თითქმის მთელი დღე გაუნძრევლად ვზივარ. ცალ მხარეს ცოცხი მიდევს, როგორც მზე, მეორე მხარეს - იატაკის ჯოხი, როგორც მთვარე, წინ კი - პატივცემული საფირი, რომელმაც გეგმები ამირია.
ყველაზე აუტანელი ის გრძნობაა, რომელიც მამცნობს, რომ ეს მედალიონიც მინახავს სადღაც... სად? ნეტავ, სად? ალტერ ეგო კითხვებით მიკლებს, მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ, მე მინდა, რომ ადვილად ვსჯიდე ჩემს ცხოვრებაში მომხდარ თითოეულ მოვლენას და ახსნას ვუძებნიდე ყოველ სისუსტეს თუ ჩავარდნას, მაგრამ არ გამომდის და ეს უზომოდ მაბრაზებს.
ალბათ, გიორგის ნომერი რომ მქონდეს ან რაიმე ისეთი ვიცოდე, რითაც მის პოვნას შევძლებ, დაუყოვნებლივ მივიღებდი საჭირო ზომებს და არც ჩემი თავმოყვარეობა თუ ქალური სიამაყე დამიდგებოდა წინ და არც ის, რომ ცოტა ხნის წინ წასვლას და ჩემთვის თავის განებებას ვთხოვდი. იმდენად მინდა ყველაფრის თანმიმდევრობით დალაგება და ყველა დაუსრულებელი საქმისთვის წერტილის დასმა, რომ აღარაფერს ვჩივი. რა საინტერესოა ადამიანი. ცხოვრობ იმისთვის, რომ რაღაც ძალიან მაგარი და საოცარი მოხდება და როცა ეს დღე დგება, იღლები მისით და გინდა, რომ რაც შეიძლება მალე მოიტოვო უკან.
ჩემს ადგილას ვიღაც თინეიჯერი, აზარტული, სიყვარულის მაძიებელი გოგონა რომ იყოს, სავარაუდოდ, უბედნიერესი იქნებოდა ახლა. არც მედალიონის ნახვა დააფრთხობდა ასე და არც იმაზე იფიქრებდა, რომ შეიძლებოდა მისთვისაც არსებულიყო ვიღაც ნორმალური, ჩვეულებრივი მამაკაცი, რომელთან ერთადაც ქალაქგარეთ მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვრებდა.
თურმე მართლა ძალიან მოსაწყენი და უხალისო ვყოფილვარ, რადგან ასეთი რამეებისადმი ინტერესი აღარ მაქვს... თურმე მართლა აუტანლად ვიქეცი ამ ბოლო დროს და საერთოდ, ბევრი თურმეს მოწმე ვხდები ამ წუთებში, მაგრამ ისე რომ მოვიქცე, თითქოს, მაგალითად, გვანცა ან ამ კატეგორიის სხვა წარმომადგენელი ვიყო, იქნებ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს... ვთქვათ, ვუთხარი გიორგის მედალიონის შესახებ ან თუნდაც მოხერხებულად გამოვაცურე წიგნიდან, ისეთ ადგილას დავდე, სადაც შემდეგი სტუმრობის დროს აუცილებლად ნახავს, რა მოხდება? თუ განგებ დამიტოვა რაიმეს ნიშნად, მაშინ შეიძლება არც შეიმჩნიოს. მე პირი დავაფჩინო და მომლოდინედ მივაცქერდე, აბა, რას იტყვის-მეთქი? ასე არ გამოვა! ზედმეტად ზოგადი გეგმაა!
თუ ტყუილების გუდას მოვხსენი თავი და დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ სადღაც გზად ეს მედალიონი ვიპოვე, მისი ძვირად ღირებულობის შესახებ ვიცი და ვითომ რჩევა მჭირდება? ჰმ, ის, რომ ქუჩაში ვიღაც ისეთი პოულობს საფირის მედალიონს, რომელსაც მსგავსი მხოლოდ ფოტოებზე აქვს ნანახი, ზღაპრებში თუ ხდება, გიორგის კი არა მგონია, ზღაპრები უყვარდეს.
