სახლი იმედებს არ გვიცრუებს. იმაზე უკეთესიც კია, როგორც სასტუმროში გაცნობილმა მამაკაცმა აღგვიწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი სტუმრობა სვანეთში იმასთან ახლოსაც არაა, როგორსაც ველოდი.
გიორგი მხოლოდ იმ აზრსაა ჩაბღაუჭებული, რომ მედალიონი უნდა იპოვოს. პელოს მედალიონი. ამის სურვილი მეც მაქვს, მაგრამ ზოგჯერ ეჭვიანობა გესლიან აზრებს მაწვეთებს და ერთ მომენტში იმასაც კი ვფიქრობ, რომ გიორგი ჩემზე წინ პელოს აყენებს და სულ არ ანაღვლებს, რომ აქაურობას მე ფოტოებზე ვესიყვარულებოდი. მერე საკუთარი თავის ასეთ ფიქრებში გამოჭერა სირცხვილის გრძნობას მიჩენს. არ მაქვს უფლება, გიორგის გრძნობების ასეთ საზიზღარ ფორმულირებას ვახდენდე. ძალიან ბევრი რომ ვეცადო, პელოს ვერ ჩავანაცვლებ. გიორგიში მოგონებებს პელოზე და მის სიყვარულს ვერ გავაქრობ. არ არსებობს ძალა, რომელიც უკვე არსებულს არარსებულად გარდაქმნის. ახლა უკვე იმას ვაკეთებ მე, რასაც გიორგი მაშინ, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ რამდენჯერმე ვყავდი ნანახი. ჰო, ვიკვიატებ იმ აზრს, რომ პელოსნაირი ან პელოზე უკეთესი გავხდე. გიორგი კი ყოველ წუთას მაჯახებს პელოს, რომ მიმახვედროს, ვინ ვარ საკუთარი თავისთვის და მერე მისთვის.
- ესაა? - სახლისკენ თითს ვიშვერ და ვგრძნობ, როგორ მაყრის კიდურებზე ეკლები.
- ჰო, ალბათ. აი, მარჯვნივ ის სასტუმროა, მგონი, იქ რომ გვითხრეს. აი, ამ ადგილას კი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მეც არ ვიცი. - ბუნდოვან პასუხს მცემს გიორგი და წინაპირობების გარეშე მაყენებს ხის უკან.
- ეს რას ნიშნავს? - ვუკადრისობ ამ ადგილს და მის უსიტყვო ქმედებას.
- იმას, რომ დროებით აქ დარჩები! ვნახავ, ვინ არის სახლში და თუ რამეა...
- თუ რამეა, არც დამიძახებ და არც არაფერი, ხომ? არ ვაპირებ აქ იქამდე ყოფნას, სანამ საფეთქელში ტყვიას არ დაგაჭედებენ! არ ვიცი, მე ეგ ხალხი რისი გამკეთებელია... ჯორჯს ვიცნობ, კარგად ვიცნობ, მაგრამ ამ ბოლო დროს ისე იქცევა... მგონი, იქ სულ სხვა პიროვნება სეირნობდა ჩემთან ერთად, ნაყინს მიირთმევდა, იცინოდა... ვერ გავიგე, რა გახდა ეს მედალიონი ასეთი მისთვის! - ხელების ქნევით ვუხსნი და მერე წინ ვეღობები, მეტად ჩემი შეჩერება რომ ვეღარ შეძლოს.
- ელენიკა, ნუ ჯიუტობ! შეიძლება სულაც არ იყოს იქ ჯორჯი, ტყუილად რატომ შევაშინოთ სახლის მეპატრონე? - იაფფასიანი ტყუილით ცდილობს, რომ გადამარწმუნოს.
- მართლა? არავითარ შემთხვევაში! მეც შენთან ერთად მოვდივარ და ამაზე მეტად აღარაფერი თქვა! - მაწიწმატებს მისი შეუვალობა.
- შენ გინდოდა ჩემი დაცვა ჯორჯისგან და იმ ხალხისგან, ჩემთან მოხვედი, რისკზე წახვედი, მთხოვდი, დამიჯერეო... მე გენდე და ახლა შენი ჯერია! - მის სიტყვებთან ერთად სიმშვიდე დგება ჩემს შინაგან სამყაროში. - უნდა მენდო! შენ მე!
ნდობით და მორჩილებით მევსება მთელი გული. გიორგის ეღიმება ჩემს დუმილზე. მთელი სხეული მექავება. ახლა წავა და მერე მე არ მეცოდინება, მოვა თუ არა. ვერ გამიგია, რა უნდა გავაკეთო, ჩავეხუტო, ვაკოცო თუ უბრალოდ ვუთხრა, აუცილებლად დაბრუნდი-მეთქი. შემდეგ უბრალოდ თავს ვაქნევ და ცრემლებს ისევ იქ ვაბრუნებ, საიდანაც ცდილობდნენ გამოჭრას.
- წავედი. - კიდევ ერთხელ ამოწმებს ჩემს თანხმობას მამაკაცი, ტრიალდება და მიდის.
მიდის. მიდის. მიდის.
მიდის ჩემგან.
მიდის სხვაგან.
და მე ვგრძნობ, რომ ეს მომენტი კიდევ დადგება. ოღონდ არ ვიცი, ვინ იდგება წინ და ვინ - უკან. ვინ დარჩება და ვინ გააგრძელებს გზას.
ლოდინი რიცხვის აკვადრატების ერთ- ერთი სახეა. ამას მაშინ ვხვდები, ხესთან ჩაცუცქული თვალმოუშორებლივ რომ ვაკვირდები სახლს, რომლისკენაც ცოტა ხნის წინ გიორგი წავიდა, მერე კი გაუჩინარდა. ჰო, ელოდები ორი წუთი და გგონია, რომ ოთხი საათი გავიდა. ეს ის მომენტია, როცა გირჩევნია, კილომეტრები გაიარო, გრძელი იატაკი ხეხო, ფარდები დღეში ორჯერ ხელით გარეცხო, ოღონდაც კი უსაქმოდ არ იყო და რაღაც საზიზღარი ფიქრი არ შემოგიძვრეს ტვინში მწვანე, დაკლაკნილი ჭიაყელასავით. ჩემი უუნარობა ყელს მისერავს. ვზივარ გაუნძრევლად და მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებ არაფერს, რომ გიორგიმ მთხოვა. ვფიქრობ იმაზეც, რომ შეიძლება ახლა ნანობს, აქ რომ დამტოვა, რომ მიბრძანა, ადგილიდან არ დაიძრაო და ეს უფრო მირევს გონებას.
ბუმბერაზი მთები ამაყად აზნიქულან. ოდნავადაც არ გამოხატავენ ნაღველს იმაზე, რომ მე ასე ვნერვიულობ, გიორგი კი იმ გაურკვეველი წარმოშობის ადამიანებთან ერთად არის პატარა, კოხტა სახლში. მზე მთების წვერებს შორის არის ჩასვენებული და იღიმის. ლამისაა ვირწმუნო, რომ ბუნებასაც აქვს თავისი სული. ვცდილობ, გარემოში ისეთი რამ ამოვიცნო, რასაც ღმერთის სიგნალად ჩავთვლი, მაგრამ ამ წუთას საშინლად ურწმუნო ადამიანი ვარ, რომელსაც არავის და არაფრის სჯერა, საკუთარი თავისაც კი.
თავს სულ წამით ვყოფ ხის იქით და ვხედავ, როგორ გამორბის ვიღაც სახლიდან. საჩქაროდ ვდგები ფეხზე და დაუფიქრებლად სირბილით მივექანები მეც იმ ადგილისკენ. სახლს რომ ვუსწორდები, იქიდან ყვირილი მესმის, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ და გაქცეულს უკან მივყვები. ფეხი მოყინულ მიწაზე მისრიალდება და ვეცემი. მუხლში რაღაც მიტკაცუნდება. მაინც არ ვეშვები და გზას კოჭლობით ვაგრძელებ.
- მოიცადე! ეი, შენ! - ვუყვირი კაცს, რომელიც ჩემკენ იმის გასაგებად იხედება, თუ ვინ მოსდევს უკან და მერე ისე უეცრად ჩერდება, რომ ვხვდები, დიდ საფრთხედ ვერ მიმიჩნევს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც სურს ჩემი თავიდან მოშორება.
- მისმინე, განძრევა არ გაბედო! დაგვიბრუნე ჩვენი კუთვნილი ნივთი და მერე წადი! - ვყვირი ისე, როგორც შემიძლია გაყინული ფილტვების მქონეს და პირიდან ჰაერის ცივ მასას ვუშვებ.
- Elenika, Sie wissen nicht, wie sie einen Fehler gemacht, liebe! (ელენიკა, შენ არ იცი, როგორ შეცდი, ძვირფასო!) - მესმის კაცის სიტყვები და უკვე აღარ მჭირდება მისი სახის ძირეულად შეთვალიერება, რადგან პირველ რიგში - ენა, მეორე რიგში კი ნაცნობი ხრინწი პირდაპირ მიმითითებს მის ვინაობაზე.
- ჯორჯ, სისულელეს აკეთებ! ასე ვერსად წახვალ! - დაბნეული და სახეწაშლილი მხოლოდ წინადადების დასრულების შემდეგ ვიაზრებ, რომ ქართულად ველაპარაკები.
ჯორჯი წუთით ქართულ სიტყვებს უკვირდება, მაგრამ მანქანის ბორბლების ხმა რომ ესმის, უკან იხედება. ორხიდიანი, მთაში ტარებისთვის განკუთვნილი მანქანა მის გვერდით ჩერდება. ჯორჯი კმაყოფილი ხარხარებს და მისი სიცილი ჩემში აღარანაირ ემოციას არ იწვევს. ვერ ვხვდები, რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს მედალიონი, რად გადაგვარდა მის გამო და რა მიზეზით მომექცა ასე.
ჯორჯი მანქანაში ჯდება და მე გზაზე გაოგნებული და პირშიჩალაგამოვლებული ვრჩები.
თითქოს ტრანსში ვიყო, ისე მაქვს გამოთიშული გონების თითოეული უჯრედი. მხოლოდ ინსტინქტები მმართავს და უკან მაბრუნებს, ისევ სახლისკენ. არ ვიცი, გიორგი სად არის და არც ის, სახლში ვინმე თუ დარჩა ჯორჯის გამოქცევის შემდეგ. ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ ვერ მივაგნებდით და ამიტომაც დაგვხვდა ასე მოუმზადებელი. შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან. მორჩა! მეტად ვეღარასოდეს ვნახავთ მედალიონს, მის დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკი არაა. ყველაფერი დამთავრდა. მე და გიორგი თბილისში წავალთ. მერე ვიქნებით დროებით გარესამყაროს მოწყვეტილები, ვიფიქრებთ, ერთმანეთს დავადანაშაულებთ და ბოლოს წავალთ. გზაჯვარედინის სხვადასხვა მიმართულებით.
მანქანის ბღუილის ხმა რომ მესმის, იმის ეჭვიც კი მიჩნდება, ჯორჯი უკან ხომ არ დაბრუნდა-მეთქი, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის მარჯვნიდან წავიდა და მარცხნიდან როგორ მობრუნდებოდა? სიცოცხლის ელვარე შუქები მძლავრობენ ჩემში. მხედველობას ვძაბავ და გიორგის მანქანას რომ ვხედავ, რომელიც სახლიდან მოშორებით დავტოვეთ, იმედი მიჩნდება.
- გიორგი, შენ... - ჯერ მანქანა არ გაუჩერებია, ლუღლუღს რომ ვიწყებ, მაგრამ გიორგი ძრავას არ რთავს, ისე აღებს კარებს და მიყვირის, ჩაჯექიო.
მის გვერდით ვხტები და თან ისე მოუხერხებლად, რომ ფეხი გარეთ მრჩება. ძლივს ვკეტავ კარებს და გიორგიც სწორედ იქითკენ უხვევს მანქანას, საითკენაც ჯორჯი. ახლაღა აღვიქვამ, თუ რატომ დაიგვიანა ასე. ეტყობა უკან მანქანის მოსაყვანად მიბრუნდა და თანაც ასეთ გაურკვეველ ვითარებაში წუთები საუკუნედ მომეჩვენა.
- კარგად ხარ? - ანერვიულებული, გაყინული ხმა აქვს მამაკაცს.
- ჯანდაბა, რა დროს ესაა! - ვკრუსუნებ და ნატკენ მუხლს ვიზელავ. გიორგის კითხვა ტკივილს თითქოს უფრო მიძლიერებს.
- ვიპოვით! ვერსად წაგვივა! - იმუქრება გიორგი.
მიხარია, რომ მისი მანქანა ასეთ გზებზე სიარულს ახერხებს. ალბათ, ტყუილად არ გააკეთა არჩევანი მასზე. მისი მონაყოლიდან გამომდინარე, წესით, ხშირად უნდა უწევდეს მთიან, უსწორმასწორო გზაზე ტარება.
- მედალიონი მას აქვს? კიდევ იყო სახლში ვინმე? მესმის, რომ ახლა ლაპარაკის დრო არაა, მაგრამ იქნებ რამეში დახმარება შევძლო.
- ისევ და ისევ სამნი იყვნენ. სამივე გერმანულად ლაპარაკობდა. რატომღაც ჩემთან რომ იყვნენ, ქართველებად ჩავთვალე. - სხაპასხუპით ჰყვება მამაკაცი. - რომ შევედი, დაიბნენ. ჯერ ჯორჯი ვერ დავინახე. არ გამოსულა საერთოდ, მაგრამ ეტყობა, სახლს სხვა გასასვლელიც ჰქონდა და იქიდან გამოიქცა. სხვებიც ყოფილან აქ. ვიღაც ქართველიც იქნებოდა. აბა, ისე სვანეთის გზებზე როგორ... მანქანით წაიყვანეს, ხომ?
- ჰო, ასეა და ის ორი სად წავიდა?
- ის ორი არ მაინტერესებს. ეგ რომ გამოიქცა, მეც გამოვედევნე.
საზურგეს ვეკრობი და ჰორიზონტს ვაჩერდები. არანაირი სილამაზის აღქმა არ შემიძლია ახლა. ვგრძნობ, როგორ ვითიშები. დაღლილობა ახლა უფრო მემჩნევა. ყელი მტკივა და წარამარა მახველებს.
ძილის გზას რუდუნებით ვიკვალავ, მანქანა ძლიერად რომ ირყევა. თავს შეშინებული ვწევ და ინერციით შუბლს რაღაცას ვარტყამ. გაუსაძლისი ტანჯვა მეუფლება. ტკივილი, გაურკვევლობა, შიში ერთმანეთს ენაცვლება. გვერდიდან არაფერი მესმის. ის, რომ ვერაფერს ვხედავ და სიბნელიდან გამოღწევაში არავის ხმა არ მეხმარება, ბოლო წვეთია.
''ახლა გული წამივა!'' - ვფიქრობ და წყვდიადში საბოლოოდ ვიკარგები.
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს