ორივეს გვეტყობა შეფუცხუნება. მე უფრო სწრაფად ვრეაგირებ და თავსაც ვიწესრიგებ. ვერ ვხვდები, ვინ უნდა იყოს.
დედაჩემი? ეს ყველაზე საშინელი ვარიანტია! გვანცა? ეს ყველაზე გულისგამაწვრილებელი! მეზობელი? ეს ყველაზე სულელური, რადგან რაც აქ გადმოვედი, მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ დაუკაკუნებიათ ჩემს კარზე და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ წყლის დაკეტვა ვერ ვისწავლე სააბაზანოში. ახლა ვის უნდა მოსვლოდა აზრად ჩემი სტუმრობა?
- ვინმეს ელოდები? - მისაღებისკენ იხედება მამაკაცი და ლოგინს ნაჩქარევად ასწორებს.
- გაგიჟდი? ვის უნდა ველოდებოდე? - ვჩურჩულებ და სარკის წინ თმას ვისწორებ. - კარგი, ნუ გეშინია... არც კარადაში შეგაგდებ და არც სააბაზანოში!
- ჰო, აბა... შიშისგან ვკვდებოდი. - დამცინის ის, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ სიცილის დრო არ არის და საძინებლისკენ მიიძურწება.
იმ დალოცვილ ჭუჭრუტანაში ვიხედები, რომელიც რომ არა, უამრავი არასასურველი სტუმარი შემოგვეჭრებოდა სახლში და იქვე მოტრიალე ჯორჯს რომ ვხედავ, მუხლები მეკვეთება.
აფექტურ მდგომარეობაში ვაღებ კარს და ჯორჯიც ჩემ დანახვაზე ყურებამდე იკრიჭება.
- Oh, mein Gott, elenika! (ო, ღმერთო ჩემო!) - გერმანულად იცხადებს მამაკაცი ჩემ დანახვას.- Endlich! (როგორც იქნა!)
- ჯორჯ, შენ აქ? საქართველოში ჩამოხვედი? - მეც გერმანულადვე ვეკითხები და შეძლებისდაგვარად ვახერხებ გაღიმებას. - არ გელოდი.
- როგორ ხარ, ძვირფასო? - ჩემ მოკითხვას თავისივე ენაზე აგრძელებს ის. - ჰო, ჩამოვედი. იმ მისამართზე მივედი, რომელიც შენ ჩამანიშნინე, მაგრამ თურმე აქ გადმოსულხარ. ქალბატონმა მანანამ მისამართი მომცა.
- მართლა? - ღიმილი სახეზე მეღვენთება. უკვე მერამდენედ ვწყევლი დედაჩემის წინდაუხედაობას. ხომ შეეძლო დაერეკა და გავეფრთხილებინე? ახლა რა ვუყო გიორგის? მართალია, გერმანელი მამაკაცისთვის გასაკვირი არ იქნება, მას თუ ისე გავაცნობ, როგორც ბოიფრენდს, მაგრამ ამის თქმას მირჩევნია, ფანჯრიდან გადავხტე.
- ელენიკა, არ გაგიხარდა ჩემი სიურპრიზი? რა სახე გაქვს? როგორ გაფერმკრთალებულხარ? - ნიკაპს ხელით მიჭერს ჯორჯი და თავს აქეთ-იქით მიტრიალებს. - გამხდარხარ, გალამაზებულხარ!
- მე...
- გასაგებია! ეტყობა, სახლი გაქვს არეული და ამიტომ გრცხვენია წესრიგის მოყვარული გერმანელის! არა უშავს, ელ! - მამშვიდებს და მისაღებში დაუკითხავად შედის.
გიორგი კაცის ხმის გაგონებაზე ეჭვიანი ქმარივით ტოვებს თავის სამალავს და მოქუფრული სახით წინ ესვეტება ჯორჯს.
- ჯორჯ, გაიცანი, ეს... ეს...- განგებ ვწელავ სიტყვებს. რა ვუთხრა? კაცია, რომელსაც ცოლად ჩემი მსგავსი გოგონა ჰგავდა, ის გოგო გარდაიცვალა და ახლა ჩემში მას ხედავს-მეთქი? ჯორჯი საბოლოოდ იფიქრებს, რომ გავაფრინე... უკეთეს შემთხვევაში კი ჩათვლის, რომ გავ*ოზდი და ამ ყველაფერს თავის გასამართლებლად ვიგონებ.