თუ საერთოდ დავმალე? თუ ვინმეს მოვუყევი ამის შესახებ? თუ ბანკის სეიფში შევინახე? არა, არა და არა! აშკარად არ გამომდის ამ თინეიჯერული იდეების ფრქვევა... ჯობია, ისევ რომელიმე ფილმი ჩავრთო ინტერნეტში და მისი დაძაბული სიუჟეტით შევიქციო თავი, ვიდრე ამაზე ფიქრზე დავკარგო დრო... როგორც კი გიორგის ვნახავ, ყველაფერს პირდაპირ ვეტყვი და ჩემს ეჭვსაც გავუმხელ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მედალიონი პელოსია, მერე კი შესაძლებელია სრულიად აღარ შევხვდეთ ერთმანეთს და ჩვენი ამბავიც ისე დამთავრდება, თითქოს არც დაწყებულა!
ეს სულაც არ არის ცუდი! ან... ან ყველაზე ცუდი რამაა, რისი წარმოდგენაც კი შემიძლია... ჰო, მინდა ცოტათი მაინც შეიცვალოს ჩემი ცხოვრება... თუნდაც სულ, სულ ცოტათი! ალბათ, ყველა ქალს მოუნდებოდა, რაც უნდა მოსაწყენი და უხალისო ყოფილიყოს!
შუაღამისას ოფლში გაწურულს მეღვიძება. მახსოვს, როგორ მახრჩობდა საიუველირო მაღაზიის გამყიდველი იმ საფირის მედალიონით, რომელიც ცოტა ხნის წინ კინაღამ ყელზე ჩამოვიკიდე. ჯერ კიდევ მიჭირს სუნთქვა. სანათს ვანთებ და შიშველი ფეხებით გავდივარ მისაღებში. ანთებულ შუქზე სარკეში საკუთარ თავს რომ ვხედავ, ჩემი დასისხლიანებული თვალების დანახვა მაშინებს. როგორც ჩანს, იმდენად შემზარა ზმანებამ, რომ რეალობაში ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდი. ყველაფერი კი იმ წყეული მედალიონის, გიორგის და მისი მკვდარი ცოლის ბრალია!
მაგიდაზე ისევ დევს საფირის მედალიონი, ან სად წავიდოდა. კარადიდან ჩემი ბავშვობის სურათების ალბომს ვიღებ და სადღაც შუაში ფოტოს უკან ვაცურებ ჩასადებში. შესამჩნევად დაწყნარებული თავის ადგილას ვაბრუნებ ალბომს და საწოლს ვუბრუნდები. სანათს აღარ ვაქრობ. ვინ იცის, კიდევ რა საშინელ სიზმარს ვნახავ ამ უჩვეულო ღამეს. უცებ ისევ თვალწინ მიდგება ჰალსტუხიანი გამყიდველი, მინის უკან ჩამწკრივებული სამკაულები და ნაცრისფრად შეღებილი კედლები. აი, თურმე სად... აი, თურმე სად ვნახე ის მედალიონი ადრე!
უნივერსიტეტში სწავლის პირველი ეტაპი რომ დავასრულე, დედამ მთელი წლების მოგროვებული ფულით გერმანიაში გამიშვა ერთი წლით, პრაქტიკის კურსი რომ გამეარა. ამ კურსების ხელმძღვანელი ჯორჯი იყო, რომელსაც საკმაოდ დავუახლოვდი. მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვვახშმობდით, რჩევებს ვაძლევდით ერთმანეთს და შაბათ-კვირას მის დიდ ოჯახშიც მივდიოდი ხოლმე. მამამისი იუველირი იყო და დიდი ბიზნესი ჰქონდა. მარტო დედაქალაქში მისი მაღაზიათა ქსელის სამი ფილიალი იყო. ერთ დღესაც ახალი, ყველასგან განსხვავებული მედალიონი დაამზადა და ხალხს რომ ის გაეცნო, წვეულება გამართა. ჯორჯის ოჯახის წევრებს ძალიან ვუყვარდი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალ წრეს არ მივეკუთვნებოდი, მაინც დამპატიჟეს.
წვეულებაზე ყველაფერი საუკეთესოდ იყო! მედალიონი დარბაზის ცენტრში გამოყოფილ ადგილას იდო და ყველას შეეძლო მისი დანახვა. ალაფურშეტიც მოეწყოთ. ჯორჯი სტუმრებს მაცნობდა და მეც მშვენივრად გავერთე. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, ატმოსფერო რომ დაიძაბა და ყველა შეფუსფუსდა. ჯორჯიც ვეღარ ვიპოვე ვერსად. ბოლოს ვიღაცამ დაიყვირა, მედალიონი მოიპარესო და ამის შემდეგ უკვე ყველა სიტყვა თუ მოქმედება ერთმანეთში აირია. იმ ქაოსში ფეხი გადამიბრუნდა და წავიქეცი. არავის უფიქრია ჩემი წამოყენება, ზოგი სად გარბოდა და ზოგი სად. როგორც იქნა, ჯორჯმა მიპოვა და გასასვლელისკენ გამარბენინა. შეშფოთებული იყო. ჩემი ქურთუკი მომცა და ტაქსით გამიშვა.
სულ რამდენიმე თვეში უკვე ამოიწურებოდა სწავლისთვის განსაზღვრული დრო. კურსიც ბოლომდე მივიყვანე. მე და ჯორჯს იმ თემაზე აღარ გვისაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა, რა ბედი ეწია მომაჯადოებელ მედალიონს.
გავიდა დრო. მე საქართველოში ჩამოვედი, ცალკე სახლში გადავედი, ჯორჯთან კავშირი გავწყვიტე და მედალიონი სულ მოულოდნელად გამომეცხადა!
ძველ წიგნაკში ჩემი სტუდენტობის ნაცნობის ნომერს ვპოულობ, ხელში მობილურს ვიმარჯვებ და მასთან დაუყოვნებლად ვრეკავ.
- გისმენთ! - მესმის ნაცნობი ხმა.
- გამარჯობა, ლელი. ელენიკა ვარ, სტუდენტობისას ვმეგობრობდით. გაგახსენდი? -სწრაფად ვაყრი ერთმანეთს სიტყვებს, რათა მალე გადავიდე საქმეზე.
- ო, ელენიკა! სად დაიკარგე? რამდენი ხანია აღარ მინახავხარ. - სიხარული ეტყობა მას. -რამ გაგახსენა ჩემი თავი?
- აბა, ნუ იტყვი! -მეცინება. - რომ ვიხსენებ იმ წლებს... მაგრამ ახლა სულ სხვა რაღაცაზე გირეკავ. ბიძაშენს ხომ საიუველირო მაღაზია ჰქონდა? აი, ლუკას რომ ცოლი მოჰყავდა და მასთან რომ წავედით.
- ბიძაჩემს? ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო... ახლა ერთი პატარა მაღაზიაღა აქვს და დღეში ორჯერ თუ შეაღებენ მის კარს, მაგრამ რაც მართალია, მართალია, თავის საქმეში საუკეთესოდ ერკვევა! - დაბეჯითებით ამბობს ლელი. - და შენ რაში დაგჭირდა ის? ხომ არ თხოვდები? თუ იქნებ გათხოვდი კიდეც?
- არა, არ გავთხოვილვარ და არც ვთხოვდები. - თავიდან ვიშორებ ამ კითხვას. - სწორედ ამ საქმეში მჭირდება მისი დახმარება. მედალიონი მაქვს და მინდა ვკითხო, მისი მსგავსი უნახია თუ არა სადმე მსგავსი. გაყიდვას ვაპირებ და არ მსურს, ვინმემ გამასულელოს და იმაზე დაბალ ფასში მიმაცემინოს, ვიდრე ღირს.
- აჰამ, გასაგებია. მისამართს გეტყვი, კარგი? იცი, ამ დღეებში არ მცალია, თორემ აუცილებლად გამოგყვებოდი. - მიბოდიშებსავით ის.
- არა, რას ამბობ. მე თვითონაც მივაგნებ. მისამართი მითხარი...
ლელი მისამართს მაწერინებს და მეც უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.
