შემოსულის მრავლისმთქმელი ჟესტის მიუხედავად, მაინც ვეჯაჯგურები საკეტს, მაგრამ ის კარებს ეფარება და მეც ალმოდებულივით ვწევ ხელს უკან.
- კარს გამოეცალე! - ვუბღვერ ბიჭს, მაგრამ ის ადგილიდანაც კი არ იძვრის.
- ასე უნდა შეხვდე ბავშვობის მეგობარს? - მოულოდნელად ღიმილი ეფინება ბიჭს სახეზე.
გაოცებულს თვალები მიშტერდება. ვერაფრით ვხვდები, ვინ უნდა იყოს ეს ჭაბუკი და საერთოდ საიდან ვიცნობ მას. ბავშვობის მეგობარიც ისეთი არავინ მახსენდება. უმეტესად ჩემს ოთახში ვიყავი შეკეტილი, ვმეცადინეობდი, წიგნებს ვკითხულობდი და კლასიკას ვუსმენდი. ბიჭებთან ურთიერთობას განსაკუთრებულად ვერიდებოდი. ალბათ, ბავშვობიდან მქონდა ჩანერგილი მათდამი უცნაური დამოკიდებულება.
ბიჭს მოგრძო, შავი თმა თავზე უწესრიგოდ აყრია. შუბლზე რამდენიმე ღერი აქვს ჩამოშლილი. მართალია, იდეალური ნაკვთები არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გოგონების ყურადღებას მაინც იქნება ჩვეული. სახიდან ღიმილს თითქოს ნაძალადევად აცლიან, ჩემს უჩვეულო გამომეტყველებას რომ ხედავს და ხვდება, თავს კი არ ვაჩვენებ, არამედ მართლა ვერ ვიგონებ, თუ ვინ შეიძლება იყოს.
- ხო, ვიცი, რომ მეგობრულად არ დავშორებულვართ ერთმანეთს, მაგრამ... სულ არაფერს მეტყვი? - გამტყდარი მისწორებს სევდიან მზერას და მის თვალებში საშინელ გულდაწყვეტას ვხედავ.
- მაპატიე, მაგრამ ჯერ ქალბატონების საპირფარეშოში შემოვარდი, მერე კარი ჩაკეტე, გასვლის საშუალებას არ მაძლევ და კიდევ აქეთ ნაწყენდები? - მკვახედ ვეპასუხები და წარბებს ვკრავ.
- შენ... ნუთუ მართლა ვერ მცნობ? - ეჭვიანად კითხულობს ბიჭი. - ნიკო ვარ, ნიკო.
- ნიკო? ბოდიში, მაგრამ ასეთი არავინ მახსენდება! - უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან ყოველი ჩემი სიტყვით ძალიან დიდ ტკივილს ვანიჭებ.
- თავს რატომ ისულელებ? იმის გამო... მან გაიძულა? ჩემი დავიწყება მან გაიძულა? - ხმა უწყდება ნიკოს.
- მან? კი მაგრამ, ვისზე... - ის-ისაა, უნდა ვთქვა, ვისზე ლაპარაკობ-მეთქი, რომ ბიჭი წინადადების დასრულებას აღარ მაცდის, ისე ატრიალებს საკეტს და გასვლისას კარს მაგრად იჯახუნებს.
წამით გაშეშებული ვდგავარ, მაგრამ მერე მახსენდება, რომ გარეთ მელოდებიან და მათი აღელვება რომ არ გამოვიწვიო, სასწრაფოდ ვტოვებ საპირფარეშოს. უკვე შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ ყველა გადარეული მე უნდა გადამეყაროს და ისეთ სიტუაციებშიც კი, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ერთადერთხელ შეიქმნას, მაინცდამაინც მე უნდა აღმოვჩნდე. მაგიდას კვლავ მარტო უზის დედა. მოშორებით ვჩერდები, რადგან ვხედავ, როგორ დგება ფეხზე და გასასვლელისკენ მიიწევს. კარებთან გარეთ გიორგი დგას და სიგარეტს აბოლებს. აქამდე არც კი ვიცოდი, რომ ეწეოდა. ამ წვრილმანის აღმოჩენაზე მეღიმება. გაკვირვება ზენიტს აღწევს, როცა დედა გიორგის გვერდით დგება.
კარებს ვუახლოვდები და ბართან ვდგები, რომ ვერ შემამჩნიონ. გარეთ ქარი ჩამდგარია და ხმა კარგად ისმის. მით უმეტეს მაშინ, თუ მთელი ყურთასმენა ორი ადამიანისკენ გაქვს მიპყრობილი.