- მისი შეყვარებული ვარ. - ქართულად უცხადებს გიორგი და თავისკენ მქაჩავს.
- არ ესმის. - მხოლოდ მის გასაგონად ვდუდუნებ და გვერდში იდაყვს ვკრავ.
- ჰოდა, გადაუთარგმნე. - სრულიად არ ნანობს ნათქვამს მამაკაცი და იმის შანსს, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, ხელიდან უშვებს.
- Meine Liebe (ჩემი შეყვარებულია). - უხერხული ღიმილით ვაცნობ და გასამხნევებლად ხელზე გიორგის მტევანი მეჭიდება.
მუცელში რაღაც ცხელი სითხე მეღვრება და მსურს, რომ მხოლოდ გიორგის ხელს ვეყრდნობოდე და მთელი ნეტარებით ვეშვებოდე სიამოვნების მორევში, მაგრამ ამის ადგილი არ არის. ჯორჯს გაოცებაზე მეტად იმედგაცრუება ეტყობა, მაგრამ არაფრით არ აწუხებს ის გრძნობა, რომ ზედმეტია და ხელს ჩამოსართმევად უწოდებს გიორგის.
- გერმანიაში რომ ვიყავი, მაშინ ვუთხარი ჯორჯს, თუ საქართველოში როგორ ხვდებიან მამაკაცები ერთმანეთს. - ვეჩურჩულები გიორგის, რადგან ხელი ისევ ჩემზე აქვს ჩაკიდებული.
- ჯორჯი.
- გიორგი. - ჭოჭმანის შემდეგ თავის მხრივ ხელს აგებებს მამაკაცი.
სტანდარტული გაცნობით იფარგლებიან და მერე ორივეს ჩემზე გადმოაქვს ყურადღება.
- ჯორჯ, შენ დაჯექი. ყავას მოვადუღებ და მერე ყველაფერი მომიყევი. - საგრძნობლად გულდამშვიდებული ვეუბნები გერმანულად და კარებისკენ ვიწევ, მაგრამ გიორგის გულ- მკერდს ვენარცხები.
- ახლავე გადაეცი ამ იდიოტს, რომ მე და შენ სალაპარაკო გვაქვს! - უტეხად მიჭრის ის.
- რაზე? - პატარა ბავშვივით ვეძიები.
- გადაეცი-მეთქი. - კატეგორიულია მამაკაცი.
მის ბრძანებას მორჩილად ვასრულებ და მერე მასთან ერთად სამზარეულოში გულის კანკალით გავდივარ.
- ვინ არის? - მისი შემტევი კითხვა აშკარად პასუხს მოითხოვს.
- ჯორჯია. - თვალებს შეწუხებული ვხრი დაბლა.
- რას მელაპარაკები? ეგ ვიცი.
- აბა, სხვა რა გითხრა? - გული მწყდება, ასე უნდობლად რომ მელაპარაკება. მისი სიუხეშე მავიწყებს იმას, თუ რას ვგრძნობდი, სანამ ჯორჯი მოვიდოდა.
- ესე იგი, გერმანიაში იყავი! ესე იგი, ქართველებთან მისალმება ასწავლე! უფრო სასიამოვნო მოგონებებიც ხომ არ გაკავშირებს მასთან? - ვერ ახერხებს იმის დამალვას, რასაც ფიქრობს და რთული მისახვედრი არაა ის, თუ რას გულისხმობს ამ სიტყვებით.
ის ფიქრობს, რომ მე უპატიოსნო, ჩამოუყალიბებელი, უტვინო ქალი ვარ...
ის ფიქრობს, რომ ჯორჯს ასე უსირცხვილოდ შევხვდებოდი მის წინაშე, მასთან რამე რომ მქონოდა...
მე კი ვფიქრობ, რომ მალე იმის მერე, რაც მაკადრეს, ავფეთქდები და ალბათ, სწორედ ამ მიზეზით ვარტყამ სილას გიორგის...
