იქვე, კაფეში ვსხდებით და მხოლოდ ყავას ვუკვეთავთ. ქალი ჩუმადაა, მე კი არ მჩვევია საუბრის პირველს დაწყება.
ყოველთვის მიჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. ალბათ, ესეც ბრბოს ფსიქოლოგიის მსგავსი რამაა. სანამ ერთი არ გაინძრევა, ყველა დუმს. მერე კი ვინმე თუ ხმას ამოიღებს, თითოეული ღრიალს და ქვების სროლას იწყებს. ეტყობა ეს ქალიც მე მელოდება. ლამაზია, ძალიან ლამაზი. იდეალური სახის ნაკვთები და მაღალი, მოხდენილი კისერი აქვს. ღია ფერის ტუჩის საცხი უსვია, სხვა არაფერი. წამწამები ისეთი შავი და გრძელი აქვს, რომ გეგონება, საღებავითაა ეს ეფექტი მიღებული, მაგრამ ვხვდები, რომ ასე არაა.
- სიგარეტს ეწევი? - ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს და მაგიდაზე ნერვიულად აგდებს.
- სიგარეტი ჯანმრთელობას ვნებს! - მიამიტურად ვუცხადებ, მაგრამ უკან არ ვიხევ. - არც თქვენთვისაა კარგი მაგით პირის აყროლება.
- ჰაჰ... - ნაძალადევად იცინის ის. - იცი, ექიმი ვარ და მშვენივრად მესმის ეს.
- ჰოდა, მით უარესი თქვენთვის! არ მესმის, რატომ უნდა იღუპავდე თავს, როცა საუკეთესოდ იცი, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მაგან! - დამრიგებლური ტონით ვამბობ და მიმტანს, რომელსაც ყავის ფინჯნები მოაქვს, მადლობას ვუხდი.
შესაძლებელია ჩემი მოძღვრება არაფერ შუაშია, მაგრამ ქალი კოლოფს ჯიბეში აბრუნებს და გარეთ იხედება.
- შენ პელოს ტყუპისცალი ხარ? უამრავი ადამიანი მომკვდარა ჩემს ხელში და ვიცი, რომ ვერ დაბრუნდებოდი! - მის გულგრილობას საზღვარი არ აქვს.
- მასაც უყვარდა სიჩუმე. ყოველთვის, როცა მას ვუყურებდი, დიდ, უზარმაზარ სიცარიელეს ვხედავდი. ამას სახელი გვიან დავარქვი. სიჩუმე. სწორედ ეს იყო.
- მე არ მიყვარს სიჩუმე. - პირში ვუვარდები იმით გახარებული, რომ ჩვენ შორის განსხვავება ვიპოვე.
- მიყვარს, რომ ლაპარაკობენ! რომ არ მესმის საკუთარი თავის ძახილი... რომ ქუჩის ხმაური ჩემი ტკივილის კივილს ფარავს და მავიწყდება, რომ რაღაც მტკივა... ისე კი... მე ელენიკა ვარ. პელოს არ ვიცნობდი... ყოველ შემთხვევაში, აქამდე მეგონა, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ თურმე მისი ნაწილი ჩემში ყოფილა. ეს სახე, ეს თვალები, ეს გემოვნება თუ ხასიათი... მედალიონი, რომელიც ახლა ჩანთაში მიდევს, მას ეკიდა ყელზე! ეს განცდა გულს მირევს! მინდება, რომ ნაფშვენებად ვაქციო და მერე მტკვარში ჩავყარო თითოეული ნაწილაკი, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არ ვაკეთებ.
- ელენიკა, გიორგის საყვარელი ხარ? - ისე უტიფრად მეკითხება, ფინჯნიდან ყავა მეღვრება და ხელები მემდუღრება.
- მე... ამას როგორ მეკითხებით? - დასვრილ თითებს ისე დავყურებ, თითქოს სისხლიანი იყოს.
გიორგის საყვარელი? მე? პელოს მერე?
- როგორ შეძლო... პელოს საყვარელი მედალიონი შენ როგორ გაჩუქა... - თავისთვის ბუტბუტებს ქალი.
- თქვენ ვინ ხართ? - განგებ არ ვეუბნები, თუ რა გზით აღმოჩნდა ჩემს ხელში ეს მედალიონი.
- პელოს მკურნალი ექიმი ვარ, ანასტასია ჩხეიძე.
- პელოს რა სჭირდა?
- მელანომა. კანის კიბო. - ამის თქმისას კი თავს ვეღარ იკავებს და ისევ სიგარეტისკენ მიაქვს ხელი.
- საშინელებაა. რატომ კვდებიან ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ადამიანები, რომელთაც ცხოვრება სწყურიათ? - გულწრფელად განვიცდი ამ ამბავს.
