დედამ და გიორგიმ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს, ჯერ დამამშვიდეს, მერე კი კითხვებზე პასუხების გაცემა მთხოვეს. სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შემეძლო. გაშეშებული ვიჯექი სავარძელში და ჯერ კიდევ ნათლად ჩამესმოდა პელოს ხმა. მკვდარივით გაყინული მქონდა ხელები და უკვე მეგონა, რომ მეც გიორგის ცოლის გზაზე მივდიოდი.
დედა დაძინებამდე თავიდან აღარ მშორდება. თვალს არ ვაცილებ გიორგის მობილურს. ერთი სული მაქვს, როდის დავრჩები მარტო და სხვა ვიდეოებს ვნახავ. თითქოს განგებ ვაყენებ საკუთარ თავს ტკივილს. მანამდე არ გავჩერდები, სანამ ყველა მათგანს ბოლომდე არ ვუყურებ და არ დავრწმუნდები, რომ ის ბედნიერი იყო. ბოლო უნდა მოვუღო ნიკოს ტანჯვას და ჩემს ეჭვებს. აღარ უნდა ვაცეცებდე თვალებს გიორგის დანახვაზე და მისი ჩემი სასირცხვილო ფიქრების გამო არ უნდა მერიდებოდეს.
- თქვენ დაიძინეთ. მე არ ვწვები. ელენიკას ყურადღებას მივაქცევ. - რაც შეუძლია, თავშეკავებულად და თავაზიანად ეუბნება გიორგი დედას.
ვფხიზლდები და დედის რეაქციას ვაკვირდები.
- არც მე არ მეძინება! ჩემს შვილთან მე უნდა ვიყო! მაპატიე, მაგრამ შენ ამას ვერ მიკონტროლებ! - უკმეხად პასუხობს მანანა და სკამს უფრო ახლოს აჩოჩებს ჩემთან.
ახლა მათი გაშველების თავი არ მაქვს. თვალებს ვხუჭავ. ძილის სურვილი უფრო და უფრო მიმძაფრდება. კარგი იქნებოდა ახლა თბილი საწოლი და უდარდელი სიზმრები, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა. უკვე დიდი ხანია სიმშვიდე დავკარგე. დედა საწოლზე გადასვლას მთავაზობს, მაგრამ უარს ვეუბნები. განძრევა არ შემიძლია. მირჩევნია, ასე უხერხულად მედოს გვერდები.
მორფეოსი თითქოს იავნანას მიმღერის და ახალშობილივით მარწევს.
მეძინება.
ლაპარაკზე მეღვიძება. თავიდან ვერ ვხვდები, ვინ ვისთან საუბრობს, მაგრამ ალტერ ეგო მკარნახობს, რომ თვალები არ უნდა გავახილო. ყურებს ვცქვეტ და ამ ყველაფრის იდუმალებაში მაშინ ვრწმუნდები, დედის სიტყვებს რომ ვარჩევ:
- ელენიკა ჩემი ერთადერთი შვილია. ვიცი, რომ ჰგონია, მისი არ მესმის, მაგრამ ასე არაა. ძალიან კარგად ვხვდები, რას გრძნობს. მეც ასე მიყვარდა, ოჯახს არ დავუჯერე და გავთხოვდი. ამით არაფერი მომიგია. არ მინდა, ელენიკაც დაისაჯოს. თუ ოდნავ მაინც ძვირფასია შენთვის, გაუშვი. ან აიძულე, წავიდეს.
- ელენიკას არავინ იჭერს. თუ მოუნდება, წავა. - მშვიდ, ჰარმონიულ ხმაში გიორგის ამოცნობა რთული არაა.
- ელენიკა სულელია. ასე რომ არ იყოს, ერთ დღესაც კი არ გაატარებდა შენთან ერთად. არ მინდა, გვიან მოეგოს გონს. - თხოვნაზე გადადის მანანა. - ცუდად ნუ გამიგებ, გიორგი, მაგრამ მეშინია... სუსტია, ტკივილს ვერ გაუძლებს! განშორების დაღს ვერ აიტანს! შენც ხომ იცი, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. რატომ ექცევი ასე?
- მე ის ვიცი, რომ ჩემით ვერ გავუშვებ. სიყვარულს ვერ შევფიცებ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემთვის ძვირფასია. ნუ გგონივართ მონსტრი. შევეცდები, გული არ ვატკინო. ყველანაირად. - უხსნის გიორგი.
მთელი სხეული მითბება. მისთვის ძვირფასი ვარ. ისეთი ძვირფასი, რომ გულს არ მატკენს. აჟიტირება მიპყრობს. ფეხის თითები დაბუჟებული რომ არ მქონდეს, წამოვხტებოდი და ხტუნვას დავიწყებდი.
- შეეცდები, შეეცდები! შეეცდება! შენ გგონია, ცდაა მთავარი? მე ახლა მხოლოდ ელენიკაზე ვფიქრობ! - აღელვებისგან უკვე აღარ ჩურჩულებს დედა. - ხო, ეგოისტი დედა ვარ, არ გაგიკვირდეს! დედაჩემიც რომ ასე მოქცეულიყო, დღეს ბედნიერი ვიქნებოდი!
- რადგან თქვენი ცხოვრება ასე წარიმართა, ნუ ხართ დარწმუნებული, რომ ელენიკას მეც ასე უნამუსოდ მოვექცევი! რომ არ ვიყო დარწმუნებული, ელენიკასთან პელოს გამო არ ვარ-მეთქი, გვერდით წამითაც არ გავუჩერდებოდი! ასე არ არის და მგონია, რომ ამას თქვენც ხვდებით, მაგრამ რატომღაც არ აღიარებთ. - უკვე ახლოდან მესმის გიორგის ხმა და ვგრძნობ, როგორ მაშტერდება სახეზე.
დედა დუმს. გამოდის, რომ გიორგი არ ცდება, მაგრამ მანანა მაინც ცდილობს ჩვენ დაშორებას. მუცელი მეჭიმება. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და ამაზე ფიქრი არც მინდა.
მეორე დღეს ისე ვიქცევი, ვითომც არაფერი გამიგონია. დედა გაბუტულივით იქცევა. არაფერს ამბობს და საჭმელსაც ჩვენთან ერთად არ ჭამს. ვხვდები, რომ ფიქრობს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ალბათ, მანამდე ვერ გავიგებ, თუ რას გრძნობს ახლა, სანამ მეც დედა არ გავხდები. შვილებს ხომ გვგონია, რომ მშობლები ყველაფერს აზვიადებენ. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ძალიან დიდი პატივია, ვიღაც კონკრეტულ ადამიანს იმდენად რომ უყვარხარ, რომ შენ გარშემო მომხდარ მოვლენებს განსაკუთრებით გაზვიადებულად აღიქვამს. სწორედ ამიტომ აგრესიით არასდროს მიპასუხია მისი გადამეტებული მზრუნველობისთვის. ჩემს ცხოვრებაშიც ხშირად ჩარეულა და თან ძალიან უხეშადაც, მაგრამ დროის განმავლობაში ეს იმის დასტურად იქცა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიყავი.
თვალი ისევ გიორგის მობილურზე მიჭირავს. ვერ ვისვენებ. მინდა კიდევ გავაცოცხლო პელო. ის პელო, რაღატომღაც მისი ვიდეოები მამაკაცმა რომ წაშალა. საუზმეს მალე ვასრულებ და მაგიდაზე დადებულ მობილურს მალულად ვიპარავ. სწრაფად ვბრუნდები ოთახში და შიშით ვრთავ შემდეგ ვიდეოს.
ეკრანზე გრძელი დერეფანი ჩნდება. მისი ბოლო ნელ-ნელა ახლოვდება. ნაცნობ კარებს ვხედავ. იმ საძინებლის კარებს, რომელშიც ერთხელ უკვე ვიყავი. ის, ვინც ვიდეოს იღებს, კამერას თავისკენ ატრიალებს და პელოს ვარსკვლავებივით გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ.
- აბა, თუ იცი, დღეს რა დღეა? ხო, დღეს გიორგის იუბილეა! ჩემი გიორგის! ორი წლის წინ ზუსტად ამ დროს ცოლობა მთხოვა! ორი წელი გავიდა... ორი წელი, მე კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც ზღაპრის გმირი! არ არის ღირსი, რომ დაბადების დღე პირველმა მივულოცო და გემრიელი საუზმეც მივართვა? არის! არ შეიძლება ეს მშვენიერი დილა სადმე რომ არ დარჩეს... შენი მოვალეობაც სწორედ ესაა! - ჩურჩულით ელაპარაკება კამერას და შემდეგ ისევ ატრიალებს მას.
ვხედავ, როგორ ეჭიდება მისი გრძელი, წვრილი თითები სახელურს. კარებს აღებს და ჩუმი ნაბიჯებით შედის საძინებელში.
ის საწოლი, რომელსაც, მე რომ ვნახე, გადასაფარებელი ეფარა, არეულია, საბნის ქვეშიდან კი ვიღაცის გაბურძგნული თავი მოჩანს.
- სიურპრიზიიი!
ხმამაღალ შეძახილზე საწოლზე ვხტები. უცნაური შეგრძნება ჩემს მთელ სხეულში იმპულსებს ბადებს. თვალებდახუჭული ვიხედები კარებისკენ. წამწამებს ძრწოლით ვაშორებ ერთმანეთს და კინაღამ აქვე ვლევ სულს.
შემოღებულ კარებთან გიორგი დგას.
ის გიორგი, რომელმაც ცოლობა პელოს თავის დაბადების დღეზე სთხოვა.
ის გიორგი, რომელიც პელოს ძალიან უყვარდა.
ის გიორგი, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო.
და ის გიორგი, რომლის თავშესაფარიც მე ვარ.