- ეს შენ იმისთვის, რაც თქვი! ახლა კი, თუ ოდნავი პატივისცემა მაინც შემოგრჩენია ჩემი, მისაღებში გადი და ჯორჯთან არაფერი შეიმჩნიო! - არც კი ვიცი, საიდან მომაქვს ამდენი ძალა და მოთმინება, მაგრამ სრულიად წყნარად, დაბალ ხმაზე ვუცხადებ და მასაც მომენტალურად უფითრდება ტუჩები.
მგონია, რომ თავს დაიდანაშაულებს და ბოდიშს მომიხდის, მაგრამ მისი შეუვალობა ჯერ ბოლომდე არ მცნობია. როგორც კი ოთახიდან გადის, სახეზე ხელებს ვიფარებ და აცახცახებული მხრების დამორჩილებას ვცდილობ. ყავადანში გადადუღებული წყალი თუხთუხებს, რაც მახსენებს, რომ ორი ადამიანისთვის ყავის მოსადუღებლად ყველაფერი მომზადებული მაქვს და ჯორჯისთვის ჩემთვის განკუთვნილი ფინჯანი გამაქვს, რადგან მასაც ჩემსავით უშაქრო ყავა უყვარდა ადრე.
ჯორჯი წუთიერად მაშტერდება თვალებზე და ვხვდები, რომ დაუპატიჟებელმა ცრემლებმა თავისი კვალი დამამჩნია. მისი ეჭვების გასაფანტად ვიღიმები და ფინჯნებს მაგიდაზე ერთმანეთის პირდაპირ ვალაგებ.
- ვიცი, ზედმეტი მომივიდა. - სამზარეულოში ჭურჭლის გასარეცხად გამოსულს წყლისთვის შეშვერილ ხელს მიჭერს მიქელაძე.
ონკანს ვკეტავ, მისი მოულოდნელი გამოჩენით გახეთქილ გულს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვაბრუნებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვტრიალდები გიორგისკენ ისე, რომ ჩემი თმის ღერიც კი არ ედებოდეს მას.
- არ ღირს... ისედაც ნათელია, რას ფიქრობ ჩემზე! - მინდა თავი აუღელვებლად მოვაჩვენო, მაგრამ წყენას მაინც ვერ ვმალავ.- ალბათ, ასეთი შთაბეჭდილებაც უნდა დაგრჩენოდა ჩემზე იმის შემდეგ, რაც მოხდა.
- ვერ გავიგე, იმ კაცის გამოჩენის შემდეგ რატომ იდანაშაულებ ასე თავს და რატომ მიყურებ ისე, თითქოს პირველად მხედავდე? - გაღიზიანებული ყვირილით მეკითხება მამაკაცი.
- ის კაცი ჩემი მეგობარია, რომელიც გერმანიაში ყოფნის დროს გვერდიდან არ მშორდებოდა! მასთან სახლში ვრჩებოდი, მის მშობლებთან ერთად ვვახშმობდი, პიკნიკზე მიდიოდნენ თუ ლაშქრობაზე, მეც თან მიყოლებდნენ და აქ, საქართველოში, ჩემს მიწაზე შენ კი არა, მას მოვექეცი ისე, თითქოს პირველად დავინახე! შენ არც კი იცი, როგორ მრცხვენია... უბრალოდ ვერ ვხვდები, რად ამოიღე თვალში ასე! რატომ ბურღავდი თვალებით და რატომ აიძულე, რომ ეთქვა, საქმეზე მივდივარ და მეჩქარებაო. საერთოდ, რატომ ცდები ელენიკასა და პელოს შორის დადგენილ ზღვარს? რაც უნდა ვთქვა და რაც უნდა გავაკეთო, იძახი, პელოც ასე ამბობდა, პელოც ასე აკეთებდაო! შეიძლება არ თქვა, მაგრამ შენს თვალებში განუზომელ ტკივილს ვხედავ... აი, ახლაც! შენ გამო წავიდა ჯორჯი და შენ გამო ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველ ღამე იმის შიშს რომ ვგრძნობ, რომ ერთ დღესაც...- ტირადის დასრულებამდე ბევრი აღარაფერი მიკლია, მაგრამ საბედნიეროდ, სიტყვა ''შემიყვარდების'' უკან ვქაჩავ და ძალაგამოცლილი ვჯდები სკამზე.
