანეთს, გათოშილ ხელებს კი წინსაფრის კალთებში მალავდნენ.
ასეთ დროს ჩვენს ნუგეშს ჩაი წარმოადგენდა; ამ დროს პური ორმაგად გვეძლეოდა, ე.ი. მთელი ნაჭერი ნახევრის ნაცვლად, თან ცოტაოდენ კარაქსაც გამოიმეტებდნენ ხოლმე, ეს იყო ყოველკვირეული გამასპინძლება, რომელზეც ვოცნებობდით კვირიდან კვირამდე. ჩვეულებრივ, მე ვახერხებდი ამ გულუხვად გაცემული ვახშმის ნახევარი ჩემთვის დამეტოვებინა, დანარჩენი კი, იძულებული ვიყავი, გამენაწილებინა.
კვირა საღამოს ვატარებდით წმინდა მათეს V, VI, VII თავებისა და საეკლესიო კატეხიზმოს ზეპირობასა და გამეორებაში. მერე კი ვისმენდით გრძელ ქადაგებას, რომელსაც მის მილერი გვიკითხავდა. ის გაუთავებლად ამთქნარებდა და დაღლილობას ვერ მალავდა. ლოცვების კითხვის დროს შესვენება მეტად ხშირად გვიწევდა, რადგან პატარებს ძილი ერეოდათ; ისინი მესამე-მეოთხე რიგებში თავიანთი სკამებიდან ძირს ცვიოდნენ და, ნახევრად ცოცხალ-მკვდრებს, ძლივს წამოაყენებდნენ ხოლმე ფეხზე. გამოსაფხიზლებელი წამალი კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ მათ ხელის კვრით წინ, საკლასო ოთახის შუაგულისკენ უბიძგებდნენ და აიძულებდნენ, ფეხზე მდგომთ, ბოლომდე მოესმინათ ქადაგება. ხანდახან იქაც ეკეცებოდათ მუხლები და, უღონონი, ძირს, იატაკზე ზედიზედ ცვიოდნენ. რომ არ წაქცეულიყვნენ, ჯგუფხელები მაღალზურგიან სკამებს შეუყენებდნენ-ხოლმე.
აქამდე გადაკრული სიტყვითაც კი არ მიხსენებია, გვინახულებდა ხოლმე თუ არა მისტერ ბროკლეჰერსტი ლოვუდში. ეს ჯენტლმენი ჩემი ჩამოსვლის პირველ ხანებში, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, წასული გახლდათ. ვფიქრობ, ის ისევ სტუმრად იყო თავის მეგობარ ქორეპისკოპოსთან. მისი იქ არყოფნა დიდ შვებას მგვრიდა. საჭირო არ არის, მოვიხსენიო ის მიზეზები, რომელთა გამოც ასე ძლიერ მეშინოდა მისი მოსვლისა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის დღეც დადგა, როდესაც ის ლოვუდში ვიხილე.
ერთხელ, ნაშუადღევს (უკვე სამი კვირის მისული ვიქნებოდი ლოვუდში), ასპიდის დაფით ხელში, ღრმად ჩაფიქრებული ვიჯექი და რაღაც თავსატეხ მაგალითს ვიყვანდი მრავალნიშნა ციფრების გაყოფაზე. თავი ავწიე, ფანჯარაში გავიხედე და, ჯერ კიდევ ფიქრებში გართულმა, თვალი მოვკარი, რომ ფანჯრის წინ ვიღაცამ ჩაიარა. მაშინვე, ჩემდა უნებურად, ვიცანი მისი გამხდარი ლანდი. ორი წუთის შემდეგ, როდესაც მთელი სკოლა, მასწავლებლების ჩათვლით, ფეხზე ადგომით, როგორც ერთი კაცი, ისე მიესალმა მას, საჭირო აღარ იყო თვალით მეძებნა და გამომერკვია, თუ ვის ესალმებოდნენ ესოდენ დიდი პატივისცემით. მან დიდი ნაბიჯებით გაიარა საკლასო ოთახი და უცებ მის ტემპლის გვერდით, რომელიც აგრეთვე ფეხზე წამომდგარიყო, აისვეტა. დავინახე იგივე შავი ბოძი, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ გეიტსჰედში, ბუხრის წინ, ხალიჩაზე იდგა და შუბლშეკრული, პირქუში გამომეტყველებით მათვალიერებდა. ახლა მე ცალი თვალით ვუმზერდი `არქიტექტურის ამ უნაკლო შედევრს~. დიახ, არ შევმცდარვარ. ეს მისტერ ბროკლეჰერსტი იყო. ღილებით ბოლომდე შეკრული პალტო კიდევ უფრო გამხდარსა და მაღალს აჩენდა და თითქოს მის სახეს სიმკაცრეს მატებდა.
მე ჩემი მიზეზი მქონდა, რომ მისი გამოჩენისთანავე თავზარი დამცემოდა. ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორი დაუნდობელი გადაკრული სიტყვებით დამახასიათა მისის რიდმა მის წინაშე. ისიც მახსოვდა, როგორ აღუთქვა საზეიმოდ მისტერ ბროკლეჰერსტმა, რომ წინასწარ შეატყობინებდა მის ტემპლსა და სხვა მასწავლებლებს ჩემს უზნეობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში შიშით ვძრწოდი, რომ ერთხელაც ის თავის დანაპირებს შეასრულებდა. ყოველ ცისმარე დღე ველოდებოდი ამ ადამიანს, რომლის მონაყოლიც გაამხელდა ჩემს წარსულ ცხოვრებას და სამუდამოდ საძაგელი ბავშვის სახელით მომნათლავდა. და, აი, ახლა ეს ადამიანი აქ იყო. ის მის ტემპლის გვერდით იდგა და ჩუმად ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის ახლა ჩემს ცუდ საქციელს ააშკარავებდა მის წინაშე. ამიტომაც აუტანელი მწუხარებითა და მღელვარებით შევყურებდი მის ტემპლს და ყოველ წუთს ველოდი, რომ მისი შავი თვალები სიძულვილითა და ზიზღით შემომხედავდნენ. თან ვუსმენდი კიდეც. რადგანაც ისე მოხდა, რომ მათთან ახლოს ვიჯექი, კარგად მესმოდა, რაზედაც ლაპარაკობდნენ. საუბრის შინაარსმა სულიერი სიმშვიდე დამიბრუნა.
- იმედი მაქვს, მის ტემპლ, ძაფი, რომელიც ლოუტონში შევიძინე, გამოდგება. იმასაც ვფიქრობ, ამავე ძაფით შეიძლება ქალის მიტკლის პერანგებიც შეკერონ. სათანადო ნემსებიც შევარჩიე. გადაეცით მის სმითს, რომ სიაში გამომრჩა სარუფიო ნემსები, მაგრამ მომავალ კვირას რამდენიმე შეკვრას გამოუგზავნიან. თუმცა არავითარ შემთხვევაში თითო აღსაზრდელზე თითო ნემსის მეტი არ უნდა გაიცეს. მეტი რომ ექნებათ, დაუდევრობას გამოიჩენენ და დაკარგავენ. კიდევ ერთი, მის, მინდა, რომ მაღალყელიან, შალის წინდებს ძალიან გაუფრთხილდნენ. როდესაც ბოლო დროს აქ ვიყავი, სამზარეულოს ეზოში შევედი და თოკზე გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი დავათვალიერე. უამრავი შავი, მაღალყელიანი წინდა მეტად სავალალო მდგომარეობაში ვნახე - ამოუკემსავი და მოუვლელი. ზოგიერთი იმდენად გაუფრთხილებლადაა ნახმარი, რომ ადგილ-ადგილ გამოგლეჯილია. ეს კი მარწმუნებს, რომ დროზე არ კემსავენ მათ.
ის შეჩერდა.
- თქვენი მითითებანი შესრულებული იქნება, სერ, - უპასუხა მის ტემპლმა.