არც ერთი იღებს ხმას და არც მეორე, მაგრამ ნათელია, რომ ამ დუმილით ერთმანეთთან საუბრის სურვილს გამოხატავენ. მინდა ჩავდგე მათ შორის, ორივე ჩავაბა საუბარში, მერე კი სადღაც დავიმალო და ჩუმად ვუსმენდე, თუ რას ილაპარაკებენ. საბოლოოდ დედა მაინც ვერ ბედავს ლაპარაკის წამოწყებას და კაფეში შემოდის. კედელთან ვიყუსები და მერე შემოვლითი გზით მივდივარ ჩვენს მაგიდასთან.
- ამდენ ხანს სად იყავი? - ისეთი დაბნეული მეკითხება დედა, გეგონება, რაიმე დანაშაული ჩაედინა და მე ეს ყველაფერი დამენახა.
- თავს ვიწესრიგებდი. - პროფესიონალივით ვცრუობ და ყავის ფინჯანს ისეთი რადიუსით ვიყუდებ, რომ ტუჩები ნალექით მეთხუპნება.
ჩემდა სასირცხვილოდ, გიორგიც ზუსტად ამ დროს აღებს კარს. ჩემ დანახვაზე ღიმილს ძლივს იკავებს, მერე კი ბარმენს დამატებით ართმევს ხელსახოცს, ჩემთან მოდის და უჩვეულოდ ალეწილი სახით მიწვდის მას.
დროებით ერთ უბრალო სასტუმროში ვიღებთ ნომერს. აზრზე არ ვარ, რას ველოდებით ან რისი იმედი გვაქვს. ამ თამაშში ისე ღრმად შევტოპეთ, რომ თუ ჯორჯი არ დარწმუნდება, მედალიონი აღარ არსებობსო, თავს არ დაგვანებებს. ახლა კი ვხვდები, რომ ჩვენსავით რაღაც ჟინი ამოძრავებს, მაგრამ თავიდან რის გამო გამიმეტა ასე, მაგაზე ვფიქრობ. იმ სიცარიელეს ვერ ვიშორებ, მისი ასეთი გაუცხოების შემდეგ რომ დამეუფლა. ნეტავ, საერთოდ აღარ მენახა და ისეთ ჯორჯად დარჩენილიყო, როგორიც გერმანიაში იყო - ლაღი, კომუნიკაბელური, უდარდელი.
სამივე ერთ ოთახში ვბინავდებით. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის არის, რომ დედა არავითარ შემთხვევაში არ მოგვცემდა მე და გიორგის ერთ საძინებელში დარჩენის უფლებას. ცალკე რომ აგვეღო მისთვის ოთახი, მაინც არ დაგვთანხმდებოდა, მე კი უხერხულ სიტუაციაში არ მინდოდა აღმოვჩენილიყავი. მეორე და ყველაზე მთავარი კი ის, რომ ახლა ერთად უნდა ვყოფილიყავით. ვინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ყველაფერს წინასწარ შემზადებული უნდა დავმხვდარიყავი.
როგორც კი ოთახში შევდივართ, დედა დაქანცული ჯდება ტახტზე და მიუხედავად იმისა, რომ ვატყობ, ჩვენი კონტროლი აქვს გადაწყვეტილი, წამებში უვარდება თავი გვერდით და ეძინება. საწოლს გადასაფარებელს ვაძრობ და მას ვაფარებ. მისი დამსკდარი, წინ გამობურცული ტუჩების დანახვაზე გულში სითბო მეღვრება. საფეთქელზე ნაზად ვკოცნი და ტახტს ვშორდები.
აივანზე პერანგისამარა გავდივარ და კარს ვიხურავ, სიცივემ დედა რომ არ გამოაღვიძოს. შეხურებულ სხეულზე გრილი ჰაერი მედება. თავიდან ეს გრძნობა სასიამოვნოა, თუმცა როდესაც შინაგან ტემპერატურას შეყინული კიდურები წონის, ხელებს მკლავებზე მჭიდროდ ვიხვევ. შესვლა მაინც არ მინდა. ძალიან სულელური ხედია. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბუნება და თანაც, მეოთხე სართული. განა რა უნდა იყოს, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს საუკეთესო განტვირთვაა.
ვერც კი ვიგებ, როგორ გამოდის გარეთ გიორგი. თითქოს ცხელ წყალს მასხამენ ამ სიცივეში ზემოდან, გიორგი ქურთუკს მხრებზე რომ მახურებს. ყურებამდე გაღიმებული და აწითლებული ვიხედები მისკენ. თავს შებოჭილად ვგრძნობ, რადგან ორ ნაბიჯში დედაა. გამოდის, რომ მაინც ვერ გამოვსულვარ იმ მოზარდობის ასაკიდან, მშობლის დანახვასა და წარბის აწევაზე თხემიდან ტერფამდე შიში რომ უვლით ხოლმე.
- არ გცივა? - ისიც სხვანაირი მეჩვენება.
- არ მოგატყუებ და მციოდა. - ზმნის წარსულ ფორმაზე განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს.
- ყოველ წუთას ველოდები იმას, რომ დედაშენი მთელი ძალით გამარტყამს სილას! - ხმით იცინის მამაკაცი.
- რა? არა... სულაც არა! ასე... ასე... რატომ ფიქრობ? -დარცხვენილი და სახეაღაჟღაჟებული უარვყოფ მის სიტყვებს.
- ნუ ღელავ! კარგად ვიცი, როგორი ტრაგედიაა იმის გაფიქრებაც კი მისთვის, რომ შეიძლება მის შვილს რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს ჩემთან. - სივრცისთვის აქვს გასწორებული თვალი. - იმის თქმაც კი არ შემიძლია შენთვის, რომ მიყვარხარ. მთელი ცხოვრება ასეთ ადამიანთან რატომ უნდა გაატარო? თუ დედაშენი მეტყვის, რომ არ მაქვს უფლება, მისი შვილის გვერდით ვიყო, დავეთანხმები, მაგრამ ვერ მიგატოვებ.
ტირილს ვეღარ ვიკავებ. ასე მგონია, თუ ხშირად არ გამიმეორებს, რომ არ ვუყვარვარ, ეს ფაქტი დამავიწყდება. ის კი თითქოს განგებ მადგამს სუსტ წერტილზე ფეხს. თითქოს იმის შთაგონება, ღრად ჩაბეჭდვა უნდოდეს ჩემთვის, რომ არაფერს მპირდება და არც არაფერს მატყუებს. ამით უფრო და უფრო მიკლავს გულს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლება ჩემი ცრემლების უპასუხოდ დატოვება და წასვლა.
წინასწარ მაგუებს ასეთ მომავალს... არაფერს გამორიცხავს! არც იმას, რომ შეიძლება შევუყვარდე და არც იმას, რომ შეიძლება ერთ დღეს უბრალოდ წავიდეს... ხელიც კი არ დამიქნიოს... ბოლოჯერაც კი არ ჩამეხუტოს...
უსიტყვოდ შევდივარ ოთახში და იმის შიშით, რომ ისიც შემომყვება, სწრაფად ვწვები საწოლში და თვალებს ვხუჭავ.
კიდევ დიდხანს ვფიქრობ ჩემზე, მასზე, ჩვენზე და ვერც კი ვიგებ, როგორ მეძინება, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ დაძინებამდე კარი აღარ შემოღებულა.
დილით რომ ვიღვიძებ, დედა ისევ ისე წევს ტახტზე, როგორც წუხელ, გიორგი კი სავარძელზე ზის და მძინარეს საცოდავად აქვს თავი გვერდით გადაგდებული. ოთახში საკმაოდ ცივა. საწოლს იმ გადასაფარებელს ვაძრობ, რომელიც მე მეფარა და მას ვაფარებ.
უჩუმრად გავდივარ გარეთ, გრძელ დერეფანს ვივლი და კიბეებს უკან ვიტოვებ. პირველ სართულზე ტელევიზორია ჩართული. დივანზე ვჯდები და სხვა საქმე რომ არაფერი მაქვს, სიახლეების მოსმენით ვკავდები. ყურადღება მაინც კიბისკენ მაქვს, რადგან გუშინდელის შემდეგ გიორგიზე ფიქრის დროსაც კი თვალები მიცრემლიანდება.
ხველა მიტყდება, ეკრანზე ნაცნობ სახეს რომ ვხედავ. ჯემალი პოლიციელებს ორივე მხრიდან ჩაუბღუჯავთ და სადღაც მიათრევენ. შიშით ვიხედები ადმინისტრატორისკენ, რამე ხომ არ შემამჩნია-მეთქი და მერე ისევ ტელევიზორს ვაჩერდები.
- ჯემალ ჭანტურია ახლა უკვე სამართალდამცველების ხელშია. ის დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა გამოძიება იმედოვნებს, რომ დამნაშავის ალაპარაკებას შეძლებენ. ის მაშინ დააკავეს, როცა არალეგალურ კაზინოში მისივე მფლობელის ცივი იარაღით დაჭრას ცდილობდა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის სხვა სახელით და გვარით სარგებლობდა რუსეთში და მისი დასჯაც მრავალი მუხლით განხორციელდება. - ასრულებს წამყვანი და კუთხეში განთავსებული ფოტოც მსწრაფლ იცვლება.
ფეხზე ვდგები და კიბისკენ მივიწევ, კართან კაფეში შეხვედრილ ბიჭს რომ ვხედავ. ეს შემთხვევა და ვითომდა მოულოდნელი ნაცნობობა ჩვეულებრივი ამბავი არ მგონია. კიბის მოაჯირს ხელს ვუშვებ და ნიკოსკენ მივემართები.
გაგრძელება იქნება
წინა ეპიზოდების სანახავად "ჩასქროლეთ" ქვემოთ