ლელი მართალი იყო. ადრე შენობის პირველი სართული, სადაც საიუველირო მაღაზია იყო გახსნილი, ისე გამოიყურებოდა, თითქოს გეუბნებოდა, მოდი და შემოდიო. ახლა კი კედლებზე შემხმარი საღებავი ალაგ-ალაგ აქერცლილია, კარებიც ნახევრად ღიაა, რადგან წესიერად არ იხურება. შიგნითაც ისეთი განათებები იყო, ყველაფერი ბრჭყვინავდა. სწორედ ამიტომაა, რომ რასაც ვხედავ, მანცვიფრებს. ოთახის კუთხეებში აბლაბუდებია. ყვითელი შუქი ძლივს ბჟუტავს, მაგრამ ყველაფერი უფერულდება მაშინ, როცა უმშვენიერეს სამკაულებს ვხედავ. ეს რა არის, როგორც წესი, იუველირები შიდა სამზარეულოში უფრო განსაკუთრებულ ნაკეთობებს ინახავენ. აღფრთოვანებული ვათვალიერებ ბეჭდებს თუ ყელსაბამებს და მერე ჩანთაში ვყოფ ხელს.
- გამარჯობა, შვილო. ლელიმ დამირეკა. მითხრა, რომ რჩევა გჭირდებოდა. - კეთილი თვალებით მიღიმის ასე, ორმოცდაათიოდე წლის კაცი. - ოქროს მედალიონი გააკეთებინე ვინმეს თუ...
- არა, ასე არ არის. მედალიონი საფირის ქვითაა გაკეთებული. აი, ნახეთ. - მედალიონს ვუჩვენებ და შემდეგ ვუწვდი.
- ღმერთო, რა შესანიშნავი ნაკეთობაა! მისი ფასი.... მისი ფასი ძალიან მაღალია! ალბათ, მთელ მაღაზიას გავიღებდი მისთვის! - აღტაცებულია იუველირი. - ასეთი არასდროს მინახავს!
- სამაგიეროდ, მე მინახავს! - უეცრად ვიღაც ეპასუხება მის ნათქვამს.
შემკრთალი ვიხედები მარჯვნივ და ახალგაზრდა, თეთრმანტოიან ქალს რომ ვხედავ, წარბებს ვკრავ.
- უკაცრავად?
- გამარჯობა. - იღიმის ქალი და ქარვისფერ თმას ელეგანტურად აქნევს. - ეს მედალიონი საიდან გაქვთ? მე ის ერთ ქალზე მინახავს.
- ერთ ქალზე? - ვფეთდები.
- დიახ, ქალზე, რომელიც ცოცხალი აღარ არის. - თვალისდაუხამხამებლად მპასუხობს. ისე, თითქოს არაფერ განსაკუთრებულს არ ამბობდეს.
- თქვენ რა გნებავთ, ქალბატონო? - იუველირი უბრუნდება მას.
- აქ ადრე ერთი მაღაზია იყო და მაგას ვეძებდი. შემეშალა და აქ აღმოვჩნდი. - ზედმეტად ამპარტავნულად ავლებს თვალს აქაურობას ქალი. - ახლა თქვენის ნებართვით წავალ. თქვენც მოდიხართ, არა? - ახლა ისევ მე მაპყრობს მზერას.
- დიახ, მეც მოვდივარ. - დაუფიქრებლად ვუკრავ კვერს. - გმადლობთ, ბატონო. ძალიან დამეხმარეთ.
- დაგეხმარეთ? კი მაგრამ, მე ჯერ არ მითქვამს... - ვერ გაუგია კაცს, რა ხდება, მაგრამ მე უკვე ყველა ის სიგნალი აღვიქვი, რაც ამ ქალის გამოჩენის შემდეგ მივიღე.
- საჭირო აღარ არის! ნახვამდის! - ნაჩქარევად ვემშვიდობები და ქალთან ერთად მაღაზიიდან გამოვდივარ.
- აბა, რა გნებავთ? - ვეკითხები, როგორც კი რამდენიმე ნაბიჯს ვდგამთ, მისკენ ვტრიალდები და თვალს თვალში გამომცდელად ვუყრი.
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
იხილეთ წინა თავები ბმულზე