- კიდევ, აი, რა მსურს, მის, - განაგრძო მან, - მრეცხავმა ქალმა მითხრა, რომ რამდენიმე გოგონას კვირაში ორჯერ კაბებზე მარმაშიანი საყელო გამოუცვლია. ეს მეტისმეტია. მათ უფლება აქვთ, კვირაში ერთხელ გამოიცვალონ.
- ამის მიზეზს ახლავე მოგახსენებთ, სერ. აგნესა და კატერინა ჯონსტონები მეგობრებმა გასულ ხუთშაბათს ჩაიზე მიიპატიჟეს ლოუტონში. მეც ამ შემთხვევის გამო ნება დავრთე, გამოეცვალათ საყელოები.
მისტერ ბროკლეჰერსტმა თავი დაუქნია.
- კეთილი. ამ ერთხელ არა უშავს რა. მაგრამ, თუ შეიძლება, ასეთი შემთხვევები ხშირად ნუ მოხდება. მე სხვა რამ უფრო მაოცებს. ეკონომი ანგარიშს მაბარებდა და შევიტყვე, რომ ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გაცემულა მეორე საუზმე; ყველი და პური დაგირიგებიათ ბავშვებისთვის. როგორ მოხდა ეს? ერთხელ კიდევ გადავხედე შინაგანაწესს და არსად არის ნახსენები მეორე საუზმე. ვის მოუვიდა აზრად ასეთი სიახლე? ან ვისი პასუხისმგებლობით გაიცა ის?
- ამ შემთხვევის გამო პასუხს მე ვაგებ, სერ, - უპასუხა მის ტემპლმა. - საუზმე ისე ცუდად იყო მომზადებული, რომ ვერც ერთმა ბავშვმა პირი ვერ დააკარა. სადილობამდე ბავშვები მშივრები ვერ დავტოვე.
- ქალბატონო, ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ. ვგონებ, კარგად იცით ჩემი მიზანი. მე მსურს ეს გოგონები ისე აღვზარდო, რომ არ შევაჩვიო ფუფუნებასა და მათი ყოველი სურვილის დაკმაყოფილებას. უნდა მიეჩვიონ მოთმინებას; უნდა შეძლონ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა. განა ასეთი პატარა შემთხვევების და უსიამოვნების ატანა ვერ უნდა შეძლონ ცხოვრებაში, როგორიცაა, მაგალითად, უგემური საუზმე, საჭმელში მეტი ან ნაკლები მარილი? ჩვენ მაშინვე არ უნდა შევუცვალოთ ის უკეთესით. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ხორციელ ტკბობას და აღარ ვზრუნავთ სულზე. ამრიგად, ამ სასწავლებლის მთავარ მიზანსაც ვამახინჯებთ. სწორედ ასეთი შემთხვევები იძლევა საშუალებას, სულიერი სიმტკიცე გამოვიმუშაოთ აღსაზრდელებში, გავაძლიეროთ და გამოვამჟღავნოთ მათი ამტანობა, მამაცურად დავაძლევინოთ ამქვეყნიური გასაჭირი. აი, ასეთ დროს საჭიროა, ვუთხრათ ბავშვებს რამდენიმე სიტყვა. გონიერი აღმზრდელი ისარგებლებდა ამ შემთხვევით და მოაგონებდა პირველწამებული ქრისტიანების ამბავს; ესაუბრებოდა იმ რჩევა-დარიგებაზე, რომელსაც დალოცვილი ღმერთი იესო ქრისტე უქადაგებდა თავის მიმდევრებს, აეღოთ ჯვარი და გაჰყოლოდნენ მის მცნებას. ქრისტეს მითითებაა, რომ ადამიანი საზრდოობს არა მარტო პურით, არამედ თვით ღმერთის ღვთიური ქადაგებით. ის კი ამბობს: თუ შენ იტანჯები შიმშილითა და წყურვილით ჩემ გამო, ნეტარ ხარო. ოჰ, ქალბატონო! როდესაც თქვენ დამწვარი ფაფის ნაცვლად მათ პურსა და ყველს აძლევდით, შესაძლოა, მართლაც გამოკვებეთ მათი ცოდვილი სხეული, მაგრამ სრულებით არ ფიქრობდით იმაზე, თუ რა საშინელ შიმშილს უმზადებდით მათ უკვდავ სულებს.
მისტერ ბროკლეჰერსტი კვლავ შეჩერდა. შესაძლებელია, მოიხიბლა თავისი სულიერი განცდებითა და მჭევრმეტყველებით. საუბრის დასაწყისში მის ტემპლი თვალდახრილი უსმენდა, მაგრამ შემდეგ თავი ასწია და პირდაპირ შეხედა. მისი ისედაც ფერმკრთალი სახე მარმარილოსავით გაქვავდა და ცივი გამომეტყველება მიიღო. პირი ისე ჰქონდა მოკუმული, მოქანდაკის საჭრეთელი თუ გაუხსნიდა. მისი შეჭმუხნილი შუბლი მრისხანებას გამოხატავდა.
ამ დროს კი უკან შემოწყობილი ხელებით მისტერ ბროკლეჰერსტი ბუხრის წინ იდგა და მედიდური გამომეტყველებით აღსაზრდელებს ათვალიერებდა. უცებ თვალები აახამხამა, თითქოს დაინახა ისეთი რამ, რამაც საშინლად გააოცა. შემდეგ მობრუნდა და უჩვეულოდ სწრაფად თქვა:
- მის ტემპლ, მის ტემპლ, რა არის ეს? ვინ არის ეს თმახუჭუჭა გოგო? ქერა თმა და თანაც ხვეული, მთლად ხვეული?
მერე თავისი ლერწმის ჯოხი ასწია და გაიშვირა ყველაზე `საშინელი არსებისკენ~. მაღლა აწეული ხელი მღელვარებისგან უცახცახებდა.
- ეს ჯულია სევერნია, - უპასუხა მის ტემპლმა სრულიად მშვიდად.
- და მერე რატომ აძლევთ ან მას, ან რომელიმე აღსაზრდელს თმის დახვევის ნებას? როგორ? ჩვენი ყოველი წესის ასე აშკარა უგულებელყოფა? როგორ ბედავს ასეთ წინააღმდეგობას და ისიც აქ, ამ საქველმოქმედო, ღვთისმოსავთა სასწავლებელში. ხედავთ, როგორი ხუჭუჭა თმა აქვს?
- ჯულიას თმა ბუნებრივად ეხვევა, - კიდევ უფრო მშვიდად უპასუხა მის ტემპლმა.
- ბუნებრივად! მაგრამ ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ბუნებას; მე მსურს, რომ ეს ბავშვები კეთილი მიდრეკილების მქონე ადამიანებად აღიზარდონ. მაშ, აბა, რა საჭიროა ასეთი კულულები? მე მოვითხოვდი და კვლავ მოვითხოვ, რომ მათ თმა უკან ჰქონდეთ გადავარცხნილი, სადად. ამ გოგონას თმა მთლად გადაუღეთ, მის ტემპლ. ხვალვე გამოგიგზავნით დალაქს. ვამჩნევ, აგრეთვე, რომ ზოგიერთს თმა ძალიან გაზრდია. აი, მაგალითად, იმ მაღალ გოგონას. უბრძანეთ, მიბრუნდეს. გაეცით განკარგულება, პირველი ჯგუფის ყველა მოსწავლე ადგეს და პირით კედლისკენ მიბრუნდეს.
მის ტემპლმა ცხვირსახოცი მიიფარა ტუჩებზე, რათა დაემალა უნებური ღიმილი, რომელმაც სახეზე გადაურბინა, და ბრძანება ისე გასცა. როგორც კი პირველი ჯგუფის ბავშვებმა გაიგეს, რას მოითხოვდნენ მათგან, მაშინვე დაემორჩილნენ. სკამიდან ოდნავ გადავიხარე და კარგად შევნიშნე, სახის როგორი მანჭვითა და გამომეტყველებით შეასრულეს ეს ბრძანება. სამწუხაროდ, თვით მისტერ ბროკლეჰერსტს არ შეეძლო ამის დანახვა. იქნებ მაშინ მაინც ეგრძნო, რომ, როგორც უნდა შეეცვალა ამ ბავშვების გარეგნობა, მათი შინაგანი სულიერი სამყარო მისთვის მაინც მიუწვდომელი რჩებოდა.
