მაშინ, როცა ჯორჯს ვხედავ და შიშისგან ზურგი ოფლით მისველდება, მტკივდება წარსულის მოგონებები. ის დრო, ძალიან, ძალიან ბედნიერი რომ ვიყავი ამ ადამიანთან ერთად.
ის ცვლილებები მტკივდება. ის წლები, რომლებიც აღარ გამეორდება. მე ჯორჯის არ უნდა მეშინოდეს. არ უნდა მეზიზღებოდეს. არ უნდა ვოცნებობდე იმაზე, რომ აღარასდროს ვნახო. ჯორჯი ჩემი მეგობარი იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მე იმაზე არ დავფიქრებულვარ არასდროს, რომ საუკეთესო არ ნიშნავს სამუდამოს.
უემოციო მზერით მივჩერებივარ ჯორჯს, გიორგი ხელში რაღაცას რომ მაჩეჩებს და მუჭს მაკვრევინებს. გონება მინათდება. სწრაფად ვწევ დედას უკან, სახლში შევრბივარ და კარებს ვხურავ. მარტო არ იქნება. კიდევ იქნებიან ბევრნი. დარწმუნებული ვარ, ის და ჯემალი ერთად მოქმედებენ. ხელს ვშლი და მანქანის გასაღებს ვხედავ. გიორგის უნდა, რომ დრო მოიგოს იქამდე, სანამ მე მანქანამდე მივაღწევ და მის დაქოქვას შევძლებ, მაგრამ ეს როგორ? მე არც ტარება ვიცი და არც ის, თუ როგორ უნდა გავჩნდე ბინიდან ეზოში ისე, რომ კარებით არ ვისარგებლო.
- რა ხდება, ელენიკა? ამიხსნი თუ არა? - კივის დედა და ფიქრს მაწყვეტინებს.
- მაცადე, დედა, მაცადე! - ვუყვირი, რომ ცოტა ხნით გაჩუმდეს. მზერა აივნის კარებისკენ გამირბის.
აი, კარები! სადარბაზოში გასასვლელი არა, მაგრამ...
მეორე სართული... მე მეორე სართულზე ვცხოვრობ. კორპუსი სტანდარტული არ არის. პირველსართულელებს მოშენებული აქვთ ერთი ოთახი და გადასვლას შესანიშნავად შევძლებთ. მერე კი დაბლა ჩასვლა უკვე მარტივი იქნება... მთავარია, დედა დავითანხმო და მისმა გაჯიუტებამ ხელი არ შემიშალოს.
- დედა, სახლიდან ეზოში გაჩენა იმ მარშრუტით, რომელიც აივანზე გადის, ოდესმე გიცდია? -შესამზადებლად ვეკითხები დედას და არაფრის თქმას აღარ ვაცდი, ისე მიმყავს აივნისკენ.
- რას აკეთებ, ელენიკა? იქ ხომ ჯორჯია? ან იმ კაცს შენთან ერთად რა უნდა? ასე არ წამოვალ! მე შენი პატარა ბავშვი არ ვარ! დედაშენი ვარ და უნდა ვიცოდე, რა პრობლემები აქვს ჩემს ერთადერთ შვილს! - შეშინებული და ბოლოს მომხდარი მოვლენების გამო აფორიაქებული დედა ნერვიულად შლის ხელებს და ტირილს იწყებს.
მომენტალურად ვშეშდები. მისი ცრემლები მაფრთხობს. ვფიქრობ იმაზე, რომ გარეთ გიორგია და ელოდება, როდის შევასრულებ მის დავალებას... რომ საიდანღაც პელო მიყურებს და ჩემს თითოეულ მოქმედებას ზომავს... ელის, როდის დავუშვებ შეცდომას... რომ დედას ძალიან, ძალიან ეშინია და საკუთარი თავის გამო კი არა, არამედ ჩემ გამო... და ვხვდები, რომ არ არის დრო სისუსტის, დრო ატირების, ამოღრიალების... ახლა მხრებში გამართვის და ჩემი უპირატესობების გამოვლენის დროა! ეს გამოცდაა! გამოცდა, რომლისთვისაც ჩემდა უნებურად გიორგის გაცნობიდან მოყოლებული ვემზადებოდი...
- დედა, წამოდი! - უხეშად ვკიდებ ხელს მას და აივანზე გამყავს.
ცივი ჰაერის ნაკადი სახეში მეცემა. თვალებში მტვერი მეყრება. ხელებით ვისრეს და უკან გაბრუნებულ მანანას ვუძალიანდები.
- დედა, შენი შვილის გამო, ჩემ გამო უნდა დამიჯერო, გესმის? - თითქოს ხმაზე ცეცხლი მეკიდება. - უნდა დამიჯერო! ახლავე!
მანანა სკეპტიკური მზერით იხედება მეზობლის მიშენებული ლოჯისკენ. მერე ისევ მე მისწორებს თვალს. ფრთხილად ყოფს ფეხს მოაჯირს იქით. მეც ასე ვიქცევი.
პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის რკინის გისოსებით ვსარგებლობ და დაბლა ვცურდები. დედასაც ვეხმარები ჩამოსვლაში და გიორგის მანქანისკენ გავრბივარ. გასაღებით ძლივს ვაღებ ავტომობილს, იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რაც წინ მელის. საჭესთან ვთავსდები, დედა კი დაბნეულია, არაფერს მეკითხება, ისე ჯდება უკანა სავარძელზე. ალბათ, თვითონაც ხვდება იმას, რომ მანქანის პატრონის გარეშე ვერ წავალთ. მისი დუმილი წუთიერად მაშინებს, თუმცა მალევე ვიაზრებ, რომ თავის გადარჩენის შემდეგ საკმარისი დრო გვექნება სალაპარაკოდ და თავს ამაზე ფიქრისგან მაინც ვითავისუფლებ.
სადარბაზოდან ყვირილის ხმა მესმის. მანქანის დაქოქვას როგორღაც ვახერხებ და ძრავის ღმუილის ფონზე გიორგის დანახვასაც ვახერხებ. მამაკაცი კარებს აღებს, ჩემ გვერდით ჯდება და ფეხის მოუხერხებელი მოძრაობით ავტომობილის დაძვრაც გამომდის.
- შენ მხოლოდ ფეხი გეჭიროს, მე ვატარებ! - ხელებს მინაცვლებს გიორგი და საჭეს მარჯვნივ ატრიალებს.
მთავარ გზაზე დიდის წვალებით გავდივართ. თავს მაქსიმალურად ვარიდებთ ბორდიურს და სხვა მანქანებს.
- არავინ მოგვდევს! - მესმის უკნიდან დედის გახარებული შეძახილი და შვება ნაწილებად შლის იმ ბურთს, რომლის გამოც ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირდა.
ბნელ, შეუმჩნეველ შესახვევთან მანქანას ვაჩერებთ. მე ჩემს ადგილს ვიკავებ და გიორგი თავისას. დედისკენ რომ ვტრიალდები, მის შიშისა და დაძაბულობისგან ანთებულ სახეს ვხედავ და მის ტუჩებზე წამიერად გადარბენილ გამამხნევებელ, ცალყბა ღიმილს მაშინვე ვრაცხავ მერვე საოცრებად.
- ახლავე მომიყევი ყველაფერი! - ხმის ამოღებისას კვლავ ეცვლება გამომეტყველება მას.
ვოხრავ, ტკივილით ვაშორებ ბაგეებს ერთმანეთს და... ვუყვები.
- ელენიკა! გაიღვიძე, ელენიკა!
ძილ-ბურანში უკვე ვხვდები, ვინც მთხოვს გაღვიძებას. მხარზე მტკივნეულად მხვდება რაღაც. სავარძელში ვსწორდები და შეშფოთებული კითხვით სავსე თვალებს ვაპყრობ გიორგის.
- სარკეში გაიხედე! - მეუბნება და დაძაბულობისგან ყბა გვერდით ექცევა.
განთიადის შუქი საშუალებას მაძლევს, თავისუფლად დავინახო ყველაფერი. სარკეში ვიხედები და მასში არეკლილ ჯორჯის მანქანას რომ ვხედავ, მთელი იმედები თავზე მემსხვრევა. უკვე აღარ შემიძლია ვიფიქრო იმაზე, რომ შემდეგი დღე უკეთესი იქნება. ჩემთვის უკვე შემდეგი და წინა ერთმანეთს გაუტოლდა. ეს აღარ არის მოწყენილობისგან თავის დაღწევის გზა. ეს ახალ მოწყენილობაში შებიჯების ჟამია. ჩემს სურვილებს, ოცნებებს ყოველ წამს ხაზი ესმევა. უკვე აღარ ვიცი, ვისთვის და რისთვის ვიბრძვი. ვის ვიფარავ და ვისი დაკარგვის მეშინია.
- კიდევ? - ტუჩები მეღრიცება იმის წარმოდგენაზე, რომ ყველაფერი თავიდან იწყება.
- დამშვიდდი. - ჩურჩულებს გიორგი და თავით დედასკენ მახედებს.
მანანას ისე უშფოთველად სძინავს, რომ გეგონება, ამ ქვეყნად სადარდებელი არაფერი აქვს. მეცოდება გაღვიძებისთვის, რადგან არ ვიცი, რას ხედავს სიზმარში. ვინ იცის, როგორი ბედნიერია ამ წუთებში, მე კი უნდა შევანჯღრიო და კვლავ ამ სასტიკ რეალობაში დავაბრუნო. საოცრად უსუსური ვხდები. თავს ისევ გზისკენ ვატრიალებ.
გიორგი სიჩქარეს უმატებს, მაგრამ თვითონაც იცის, რომ ვეღარსად გავიქცევით. უკვე სამი მანქანა მოგვყვება უკან. ყველაზე საშიში ხომ ის მტერია, რომელსაც არ იცნობ. მეც უფრო მეჭიმება ძარღვები. მარტო ჯორჯი რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც შანსი მაინც გვქონოდა, მაგრამ ახლა სასტიკად მეწიწკნება კანი იმედგაცრუების გამო.
წინ ზუსტად ჩვენნაირ მანქანას რომ ვხედავ, იმის გასაგებად, ტყუილად ხომ არ შემიფრთხიალდა გული სიხარულისგან, გიორგის ირიბად გავყურებ. მამაკაცი წელში გასწორებულია და თვალს არ აშორებს ჩვენს საერთო სამიზნეს. მანქანა ერთ კლაკნილ შესახვევში რომ უხვევს, ჩვენც იგივენაირად ვიქცევით, მერე კი მაქსიმალური სიჩქარით ვეშვებით დაღმართზე. ჩვენი მანქანის ტყუპისცალი გზას წინ აგრძელებს და ჩვენ უკან გათავისუფლებული სივრცე იმაზე მეტყველებს, რომ ჯორჯიც და მისიანებიც მას გაჰყვნენ.
ფანჯრის შუშას ვწევ და თავს გასაგრილებლად გარეთ ვყოფ. გადავრჩით.
გზად კაფეს ვსტუმრობთ. დედა პროტესტის ნიშნად არაფერს უკვეთავს. ამიტომ მე მიწევს იმდენის შეკვეთა, ორივეს ერთად რომ გვეყოს. მართალია, იმის მერე, რაც სიმართლე გაიგო, თვალების ბრიალი არ შეუწყვეტია იმ დროის გამოკლებით, რა დროშიც ეძინა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ასეთ ვითარებაში თავის სიჯიუტეს დაივიწყებდა. ამასთან ერთად, ისიც ჩემი უპირატესობა იყო, რომ მისთვის ჩემი და გიორგის ''სხვანაირ'' ურთიერთობაზე არაფერი მითქვამს. ეს სიტუაციას გაამწვავებდა, თუმცა მანანას დაეჭვებული მზერა, რომლითაც ხან მე მბურღავს და ხან გიორგის, აშკარას ხდის, რომ ხვდება, რაშიცაა საქმე და წარბებს შორისაც უფრო მკაფიო და გამოკვეთილი ხდება მისი ნაოჭი.
- დედა, შეჭამე. - საყვედურნარევი ტონით ვუდებ თეფშზე ჰამბურგერს.
- არ მინდა. - მოკლედ მიჭრის და თეფშს გვერდით აცურებს.
გიორგი უხერხული ღიმილით დებს ჩანგალს თეფშზე და სიტყვებით, ცოტა ხნით გავალო, კაფედან გადის.
- ამ კაცთან რა საერთო გაქვს, ელენიკა? - როგორც კი კარი იხურება, მეკითხება დედა.
- დედა, ხომ გითხარი... ამ სიტუაციაში როგორ შეგიძლია, რომ... - თავდაცვის ნაცვლად თავდასხმაზე გადავდივარ და ვიღუშები.
- ელენიკა, სულელი ნუ გგონივარ! ქეთის მისამართი რომ მთხოვე, მაშინვე მივხვდი ყველაფერს! რა გინდა ამ კაცთან, ელენიკა? ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მიიღო სწორი გადაწყვეტილება? - თვალები ემღვრევა მანანას.
- სწორი გადაწყვეტილება? და სწორი გადაწყვეტილება რა არის, დედა? - თავის გადარჩენის რეჟიმიდან გამოვდივარ და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ.
- ის, რომ ქვრივთან, მით უმეტეს, პელოს ქმართან შენი ადგილი არ არის! - დარწმუნებით მპასუხობს დედა.
- გულს ნუ მატკენ, გთხოვ და ნუ მაფიქრებინებ, რომ ჩემი გათხოვება მხოლოდ გათხოვილი ქალის სახელის გამო გსურდა. ხომ გინდა, რომ ბედნიერი ვიყო? მომეცი უფლება, რომ ამ ბედნიერებისთვის ვიბრძოლო! მე გიორგი მიყვარს, გესმის? მიყვარს და მისი სიყვარულისთვის არ მჭირდება საბუთი იმისა, რომ სიკვდილამდე მასთან ერთად ვიქნები! -ბოლო სიტყვებს კბილებში ვცრი, ფეხზე გულნატკენი ვდგები და საპირფარეშოს მიმართულებით მივდივარ.
საპირფარეშოში შევდივარ და წყლის ნიჟარის წინ ვდგები. ცივ წყალს სახეზე ვისხამ, თავს ვწევ და სარკეში არეკლილ ჩემს თვალებს ვაკვირდები. იქ ქალს ვხედავ. ქალს, რომელმაც უკვე იცის, რა უნდა. ქალს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ბედნიერებისკენ მიისწრაფვოდა. ბედნიერებისკენ, რომელიც შესაძლოა არც არსებობდეს.
ჩემ გვერდით კარები რომ იღება, ფიქრები მეფანტება და გვერდით შემცბარი ვიხედები. საკივლელად პირს ვაღებ, საპირფარეშოში ნახევრად შემოსულ ახალგაზრდა, შავთმიან ბიჭს რომ ვხედავ, მაგრამ ის სწრაფად კეტავს კარებს და ტუჩზე საჩვენებელ თითს იდებს, არ იყვიროო.
გაგრძელება იქნება