- თუ ხედავ, როგორ ტკივილს მაყენებს პელოს ხსენება მე, რატომ იქცევი ასე? რატომ ვარ შენთვის მხოლოდ პელოს ქმარი? - შეურაცხადი ხდება გიორგი.
- იმიტომ, რომ ასეა! იმიტომ, რომ შენთვისაც მხოლოდ პელო ვარ და იმიტომ, რომ მხოლოდ ოცნებებში შემიძლია წარმოვიდგინო ის, შენ რომ ერთხელაც ისე შემომხედო, როგორც ელენიკას... - ცრემლებით მევსება თვალები.
- მოდი, ახლა მე წავალ და მაშინ დაგირეკავ, როცა დამშვიდებული იქნები! - გამოსავალს პოულობს მამაკაცი, თავის პალტოს იღებს და კარისკენ მიდის.
- გიორგი... - ვედევნები მე, რადგან ვიაზრებ, რამდენი სისულელე ვილაპარაკე და როგორ აუტანლად ჩავიხვიე ჩემი პელოობა.- თუ დარეკვას დააპირებ, ამას როგორ შეძლებ, როცა ჩემი ნომერიც არ იცი?
- შენ ნუ ღელავ, უადვილესი იყო შენი მობილურიდან ჩემთან ზარის გამოშვება, ასე რომ... გამოცილება საჭირო არაა, კარს მე თვითონაც მივაგნებ. - გაღიმებას ცდილობს, მაგრამ მის სახეზე მოწოლილი ძარღვები აშკარას ხდის, რომ გაბრაზებას ჯერ კიდევ არ გადაუვლია მისთვის.
მისაღების კარებთან ვჩერდები და ნაღვლიანი ღიმილით ვაცილებ მის ამოზნექილ, ღონიერ მხრებს.
ჯორჯის გამოჩენაზე მაშინაც კი არ მიფიქრია, როცა მედალიონის წარმომავლობის ამბავი გავარკვიე. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ დროს თუ გამომეცხადებოდა. ამან ჩემი დაბნეულობის პროგრესირება გამოიწვია. ორ გიორგის შორის ისე მოვიჭყლიტე, წესიერად ფიქრიც კი აღარ შემიძლია (ჯორჯი ხომ რომ გადმოვაქართულოთ, გიორგის მივიღებთ). ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ გიორგის რეაქცია რეალური იყო. თავიდანვე მივხვდი, რომ იმ კაცების რიცხვში არ შედიოდა, რომელთაც შეუძლიათ ყოველ წვრილმანზე იეჭვიანონ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მისგან ამას ვერ მოვითხოვდი. ჯერ კიდევ იმდენად უცნაურად მივიწევთ წინ, რომ დილას ნათქვამ სიტყვებში და ღამით ნაწინასწარმეტყველებ მომავალში ეჭვი მეპარება. უკვე აღარც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი ჩემში მარტო გატაცებებს და მისწრაფებებს აკვირდება, რათა ისინი პელოსას შეადარო. მგონია, რომ რაც სულ ოდნავ უკეთესად გამიცნო, ჩემში ელენიკას ჩაეჭიდა. ქალს, რომელიც გრძნობს, რომ უყვარდება!
თავიდან ვერ ვეგუებოდი იმას, რომ გიორგისთვის თავშესაფარი ვიყავი, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. მთელი მსოფლიოც რომ შემოიარო, ვერ იპოვი ადგილს, სადაც ვერც წვიმა მოგწვდება, ვერც ქარი და ვერც ურჩხული სიზმართა სამყაროდან. ასეთი მხოლოდ ადამიანია. თუ მას ჩემთვის თავის შეფარება და წარსულისგან გაცილება უნდა, უარზე არ ვარ. მთავარია, მის დანახვაზე თხემიდან ტერფამდე არ ავკანკალდე, ფეხები არ შემომეყინოს და ჩერჩეტული ჩხუბით არ მივახვედრო, თუ რა მემართება...
ნათელია, რომ თუ შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი,
სულაც არ იქნება ყველაფერი კარგად.
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
იხილეთ წინა თავები ბმულზე