ხუთი წუთის განმავლობაში ის დაკვირვებით ათვალიერებდა ამ ცოცხალი საგნების გარეგნობას და შემდეგ წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც საბედისწერო ზარის რეკვასავით გაისმა.
- კიკინები ყველამ უნდა მოიჭრას.
მის ტემპლს უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე.
- ქალბატონო, მე მყავს ზეციური მეუფე, რომელსაც ვემსახურები და რომლის სამეფოც ამქვეყნად არ გახლავთ. ჩემი მისია კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩავახშო ამ გოგონებში მათი ხორციელი სურვილები, ვასწავლო მათ მოკრძალება, თავდაჭერა და არა დაწნული თმისა და ძვირფასი სამოსის სიყვარული. თითქმის ყველა მათგანს ნაწნავები აქვს. ეს თავისთავად წარმოშობს მათში პატივმოყვარეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თმა ყველამ უნდა შეიჭრას. აბა, იფიქრეთ, რამდენი დრო იხარჯება მის...
აქ მისტერ ბროკლეჰერსტს საუბარი შეაწყვეტინეს. ოთახში სამი უცხო სტუმარი ქალი შემოვიდა. კარგი იქნებოდა, ცოტა უფრო ადრე მოსულიყვნენ და მისი ქადაგება მოესმინათ ჩაცმულობაზე. სამივე მდიდრულად იყო მორთული ხავერდით, აბრეშუმითა და ბეწვეულით. მათგან ორს, ახალგაზრდა, ასე თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის მშვენიერ გოგონას, თავზე სირაქლემის ფრთებით მორთული, წავის ბეწვის მოდური რუხი ქუდები ეხურა. ეს ძვირფასი ქუდები მთლიანად ვერ ფარავდა საგულდაგულოდ დახვეულ კულულებს. უფროსი მანდილოსანი კი ძვირფასი ყარყუმის ბეწვით გაწყობილ ხავერდის წამოსასხამში გახვეულიყო. შუბლზე უხვად ეყარა ფრანგულ ყაიდაზე დახვეული კულულები.
სამივე სტუმარი, მისის ბროკლეჰერსტი და მისი ქალიშვილები, მის ტემპლმა დიდი მოკრძალებით მიიღო და შემდეგ ოთახის თავში მოწყობილი, საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილებისკენ გაუძღვა. როგორც ჩანს, ისინი დიდად პატივცემულ მისტერ ბროკლეჰერსტთან ერთად მოვიდნენ. ვიდრე ეს უკანასკნელი საქმეებს აგვარებდა ეკონომთან, დაწვრილებით ეკითხებოდა ყველაფერს და რჩევა-დარიგებებს აძლევდა სასწავლებლის ზედამხედველს, ისინი ამოწმებდნენ ყველა ოთახს ზედა სართულზე და ახლა მის სმითი, რომელსაც დავალებული ჰქონდა თვალყური ედევნებინა თეთრეულისა და საძინებელი ოთახებისთვის, მრავალნაირ შენიშვნასა და საყვედურს ისმენდა მათგან. მაგრამ მე უკვე აღარ მქონდა დრო, მომესმინა მათი საუბარი. ჩემი ყურადღება სხვა ამბავმა მიიპყრო.
მისტერ ბროკლეჰერსტისა და მის ტემპლის საუბრის განმავლობაში, ყოველ ღონეს ვხმარობდი, ფრთხილად მოვქცეულიყავი და თვალში არ მოვხვედროდი მისტერ ბროკლეჰერსტს. უკანა მერხზე ვიჯექი და თავს ისე ვიჭერდი, თითქოს ჩემი ამოცანის ამოხსნით ვიყავი გართული. დაფა ისე მეჭირა, რომ სახე მთლიანად დაეფარა. ალბათ, გადავრჩებოდი კიდეც, დაფას რომ არ ემტყუნა ჩემთვის. ის უცებ ხელიდან გამივარდა და უცნაური ტკაცანი მოიღო იატაკზე, ყველამ ჩემკენ მოიხედა. მივხვდი, რომ ყველაფერი გათავდა. დაფა ორად გატყდა. როცა მის ასაღებად დავიხარე, ძალ-ღონე მოვიკრიბე და უარესისთვის მოვემზადე. მანაც არ დაიგვიანა.
- რა დაუდევარი გოგოა! - თქვა მისტერ ბროკლეჰერსტმა და მყისვე დაუმატა: - ეს ხომ ახალი მოსწავლეა, ვიცანი. - სანამ მე სულს მოვითქვამდი, მან განაგრძო: - არ დამავიწყდეს, რამდენიმე სიტყვა უნდა გითხრათ ამ ბავშვზე, - შემდეგ ხმამაღლა დაუმატა. ოჰ, როგორ ხმამაღლა ლაპარაკობდა! - წინ წამოდგეს გოგონა, რომელმაც ახლა დაფა გატეხა.
დამბლადაცემულივით ვიჯექი. ძალა არ მეყო, რომ გავნძრეულიყავი. მაგრამ ორმა ჩემ გვერდით მჯდომმა გოგონამ ფეხზე წამომაყენა და მიბიძგა წინ, მკაცრი მსაჯულებისკენ. მის ტემპლმა ნაზად მომკიდა ხელი, მიმიყვანა მასთან და თან ჩუმად, გამამხნევებლად ჩამჩურჩულა:
- ნუ გეშინია, ჯეინ, არ დაგსჯიან, მე ხომ დავინახე, რომ შემთხვევით გაგიტყდა.
ამ ალერსიანმა ხმამ ხანჯალივით გამიარა გულში.
- `კიდევ ერთი წუთი და ის შემიძულებს, გაიგებს, რომ მატყუარა ვარ~, - გავიფიქრე თუ არა ეს, რიდების, ბროკლეჰერსტებისა და სხვა მათი მსგავსი ადამიანების მიმართ საშინელმა სიბრაზემ შემიპყრო. მსჯავრის დადების მოლოდინში გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მე ხომ ელენ ბერნსი არ ვიყავი.
- მოიტანეთ ის სკამი, - ბრძანა მისტერ ბროკლეჰერსტმა და მიუთითა ძალიან მაღალ სკამზე, რომლიდანაც ის იყო ერთი ჯგუფხელი წამოდგა. სკამი მოიტანეს.
- ბავშვი სკამზე დააყენეთ.
ასეც მოიქცნენ. მაგრამ ვინ ამიყვანა, არ მახსოვს. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერი მესმოდა. მხოლოდ ის მახსოვს, ისე მაღლა ვიდექი, რომ მისტერ ბროკლეჰერსტის ცხვირის პირდაპირ აღმოვჩნდი. ის ჩემგან ერთი იარდით იყო დაშორებული. დაბლა კი ათასფრად ელავდა ნარინჯისა და მეწამული ფერის წამოსასხამები; ვერცხლისფრად ბრწყინავდა ქუდის მოსართავი ფრთებიც.
მისტერ ბროკლეჰერსტმა ჩაახველა და განაგრძო.
- ქალბატონებო, - მიუბრუნდა თავისი ოჯახის წევრებს, - მის ტემპლ, მასწავლებლებო და ბავშვებო, თქვენ, ყველა ხედავთ ამ გოგონას?
რასაკვირველია, მხედავდნენ, რადგანაც მათი თვალები ჩემკენ იყო მოპყრობილი და გავარვარებული მინის მსგავსად სირცხვილისგან ისედაც ალეწილ სახის კანს მიწვავდნენ.
- თქვენ ხედავთ, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა და, როგორც ამჩნევთ, ჩვეულებრივი ბავშვისგან არაფრით განსხვავდება. ღმერთმა მოწყალება მოიღო და ისევე, როგორც ყოველ ჩვენგანს, მასაც ადამიანის ფორმა მისცა. მის გარეგნობაში არავითარი სიმახინჯე არ შეიმჩნევა. ვინ იფიქრებს, რომ ეშმაკმა ამ ბავშვში თავისი მსახური და თანამოაზრე პოვა? თუმცა ვწუხვარ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ასეა.
ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ამ ხნის განმავლობაში კანკალმა გამიარა და სიმტკიცე დამიბრუნდა. მსჯავრს თავს ვერ ავარიდებდი და ყველაფერი მამაცურად უნდა გადამეტანა.
- ჩემო ძვირფასო ბავშვებო, - პათოსით განაგრძო შავი მარმარილოს სვეტივით აღმართულმა მოძღვარმა, - ეს მეტად სამწუხარო, სავალალო შემთხვევაა. ჩემი მოვალეობაა გაგაფრთხილოთ, რომ ეს გოგონა, რომელიც ღვთის მორჩილი კრავი უნდა ყოფილიყო, თავისი საქციელით აუტანელია; ამ უცოდველი კრავების ფარაში მას წევრად ვერ მივიღებთ. ცხადია, ის უცხოა; შემთხვევით გამოერია თქვენში, უნდა უფრთხილდეთ და არასოდეს მიჰბაძოთ მას. თუ საჭირო იქნება, მოერიდოთ და არ მიიკაროთ თამაშის დროს. ერიდეთ მასთან საუბარს. მასწავლებლებო! თქვენ კი თვალყური ადევნეთ, ყურადღება მიაქციეთ მის ყოველ ნაბიჯს, კარგად აწონ-დაწონეთ მისი სიტყვები, დააკვირდით მის საქციელს და დასაჯეთ კიდეც, რათა იხსნათ მისი სული, თუკი ასეთი გზით მისი ხსნა შეიძლება. რაც შემეხება მე, უნდა გითხრათ (ენაც კი არ მემორჩილება ამის სათქმელად), რომ ეს გოგო, ეს ბავშვი, ჩვენი ქრისტიანული სამყაროს მკვიდრი, უარესია ყველა იმ წარმართზე, რომელიც წარმართთა ღმერთს, ბრამას, ლოცულობს და მუხლს იდრეკს ჯაგერმაუტის კერპის წინაშე. აი, ამ გოგონაზე მოგახსენებთ. ის მატყუარაა.
მთელი ათი წუთი ხმა არავის ამოუღია. ამ დროის განმავლობაში მხნეობა მოვიკრიბე, შევნიშნე, ბროკლეჰერსტების ოჯახის სამივე წარმომადგენელმა ქალმა როგორ ამოიღო ცხვირსახოცები და თვალებზე მიიფარა. მისის ბროკლეჰერსტი თავს აქეთ-იქით აქნევდა. მისი ორი ქალიშვილი კი ჩურჩულით იმეორებდა: "საშინელებაა"!
მისტერ ბროკლეჰერსტი განაგრძობდა.
- ეს ყველაფერი მე შევიტყვე მისი კეთილისმყოფლისგან, იმ ღვთისნიერი და გულმოწყალე ქალბატონისგან, რომელმაც იშვილა ეს ბავშვი, როდესაც დაობლდა, და უვლიდა ისე, როგორც საკუთარ შვილს. ასეთ სიკეთესა და დიდსულოვნებაზე ამ უბედურმა ბავშვმა ისეთი საშინელი და წარმოუდგენელი უმადურობით უპასუხა, რომ ეს შესანიშნავი მფარველი იძულებული გახდა ჩამოეშორებინა ის საკუთარი შვილებისთვის იმის შიშით, რომ მის მანკიერ თვისებებს გავლენა არ მოეხდინა მათ სიწმინდეზე. მან ის აქ, ჩვენთან, გამოგზავნა გამოსასწორებლად, ისევე, როგორც ძველად ებრაელები თავიანთ ავადმყოფებს გზავნიდნენ ხოლმე ბეთსაიდის ტბაზე განსაკურნავად. მასწავლებლებო, და თქვენც, სასწავლებლის ზედამხედველო მის ტემპლ, თითოეულ თქვენგანს ვთხოვ, ნება არ მისცეთ მას, წყალი ააშმოროს და აგვიმღვრიოს.
ასეთი დიდებული დასკვნის შემდეგ მისტერ ბროკლეჰერსტმა პალტოს ერთი ზედა ღილიც შეიკრა და რაღაც გადაულაპარაკა თავისი ოჯახის წევრებს. ისინიც წამოდგნენ, თავი დაუკრეს მის ტემპლს და, აი, ამ კეთილშობილმა ხალხმა ოთახი დატოვა. ჩემი მსჯავრმდებელი კართან მობრუნდა და გამოაცხადა:
- ნახევარი საათი კიდევ იდგეს მაგ სკამზე და დღის ბოლომდე ხმა არავინ გასცეს.
მეც დამტოვეს ასე, მე, რომელმაც განვაცხადე, რომ ვერ გადავიტანდი იმ სირცხვილს, თუ ოთახის შუაგულში დამაყენებდნენ. ახლა ყველას დასანახავად ვიდექი ამ სამარცხვინო კვარცხლბეკზე და ვერც ერთი ენა ვერ გადმოგცემთ ჩემს მაშინდელ განცდებს. როცა ყველა წამოდგა, სული მეხუთებოდა, თითქოს ყელში ვიღაცამ ხელი წამიჭირა. ერთ-ერთმა გოგონამ გვერდით ჩამიარა და შემომხედა. ო, რა უცნაური შუქი გამოკრთოდა მისი თვალებიდან. ოჰ, რა არაჩვეულებრივი გრძნობა გამიღვიძა ამ შუქმა, როგორ გარდამქმნა ახალმა გრძნობამ, თითქოს რომელიმე გმირმა ან წამებულმა წმინდანმა ჩაუარა მონას ან სამსხვერპლოდ განწირულ ადამიანს და თავისი ძალის ნაწილი შთაბერა მას. ყელში მოწოლილი ქვითინი ჩავახშე, თავი მაღლა ავწიე და წელში გამართული ამაყად ვიდექი სკამზე. ელენ ბერნსი მის სმითს მიუახლოვდა და თავისი ხელსაქმის შესახებ რამდენიმე უმნიშვნელო კითხვა დაუსვა. ამ უადგილო შეკითხვის გამო მის სმითისგან შენიშვნა მიიღო; უკან გაბრუნდა, კვლავ ახლოს ჩამიარა და გამიღიმა. ღმერთო, რა ღიმილი იყო ეს! ახლაც თვალწინ მიდგას. მასში ჩანდა მისი შესანიშნავი გონებამახვილობა და შეუდრეკელი ნებისყოფა. ამ ღიმილმა გაანათა მისი გამხდარი სახის ნაკვთები, ჭროღა, ღრმად ჩაცვენილი თვალები, რომლებზეც თითქოსდა ღვთიური შუქი გადაჰფენოდა. ელენ ბერნსს მკლავზე ჯერ კიდევ ეკეთა სასჯელის ნიშანი, რომელზეც "უსუფთაო" ეწერა. ერთ საათსაც კი არ გაევლო, რაც მის სკეჩერდმა ის დასაჯა და დაჰპირდა, რომ სადილად მხოლოდ პურსა და წყალზე გადაატარებდა იმის გამო, რომ გადაწერის დროს მელნით დასვარა სავარჯიშო. აი, ასეთი არასრულყოფილია ადამიანის ბუნება. თვით ყველაზე სუფთა პლანეტასაც კი ატყვია რაღაც ლაქები. მის სკეჩერდის მსგავსი ადამიანების თვალი უმცირეს ნაკლოვანებასაც კი ამჩნევს და ბრმა არის, დაინახოს ციურ მნათობთა ბრწყინვალება.
თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი
იხილეთ წინა თავები