საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ისინი ინგლისიდან სადღაც ველურ ქვეყნებში, გაუვალ, უღრანსა და თითქმის დაუსახლებელ ტყეებსა და მიდამოებში გადასახლებულიყვნენ, სადაც დედამიწის უმეტესი ნაწილი ლილიპუტებსა და გოლიათებს დაეკავებინათ.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, საკუთარი თვალით ვნახავდი, ერთი მხრივ, პატარა მინდვრებს, სახლებს, ხეებს, თვით პაწაწინა ლილიპუტებს, მათსავე პაწაწინა ძროხებს, ცხვრებსა და ფრინველებს, ხოლო, მეორე მხრივ, შევხვდებოდი ტყესავით მაღალ ყანებს, უზარმაზარ ლომებს, ვეებერთელა კატებს და კოშკის სიმაღლე ქალებსა და კაცებს. ხელთ მქონდა ჩემი საყვარელი წიგნი, ვფურცლავდი და ვეძებდი ამ შესანიშნავ სურათებს. წინათ მათი პოვნა დიდად მახარებდა; ახლა კი ყოვლად უინტერესოდ და მომაბეზრებლად მეჩვენებოდა ისინი. გოლიათები უშველებელ ურჩხულებად ქცეულიყვნენ, ლილიპუტები - ბოროტ და საშინელ ეშმაკებად; გულივერი ამ საშიშ და ხიფათით სავსე მხარეში მარტოხელა მოხეტიალე მოგზაურად წარმომიდგა. წიგნი დავხურე. წაკითხვას ვერ ვბედავდი და ისიც ხელუხლებელი ნამცხვრის გვერდით დავდე.
ბესიმ მტვერი გადაწმინდა; ოთახის დალაგებას მორჩა; ხელები დაიბანა; აბრეშუმისა და ატლასის ნაკუწებით სავსე ერთ-ერთი პატარა უჯრა გამოაღო და ჯორჯიანას დედოფალასთვის ახალი ქუდის კერვა დაიწყო; თან ღიღინებდა:
მაშინ, როცა ბოშებივით ვწანწალებდით...
უამრავი წლის წინათ.
ეს სიმღერა წინათაც გამეგონა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. ბესის ტკბილი ხმა ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. თუმცა ხმა ახლაც ტკბილად ჟღერდა, მაგრამ ამ სიტკბომ მაინც ენითაღწერელი სევდა მაგრძნობინა. სამუშაოთი გართული, მისამღერს ზოგჯერ ძალიან დაბალი და გაბმული ხმით იმეორებდა. "უამრავი წლის წინათ" ჟღერდა, როგორც ყველაზე ნაღვლიანი ადგილი სამგლოვიარო ჰიმნში. შემდეგ მეორე სიმღერაც წამოიწყო, ამჯერად უფრო მწუხარებით სავსე:
ფეხებს ძალა დაელია და სხეული მეთენთება,
გზა ვრცელია, უსასრულო; მთა სავალად გრძელი
ხდება.
მალე წავა ეს დაისი, მალე ბინდი ჩამოწვება
და უმთვარო ღამისაგან ობლის გზაზე დაბნელდება.
რად გამგზავნეს ასე შორად, მარტომ გზა ვით
გავიკვალო,
მაღლა, სადაც ტორფნარია და უშქარი კლდეთა
წყება?
რა ყოფილა კაცის გული, რა ცივი და უმოწყალო...
მაგრამ ობოლს გზად კეთილი ანგელოზი მიუძღვება.
აგერ, ბინდის ნიავია, შორეული, ნაზი, თბილი,
ცას კრიალას, მოციმციმეს, ვარსკვლავების სხივი
ფარავს
და მეუფე ყოვლისშემძლე, გულმოწყალე და კეთილი,
საწყალ ობოლს იმედით და მოვანებით დაიფარავს.
თუნდაც უფსკრულს გადიოდეს, ხიდი ჩატყდეს მის
თვალწინა,
ანდა რამე მოჩვენებამ ნათელ გზიდან ჩამოაგდოს,
დაილოცოს ნება მისი, უმალ გულში მისცემს ბინას,
საწყალ ობოლს მისი ღმერთი არ დააგდებს გზაზე
მარტოს.
- გეყოფათ, მის ჯეინ, ნუ ტირით, - მითხრა ბესიმ, როცა სიმღერა დაამთავრა. მაგრამ შეიძლება ცეცხლს უთხრა, ნუ იწვიო. მას არ შეეძლო ეგრძნო ის საშინელი ტანჯვა, რომელიც გულს მიკლავდა.
დილით კვლავ მოვიდა მისტერ ლოიდი.
- როგორ, უკვე ადექი? - მკითხა მან, შემოვიდა თუ არა საბავშვო ოთახში.
- აბა, გამდელო, მიამბეთ, როგორ არის გოგონა?
ბესიმ უპასუხა, კარგად არისო.
- მაშინ ის უფრო მხიარულად უნდა გამოიყურებოდეს. მომიახლოვდი, მის ჯეინ. შენ ჯეინს გეძახიან, არა?
- დიახ, სერ, ჯეინ ეარს.
- როგორც გეტყობა, გიტირია, მის ჯეინ ეარ. არ მეტყვი, რატომ? გტკივა რამე?
- არა, სერ.
- მგონი, იმიტომ იტირა, რომ ვერ წავიდა ეტლით სასეირნოდ მათთან ერთად, - ჩაურთო ბესიმ.
- არა მგონია, რომ ამხელა ბავშვმა ასეთ რამეზე იტიროს.
მეც ასე ვფიქრობდი. ჩემი თავმოყვარეობა ამ ცრუ ბრალდებამ შელახა და სწრაფად ვუპასუხე:
- ასეთი რამისთვის ჩემს სიცოცხლეში არ მიტირია. ეტლით სეირნობა მეჯავრება კიდეც. იმიტომ ვტირი, რომ უბედური ვარ.
- ოჰ, გრცხვენოდეთ, მის, - მითხრა ბესიმ.
კეთილი მეაფთიაქე, როგორც ჩანს, გაოცდა. მე მის წინ ვიდექი; ის დაკვირვებით მათვალიერებდა და შევნიშნე, თვალები პატარა და ჭროღა ჰქონდა, არცთუ მოციმციმე, მაგრამ ახლა, მე ვიტყოდი - მეტად შორსმჭვრეტელი. მის ტლანქ სახეზეც მხოლოდ სიკეთეს ამოიკითხავდით. მან კვლავ გამოკითხვა დამიწყო:
- რამ გაგხადა გუშინ ავად?
- წაიქცა, - კვლავ აჩქარებით ჩაურთო ბესიმ.
- წაიქცა? განა ასეთი პატარაა და სიარული ვერ მოუხერხებია? რვა თუ ცხრა წლისა ხომ იქნება?
- ძალით წამაქციეს, - შელახულმა თავმოყვარეობამ სწრაფად წარმომათქმევინა ეს სიტყვები, - მაგრამ ამას არ გავუხდივარ ავად, - დავუმატე, სანამ მისტერ ლოიდი ერთ მწიკვ ბურნუთს შეიყრიდა ცხვირში.
ის იყო, სათუთუნეს ჯიბეში იდებდა, რომ ზარმა დარეკა. ამ ზარმა მოსამსახურეებს სადილობის დრო ამცნო. ლოიდმა იცნო ზარის ხმა და ბესის მიუბრუნდა: - ეს თქვენთვის არის, არა, გამდელო? თქვენ წადით, ისადილეთ. მე კი თქვენ დაბრუნებამდე ჯეინს დავარიგებ.
ბესის დარჩენა ერჩივნა, მაგრამ იძულებული გახდა, წასულიყო. გეიტსჰედ-ჰოლში ყველასთვის სავალდებულო იყო, სადილობის დრო ზუსტად დაეცვა.
- თუ დაცემისგან არა ხარ ავად, მაშ, რა დაგემართა? - განაგრძო მისტერ ლოიდმა ბესის წასვლის შემდეგ.
- წითელ ოთახში ჩამკეტეს, სადაც აჩრდილი ბინადრობს. დაბნელდა თუ არა, რაღაც მომელანდა.
შევნიშნე, მისტერ ლოიდმა გაიღიმა და, იმავე დროს, შუბლი შეიკრა.
- აჩრდილი? ჩანს, ჯერ სრულიად ბავშვი ყოფილხარ! განა, მოჩვენების გეშინია?
- მისტერ რიდის სულის მეშინია. ის იმ ოთახში გარდაიცვალა და იქიდანვე გაასვენეს. არც ბესის და არც სხვებს არ შეუძლიათ იქ შესვლა, თუ რაიმე აუცილებლობა არ მოითხოვს. განა, ჩემი მარტოდმარტო ჩაკეტვა და ისიც - სიბნელეში, დიდი ბოროტება არ იყო? ეს მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დამავიწყდება.
- სისულელეა! მერე, ამიტომ ხარ უბედური? ახლაც გეშინია, დღისით?
- არა, მაგრამ ხომ მალე დაღამდება. მე ძალიან უბედური ვარ, უბედურზე უბედური, ბევრი სხვა მიზეზის გამო.
- რა მიზეზია მაინც, არ შეგიძლია, მითხრა?
ოჰ, როგორ მსურდა, გული გადამეშალა მისთვის, მაგრამ შესაფერისი სიტყვების პოვნა გამიძნელდა. ბავშვები ყველაფერს განიცდიან, მაგრამ ვერ აანალიზებენ საკუთარ გრძნობებს და, თუ ნაწილობრივ მაინც გაერკვნენ მათში, მათი გადმოცემა სიტყვებით ძალიან უმძიმთ. მეშინოდა, პირველივე შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა. მსურდა, ჩემი მწუხარება შემემსუბუქებინა იმით, რომ მისთვის გამენდო ჩემი დარდი. უხერხული დუმილის შემდეგ თავს ძალა დავატანე და, დალაგებულად საუბარი თუ ვერ შევძელი, ყველაფერი გულმართლად მაინც ვუამბე.
- პირველ ყოვლისა, ის მინდა გითხრათ, რომ არავინ გამაჩნია ამქვეყნად: არც დედ-მამა, არც დები და არც ძმები.
- მაგრამ შენ კეთილი ძალუა და ბიძაშვილები გყავს.
კვლავ შევჩერდი, შემდეგ კი დაბნეულად ვუყვებოდი, რომ სწორედ ჯონ რიდმა წამაქცია იატაკზე და მისის რიდმა ჩამკეტა წითელ ოთახში.
მისტერ ლოიდმა ბურნუთის კოლოფი ხელმეორედ ამოიღო ჯიბიდან.
- არ მოგწონს გეიტსჰედ-ჰოლის მშვენიერი სასახლე? - მკითხა მან. - განა, მადლობელი არა ხარ, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ცხოვრობ?
- ეს ჩემი სახლი არ არის, სერ. როგორც ებოტი ამბობს, მე აქ მოსამსახურეებზე ნაკლები უფლებებით ვსარგებლობ.
- ოჰ, შე სულელო, იმდენი არ გესმის, რომ ასეთი დიდებული ადგილიდან აპირებ გაქცევას?
- მე რომ სხვაგან წასასვლელი მქონდეს, მართლაც სიხარულით დავტოვებდი აქაურობას, მაგრამ, აბა, სად წავალ, ვიდრე არ გავიზრდები?
- ვინ იცის, იქნებ წახვიდე კიდეც. მისის რიდის გარდა, სხვა ნათესავი არა გყავს?
- ვფიქრობ, რომ არა, სერ.
- არც მამის მხრიდან?
- არ ვიცი. ერთხელ მისის რიდს ვკითხე და პასუხად მივიღე, რომ ვიღაც ღარიბი და უმწეო ნათესავი უნდა მყავდეს, გვარად ეარი, მაგრამ მის შესახებ მან არაფერი იცის.
- ასეთი ნათესავი თუ გამოგიჩნდებოდა, წახვიდოდი მასთან?
დავფიქრდი.
სიღარიბე მოზრდილთათვის საშინელებაა. უფრო მეტად კი ის ბავშვებს აშინებს. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ შეიძლება მუყაითად იშრომო და მაინც ღარიბი იყო. თუმცა ასეთი სიღარიბე დასაძრახი არ არის. სიტყვა "სიღარიბე" ბავშვის გონებაში დაკავშირებულია მხოლოდ ძონძებთან, მწირ საკვებთან, ჩამქრალ კერასთან და უხეშობასა და სულმდაბლობასთან. ჩემთვისაც სიღარიბე და დამცირება ერთი და იგივე იყო.
- არა, მე არ ვიცხოვრებდი ასეთ ნათესავებთან, - ვუპასუხე მე.
- მაშინაც კი, თუ ისინი კარგად მოგექცევიან?
მე თავი გავიქნიე. ვერც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, ღარიბი ხალხი კეთილი ყოფილიყო; მესწავლა და მელაპარაკა მათ კილოზე; შემეთვისებინა მათი ქცევები; დავრჩენილიყავი გაუნათლებელი. ერთი სიტყვით, იმ ღარიბ ქალებს უნდა დავმსგავსებოდი, რომლებსაც გეიტსჰედის ახლომახლო სოფლებში თავიანთი ქოხმახების წინ ვხედავდი ხოლმე, როცა ისინი ბავშვებს არწევდნენ და სარეცხს რეცხავდნენ. არა, მხნეობა არ მყოფნიდა, თავისუფლება ასე ძვირად მეყიდა.
- შენი ნათესავები ასე ღარიბები არიან? გამრჯე ხალხია, ალბათ, არა?
პასუხის გაცემა არ შემეძლო.
- ძალუა ამბობს, თუ ვინმე გაგაჩნია, ყველა მათხოვარიაო. მე კი არ მინდა, მათხოვარი ვიყო და მოწყალებას დავეძებდე.
- არც სკოლაში აპირებ წასვლას?
კვლავ ჩავფიქრდი. კარგად არც მესმოდა, რას წარმოადგენდა სკოლა. ბესისგან გამეგონა, რომ სკოლაში ახალგაზრდა ქალიშვილებს ისე წვრთნიდნენ, რომ წელში არ მოხრილიყვნენ; მათგან მოითხოვდნენ ზრდილობიან და კეთილშობილურ ქცევებს. ჯონ რიდს სძულდა სკოლა და ცუდად ახსენებდა თავის მასწავლებლებს, მაგრამ მისი გემოვნება ჩემთვის კანონს არ წარმოადგენდა. ბესის საუბრები კი სკოლის ცხოვრების შესახებ (ეს ყველაფერი მან იმ ახალგაზრდა ქალიშვილებისგან იცოდა, რომელთაც გეიტსჰედში მოსვლამდე ემსახურებოდა) საშინელებად მიმაჩნდა და მაშინებდა კიდეც. თან ყოველი წვრილმანის გაგება მხიბლავდა, რადგან მათ გარკვეული ცოდნა მიეღოთ და კარგი ქცევებიც შეეთვისებინათ. ბესი ხშირად კვეხნით მიამბობდა ხოლმე, თუ როგორ ხატავდნენ ისინი ულამაზეს ლანდშაფტებსა და ყვავილებს; რა კარგად მღეროდნენ ან როგორ უკრავდნენ პატარ-პატარა ნაწარმოებებს ფორტეპიანოზე. თურმე ქსოვდნენ მშვენიერ ბადისებრ ქისებს და, ამასთანავე, თავისუფლად თარგმნიდნენ და კითხულობდნენ ფრანგულ წიგნებს. ვუსმენდი და გულში ვნატრობდი, თუ იმ ქალიშვილებს ვერ ვაჯობებდი, მათ მაინც დავმსგავსებოდი. გარდა ამისა, სკოლა მთლიანად გამოცვლიდა ჩემს ცხოვრებას. ეს ხომ ხანგრძლივ მოგზაურობასა და გეიტსჰედ ჰოლთან სრულ განშორებას მპირდებოდა - სრულიად ახალი ცხოვრების დაწყებას.
ახლა ნამდვილად მომინდა სასწავლებელში წასვლა და ჩემი დიდი ხნის ფიქრი მისტერ ლოიდს ხმამაღლა განვუცხადე.
- დიახ, დიახ, ვინ რა იცის, რა მოხდება? - თქვა მისტერ ლოიდმა და წამოდგა. - და უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა: - ამ ბავშვისთვის აუცილებელია გარემო პირობებისა და ჰაერის გამოცვლა, - ნერვები არ უვარგა.
ბესი დაბრუნდა. იმავე წუთს ქვიშაზე მოახლოებული ეტლის ხმაური გაისმა.
- ეს თქვენი ქალბატონია, ალბათ, გამდელო, არა? - იკითხა მისტერ ლოიდმა, - წასვლამდე მინდოდა, მოვლაპარაკებოდი მას.
ბესიმ მისტერ ლოიდი სასადილო ოთახში მიიპატიჟა და თვითონ კი წინ გაუძღვა. მივხვდი, რაც მოჰყვა მისის რიდისა და მეაფთიაქის საუბარს. ვფიქრობ, მისტერ ლოიდმა გაბედა ეთქვა მისთვის, რომ სკოლაში გავეგზავნე. მისის რიდმა ეს წინადადება, ეჭვგარეშეა, დიდი სიამოვნებით მიიღო. ერთხელ, ღამით, ებოტისა და ბესის საუბარიც მოვისმინე. მე ლოგინში ვიწექი. ქალები საბავშვო ოთახში ბუხრის პირას ისხდნენ და კერავდნენ. ებოტის ეგონა, რომ მეძინა და ამიტომ ხმამაღლა თქვა:
- მისის რიდი გახარებულია, რომ თავიდან იშორებს ამ საძაგელ გოგოს. ის თითქოს ყველას უთვალთვალებს, ოჯახში ყველას საეჭვოდ შეჰყურებს, აწყობს ინტრიგებსა და საიდუმლო შეთქმულებებს, თითქოს ყველას საწინააღმდეგოდ რაღაცას ამზადებს.
ებოტის სჯეროდა, რომ, მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი შემეძლო და ამიტომაც პირწავარდნილი გაი ფოკსი შემარქვა.
იმავე დღეს ებოტისგან პირველად შევიტყვე, რომ მამაჩემი ღარიბი მღვდელი ყოფილა. დედა მას ცოლად გაჰყოლია ახლობელთა სურვილის წინააღმდეგ, რადგან ამ ქორწინებას შეუფერებლად თვლიდნენ. პაპაჩემი რიდი ისე აღუშფოთებია დედის საქციელს, რომ მისთვის მემკვიდრეობაც კი წაურთმევია. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მამას ღარიბი და უბედური ხალხისგან ტიფი გადასდებია დიდ ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც ის თავისი მრევლის სანახავად დადიოდა. მას დიდხანს აღარ უცოცხლია, ხოლო ერთ თვეში იმავე ავადმყოფობით დედაც გარდაცვლილა.
ბესიმ ეს ამბავი მოისმინა, ამოიოხრა და წარმოთქვა: - საბრალო მის ჯეინ ეარი, მართლაც რომ საცოდავია!
- დიახ, - დაუდასტურა ებოტიმ, - ეგ რომ კეთილი და ლამაზი ბავშვი იყოს, შეგვეცოდებოდა იმის გამო, რომ ამქვეყნად არავინ არ გააჩნია, მაგრამ ისეთი გაუგონარია, არავის ებრალება.
- დარწმუნებული ვარ, მართლაც არავინ შეიბრალებს, - დაეთანხმა ბესი. - ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ, ჯორჯიანას ყველა შეიცოდებდა, ის იმდენად მშვენიერია.
- დიახ, მე ვაღმერთებ მის ჯორჯიანას, - წამოიძახა აღტაცებით ებოტიმ. - მართლაც ძალიან საყვარელია! გრძელი კულულებით, ცისფერი თვალებითა და ვარდისფერი ღაწვებით ის კალმით ნახატს ჰგავს! ბესი, ამაღამ ვახშმად ძალიან მინდა შემწვარი ყველი.
- მეც დიდი სიამოვნებით შევექცეოდი მოხრაკულ ხახვთან ერთად. წამოდი, ჩავიდეთ, - თქვეს და ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდნენ.
რომანი იდება ყოველდღე
წინა თავების წასაკითხად გადადით ნოველების რუბრიკაში
თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი