ეს იმდენად რეფლექსური ქმედება იყო, გონებაში გაფანტული, აშრიალებული ფიქრები კვლავ რომ თავიანთ ადგილს იკავებენ, იმასაც კი ვერ ვხვდები, თუ როგორ ან რატომ მოვხვდი აქ.
ავტომატურად ვგრძნობ მკლავზე ძლიერ მოჭერას და უკან ბანცალით ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს. თვითგადარჩენის ინსტინქტი მნიშვნელოვნად სუსტდება. ახლა იმაზე მშვიდად ვარ, ვიდრე იმ სათავსოში. იქ უფრო დაცული ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ, გიორგის დაცვა არ შემეძლო. მირჩევნია, აფეთქების ეპიცენტრში ვიდგე, ვიდრე შორიდან ვუყურო, როგორ იქცევა ის ყველაფერი ნაცარტუტად, რაც ჩემთვის ძვირფასია.
- ოჰ, ჩვენი გმირიც აქ ყოფილა! - ხელებს ცისკენ ცერემონიულად იწვდენს კაცი და ორგანიზმში ელვასავით მივლის მისი სიტყვები.
მშიერივით შევყურებ დანას, რომელიც სინათლეზე ელვარებს. უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. თვალები საშინლად მტკივდება. ვერ ვიტან ასეთ შუქს. ვერ ვეგუები. მახსენდება მამიდას ტირილნარევი ჩურჩული და...
ერთიანად ვკარგავ შემართებას, სიმამაცეს, სიძლიერეს. მეშინია ყველაფრის, განსაკუთრებით კი, ამ საშინელი შუქის. ვპატარავდები, ჭიანჭველას ვუტოლდები და ახლა ესოდენ დაკარგული მაქვს საკუთარი თავის რწმენა და იმდენად დარწმუნებული ვარ ამ მდგომარეობის უსასოობაში, რომ ყველას შეუძლია ფეხი დამაბიჯოს და გადამიაროს. ცალ მხარეს ძალიან ვმძიმდები და გვერდით ვყირავდები. გიორგი სწრაფად რეაგირებს და მიჭერს.
- შენი სათქმელი უკვე თქვი, შეგიძლია წახვიდე! - გაცეცხლებულ მზერას არ აშორებს ჯემალს და მის ხელს.
- რატომ? ჯერ ძალიან ადრეა, გიორგი. აი, როგორი მშვენიერი დამსწრე გვყავს! არ გინდა ცოტა გავართოთ? შენ ხელით, მე დანით! ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა ხარ, ძლიერი, მომხიბვლელი! რთული გამოცანა არც უნდა იყოს შენთვის! - ვითომ რა გიკვირსო, წარბებს ისე ქაჩავს ზევით კაცი. -ჰო, პრიზი! ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი! ვინც გაიმარჯვებს, გოგოც იმას დარჩება, როგორია?
ამ უხამსი, ამაზრზენი წინადადების აზრსა და საშინელებას მაშინ ჩავწვდი, გიორგი ხელს რომ მიშვებს და ჯემალს მაგიდას აჯახებს. ადგილს თითქოს ვიღაც ფეხებით მაკერებს. კაცი მხოლოდ სუსტად ღმუის და კვნესის. ეტყობა, ხმაურის გამოწვევა არ უნდა. გიორგი გამეტებით უშენს მუშტებს. მანამდე ვერ ვინძრევი, ვიდრე სუფრაზე ჩამოჟონილ სისხლს არ ვხედავ. ახლაღა ვზომავ თითოეული დარტყმის ძალას. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ მესხმის და თავიც ტკივილისგან მისკდება, გიორგის უკვე მერამდენედ აწეულ ხელს ვუჭერ და ისიც გამოფხიზლებული იხედება ჩემკენ. სახე მიტკალივით გათეთრებია. ძარღვები წითლად მოუჩანს შუბლზე.
- სისხლი! - ვხრიალებ და აწ უკვე სისხლით გაჟღენთილ სუფრის ბოლოს ხელს ვკიდებ.
გიორგი კიდევ ერთხელ იხედება კაცისკენ, რომელიც კვლავ კვნესის, სახე დაბეჟვია და ნესტოებიც სისხლით აქვს სავსე. ოდნავ შორდება მას და ჯემალიც დაბლა ცურდება. ახლაღა ვხედავ, როგორ მოთქრიალებს მისი გვერდიდან სისხლი. ხელში ისევ დანა უჭირავს. შემთხვევით თვითონვე შეირჭო ალბათ. ვფითრდები. გიორგიც ჩემს დღეშია, მაგრამ ისეთი გამძვინვარება უფეთქავს თალებში, რომ ვატყობ, ჩადენილს არ ნანობს.
- წამოდი! არაფერი მოუვა! - ამბობს. არ ვიცი, ჩემ დასამშვიდებლად თუ საკუთარი თავის დასარწმუნებლად, კარებს აღებს და სადარბაზოს სიბნელეში გავყავარ.
- სად მივდივართ? - მომხდარით გულაჩქარებული ვეკითხები.
- სადმე. - მპასუხობს წასული ხმით, ხელს მკიდებს და კიბეებისკენ მივყავარ.
მანქანა ღამის სიჩუმეში მიქრის. გზა ლამპიონების შუქითაა განათებული. უკვე გავიდა დღეები, კვირები... კვლავ მირბის დრო... წამები წამებს მიყვება, წუთები წუთებს... მე კი სადღაც შევჩერდი, სადღაც გავიჭედე. გამომამწყვდია სიკვდილმა, შიშმა, უპასუხო კითხვებმა. დავრჩი უსაათოდ და მგონია, რომ ვერასდროს გავიგებ, რა დროა, რა ხდება ჩვეულებრივ სამყაროში. რას აკეთებს დედა, ჩადის თუ არა წყალი ჩემს მეზობელთან, გვანცა თუ მოვიდა ჩემთან და თუ... თუ ვახსოვარ გიორგის კიდევ...
ვზივარ მანქანაში. მძღოლის გვერდითა სავარძელზე. მესმის გიორგის აჩქარებული სუნთქვა და არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, რა ჯობდა: მოსაწყენი, ჩვეულებრივი ცხოვრება, დედაჩემის მიერ გარიგებული იდეალური საქმრო თუ... თუ გათენებული ღამეები, შიშში გატარებული დღეები, გადამტერებული მეგობრები, განაწყენებული მშობელი, სისხლი, ყვირილი და გიორგი? ის მოვიდა ჩემთან, თავი ჩემს თმებში ჩარგო, თავშესაფრად მიგულა და ახლა მე დავიკარგე, მე ვბოდიალობ ქუჩებში უმისამართოდ, მე არ ვიცი, სად მელოდებიან და მე მჭირდება თბილი სახლი ჩამოფარებული ფარდებით, პლედით და ვიღაცის მხურვალე გულისცემით...
მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი. ჩვენი თავშესაფარი ყველაზე ბინძური, დაუსრულებელი ამბავია, რომელშიც ყოველდღე, ყოველ დილას ერთმანეთზე საშინელი მოვლენები ხდება... ჩვენს თავშესაფარში ფანჯრები დამსხვრეულია და სიცივე სხეულში ატანს... სადაც მე ვკივი, ვწუწუნებ, რაღაცას მოვითხოვ... სადაც სულ ვცდილობ, პელოს ხაზი გადავუსვა... სადაც გიორგის უწევს დამამშვიდოს, ხელები შემომხვიოს და მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება... მე სულ წასვლაზე ვფიქრობ, დაცლაზე, დაცარიელებაზე... ის ჩემთან ყოფნაზე, შევსებაზე და იმაზე, რომ შეიძლება კიდევ ვინმე წავიდეს მისგან, რომ შეიძლება კიდევ ვიღაც დაკარგოს... ჩვენი თავშესაფარი არასდროს ყოფილა სასიამოვნო და კომფორტული ადგილი და მაინც... მაინც გიორგის არასდროს მოუხურია ჩემთვის კარი! არასდროს გადაუბიჯებია ზღურბლისთვის ფეხი და არასდროს უთქვამს, უნდა წავიდეო... ის სულ იმას მიმეორებდა, რომ თუ დამჭირდებოდა, მე უნდა წავსულიყავი მისგან, რადგან იცოდა, თვითონ თუ წავიდოდა, ისევ უკან დაბრუნდებოდა... თავჩაღუნული, შორეული ხმით და სიტყვებით, არა, შეუძლებელიაო...
მან ალბათ არ იცოდა, რომ რამდენჯერაც უნდა წასულიყო, თავისი თავშესაფარი ისევ ისე და იქ დახვდებოდა, როგორც დატოვა...
და ძალიან მომინდა, რომ მეთქვა.
ვუთხარი კიდეც.
- შემოაბრუნე მანქანა! - ვყვირი უეცრად და მანქანის ბორბლებიც ღრჭიალით წყვეტს ტრიალს.
- რა დაგემართა? - გაოგნებული და ჩემი მოულოდნელი ყვირილით ცოტა არ იყოს შეშინებული მიტრიალდება.
- შენ დასაკარგი აღარაფერი დაგრჩა ამ მედალიონის გარდა, მე კი დედა მყავს, ახლობლები, ადამიანები, რომლებიც მიყვარს... ისინი პირველ რიგში დედასთან მივლენ! მე მასთან უნდა დავრჩე... ვერ წამოვალ. - ვუხსნი და ჯერ მარტო იმაზე ფიქრი მზარავს, რომ მე და მანანა ამ ღამით სახლში მარტო უნდა დავრჩეთ.
გიორგი ზურგით სავარძელს ეყუდება და ჰაერს ღრმად ისუნთქავს. ვიცი, რომ თვითონაც ხვდება, როგორ ეგოისტურად მექცევა. ისიც არ არის მისთვის უცნობი, რომ დედაჩემის გვერდით უფრო მეტად გაძლიერდება საფრთხე, მაგრამ მე ვერასდროს დავაყენებ საკუთარ თავს მანანაზე წინ. თანახმა ვარ, ყველაფერი გაიგოს, გვეჩხუბოს, აკივლდეს, წნევამ აუწიოს, ოღონდ არაფერი დაემართოს. ოღონდ იმ საზიზღარმა ადამიანებმა რამე არ დაუშავონ.
- შენ რომ გაგიცანი, ვფიქრობდი, მთელ სამყაროს ჩამოვაშორებ, ყველასგან გავმიჯნავ, მხოლოდ ჩემთან მეყოლება და არაფერი, აღარაფერი დაუშავდება-მეთქი, მაგრამ ახლა გზას ვერ გავაგრძელებ. განა იმიტომ, რომ ვერ გაგაკავებ? არა, იმიტომ, რომ მე გვერდით პელოს ფიტული არ მჭირდება! მხოლოდ ხელის მოსაკიდებლად უსულო სხეული არ მჭირდება... მე ვერ ავიტან, რომ შენში ელენიკა მოკვდეს, ამიტომ დავბრუნდებით დედაშენთან! აუცილებლად!
- გიორგი, მე... - გული ტკივილისგან მეკუმშება.
- შენ თავი არ უნდა იმართლო, ელენიკა! ვიცი, საშინელებაა ჩემთან ყოფნა... მუდამ ჩემი შიშებით, ფანტაზიური საფრთხეებით და ყველასგან გარიდების მცდელობებით რომ ხარ შეწუხებული, მაგრამ... მეორედ ვერ შევძლებ! მეორედ ვეღარ ვიტყვი, რომ ცხოვრება გრძელდება! ყელში ახლაც რაღაც მაქვს გაჩხერილი... ვერ ვინელებ იმას, რომ პელომ მე დამტოვა! კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა! წავიდა და სულ გული მიგრძნობს, რომ ეს ვიღაცის გამო მოხდა... რომ გადარჩებოდა, სხვაზე რომ არ ეზრუნა, სხვაზე რომ არ ეფიქრა! მე არასდროს მითხოვია მისთვის მსხვერპლზე წასვლა... არც სხვას უნდა ეთხოვა! არ მინდა, შენზეც ასე მოხდეს, თუმცა მე მხოლოდ ჩემთვის არ მინდიხარ... შენს ცხოვრებას ვერ დაგაკარგვინებ! იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს! - ღიმილით მიჭერს მხრებზე ხელს და ჩემს პასუხს აღარ ელოდება, ისე ბრუნდება საჭისკენ.
ძრავის გუგუნი მესმის. გული უგრძნობს, მაგრამ როგორ? ნუთუ იცის პელოს ორსულობის შესახებ და ჩემ გამოცდას ცდილობს? ნუთუ არ ღირს მისთვის ამ ყველაფრის დამალვა? როგორ შეიძლება გავიგო, რა იქნება სწორი? არ მინდა, სიმართლე ისევ წინ შემხვდეს, მაგრამ ადამიანები პელოს ცხოვრებიდან ყოველ ნაბიჯზე და ყოველ კუთხეში არიან. თითქოს ჩვენ შეკავებას, ჩვენში დარწმუნებას ცდილობენ... თითქოს პელოს სურს, რომ გაიგოს, სანდოა თუ არა ჩემი თავშესაფარი.
სვიტერის ქვეშ ვიღაცის ცივ, გაუხეშებულ ხელებს ვგრძნობ. უკვე მეორედ მიკაკუნებს პელოს არსებობა კარს. მე უნდა შევძლო და დავარწმუნო საკუთარ თავში. მხოლოდ ამის შემდეგ მომცემს უფლებას, დავრჩე გიორგისთან და წავა იქ, სადაც მისი ადგილია...
ბინიდან ჯერ კარების გაღების ხმა, შემდეგ კი კედელთან შუქის ანთების ჩხაკუნი მესმის. კარზე ბრახუნს მაინც არ ვწყვეტ. პანიკურ შიშს ვარ აყოლილი. იმის შიშს, რომ დედა კარგად არ არის. სინათლეზე მისი სხეული რომ იკვეთება, ფეხებში ძალა მიბრუნდება. მანანას თავისი ვარდისფერი ხალათი აცვია და სახეზე ამ მოულოდნელი ზარის გამო ფერი არ ადევს. გვერდით ვიწევი. დედა გიორგის დანახვასაც ახერხებს და შეშფოთებული პირზე იფარებს ხელს.
- ეს ვინ არის, ელენიკა? აქ რა გინდა? ან... ან... საერთოდ რა ხდება? - ქოთქოთით მაყრის კითხვებს და გიორგის ეჭვიანი მზერით ათვალიერებს.
- დედა, ეს პელოს ქმარია! - ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვპასუხობ და თავს მხრებში ვმალავ.
დედა არ კივის, არც თმებს იწიწკნის, სახესაც არ იხოკავს. ეს უკვე პროგრესია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი პროგრესი. გაკვირვებული ვუსწორებ თვალს და ვხვდები, რომ არც მე მიყურებს და არც გიორგის. ის სადღაც ჩვენ უკან იყურება.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავები