თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს ნახვა მოლოდინს აჭარბებს. ინტერიერი უძვირფასესია.
შესასვლელში კრემისფერი სავარძლები დგას, მათ წინ კი პატარა, შავი მაგიდები იწონებენ თავს. ჭერს მაღალი სვეტები ამაგრებს. ადმინისტრაციის წინ პლაზმური ტელევიზორი კიდია კედელზე. ადმინისტრატორი უნიფორმაშია გამოწყობილი და ხვეული, ღია ყავისფერი თმა აქვს. ჩემდა სასიხარულოდ, რიგი არ არის და მეც მაშინვე მისკენ მივეშურები.
- გამარჯობა. ჯორჯ კრიგერი ამ სასტუმროშია? - ვეკითხები და წინადადება არ დამისრულებია, რომ კიბეებზე ჯორჯს ვკრავ თვალს.
- Elenika, was willst du hier? (აქ რა გინდა?) - თბილად მიღიმის ის და აშკარად ეტყობა, რომ ჩემმა დანახვამ გაახარა.
- ჩემთან რომ იყავი, სასტუმროს სახელი ახსენე და... იმ დღეს წესიერად ლაპარაკიც ვერ მოვასწარი, ამიტომ მოვედი აქ. - გერმანულად ვპასუხობ და მის ხელში ჩაბღუჯულ ფაილებზე გადამაქვს მზერა. - საქმეზე მიდიოდი?
- Nein, es gibt nichts. (არა, ისეთი არაფერია.) - მოჩვენებითი გულგრილობით გადააქვს ხელიდან ხელში ფურცლების დასტა.- Es ist sehr cool Cafés. Setzen Sie sich? (აქვე ძალიან მაგარი კაფეა, დავსხდეთ?)
- ჰო, რა თქმა უნდა. - ვეთანხმები სიამოვნებით.
კაფე მართლაც მშვენიერი გამოდგა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც მიმტანმა ცეზარის სალათა და ხაჭაპური მოიტანა, ჯორჯი იმიტომ იკენკება ასე, მე რომ გუშინწინდელ დღეზე წამოვიწყო საუბარი. ჩანგალს თეფშზე ვდებ მისი მზერისგან დაკომპლექსებული და მიკვირს, რატომ ვარ ასე ეკლებზე. გერმანიაში რომ ვიყავი, ოდნავადაც არაფრის მერიდებოდა ჯორჯთან. გიჟებივით ვხარხარებდით ერთად მთვრალები, ტბაში ქვებს ვისროდით, შუაღამისას ვღრიალებდით და მე გერმანულ და ის ქართულ სიტყვებს ზედმეტად უცნაურად და სასაცილოდ წარმოვთქვამდით. შეიძლება დროის ბრალია და შეიძლება იმის, რომ ჯორჯმა ისეთ სიტუაციაში მოგვისწრო მე და გიორგის. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ჩვენ შორის ურთიერთობა.
- Für eine lange Zeit, was ist mit dir? (დიდი ხანია, რაც ერთად ხართ?) - უხერხულობის ჩასაცხრობად მეკითხება ჯორჯი.
- Nicht so. (არც ისე.) - ტუჩებს ვისველებ ენით.
- Warum sich Sorgen machen? (რატომ ღელავ?) - ჩემს ხელსახოცზე მოჭერილ ხელზე მიმითითებს ის.
- Zu dir, was passiert? (შენკენ რა ხდება?) - კითხვას ბანზე ვუგდებ და ნერვიულობისგან ხელიდან ჩანგალი მივარდება.
ჯორჯი მიმტანს ხელს უქნევს და ჩვენთან მოსულს ჩემს გასაჭირს ამცნობს. ბიჭი თეფშსაც მიცვლის და ჩანგალსაც. სირცხვილისგან ცეცხლი მედება.
- ისეთი არაფერი. მგონი, ქალებში არ მიმართლებს. კლარა ხომ იცი? ორი თვის წინ დავშორდით. თითქმის შვიდი წელი შეყვარებულები ვიყავით და უცებ... მიღალატა იმ ძუ*ნამ. - მიყვება გერმანულად ჯორჯი და მეორე მაგიდიდან, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულები გვიყურებენ. - ხომ იცი, მანამდე სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია... მოკლედ, არავისთან მილაპარაკია ქორწინებაზე, მომავალი არავისთან დამიგეგმავს, მაგრამ მამაჩემი ავადაა და მემკვიდრეობის საკითხი სულ მალე დადგება. ბიზნესის სათავეში ჩასადგომად უკეთესი იქნება, თუ ცოლს მოვიყვან. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის მერე რომ მივიღე, სწორედ მაშინ... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს! ამაზე ნუ იფიქრებ! რომ არ გეკითხა, არ გეტყოდი.
- Horrible! (საშინელებაა!) - მოსმენილით გაღიზიანებული ვაცხადებ.
- Wahr. (ასეა.)
- არ მეგონა კლარა ასეთი! - აღვნიშნავ გერმანულად.- იქნებ ასე იმიტომ მოიქცა, რომ... რომ ეგონა, არასდროს გადადგამდი სერიოზულ ნაბიჯს? ან... არ ვიცი.
- ნუ ცდილობ მის გამართლებას, ელენიკა! ეგეთებს შენ ვერ გაუგებ, ვიცი. - ისე დარდიმანდულად იღიმის, თითქოს საერთოდ არ წუხდეს თავის ამბავზე. - თუ აღარ ჭამ, გავიაროთ! საქართველოში პირველად ვარ, არ გინდა, დამათვალიერებინო?
- Ausgezeichnet! (შესანიშნავია!)
მიმტანთან ვსწორდებით და კაფედან სიცილით გამოვდივართ.
- საბაგიროები? - დაღმართზე ჩამოსრიალებული საბაგიროებისკენ ვიშვერ ხელს.
- Es wäre schön. (კარგი იქნება.) - ხათრს არ მიტეხავს ჯორჯი, თუმცა ეტყობა, რომ უკვე გადაიღალა და ბოდიალის ხასიათზე აღარაა.
ორი წუთით-მეთქი, თითით ვანიშნებ და მხარზე გადასაკიდი ჩანთიდან აწკრიალებულ მობილურს ვიღებ. ეკრანზე დაწერილი ნომერი რომ არ მეცნობა, მთელ სხეულში დენი მივლის. სენსორს ხელს ვუსვამ და საპირისპირო მხარეს ვტრიალდები, რადგან, როგორც ყოველთვის, ალბათ, სახეზე მახატია, რაზეც ვფიქრობ.
- სად ხარ? - მოსალმების გარეშე მეკითხება გიორგი.
- რატომ გგონია, რომ ადამიანებს დასამშვიდებლად ორი დღე სჭირდებათ? - წყენას ვაქსოვ ხმაში. - არა, კი არ მიკვირს, რომ აქამდე არ გაგახსენდი... უბრალოდ...
- ელენიკა, ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა სახლში მოხვალ. - მტკიცედ ჟღერს მისი ნათქვამი.
- მოვალ თუ მივალ? - ყელში მყესები მეჭიმება.
- მგონი, შენ მოპატიჟებას არც აქამდე ველოდებოდი.
- ახლა მით უმეტეს! - ვწიწმატდები და წითელი ალი მასკდება სახეზე.
- სად ხარ? - ისე დაჟინებით მეკითხება, მგონია, რომ სადღაც აქვე დგას და ამიტომაც მისვამს ამ კითხვას უკვე მეორედ.
- ჯორჯს მოვუწყე ექსკურსია. - მსახიობური უდარდელობით ვაკმაყოფილებ მის ინტერესს.
- აჰა, ჰოდა, ახლა უთხარი, რომ ექსკურსია დასრულებულია. - ძალიან მშვიდად, მაგრამ მომთხოვნად მეუბნება.
- ჩვენ ჯერ...
- მიდი, მინდა გავიგონო, როგორ ეტყვი! მართალია, გერმანული არ ვიცი, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ვისწავლი კიდეც. - გაბრაზება კრთება მის სიტყვებში.
- Wer ist das? (ვინ არის?) - ჩემი დაძაბული, დაბნეული პასუხები ძარღვებს უბერავს კისერზე ჯორჯს.
- კარგი, გიორგი. - განგებ ვახსენებ სახელს. - არ ვიცი, როდის მოვალ.
მისგან აყალმაყალს და წყობიდან გამოსვლას ველი, მაგრამ მხოლოდ მითიშავს. ყელში ფხასავით მეჩხირება რაღაც. ნუთუ ამით იმის თქმა უნდოდა, რომ სასწრაფოდ უნდა მივიდე სახლში? სურვილი მიჩნდება, რომ ჯიბრზე დავიგვიანო და ეჭვები აღვუძრა. ახლა ჯორჯმა რომ იცოდეს, რაზე ვფიქრობ, მტკვარში გადამისვრიდა, მაგრამ საბედნიეროდ, ღმერთს ფიქრების ამოცნობის უნარი არავისთვის უფეშქაშებია.
- Sind Sie bereit? (მზად ხარ?) - ვუბრუნდები გამომწვევი, ვერაგული ღიმილით ჯორჯს.
- Ich bin bereit. (მზად ვარ.)
სადარბაზოში შუქები ისევ გაფუჭებულა, მაგრამ ჩემი ბუს მხედველობის დამსახურებით კიბის საფეხურზე დაგდებული კენჭის დანახვაც კი შემიძლია ბუნდოვნად.
''წასულა!' '- ვფიქრობ კმაყოფილი და საკეტში გასაღებს მოხერხებულად ვატრიალებ.
სახლამდე ჯორჯმა მომაცილა. დიდხანს არ მიხვეწნია, იყოს, ჩემით წავალ-მეთქი. გიორგიზე გაბრაზებული რომ არ ვყოფილიყავი, თავპატიჟს გამოვიდებდი, რადგან ჯორჯს ჩამოსვლისთანავე შევატყვე შეცვლილი დამოკიდებულება. რა დავარქვა ამას, არ ვიცი, მაგრამ რაც მართალია, მართალია, გიორგი ტყუილად არ ღიზიანდება. მხოლოდ ის არ მომწონს, ჩემთვის არაფრის თქმა რომ არ უნდა ამასთან დაკავშირებით და ეჭვიანობას დამრიგებლური ტონით და შეურაცხყოფით გამოხატავს.
ჩემ უკან კარი რომ იხურება და ამაში ჩემი ხელი არ ურევია, ვხვდები, ყველაფერი რიგზე ვერ არის. სახლში ჩემ გარდა არავინ უნდა იყოს, ეს კი ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს ეწინააღმდეგება. დიდად არ ვშინდები, რადგან ჩემი დამუხტული თმა და ადუღებული სისხლი მამცნობს, რომ გიორგი არსადაც არ წასულა.
- ოჰ, ძვირფასო ჯორჯ! - პათეტიკურად მიმართავს ალბათ უკვე შინისკენ მიმავალ ჯორჯს. - სახლამდეც მოგაცილა, არა? ძალიან ყურადღებიანია!
- ნუ ლაპარაკობ ასე მასზე, ძალიან გთხოვ. - ვიცავ მეგობარს. - მეგონა, სახლში წახვედი.
- ეტყობა, ჯორჯს არ გაუმხილე შენი აზრი, თორემ სასტუმროსკენ არ გასწევდა! - დამცინავად მიმზერს და მხრებზე ჩამოწეულ ქურთუკს მხდის.
ისეთ ტკივილს ვგრძნობ, თითქოს მინის ნატეხებით მოფენილ იატაკზე შიშველი ფეხებით გავიარე. ზურგზე, რომელზეც გიორგი შემეხო, ყველა ნერვი ერთად იწყებს ფეთქვას. ფრჩხილს ისე ვირჭობ კანში, რომ კივილამდე აღარაფერი მიკლია. ქვედა ტუჩი მიბრუნდება და ტირილი რომ არ დავიწყო, სააბაზანოში შევდივარ და სახეზე წყალს ვისხამ.
- მშვენიერია! ეტყობა, გიდის აყვანა დაეზარა... როცა ძველი მეგობარი გვერდით ჰყავდა, სხვას თხოვნით რატომ მიმართავდა? - სიტყვა ''მეგობარს'' ხაზს უსვამს და მხრებში იშლება.
- მე მეძინება... შენ შეგიძლია წახვიდე! - ვუჭრი და მის ნერვებზე სათამაშოდ ძლივს შეკოწიწებული სითამამით ვიწყებ კაბის ღილების შეხსნას.
ჩემს მოქმედებას გიორგი ამჩნევს. კბილებს აკრაჭუნებს და ისიც უცებ იარაღდება გულგრილობით.
- დღეს ძალიან დავიღალე... თუმცა... თუმცა სანამ დავიძინებ, შხაპს მივიღებ! - სწრაფადვე ვცვლი გადაწყვეტილებას.
გიორგი რეაქციის გარეშე მადევნებს თვალს.
- ღმერთო, ეს ელვაშესაკრავი... ჯანდაბა! - უაზროდ ვექაჩები შესაკრავს, რადგან გიორგის მზერა ჩემს მოშიშვლებულ ყელსა და მხრებზე უკვე აუტანელია.
ისე წამებში ჩნდება ჩემთან და დაბლა ქაჩავს შესაკრავს, რომ გონს ვერ მოვდივარ. ისიც მორჩილად ჰყვება გიორგის ხელის მოძრაობას. ფეხებში ძალა მეცლება. ბეჭებით მამაკაცის მკერდს ვეჯახები. ის ისევ მაყენებს და გამიზნულად მიშვებს ხელებს. მაგიდას ხელებით ვეყრდნობი და ენაარეული ვლუღლუღებ:
- გთხოვ... ხომ იცი, რომ... ხომ იცი, მე... არ მინდოდა... ასეთი არ ვარ, არა!
ჩემი სიტყვების მიუხედავად, მკლავს ქამარივით რომ მარტყამს წელზე და ხელისკვრით საძინებელში შევყავარ, ტირილი მიტყდება. ვიცი, ახლა თუ რამე მოხდება, ხვალ წავა და საერთოდ, საერთოდ აღარ მოვა. გაურკვეველ, გაწელილ ბგერებს ვისვრი და როცა უკვე საწოლზე მაგდებს, კისერზე ვეჭიდები.
- არა... არა! არა! - გავიძახი განუწყვეტლივ.
წარმოიდგენს, რომ პელო ვარ... გონება დაებინდება და ელენიკაც ისე გაქრება და ჩაიბჟუტება, თითქოს არც ყოფილა.
გიორგი ბალიშზე მადებინებს თავს, კედელზე დამაგრებულ შუქის ჩასაქრობს წვდება და ოთახში სინათლე სიბნელით იცვლება.
- დაიძინე, ელენიკა... - ცხელ ხელისგულს მადებს შუბლზე და მერე უკანმოუხედავად გადის საძინებლიდან.
''რა მოხდა?''
ეს ის ერთადერთი კითხვაა, რომელიც გონებაში მიელვებს და თითქოს ყველა ფიქრი ამას ელოდებოდაო, ერთად მესევიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ რომელიმეზე უფრო ბევრი ვიფიქრო. უკვე მერამდენედ გამაოცა გიორგის საქციელმა. მაშინ, როცა შეუძლია აივსოს პელოთი და ამოისუნთქოს, მაშინ მიდის. ვხედავდი, როგორ ძალა დაატანა საკუთარ თავს, ოთახიდან რომ გასულიყო, მაგრამ ჩემი თხოვნა მაინც შეასრულა. ღმერთო, როგორ ესმის ჩემი ასე ან რატომ არ სარგებლობს იმით, რა მდგომარეობაშიც მისი სიახლოვე მაგდებს, ვერ გამიგია. პირქვე ვწვები, რათა გონება ოდნავ მაინც დავასვენო. ეს პოზა ყოველთვის მშველოდა, მაგრამ ახლა არაფერი გამომდის.
''რა მჭირს?''
ამჯერად უკვე ამ კითხვის განსჯას ვიწყებ. მიყვარდება, ნამდვილად მიყვარდება! ოცდარვა წლის ასაკში ვიჯერებ იმას, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს და რომ შეიძლება ცხოვრება დიდხანს და ბედნიერად...
''ნუთუ შეძლებ?''
ჩემს გამოცდას ცდილობს ალტერ ეგო. არ ვიცი, რა გამოვა, ან საერთოდ გამოვა თუ არა რამე, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ უნდა ვცადო...
''დაიძინე, ელენიკა, დაიძინე!'' - ალტერ ეგოს მომაბეზრებელ რჩევებს და ჯუჯღუნს ცვლის მამაკაცის ხავერდოვანი, მზრუნველობით გაჟღენთილი ხმა და მეც არ მაქვს სურვილი შეწინააღმდეგებისა.
გაგრძელება იქნება სამშაბათს