საკუთარ დაბადების დღეს თვითმფრინავში შევხვდი. თათიამ წასვლამდე მომილოცა.
თვითმფრინავში გადამღებ ჯგუფთან ერთად ავედი. სულ ოთხნი ვიყავით: რეჟისორი მერაბი, დაახლოებით 40-45 წლის კაცია; ოპერატორი ლევანი, 30 წლამდე ასაკის იქნება, და ასისტენტი გვანცა, დაახლოებით ჩემი ტოლია. ისიც ჩემსავით პირველად მიფრინავს იტალიაში.
თვითმფრინავიდან ფეხი სრულიად სხვა სამყაროში ჩავდგი. "ლეონარდო და ვინჩის" აეროპორტში თამაზის მძღოლი უნდა დაგვხვედროდა და ნეაპოლში წავეყვანეთ. ბარგი ჩავიბარეთ და ტერმინალიდან გამოვედით. ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. თამაზს ქართველი მძღოლი ჰყოლია. დაგვხვდა და გზად საინტერესო ისტორიებიც მოგვიყვა.
- ეს პირველი რომაული სამხედრო გზაა, ვია აპია! ძალიან დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ ადრეულ ეპოქაში ააშენეს, 312 წელს. ძველი რომაელები ხომ ძალიან მაღალი დონის არქიტექტორები იყვნენ? გენიოსი მშენებლები... სწორედ ამ ქუჩაზე აცვეს ჯვარს სპარტაკის აჯანყების ყველა მონაწილე.
რომი მართლაც შეუდარებელი ყოფილა. მანქანიდან ხარბად ვათვალიერებდი ყველაფერს. ქუჩებს, სახლებს, ადამიანებს... კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ იქ ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა -წინ ძალიან გრძელი გზა გველოდა. ამიტომ რომში წავიხემსეთ. რა თქმა უნდა, გელაშვილის მძღოლმა დაგვპატიჟა. რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, ნეაპოლში, გელაშვილის მდიდრულ სახლშიც მივედით. მის აპარტამენტებს ისეთი მაღალი გალავანი ჰქონდა შემორტყმული, რომ სახლი მხოლოდ მაშინ დავინახეთ, როცა ეზოში შევედით.
ულამაზესი სახლი იყო. უფრო სწორად, პატარა სასახლე. ეტყობოდა, რომ ძალიან ძველი ნაგებობა იყო. სულ ყვავილებსა და სიმწვანეში იყო ჩაფლული. სამოთხე, ალბათ, ასეთი იქნებოდა. ეზოში საოცარი სილამაზის შადრევანი იდგა - დიდ ლოდზე ჩამომჯდარი სამი ქალთევზა გრძელ თმას ივარცხნიდა და მაღლიდან წყალი ესხმებოდათ. ბაღში თეთრი მარმარილოს მრგვალი მაგიდები იყო, გარშემო ლამაზი თეთრი სკამებით. სუნიც საოცარი ტრიალებდა. უცხო ყვავილების, ბალახის და მიწის... შენობას შევხედე თუ არა, მაშინვე იმ სახლში ნანახი ნახაზი გამახსენდა. აშკარად ძალიან ჰგავდა...
სახლიდან საშუალო სიმაღლის შუახნის მამაკაცი გამოვიდა და მოგვესალმა. სწორედ ეს იყო თამაზ გელაშვილი. ჭაღარაშერეული თმა, ძალიან ღია მწვანე თვალები, თხელი ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა. თბილად შეგვხვდა. სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი. ვერანდაზე ცოტა ხანს გავჩერდით და თამაზის მოახლემ ჩვენი ოთახების სანახავად წაგვიყვანა.
სახლის მეორე სართულზე რამდენიმე ოთახი იყო სტუმრებისთვის. ჩემს ოთახში შევედი, ბარგი შესასვლელშივე დავტოვე და ფანჯარა გამოვაღე. მინდოდა, იმ საუცხოო სურნელს ჩემს ოთახშიც შემოეღწია და ყოველი კუთხე-კუნჭული მოეცვა. ჩემი ფანჯარა ბაღს უკანა მხრიდან გადაჰყურებდა. სწორედ იმ მხარეს, სადაც ცამდე აზიდული კვიპაროსები იდგა. მარჯვნივ აუზი ჩანდა, მარცხნივ - ჩოგბურთის კორტი. წინ, კვიპაროსებს შორის, ოდნავ მოჩანდა კოშკი, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა. ნეტავ ეს ხომ არ არის მეცხრე ფლიგელი? ნეტავ რა უნდა იყოს მანდ?..
ტანსაცმელი ამოვალაგე და კარადაში დავაბინავე. ბევრი არც არაფერი წამომიღია. ერთ საათში ყველანი ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით, სადილზე. კამერის ჩანთა გავხსენი და ფოტოაპარატი შევამოწმე. ელემენტების განყოფილებაში თეთრი კონვერტი დამხვდა. გადმოვაბრუნე. არაფერი ეწერა. გავხსენი. შიგნით ოთხად გაკეცილი ფურცელი იდო. გავშალე და გაკრული ხელით ნაწერი წავიკითხე:
"იყავი ფხიზლად! ნურავის ენდობი!" - თითქოს მაფრთხილებს. აქ რა საფრთხე უნდა იყოს? თამაზის სახლში ბუზიც ვერ შემოფრინდება. ნუთუ მტრები ჰყავს? თამაზის გაფრთხილება ხომ არ უნდა?.. იქნებ ვინც გიორგი გაიტაცა, მას მთელი კომპანიის განადგურება სურს?
"მოძებნე ალბა"... ნეტავ ვინ არის ალბა ან როგორ უნდა მოვძებნო? არც იტალიური ვიცი, არც ქუჩებს ვიცნობ...… ისიც კი არ ვიცი, შევძლებ თუ არა სადმე გასვლას, რადგან ზეგ გადაღება გვაქვს. ხვალ ყველაფერი უნდა მოვამზადოთ. როგორც ვიცი, პირველ სცენას აქვე ვიღებთ, თამაზის ბაღში... იქნებ ალბა თამაზ გელაშვილის რომელიმე მოახლეს ჰქვია?
"იმოქმედე შეუმჩნევლად, რადგან ჩემი დახმარება მხოლოდ შენ შეგიძლია! ვიცი, შენ შეძლებ", - ესე იგი, არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ალბას ვეძებ. შეიძლება ამ სახლშიც არის ვიღაც, ვის ყურამდეც არ უნდა მივიდეს ეს ყველაფერი. შეიძლება ამიტომაც ვერ უკავშირდება თამაზს და უნდა, რომ ჩემი საშუალებით გადასცეს მესიჯი.…
სულ უფრო ვრწმუნდები, რომ შეგნებულად შემარჩია და ჩვენი შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი. თუ "თეთრმა არწივმა" ადრევე დაგეგმა კონკურენტი კომპანიის ჩაძირვა და ამისთვის უგო მოისყიდეს, მაშინ ცხადია, თავიდანვე ექნებოდათ ინფორმაცია "ინსპირაციაზეც" და ჩემ შესახებაც.…
მალე გვანცამაც მომიკაკუნა კარზე. მამაკაცები უკვე დაბლა იყვნენ, ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან ისხდნენ და ღვინოს მიირთმევდნენ.
- გთხოვთ, დაბრძანდით, ქალბატონებო! - თავაზიანად მოგვმართა თამაზმა და მსახურს ხელის მოძრაობით ანიშნა, ჩვენთვისაც დაესხა ღვინო.
- რეკლამაზე ვსაუბრობდით. ზეგ ღამით გვექნება გადაღება ბაღში. კარნავალი უნდა გავმართოთ. განათებას და სხვა საჭირო ტექნიკას ხვალ მოიტანენ და ყველაფერს მოამზადებენ. მუსიკოსებიც იქნებიან. რაც შეეხება მსახიობებს, დაახლოებით ოცამდე კაცი იქნება საკარნავალო კოსტიუმებში. სცენარი უკვე იცით... ჰო, კიდევ, მთავარ როლში იტალიელი მოდელი გოგონა გვეყოლება, პაოლა ვიტალი. ძალიან ცნობილი მოდელია.
- ვიცი ეგ გოგო, ძალიან ლამაზია! - თქვა ლევანმა.
- ლუ, თქვენ ფოტოებს გადაიღებთ. მეორე დღეს ქალაქ ანდრიაში წავალთ, რომლის მახლობლადაც ჩვენი გადასაღები ობიექტი, ციხესიმაგრე კასტელ დელ მონტეა. მანდ მხოლოდ პაოლასა და ჯოვანის წავიყვანთ ბოლო სცენის გადასაღებად.
- კასტელ დელ მონტე, ტამპლიერების სახელს რომ უკავშირდება, ის არის, ხომ? - ჰკითხა ლევანმა თამაზს.
-დიახ!
-მის შესახებ ბევრი რამ ვიცი. ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი იდუმალებით მოცული ციხესიმაგრეა მსოფლიოში. უცნაური ფორმა აქვს, რვაკუთხოვანი, როგორც ტამპლიერთა სამლოცველოებს. კოშკებს არც ერთი სარკმელი და კარი არ გააჩნია. მხოლოდ მათ შემაერთებელ კედლებს აქვს ორ-ორი სარკმელი.
ლევანის სიტყვებმა ჩემი სიზმარი გამახსენა და უცნაური გრძნობა დამეუფლა.
- სინათლე როგორ აღწევს შიგნით, ესეც იცი? - ჰკითხა თამაზმა.
-არა, ეგ არა.
- მეორე სართულს მთელი წლის განმავლობაში მზის სხივი დღეში ორჯერ ანათებს, პირველ სართულს კი მხოლოდ ზაფხულში. ამგვარად, მეორე სართული უზარმაზარი მზის საათია.
- ძალიან საინტერესოა!
მერაბის მოწოდებული თეფშიდან სოკოს რიზოტო გადავიღე.
- წელიწადში ორი დღე, ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობისას, სინათლე თანაბრად ნაწილდება პირველ სართულზე. ფაქტობრივად, პირველი სართული კალენდარია. მოკლედ, მთელი შენობა ასტრონომიულ მოწყობილობად უნდა განვიხილოთ…
- ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ! - წამოიძახა გვანცამ.
- საერთოდ, ტამპლიერების ორდენი და მათი ისტორია ძალიან საინტერესოა! დღესაც ბურუსითაა მოცული მათი საქმიანობა. ლეგენდას თუ დავუჯერებთ, მათი განძი მიუნხენის რომელიღაც სახლის ეზოშია დამარხული. ორდენი რომ დააფუძნეს, ისეთი ღატაკები იყვნენ, მათ გერბზე ერთ ცხენზე ამხედრებული ორი რაინდი იყო გამოსახული, უსახსრობის გამო ორი ტამპლიერი ერთი ცხენით დადიოდა, - არ ჩერდებოდა ლევანი. როგორც ჩანს, ტამპლიერების ისტორია ძალიან აინტერესებს.
- ყველაზე ცოტა მე მცოდნია ტამპლიერებზე, - გამეღიმა.
- ლუ, თუ გაინტერესებს, სიამოვნებით მოგიყვები, - შემომთავაზა ლევანმა.
- ძალიან მაინტერესებს! სიამოვნებით მოგისმენ, ამის დრო თუ გვექნება. გული მიგრძნობს, ის ციხესიმაგრე დანახვისთანავე შემიყვარდება.
- მიირთვით, გთხოვთ, ლაზანია უგემრიელესია! - გვითხრა თამაზმა და თვითონაც გადაიღო. უშუალო ადამიანი ჩანს, თავაზიანი. რატომღაც ძალიან მომწონდა.
უცებ კიბეზე მაღალი ბიჭი გამოჩნდა. შიშველ, ნავარჯიშებ სხეულზე პირსახოცის ხალათი შემოეცვა.
-სანდრო, ჩაგეცვა მაინც! - საყვედურის კილოთი მიმართა თამაზმა ახალგაზრდას და უხერხულად გაგვიღიმა.
- გაიცანით, ეს ჩემი ბიჭია, სანდრო!
სანდრომ შეგვათვალიერა და მოგვესალმა. გაზეთში ნანახ ფოტოზე სწორედ ის იყო, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა.
- ეს ის გადამღები ჯგუფია, რომ გეუბნებოდი.…
- მიხარია ქართველების ნახვა. ჩაცმულობისთვის mi scusi, არ ვიცოდი, უკვე აქ თუ იყავით...
- არა უშავს... - უთხრა გვანცამ და ოდნავ წამოწითლდა. ამ ბიჭს ნამდვილად მოუხდებოდა მარიტა, თავისი "ოფქორზუნებით".
- ისე, რამდენადაც ვიცი, სანდრო იტალიური სახელია, არა? - ვკითხე და ღვინო მოვსვი. საოცრად გემრიელი იყო.
- ეგ ბევრმა ქართველმა არ იცის, აქ კი ბევრს ჰქვია სანდრო... შენ რა გქვია?
პირდაპირ შენობით მომმართა. საინტერესოა, ყველასთან ასეთია თუ ჩვენთან არ თვლის საჭიროდ თქვენობით" საუბარს?
- ლუ!
- ეგ რომელი სახელის შემოკლებული ფორმაა? ლაურასი? - ჩაეცინა.
- საბუთებში ლილუ მიწერია, მაგრამ ბავშვობიდან ყველა ლუს მეძახის.
- და დღეს ლუს დაბადების დღეა! - მოულოდნელად წამოიძახა გვანცამ.
- მართლა? მაშინ ლუს სადღეგრძელო დავლიოთ! - თქვა სანდრომ და მაგიდიდან ღვინის ცარიელი ჭიქა აიღო. მოახლე გოგონა, რომელიც შორიახლოს იდგა და თვალს გვადევნებდა, მაშინვე მაგიდასთან გაჩნდა და სანდროს ბოთლიდან ღვინო დაუსხა.
- Grazie, Francesca! - სანდრომ გოგონას თვალი ჩაუკრა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. - აბა, გაუმარჯოს უცნაურსახელიან ლამაზ გოგოს საქართველოდან!
ამ მოახლეს ნამდვილად არ ჰქვია ალბა. ერთი გამოვრიცხე. სადღეგრძელო ყველამ აიტაცა. თამაზმაც თბილად მადღეგრძელა. მეც მადლობა გადავიხადე და ღვინო დავლიე.
- მეგობრებო, ჩოგბურთს თუ ვინმე თამაშობთ, ნახევარ საათში კორტზე ვიქნები, თამაშს ვაპირებ...
სანდრომ მაგიდიდან ვაშლი აიღო, მოკბიჩა და ისევ კიბეზე ავიდა. ნასადილევს მე და გვანცაც ჩემს ოთახში ავედით.
- ეტყობა, ძალიან განებივრებულია ეს სანდრო! მდიდარი მამიკოს შვილია, - თქვა გვანცამ და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. ალბათ, სიამოვნებით გაჰყვებოდა ცოლად "მდიდარი მამიკოს შვილს". გვანცა კარგი გოგო იყო. საყვარელი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ლამაზი. ხშირად იღიმოდა და ძალიან უშუალო იყო. მიყვარს ასეთი ადამიანები, ბუნებრივები არიან. ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე. სანდრო უკვე კორტზე იყო. თეთრი მაისური და მოკლე შორტი ეცვა. ლევანიც დავინახე, მისკენ მიდიოდა.
- ბაღში არ გავისეირნოთ? - შევთავაზე გვანცას.
- აუ, კი... ოღონდ მოიცა, ჩემთან შევალ და ორ წუთში მოგიკაკუნებ... გამოვიცვლი. ფოტოაპარატი წამოიღე, სურათებიც გადავიღოთ...
გვანცა ოთახიდან გავიდა. მე ფოტოაპარატი ამოვიღე, წერილი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ისევ კამერის ჩანთაში დავმალე. მერე ჯინსი და ნაცრისფერი თხელი სვიტერი ჩავიცვი. თმა ნაწნავად დავიწანი და გვანცამაც შემოაღო კარი, წავედითო. წითელი კაბა ჩაუცვამს, თეთრწინწკლებიანი.
ჯერ აუზთან მივედით. გვანცას სურათები გადავუღე. რატომღაც არ მიყვარს, როდესაც ფოტოაპარატის ობიექტივი ჩემკენაა მომართული. სახლის უკანა მხარე კვიპაროსების გამო კარგად არ ჩანდა. გვანცა აუზთან დავტოვე და ტერიტორიის დასათვალიერებლად დაბურულ ხეებში შევედი.
როგორც ჩანს, გელაშვილების სახლი საკმაოდ დიდია. ის კოშკიც უკანა მხარესაა მოქცეული. ნეტავ საიდან აქვს შესასვლელი? უცბად ფეხი რაღაცას წამოვკარი და კინაღამ წავიქეცი. ძირს დავიხედე. მიწიდან სანახევროდ ხავსმოდებული ქვა იყო ამოშვერილი. ქვას ძალიან სწორი, მართკუთხედი ფორმა ჰქონდა და ძველი საფლავის ქვას წააგავდა. დავიხარე, რომ მენახა, ჰქონდა თუ არა წარწერა. მიწიდან პატარა ქვა ავიღე და ხავსი ფრთხილად გადავაცალე. ქვაზე ლათინური ასოები იყო ამოტვიფრული. მხოლოდ სამი ასო გავარჩიე: -R, E, G. მეტის დანახვა ვეღარ მოვასწარი, რადგან მოულოდნელად ზურგს უკან მამაკაცის ხმა მომესმა. შევბრუნდი. ჩემ უკან სანდრო იდგა, ჩოგნით ხელში.
- რა დაკარგე აქ, ქალიშვილო?
- რა უნდა დამეკარგა, არაფერი... ბაღს ვათვალიერებდი...
- ჰო, აქ საინტერესო არაფერია! წინა მხარე გაცილებით ლამაზია.
- ჩემთვის საინტერესო მხოლოდ სილამაზეს არ ნიშნავს! - ვთქვი და წამოვდექი. - შენ კორტზე არ იყავი? აქ საიდან გაჩნდი?
განზრახ მეც შენობით მივმართე.
- ბურთს გამოვყევი. შენკენ გამოფრინდა, - თქვა და ირონიულად გაიღიმა. - არ ითამაშებ?
- ჩოგბურთი ნამდვილად არ არის ჩემი ძლიერი მხარე!
- აბა, რა არის შენი ძლიერი მხარე?
- ალბათ, ის, რისთვისაც ვარ აქ - ფოტოგრაფია!
- ჰო... ლამაზი ფოტოები კარგია, მაგრამ გადაღებაზე რა გითხრა, ცოტა მოსაბეზრებელია! რაღაც ნახვრეტში იყურები და ღილაკს აჩხაკუნებ. არანაირი ადრენალინი, არანაირი აზარტი...
- ვისთვის როგორ. ეგ ძალიან ინდივიდუალურია! გააჩნია, რას აკვირდები იმ ნახვრეტიდან, -შევეწინააღმდეგე სანდროს.
- ჰო, რავი... ისე, მანდ საინტერესო მართლა არაფერია! მხოლოდ ხეებია. ქალაქის ნახვა თუ გინდა, დაგათვალიერებინებ.
- ის კოშკი მომეწონა ძალიან...
- კოშკი? აა... სამწუხაროდ, გაუქმებულია. ვერ ახვალ.
- რატომ? რა იყო იქ ადრე? საგუშაგო?
- ეს მეთექვსმეტე საუკუნის სახლია. სარესტავრაციო იყო. სარფიანად კი იყიდა მამაჩემმა, მაგრამ რემონტი დაჯდა ძალიან ძვირი. ამიტომ მთლიანად ვერ მოხერხდა რესტავრაცია და მეცხრე ფლიგელი უბრალოდ გადავკეტეთ. სახლის ისტორიას სხვა დროს მოგიყვები, თუ გაინტერესებს, მაგრამ შეიძლება ღამე შიშით ვერ დაიძინო მარტომ. მაგრამ არც ეგაა პრობლემა. მე აქ არა ვარ?
სანდრომ ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
- და ეს?.. საფლავია? - ვკითხე და ძირს დავიხედე.
- არ ვიცი, არ გამითხრია! მკვდრები არ მაინტერესებს! ცოცხლები უფრო... - სანდრომ გაიცინა, ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, შებრუნდა და კორტისკენ გაემართა.
მე საფლავის ქვას ხავსი გადავაცალე და ფოტოც გადავუღე. კიდევ რამდენიმე ასოს გარჩევა შეიძლებოდა, დანარჩენი კი დროს წაეშალა.
BART***M** R*S**- რაღაც ასეთი ეწერა. ალბათ, ამ სახლის პირველი მფლობელის ოჯახის წევრის სახელი და გვარი იყო. რა საშინელებაა მიცვალებულის სახლის ეზოში დამარხვა...
აუზთან დავბრუნდი. თამაზიც მოსულიყო. ის და გვანცა "ესპრესოს" მიირთმევდნენ. ჩემთვისაც მოეტანათ ჭიქა წყალთან ერთად. მარმარილოს მაგიდაზე იდგა.
- არაჩვეულებრივი ეზოა! - წამოვიძახე აღფრთოვანებულმა. შევატყვე, თამაზს ძალიან ესიამოვნა.
- გმადლობ! სამი მებაღე მყავს, რომლებიც თითოეულ ბალახზე ზრუნავენ. სახლი მოგეწონა?
- ძალიან...
- ძალიან ძველია. რომ ვიყიდე, სარესტავრაციო იყო. იმდენად მომეწონა, მის აღსადგენად ფული არ დამიზოგავს. თუმცა რაღაც ნაწილი გასარემონტებელი დარჩა. შენ საიდანაც მოხვედი, უკანა მხარეს, სიღრმეში...
- ალბათ, ძალიან ძვირი ჯდება ასეთი შენობის აღდგენა, - გააწყვეტინა გვანცამ.
- საკმაოდ.
- ვის ეკუთვნოდა სახლი? - ჩავეკითხე სასწრაფოდ. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ მინდოდა.
- პირველი პატრონი იმ დროისთვის ძალიან მდიდარი და გავლენიანი კაცი იყო, გვარად რუსო. ეს უძველესი ნეაპოლური გვარია. გრეგორიო რუსო... სახელიც ძველია, ახლა აქ თითქმის აღარავინ არქმევს ბავშვს ამ სახელს...
- მგონი, იქ საფლავის ქვაა...
- კი. შიგნით არაფერია. ცარიელი საფლავია. უბრალოდ ქვაა. ჰო, მართლა! ჩემს მძღოლს ვეტყვი, რომ ქალაქი დაგათვალიერებინოთ, რასაც მოასწრებთ, დღესვე ნახეთ. სასაუბრო პატარა ლექსიკონებსაც დაგირიგებთ, გქონდეთ ყოველი შემთხვევისთვის, მაღაზიაში რომ მოგინდეთ შესვლა ან რამე... ისე, რეზოც გაგიწევთ თარჯიმნობას.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის! - უთხრა გვანცამ გელაშვილს და გაიბადრა.
მომეჩვენა, რომ თამაზმა თემა განგებ შეცვალა.
საღამოს მე და გვანცას თამაზის მძღოლმა პატარა ექსკურსია მოგვიწყო. ბევრი დრო არც გვქონდა. თამაზის მოცემული სასაუბრო ლექსიკონი ძალიან გამოგვადგა.
მალე დაღამდა. მე და გვანცამ რამდენიმე მაღაზიაც მოვიარეთ და თამაზის მანქანაში ჩავსხედით, რადგან შინ დაბრუნების დრო იყო. მძღოლმა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე შეუხვია. ეს ქუჩა, ნეაპოლის სხვა ქუჩებთან შედარებით, ყველაზე მიყრუებული და უსიცოცხლო იყო. უცებ ჩემი ყურადღება ერთმა უცნაურმა შენობამ მიიქცია. ფანჯრები ხის ფიცრებით იყო აჭედებული. სახლის წინ ნაგვის ურნა იდგა. შენობას რომ გავუსწორდით, პირველი სართულის ფანჯრები კარგად დავინახე. მხოლოდ იქ ენთო სინათლე და დაბურული მინებიდან ადამიანების ლანდები აჩრდილებივით მოჩანდნენ.…
კუთხის შენობა აღმოჩნდა. მანქანამ სწორედ ამ სახლთან შეუხვია და მეორე მხარეს კარი დავინახე. მის თავზე კი დიდი ასოებით ეწერა: TAVERNA ALBA.
P.S. თქვენ წაიკითხეთ ამონარიდი წიგნიდან - "მეცხრე ფლიგელი".