ნიკო ჯერ გამომწვევად მისწორებს თვალს, მერე კი ტრიალდება და მიდის. ამით იმაზე მიმანიშნებს, რომ უკან უნდა გავყვე. გიორგი და დედა ჯერ კიდევ არ ჩანან. გათამამებული ვედევნები ბიჭს უკან და ისიც მხოლოდ სასტუმროდან მოშორებით ჩერდება.
ველი, რას მეტყვის. იმდენად მაინტერესებს, თუ რა უნდა აქ და რა კავშირი გვქონდა ჩვენ ორს წარსულში, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ახლა იმაზეც კი არ ვდარდობ, თუ რას იფიქრებენ ჩემები, რომ გაიღვიძებენ და მე ვერ მნახავენ. ალბათ, დედა ძალიან ინერვიულებს, გიორგიმ კი შეიძლება ისიც იფიქროს, რომ გავიქეცი, მაგრამ ასეთ გაურკვევლობაში მაინც ვერ დავრჩები.
- აბა, რა ხდება? - ვეკითხები ბიჭს და ხელებს დაბლა ვუშვებ.
- შენ პელო არ ხარ! - როგორც იქნა, ღერღავს თავის სათქმელს და გამჭოლ მზერას მტყორცნის.
მოულოდნელობისგან ენა მეყლაპება. როგორ ვერ მივხვდი... ასეთი სულელი როგორ ვარ... პირველად ხომ არ მოხდა, რომ ვიღაცას მიმამსგავსეს... პირველად ხომ არ მოხდა, რომ უცნობ ადამიანს სხვაში შევეშალე... განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გიორგიმ იცოდა პელოს სიკვდილის შესახებ, ნიკოს კი ეტყობა მისი ბავშვობის მეგობარი ჯერ კიდევ ცოცხალი ეგონა, დიდ მსგავსებას ენდო, საპირფარეშოში შემომყვა და გამომელაპარაკა. ალბათ, აქამდე იმიტომ ვერ ვიეჭვე ვერაფერი, ბევრი რომ არ მიფიქრია ამ თემაზე. ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ გართულების ნაცვლად სიტუაციებზე თვალს ვხუჭავ, მის გაადვილებას, წვრილმანების გაქრობას ვცდილობ. ნელ-ნელა მეც იმ აზრს ვემხრობი, რომ ადამიანმა არ უნდა იფიქროს, თუ გაგიჟება არ უნდა. ის გამონათქვამიც, ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო, მხოლოდ მათემატიკურ გამოთვლებზეა. ცხოვრებაში ყოველთვის სწორი ვერ იქნები. ზოგჯერ მეტისმეტი ყურადღება და პედანტობა უფრო მნიშვნელოვან ცნებებზე გვასმევინებს ხმას. მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა სიყვარული. ერთხელ აუცილებლად უნდა მისცე თავს ნება, გიყვარდეს. მაინც ვფიქრობ, რომ უშეცდომობა უბედურებად არ ღირს.
- პელო არ ვარ. - ვეთანხმები და აცახცახებულ ხელებს ჯიბეებში ვიყოფ.
- სად არის? - ხმაჩამწყდარი ჩურჩულებს და თვალები ცრემლებისგან ებინდება.
- აღარ არის. - ვპასუხობ და ენას მტკივნეულად ვიკვნეტ.
ბიჭს ფერი მისდის. მოგუდულად ყვირის და სიმწრით აჭერს ტუჩებს ერთმანეთს.
- მომიყევი.
გამბედაობას ვიკრებ და თვალებით მიწას ვაცქერდები.
ნიკოს სახე ეღრიცება. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ წინ მიდის და მეც ყოყმანით ვაყოლებ მის ნაბიჯებს ჩემსას.
სასტუმროსთან ახლოს მიტოვებული სკვერია. მისი არსებობის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი და ჯერ კიდევ ვერ გამიცნობიერებია, რატომ ვენდობი ასე უცნობ ადამიანს, მაგრამ ის ფაქტად რჩება, რომ მე და ნიკო ერთ მორყეულ, საღებავგადაცილებულ სკამზე ვსხდებით და ორ ნაპირს მშვიდობიანად ვინაწილებთ. ეს ჩემი შანსია იმისა, რომ პელოს შესახებ ყველაფერი გავიგო... გიორგისა და მისი თანაცხოვრების შესახებ... მათი სიყვარულის შემდეგ... რომ საბოლოოდ გადავწყვიტო, რა მსურს და რა იქნება ყველაზე მისაღები...