- იმიტომ, რომ შენნაირ უბრალოებს და ჩრდილში მოქცეულებს ბედმა გაუღიმოს. - კუშტად მიცხადებს ის და შეურაცხყოფისგან ხველა მიტყდება.
- მე გიორგის საყვარელი არ ვარ.
- აბა, ისე, ყველაფრის გარეშე გაჩუქა ძვირად ღირებული მედალიონი? - ზიზღი კრთება მის სახეზე.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. - ისევ არ ვუმხელ სიმართლეს. - თქვენ და პელო მეგობრობდით?
-იმაზე კარგი მეგობრები ვიყავით, ვიდრე წარმოგიდგენია. სამი წელი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ მისი გადარჩენა ვერ შევძელი. - ღრმა ნაპასს არტყამს ქალი.
- ონკოლოგი ხართ?
ანასტასია მხოლოდ თავს მიქნევს.
- ალბათ, გგონიათ, რომ მე...
- ძალიან გთხოვ, შენობით, რა! - უზრდელურად მეჭრება ის.
- ალბათ, გგონია, რომ პელოს ადგილის დაკავებას ვცდილობ, მაგრამ ასე არ არის. -უარვყოფ დიდის ამბით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ არ დაუბრალებია.
- ვერც იქნება. სად პელო და სად შენ! საერთოდ, იცი მაინც, რა არის სიყვარული? მერე რა, რომ პელო მკვდარია! როგორ შეგიძლია იმ კაცთან იყო, რომელსაც სხვა უყვარს და სამუდამოდ ის ეყვარება? - ყვირილამდე აღარაფერი უკლია.
- შეწყვიტე! - კბილებში ვცრი. - უკვე ათასჯერ გითხარი, რომ გიორგისთან არაფერი მაქვს და რომც მქონდეს, ეს შენი საქმე არაა! ისეთი ადამიანი ვარ, ბევრის მოთმენა რომ შეუძლია, ყველაფერს რომ აიტანს და ბოლოს ელემენტარულ რამეზე ამოხეთქავს. ზოგჯერ ხალხს სისულელედაც კი ეჩვენებოდა ჩემი სიფიცხე, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რით იყო გამოწვეული ეს. რომ დავაკვირდეთ, ადამიანები მოვლენას უფრო აღიქვამენ, ვიდრე მის მიზეზს და გარემოებების ფაქტორს. არ მესმის, რატომ ხდება ასე. რომ შემეძლოს, ახალ სამყაროს შევქმნიდი. ზუსტად ისეთს, როგორსაც ვიმსახურებ.
- კარგი, კარგი... - დამცინავად ერხევა ტუჩები. - პელო ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო, ვისაც კი შევხვედრივარ. გინახავს გოგო, რომელიც მაშინ, როცა საკუთარი სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლოს, შვილისას აყენებს წინ? ასეთი იყო პელო, მის ფასს კი ვერავინ ხვდებოდა.
- შვილი? ეს როგორ? - ვიკვირვებ.
- როგორც ჩანს, გიორგი სერიოზულად არ გიყურებს, ეს თუ არ მოგიყვა. საინტერესოა! ნეტავ, რით მოაჯადოვე? - ალმაცერად მიყურებს ანასტასია.
- მოდი, ისე ვილაპარაკოთ, როგორც საჭირო ნაცნობებმა და არა როგორც ერთი კონკრეტული კაცის ცხოვრებაში გამოჩენილმა ახალმა გმირმა და მისი ყოფილი ცოლის მეგობარმა. - პირობას ვუყენებ, რომელიც წესით, ორივესთვის სასარგებლო უნდა იყოს.
- პელო ორსულად იყო. ეს მაშინ გაიგო, როცა შანსი გამოჩნდა მისი გამოჯანმრთელებისა. ყველაფერზე უარი თქვა იმ პატარა არსების გამო და იცი, რა მოხდა? მე ვერ მოვახერხე! მე ვერ მოვახერხე სიმსივნის იმ დრომდე შეჩერება, ვიდრე შვილს გააჩენდა! ისიც მოკვდა და მისი პატარაც! ჩემ გამო! - თოფის გავარდნასავით ჟღერს მისი სიტყვები.
არც ერთხელ არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა გიორგის შვილი ჰყოლოდა ანდაც პელო იქნებოდა მისგან ორსულად. მე და გიორგის ამაზე არ გვილაპარაკია ან როდის უნდა გველაპარაკა, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენ რამეს ვაანალიზებ და იმდენ ვინმეს ვსჯი, რომ არ იქნებოდა გასაკვირი, ესეც მევარაუდა. ჯანდაბა! იქნებ გიორგიმ საერთოდ არაფერი იცოდა ამის შესახებ? პელო ხომ დარწმუნებული არ იყო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... იქნებ ქმარს დაუმალა შვილის არსებობა?
- გიორგისთან ამ თემაზე ოდესმე გისაუბრია?
- არასდროს! რაც პელოს ორსულობის ამბავი გავიგე, ძალიან იშვიათად ვხვდებოდი გიორგის და ისიც ისეთი სიტუაცია არ იყო, ამაზე რომ ჩამომეგდო ლაპარაკი.
ესე იგი, პელოს საკუთარი თავისთვის რომ მიეხედა, ახლა ცოცხალი იქნებოდა, ხოლო გიორგის რომ გაეგო ის, პელო შვილის გამო საკუთარ თავს საფრთხეს უქმნიდა, ბავშვს მოაშორებინებდა. არა, ეს მან არ უნდა გაიგოს. გააგიჟებს იმის გააზრება, რომ შეიძლებოდა ახლა ბედნიერად ეცხოვრა საყვარელ ქალთან ერთად. უცებ ვფიქრობ, რა იქნებოდა, იმ დროს პელო მე რომ ვყოფილიყავი და ვხვდები, რამდენად განსაკუთრებული ყოფილა ჩემი ორეული, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო.
- ახლა გესმის, რატომ გამანადგურა ამ მედალიონის შენს ხელებში დანახვამ? - ნაღვლიანად მეკითხება ანასტასია. - რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ერთს გევედრები, არასდროს შეიბა ეს ყელზე. ახლა კი... მშვიდობით!
ქალი ფეხზე დგება, საფულიდან ფულს იღებს და მაგიდაზე დებს. მერე მანტოს ხსნის სკამიდან, მოხრილ მკლავზე იკიდებს და კაფედან გადის.
გზაში დედაჩემი შეწუხებული მირეკავს, ქეთის შვილის ამბავი გავიგეო.
- იცოდი, ხომ? რატომ არ მითხარი? - მსაყვედურობს ის.
- ჰო, ვიცოდი, მაგრამ ხომ არ გახარებდი? - თავს ვიცავ მისი გაბრაზებისგან.
- არ მითხრა, არა! რამე არ წამოგცდეს! - კაპასდება მანანა. - რა დღეში იყო ქეთი, ელენიკა? ძალიან ცუდადაა?
- არც ისე. - უემოციოდ ვპასუხობ.
- როგორ შეგიძლია ასეთი მშვიდი იყო? - ნერვები ეშლება დედაჩემს.
- ოჰ, დედა, ოჰ! საკმარისია, შენ ხომ გამოიგლოვე ის გოგო უკვე? მე ჩემი პრობლემები მეყოფა, რა!
- ღმერთო, გამაგიჟებს ეს ახალგაზრდობა! სად წაიღეს ან თანაგრძნობის შეგრძნება, ან სიყვარული, ან სიბრალული... ნეტავ, რას დაგირეკე საერთოდ...- ბრდღვინავს დედა და სიტყვის თქმას აღარ მაცდის, ისე მითიშავს.
გრძელი გზის გავლა მეზარება, ამიტომ კორპუსებს შორის ვუხვევ და ქუჩას ვჭრი. არასდროს ვირჩევდი ამ მიმართულებას, მაგრამ ახლა მირჩევნია, სახლში მალე მივიდე, ცხელი ჩაი გავიკეთო, საწოლში თბილად მოვკალათდე და ვიფიქრო. ფეხს ვუჩქარებ. ჩემს ჯიბრზე ყველაზე ჩაბნელებულ უბანში არავინ ჩანს. აქ ერთი მაღაზია იყო, მაგრამ ისიც დაკეტილია. მიხარია, რომ უბრალო ფეხსაცმელები მაცვია და საჭიროების შემთხვევაში ეს გაქცევას გამიადვილებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მხოლოდ რამდენჯერმე თუ მცმია. სადაც არ უნდა წავიდე, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ შეიძლება სირბილი დამჭირდეს, მაგრამ როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, ისე ვერ გავიძრობ ფეხებიდან მათ და შიშველი ფეხებით ვერ გავტანტალდები. ქალი ისეთი ნაზი არსებაა, ყველაფერი კომფორტული უნდა ჰქონდეს. არასდროს დავმორჩილებივარ ფრაზას, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მუდამ რომ ცდილობდა ჩემ ცდუნებას. არასოდეს, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ არც ყოფილა ჩემ გვერდით ისეთი ვინმე, ვის გამოც მენდომებოდა, რომ ლამაზი ვყოფილიყავი.
- ჰეი, მშვენიერო! - ადგილზე მყინავს ვიღაცის ხმამაღალი შეძახილი.