- ძალიან ჰგავხარ პელოს. ყველაფერი მისნაირი გაქვს, მაგრამ არა თვალები. მასში ყველაზე მეტად ეს მიყვარდა. მოგრძო, მუქი წაბლისფერი თვალები, მუდამ ცეცხლი რომ ანათებდა მათში. შეიძლებოდა ერთხელ შემოეხედა, მაგრამ ისე გაგათბობდა, იმ სითბოს ვერასდროს მოიშორებდი . - ნაღვლიანი ღიმილით იხსენებს ნიკო.
- მეხუთე კლასში რომ ვიყავით, ერთ დღეს მასწავლებელმა გაკვეთილზე შემოსვლა დაიგვიანა, ხუთი წუთის შემდეგ კი დაბალ, გალეულ, ნაწნავებიან გოგონასთან ერთად შემოვიდა ოთახში. ყველამ მას მივაპყარით მზერა. გოგონამ ცრემლიანი თვალები აგვარიდა და გვერდით გაიხედა. მაშინ პირველად ვიგრძენი მისი დაცვის უდიდესი სურვილი. გულში დავიფიცე, რომ აღარავის მივცემდი მისი ატირების უფლებას, მაგრამ ეს ფიცი უამრავჯერ გავტეხე. მისი ფარული მცველი ვიყავი. სულ უკან დავყვებოდი იმისთვის, რომ თუ რამე გაუჭირდებოდა, დავხმარებოდი. მომენტებში თვითონაც უკვირდა, თუ როგორ გვარდებოდა ყველა ის პრობლემა, რომელიც წინა დღეს აწუხებდა, მაგრამ მერე გავიზარდეთ და მისი ცხოვრებაც უფრო გართულდა. სახლში მისი მშობლები სულ კამათობდნენ. ერთხელ დავინახე, რომ ქეთი დეიდას სახე შეშუპებული ჰქონდა. მაღაზიაში იყო ჩამოსული. ვეღარ მოვზომე და ისე მივაშტერდი, შემნიშნა. მანაც ზუსტად ისე ჩახარა თავი, როგორც პელომ მაშინ, პირველად რომ დავინახე. იმ ქალის ადგილას პელო წარმოვიდგინე და კინაღამ მოვკვდი... რომ შეიძლებოდა, ისიც ვიღაცას ეცემა... მის სახეზეც დაშვებულიყო ვიღაცის მძიმე ხელი... მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს გოგო უზომოდ შემიყვარდა და რომ გათხოვდებოდა და თუ საერთოდ გათხოვდებოდა, მისი ქმარი აუცილებლად მე ვიქნებოდი.
- მაგრამ რა მოხდა? - უტაქტოდ ვეჭრები ლაპარაკში, მაგრამ მოთმენა არ შემიძლია.
- გიორგი გამოჩნდა. ე.წ. შავი, ქურდი ბიჭები ხომ გაგიგია? ხოდა, ეგეთ წრეში იყო. მეც და პელოსაც ოთხი წლით გვისწრებდა. არ ვიცი, როდის და როგორ შენიშნა პირველად, მაგრამ მას შემდეგ აღარ მოშორებია. სულ უკან დასდევდა, ეჩხუბებოდა და სხვებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა. თუ ვინმეს ზედმეტად გამოელაპარაკებოდა პელო, ერთ ამბავს უტეხდა. ეგ და მისნაირები სკოლაში არ დადიოდნენ. ერთ დღეს საერთოდ არ გამოჩენილა. პელო სახლამდე მივაცილე. იმ საღამოს მისი ძმაკაცები სადღაც დამხვდნენ და საქმის გარჩევა დამიწყეს. პელოსთან ურთიერთობას მიკრძალავდნენ. ჩემს პელოსთან!
ნიკო ჩუმდება. სახეზე ძარღვები ასკდება. თვალები ჩასისხლიანებული აქვს, უპეები კი გალურჯებული. მისი ასეთი ფერიცვალება მაშინებს, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაინც აქ მტოვებს, მის გვერდით.
- ძალა არ მაკლდა, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ. ეტყობა, იმ ნაძირალამ უთხრა პელოს ეს ამბავი. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგრძენი, როგორ ჩამომშორდა ჩემთვის უძვირფასესი არსება. თავს ჩემგან შორს იჭერდა. ხანდახან კილომეტრებიდან გამომხედავდა და თუ მის მზერას დავიჭერდი, შეშინებული აფარებდა თავის მეგობრებს თავს. იმის წარმოდგენაზე, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ან ეთქვა მისთვის გიორგის, გული მეგლიჯებოდა. ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ერთ საღამოს ცეკვიდან შინ მომავალს სადარბაზოსთან დავხვდი. მაშინ მეთერთმეტეში ვიყავით უკვე. პელომ ნაძალადევად გამიღიმა, მომესალმა და გვერდი ამიარა. ვკითხე, ჩვენ შორის რა მოხდა, ამ დონემდე რატომ მივედით-მეთქი. პელოს ტყუილი არ შეეძლო. თავი გააქნია და მცირეხნიანი დუმილის შემდეგ უბრალოდ ჩაიჩურჩულა, - მაპატიეო. გავშრი. თვალებიდან ლიბრი რომ მომცილდა, ჩემ წინ უკვე აღარ იდგა. კიბეებზე მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა მხოლოდ.
მისი მონაყოლი სულ სხვა რამეზე მიმითითებს. ველოდი საოცარ, გულისამაჩუყებელ სიყვარულის ისტორიას და ნიკოსგან კი ისეთი საშინელებები მესმის, ხმის ამოღების და ლაპარაკის ძალაც კი აღარ შემწევს. დაბნეული და განადგურებული ვარ. როგორ ექნებოდათ პელოსა და გიორგის იდეალური ურთიერთობა, თუ პელოს ის არ უყვარდა? გამოდის, რომ გიორგიმ მომატყუა? უამრავი საბუთი რომ დამიდონ წინ, ამას მაინც ვერ დავიჯერებ. შეუძლებელია გიყვარდეს და ასე აწამებდე. მე კი იმაში დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი პელოზე გიჟდებოდა და მას ასე ვერ მოექცეოდა.
''მე არ ვიქნები შენი ვამპირი!''- გულში ნაზად მეღვრება მისი სიტყვები.
ხო, მას არ უნდა, რომ მატკინოს, რომ მომსპოს, დამალპოს. წინასწარ მაფრთხილებს, რომ თუ დამჭირდება, უნდა წავიდე. მისი ეგოისტური დამოკიდებულება ჩემდამი რაღაც ახალი მეგონა, მაგრამ თურმე ეს ავადმყოფობა წლებს ითვლის. ცდილობდა, პელო ყველასგან განეშორებინა, რადგან მას არაფერი მოსვლოდა, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ რაღაც მაინც გამორჩა. შვილი. სწორედ შვილის გამო თქვა საკუთარ სიცოცხლეზე პელომ უარი.
- სკოლა დავამთავრეთ. პელო ბანკეტზე არ ყოფილა. ორი წლის შემდეგ კი უბანში ყველამ გაიგო, რომ გათხოვდა. იქ ყოფნა აღარ შემეძლო. პელო სხვისი ცოლი გახდა. ქალი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან უნდა ყოფილიყო, სხვა კაცმა წამართვა. ჩემი ბრალი იყო. მე ვერ შევძელი მისი შენარჩუნება. სინდისის ქენჯნა აღარ მასვენებდა. ჩემი ოჯახი დავიყოლიე და ბინა გავყიდეთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ამ ბევრი რამის შეცვლის მერე გავიგე, რომ პელო აღარ არის. ეს მის გამოა. მან მოკლა. მან აუმღვრია პელოს მისივე თვალებივით ცხოვრება. - ასრულებს ნიკო და ფეხზე დგება.
- არ მჯერა. - ვლუღლუღებ და წამომდგარი სკამს უკან საბრალოდ ვიტუზები. - გიორგის პელო უყვარდა... უყვარს!
- ვხედავ, როგორც უყვარს! უყვარს და შენთანაა, არა? - ყვირის ნიკო და იმდენად მიახლოვდება, რომ მის სუნთქვას უკვე საკუთარ სახეზე ვგრძნობ.
- მე აქ არაფერ შუაში ვარ! მე ამ შემთხვევაში უმნიშვნელო, უსარგებლო საგანი ვარ, გესმის? შეიძლება ძალიან მინდოდეს, რომ გიორგი აღარაფერს გრძნობდეს პელოს მიმართ, მაგრამ ამას ვერასდროს მივიღებ, რადგან სიყვარული არ კვდება, არც იცვლება!
- შევცდი! ბევრი ვილაპარაკე! შენ ვერასდროს გაიგებ, ვინ იყო პელო! - ზიზღით მიგდებს ბიჭი, მაგრამ მოულოდნელად გამომეტყველება ეცვლება. - მაპატიე. ზედმეტი მომივიდა, მაგრამ პელოს ადგილას შენ... საშინელებაა! საშინელება!
ბიჭს თვალებში ცრემლები უდგება და მომუჭულ ხელებს შლის.
სასტუმროში მაბრუნებს და შემდეგ უკანმოუხედავად მიდის. მანამდე არ ვაშორებ თვალს, სანამ მხედველობის არიდან არ ქრება.
საწოლზე ზურგით ვწევარ და თვალები ჭერისთვის მაქვს მიპყრობილი. შინ რომ დავბრუნდი, გიორგიმ ის ახალი ამბავი მახარა, რომელიც მე მასზე ადრე შევიტყვე. ამან, წესით, დადებითად უნდა შეატრიალოს მოვლენები. ჯემალს ჯორჯთანაც ჰქონდა კავშირი, ამიტომ ისიც საფრთხეში იქნება. საჩქაროდ უნდა დაბრუნდეს გერმანიაში, თორემ პრობლემები შეექმნება და მამამისსაც რეპუტაცია შეელახება.
შეუძლებელია, ნიკოს მონაყოლი სიმართლე იყოს. ნუთუ გიორგიმ პელოს ცოლად გაყოლა აიძულა? ნუთუ ამდენი წელი პელო უბედური იყო? მაგრამ რაში დასჭირდებოდა გიორგის ჩემი მოტყუება? ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. გიორგი ასეთი არ არის. ვერც პელოს მოექცეოდა მტარვალივით. ისიც კი გულს მტკენს, რომ ახლა მასთან დკავშირებით ეჭვები მღრღნის... რომ ბოლომდე მაინც ვერ ვიხრები მისკენ. საკუთარ თავზე ამის გამო ნერვები მეშლება.
ამგვარი ფიქრებისგან საერთოდ რომ არ გადავირიო, ტუმბოზე დადებულ გიორგის მობილურს ვიღებ. აქამდე არასდროს მომფიქრებია მის მობილურში ძრომიალი, ახლა კი უცნაური ჟინი მიპყრობს. ჯერ გალერეაში შევდივარ, მაგრამ იქ საინტერესოს ვერაფერს ვპოულობ. წაშლილ დოკუმენტებში უამრავი ვიდეოა. პირველს ვირჩევ და ეკრანზეც გამოსახულება უმალვე იცვლება.
- გამარჯობა! - სუსტი, მაგრამ ხალისიანი ხმა მაშინვე იპყრობს მთელ ჩემს გონებას.
ეკრანზე მე ვარ. უფრო სწორად, პელო. ყურებამდე იღიმის და კამერას ხელს უქნევს. ასე ცოცხალს და ბედნიერს რომ ვხედავ, გული მესერება, თვალები ცრემლებისგან მებინდება და ტელეფონი კინაღამ ხელიდან მივარდება.
- მე პელო ვარ! ახლა თიანეთში ვიმყოფებით! ლამაზი ადგილია, არა? მე და გიორგიმ პიკნიკზე წამოსვლა გადავწყვიტეთ! -ღიმილით აღნიშნავს პელო და უცებ იღუშება.
- გიო, გიორგი, მოდი რა! მერე რა, რომ კამერა არ გიყვარს! სიბერეში ჩავრთავთ და ერთად ვუყურებთ! მოდი-ი-ი! - საყვარლად წელავს სიტყვას და წამიერად ეკრანი ბნელდება.
- თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან, ასე არ არის, ჩემო მუჰამედო? - ისმის პელოს კითხვა და მისი კისკისი, შემდეგ კი სიშავე ქრება და ეკრანზე გორგი და პელო ერთად ჩნდებიან.
- პელო, ნუ ცუღლუტობ! მწვადი დაიწვება! - სიცილშერეული ტონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას გიორგი. სახეზე მასაც ბედნიერი ღიმილი აქვს გამოსახული. ისეთი, მე რომ არასდროს მინახავს.
- უჯიშო ხარ, გიო, უ-ჯი-შო! წუთით მაინც, რა! გთხო-ოვ... - ეშმაკური ღიმილით ლამობს მის მოსყიდვას გოგონა.
გიორგი უცებ მის ზურგზე აცურებს ხელს და თმიდან რეზინს ხსნის. პელო ოხრავს და საყვედურნარევი მზერით უყურებს ქმარს.
- რამდენჯერ აგიხსნა, რომ გაშლილი თმა უფრო გიხდება? - ნიშნისმოგებით ეკითხება გიორგი და ხმამაღლა ხარხარებს.
- ოჰ, ვიდეო გამიფუჭე, საზიზღარო! - ბუზღუნებს პელო, ერთსაც ვითომ დანანებით უღიმის კამერას და ვიდეო მთავრდება.
მობილურისთვის ხელები მეშვება. მსხვრევის ხმა რომ არ მესმის, წარბებშეკრული ვიხედები დაბლა. მობილური საწოლზე დავარდნილა. რომ დამსხვრეულიყო, ალბათ გულს მოვიოხებდი, მაგრამ წაშლილი და მეხსიერებაში კვლავ დარჩენილი ვიდეოებიც იმის დასტურია, რომ ფეხს ყოველთვის პელოს ნაკვალევში ჩავდგამ. თვალს როგორც კი ვახამხამებ, ტირილი მივარდება. ვტირი, ვქვითინებ, ვყვირი. თითქო ერთი სამყაროდან მეორეში ვიძირები. ამდენ პელოს ვეღარ ავიტან. ამდენ სიყვარულს და ამდენ უსიყვარულობას. ჩემი თავშესაფრობის სეზონი სრულდება.
გაგრძელება იქნება