ისე ვაგრძელებ გზას, თითქოს არც არაფერი გამიგია და არც შიში მაწუხებს, სინამდვილეში კი ლამისაა აქვე გავიშხლართო. კიდურები მეყინება. ჩემი სხეულის თითოეულ წერტილში ჭიანჭველები და სხვა მწერები იწყებენ რბენას, მაგრამ ვიცი, ეს ხერხი არ მიშველის. ვინმე უნდა გამოჩნდეს... აუცილებლად!
- კარგი, რა... სად გარბიხარ? - საზიზღარი, ირონიით გაჟღენთილი ხმა კვლავ ცდილობს ჩემ შეყოვნებას.
ამჯერად კი ვეღარ მყოფნის მოთმინება. ცალი თვალით უკან ვიხედები და შავებში გამოწყობილ ბიჭს ვხედავ. ჩემზე პატარა იქნება, მაგრამ საკმაოდ ღონიერი ჩანს. მე მასთან ვერაფერს გავხდები. თუ ვინმე არ გამოჩნდა... თუ ვინმემ არ მიშველა, მე...
გავრბივარ. ხმით ვხვდები, რომ ისიც ასე იქცევა. ვტირი. არ ვიცი, რა უნდა. ჩანთა რომ მივუგდო, შეიძლება თავიც დამანებოს. მერე რა, რომ მედალიონი დევს იქ. ვერ ავიტან. ვერ ავიტან, რომ შემეხოს. აი, რა მომიტანა ჩემმა ახირებამ. ახლა ხალხით სავსე გზით რომ წავსულიყავი, უზარმაზარ სუპერმარკეტთან ვიქნებოდი. მართალია, წინ კიდევ დიდი გზა დამრჩებოდა გასასვლელი, მაგრამ რაც მთავარია, საფრთხე არ დამემუქრებოდა.
- ტყუილად ცდილობ! მწევარმა კურდღელს თვალი თუ მოჰკრა, სოროში შეძრომის საშუალებას აღარ მისცემს! - ახლა უკვე შედარებით დაბალ ხმაზე სისინებს ბიჭი და მხარზე უხეშად მეჭიდება.
- ხელი გამიშვი! - ხელს ვუქნევ, მაგრამ ვბორძიკდები და ვეცემი.
იმედს ვკარგავ. უკან-უკან მივცოცავ, მაგრამ ტალახიან მიწაზე იდაყვი მისრიალდება და თავს ვარტყამ. ჩემი თავის გარშემო ისე დაფრინავენ ჩიტები, როგორც ანიმაციურ ფილმებში ხდება ხოლმე. ვკივი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ვერავინ გაიგებს.
- ნუ გეშინია, ლამაზო... მორჩი, კარგი? - ისე მიყვავებს, ძალა რომ მქონდეს, გემრიელად გავცხებდი. - მოდი, ჯერ აქ ვნახოთ, რა გაქვს...
ჩემთან ახლოს დაგდებულ ჩანთას იღებს და თან ფეხს ისე მაჭერს, რომ გამოძრავებაც კი არ შემიძლია. პირველი, რაც ხელში ხვდება, რაღა თქმა უნდა, მედალიონია. საიუველირო მაღაზიიდან რომ გამოვედი, ისე ჩავაგდე, არაფერზე მიფიქრია. სწორედ ამიტომ ვისჯები. ბიჭს სახეზე ბოროტული ღიმილი უელვებს.
- ასე ნამდვილად არასდროს გამმართლებია... ძვირფასი მედალიონი, კარგად ჩაფუტკუნებული საფულე და შენც არა გიშავს, რა... - ხარხარებს ბიჭი და ნახევრად გახსნილ ქურთუკს ბოლომდე მიხსნის.
- შემეშვი! გთხოვ! - ყველა ხერხს ვსინჯავ, მაგრამ ისეთი უგულოა, თხოვნაზე საერთოდ არც კი მპასუხობს.
- დამშვიდდი! თვალები დახუჭე და ხელები გააჩერე... - მითითებას მაძლევს და მაისურს ზემოთ მიქაჩავს.
- კიდევ რა გინდა, ნაბი*ვარო! - ვღრიალებ ყელის ჩახლეჩვამდე და სახეს ვუკაწრავ.
ჩემი ეს მოქმედება უფრო აშმაგებს. სილას მარტყამს და თმების მოქაჩვით თავს ზემოთ მაწევინებს. უკვე იმის სურვილიც აღარ მაქვს, რომ ვიყვირო. მთელი ორგანიზმი ხავის, მე კი ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ჩემ ზემოთ მოქცეულმა ბიჭმა მიმითითა. თვალებს ვხუჭავ და ხელებსაც უსულოსავით ვაშეშებ.
გაგრძელება იქნება შაბათს
იხილეთ წინა თავები ბმულზე