ნოველები
შეცდომა. თავი 18. „ახალი შეთავაზება“
შეცდომა. თავი 18. „ახალი შეთავაზება“
არასდროს ყოფილა ასეთი სწრაფი ნიცა. არც ასეთი სპონტანური. ბოლოდროინდელი ხასიათის ცვლილებები უკვე აღარ აკვირვებდა, მაგრამ მისთვისაც კი მეტისმეტი იყო რამდენიმე წუთში ბარგის ჩალაგება და გამგზავრების გადაწყვეტილების მიღება.
– დემე უკვე მოვიდა.
გაბრაზებული ხმით, მოკლედ მოუჭრა თორნიკემ, როცა არც მაშინ უღალატია ტრადიციისთვის და დაუკაკუნებლად შეუღო კარი.
– მზად ვარ.
არც ნიცას
შეცვლია ტონი და მართალია, გულის სიღრმეში ისედაც ელოდა, მაგრამ მაინც ესიამოვნა, ზურგჩანთის მოკიდების მცდელობისას, დადიანმა თვალები რომ აატრიალა და თავის სპორტულ ჩანთასთან ერთად მოიგდო მხარზე.
– მაქსიმუმ, ორი დღით მივდივართ. ტყუილად ნუ გიხარია.
– მოდი, მშიერი როცა ხარ, ჯავრს ჩემზე ნუ იყრი, რა.
თუმცა, თვითონ უფრო გაბრაზებული ტონით უთხრა გოგონამ და კიბეზე ისე ჩავიდა, აღარც დალოდებია.
საშინლად ძაბავდა, საკუთარი შვილის მამასთან ისეთი ურთიერთობა რომ ჰქონდა, თითქოს სრულიად უცხოები იყვნენ. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ყინულმა ლღვობა დაიწყო. რა შეიცვალა? რატომ დაუბრუნდნენ საწყის წერტილს? როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი მრავალბუნებიანი იყოს?! არ იცოდა. არც ის იცოდა, რა ემართებოდა, რატომ ვერ ახერხებდა თორნიკეზე უარის თქმას. რატომ არ შეეძლო, იმ ყველაფრის შემდეგ მაინც მას ისე მოქცეოდა, როგორც რეალურად იმსახურებდა და პირველივე გამოვლენილ სითბოზე, საკუთარი ხელით არ მიერთმია გული, რომელსაც, თვითონვე იცოდა, რომ უყურადღებოდ მიგდებულს იპოვიდა.
– ოჰო, მატება გვაქვს?
გაეცინა დემეს, ნიცა რომ დაინახა.
– კი, უკვე ორი თვეა.
თუმცა პასუხად, თორნიკემ ჩაიბურტყუნა და ისე ჩაუძახა ჩანთები საბარგულში, არც უკითხავს, რამე მნიშვნელოვანი და საჭირო ხომ არ ედო.
– რა გჭირს, მშიერი ხარ?
გაეცინა ჩადუნელს და გოგონას მანქანის წინა კარი რომ გაუღო, უკვე იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა.
– სერიოზულად? – აღმოხდა თორნიკეს.
– რა იყო, გშურს?
– შენ შენს ნაკბენს მიხედე, მგონი ცოფდები, ყეფა დაიწყე! – მოუჭრა გაღიზიანებულმა, შემდეგ კი დანარჩენებს არც დალოდებია, ისე ჩაენარცხა უკანა სავარძელზე...

* * *
– ნიცა, შეიძლება სიგარეტი მოვწიო? – კინაღამ ხველება აუტყდა დადიანს, საკუთარი ძმაკაცის ზედმეტად მოკრძალებული ტონი რომ მოესმა. ეს რა, დაბოლილია?! რანაირად იქცევა? როდის აქეთ გახდა ასეთი ყურადღებიანი და მორიდებული?
– კი, არ არის პრობლემა. – ამაზე კი საერთოდ პირი დააღო. აქამდე სულ სიგარეტზე ეჩხუბებოდა, სუნი მაწუხებსო და ახლა... არა, აშკარად დასცინიან!
– არ დაიღალე? გადმოვალ წინ.
– იყოს, გამოიძინე, იქიდან შენ მოგიწევს ავტომატიკის მართვა. – უკანა ხედვის სარკეში ჩაუკრა თვალი დემეტრემ და ისე გაეცინა, აშკარა იყო, მეგობარს მაზოლზე აჭერდა წიხლს. ყველამ იცოდა, როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა მანქანების მიმართ, თუმცა არავის ესმოდა, რატომ ერჩივნა მექანიკური მართვის კოლოფი ავტომატურს. ბიჭები კი, ყოველთვის ამ თემაზე დასცინოდნენ.
– როდის მოვდივართ უკან? – როგორც იქნა, ქალბატონმაც იკადრა ხმის ამოღება.
– ჩვენ ზეგ. შენ არ ვიცი.
– დადიანი, რა გჭირს? – გაეცინა დემეს.
– მშია.
– გეხვეწები, სადმე გაუჩერე, ყველა და პური მაინც იყიდოს, თორემ ჩემზე მეტად ჭირვეულობს!
– ხო არ გაწუხებთ?
– როგორი მიხვედრილი ხარ!
– ჩადუნელი, ნერვებს მიშლი.
– შენ შემთხვევით კრიტიკული დღეები ხომ არ გაქვს? – აროხროხდა ბიჭი, მაგრამ მხოლოდ ნიცას რომ ჩაეღიმა და ისიც ტუჩის კუთხეში, მეტად აღარ გაუგრძელებია. აშკარა იყო, თორნიკე სულაც არ გახლდათ ხუმრობის ხასიათზე, ეს კი, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ შიმშილით სულაც არ იქნებოდა გამოწვეული...



* * *
ისეთი მოსაწყენი და უინტერესო გამოდგა გზა დადიანისთვის, ასე უაზროდ მაშინაც არ იქნებოდა, მატარებლით რომ ემგზავრა. იმაზე კიდევ უფრო ეშლებოდა ნერვები, ბიჭები ნიცას ასე რომ დაუახლოვდნენ. თუმცა დემეტრეს უკვე ზედმეტი მოსდიოდა. ისიც კარგად ახსოვდა, თამოსა და ალექსის ნიშნობის დღეს როგორ სთავაზობდა, შენ რომ არ დაიღალო, დანარჩენებსაც მე დავარიგებ სახლებშიო. როგორი ნაბიჭვარი უნდა ყოფილიყო, საკუთარ ძმაკაცზე სხვანაირად რომ ეფიქრა, მაგრამ იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი თითქმის ეჭვიანობაში გადასდიოდა, მაინც ვერსად გაურბოდა.
ლექსოსთან ლაპარაკმა საერთოდ აურია გონება, უფრო მეტად კი, ნიცაზე წარმოდგენა. საკუთარ თავშიც უჭირდა გარკვევა და ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რას გრძნობდა მის მიმართ. თითქოს გაორებული იყო და ხანდახან თუ მზრუნველობის შეტევები ჰქონდა და შუაღამისას აკითხავდა ოთახში, რომ საბანი შეესწორებინა, ზოგჯერ ისიც კი არ აინტერესებდა, როგორ ჩაიარა მისმა დღემ. ვერ ხვდებოდა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, როცა ყველაფერი უკუღმა დაიწყეს. ყველა ნორმალური წყვილი ჯერ ერთად იწყებს ცხოვრებას და შემდეგ აჩენს ბავშვს, მათთან კი, ისევე, როგორც თორნიკეს ტვინში, ყველაფერი უკუღმა იყო.
– ეი, გაიღვიძე! – შეანჯღრია დემეტრემ და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ჩასძინებოდა. აი, რა პლუსი ჰქონდა უკან ჯდომას. არც წელის ტკივილი შეაწუხებდა და ფეხის გაშლაც შეეძლო გემრიელად დასაძინებლად. მაგრამ... ნიცა?!
– ჩამოვედით?
– კი ბატონო. შეგიძლია პირდაპირ თავით გადაეშვა ზღვაში. – გაეცინა და მანქანაზე მიყუდებულმა მოუკიდა კბილებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს. – ოღონდ ცოტა ჩუმად, შენს გოგოს სძინავს.
– ვის? – ცერად ჩაეცინა და თვითონაც გადავიდა, დემეტრემ კი ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს უკვირდა, რა იყო გაუგებარი.
– შენს ბავშვს. სულ იმას არ ამბობ, გოგო იქნებაო?
– აა, ჰო... – ჩაიდუდღუნა და ჯიბეების მოქექვის შემდეგ სიგარეტის კოლოფს რომ ვერ მიაგნო, უცერემონიოდ გამოართვა მეგობარს ნახევრად ჩამწვარი ღერი.
– რატომ წამოიყვანე? ხვდები, უკვე მანიაკივით რომ იქცევი ვიღაც სირის სიტყვების გამო? ან რა ჯანდაბა გითხრა მასეთი?
– მე არ წამომიყვანია. თავის დაქალს ჩამოაკითხა. – მხოლოდ პირველ შეკითხვას უპასუხა. არ სურდა იმ თემაზე საუბარი, რაშიც თვითონაც არ იყო კარგად გარკვეული.
– ნეტავ შენ მაინც გჯეროდეს მაგის. – ჩაეცინა და სანამ საუბარს გააგრძელებდა, ნიცას გახედა იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ეძინა. – იმაზე არაფერი გითქვამს?
– არა. უარი ვუთხარი მე თვითონვე.
– ეჭვიან ქმარს ემსგავსები.
– არ მაინტერესებს. არც ღირს ეგ წინადადება სათქმელად.
– შენ მაინც არ უნდა გადაუწყვიტო. არ გაქვს უფლება.
– მაქვს! – მოუჭრა მოკლედ, შემდეგ კი ჩამწვარი ღერი ასფალტს ჩაახუტა და ისე მიუჯდა საჭეს, არც უთხოვია ნებართვა...
მაქსიმალურად ცდილობდა, მზერაც კი არ გაპარვოდა, სანამ ქალაქში არ შევიდოდნენ და გაღვიძება არ დასჭირდებოდა, მაგრამ ისე საწყლად ეძინა. კისერმოღრეცილს და შეწუხებულს. რატომ ვერ მოიფიქრა, ღამით მაინც გაეცვალა ადგილი?!
– ნიცა... – ჩაახველა, როგორმე რომ შეეფხიზლებინა და უკანა ხედვის სარკიდან დემეტრეს სახე რომ დააფიქსირა, მანამ აჩვენა შუა თითი, სანამ გოგონა გაიღვიძებდა. – ნიცა!
– ხუთი წუთიც...
– არ გაგვიანდება სკოლაში, გაიღვიძე. – ჩაეცინა და სულ ოდნავ შეეხო მხარზე. – მითხარი, სად ცხოვრობს შენი მეგობარი.
– ჰა?
– სად მიგიყვანო! – თვალები აატრიალა, ახსნა რომ მობეზრდა. ყველაფერი ასეთი რთული აღსაქმელი რატომ არის ახალგაღვიძებულზე?
– აა... ჭავჭავაძეზე... – მთქნარებით წარმოთქვა ჯერ ისევ თვალებმიხუჭულმა და ის იყო, ძილი უნდა გაეგრძელებინა, ბიჭებს ერთხმად რომ აუტყდათ სიცილი.
– ქუჩის დასაწყისში დავდგეთ და იქ დაველოდოთ, როდის გამოივლის თუ ქუჩის ბოლოში?
– დანაყრდი და მოგეძალა იუმორი? – გაიბუსხა და გასწორება რომ სცადა, იმხელაზე წამოიკივლა, ლამის დადიანს ფერი შეეცვალა. – წელი გამიშეშდა!
– შენი წინ ჯდომის ალტერნატიული დანახარჯი იმაზე მეტი გამოდგა, ვიდრე ელოდი?!
– ღმერთო, გთხოვთ, აქაც მენქიუ არ გინდათ! – სასწრაფოდ აღმოხდა დემეტრეს, როცა გაიაზრა, „ეკონომიკის პრინციპების“ ენით რომ იწყებდნენ საუბარს. – სწავლა–განათლება დიად მაღლივშიც გვეყოფა!





* * *
– ცოტა ადრე მაინც გაგეფრთხილებინე, იცი, რას მიგავს ოთახი?! – ეს იყო პირველივე, რაც ჩახუტებისა და მოკითხვის შემდეგ გაიგონა ნიცამ მონატრებული მეგობრისგან. და დიახ, სწორედ ასეთი ურთიერთობა იყო, რისი წყალობითაც, ამდენკილომეტრიანი სიშორის მიუხედავად, მაინც ასე რომ მეგობრობდნენ.
– შენც ახლა რამით არ გამაკვირვო! – გაეცინა და კიდევ ერთხელ მოეხვია. – აუ, იცი როგორ მომენატრე?!
– კი. – გაეკრიჭა ქეთო, შემდეგ კი მეგობრის ზურგჩანთა თვითონ მოიგდო და პირველი გაემართა სადარბაზოსკენ. – ის ვირი სად რჩება?
– ჯანდაბაში.
– კარგი არჩევანია, ზუსტად შესაფერისი. – გაეცინა. – მაგრამ მეორე?
– მეორეს რას ვერჩი, კარგი ბიჭია. – აჰყვა ნიცაც. – შერატონში დარჩებიან, ალბათ, ეგ უბრალოს როგორ იკადრებს.
– ოუჰ, საპრეზიდენტო ნომერიც ხომ არ უნდა?
– დედას გეფიცები, თუ გამიკვირდეს...
– კარგი, ჯერჯერობით აღარ გვინდა მაგაზე. შენ ის მითხარი, გშია თუ გეძინება?
– მოდი, ჯერ შენ მითხარი, საჭმელი შენი მომზადებულია თუ შეკვეთილი? – წაილაპარაკა ისე, ვითომც არაფერიაო, თუმცა უკვე მზად იყო თავსდასატეხი რისხვისათვის.
– მოინდომა გოგომ შეკვეთილი. გადაგყვებოდი თან. კიდევ რა გინდა?
– აჭარული.
– ჰოდა, ჯერ ბოლომდე გათენდეს და წავიდეთ! – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წელია მშობლებისგან ცალკე ცხოვრობდა და არც ოთახების სიმცირეს განიცდიდა, მაინც საკუთარ საძინებელში შეაბარგა „სტუმარი“.
– იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი... – ამოიოხრა ნიცამ და საწოლზე უნდოდა გადაწოლა, კვლავ წელმა რომ შეახსენა თავი. არა, მაინც როგორი ეგოისტია თორნიკე! როგორ გაიმეტა სავარძელზე დასაძინებლად?!
– ვაჟბატონს რომ არ ეფიქრა წამოსვლა, შენ არც აპირებდი და... – თვალები აატრიალა და ისე მიუწვა, თავი მუცელზე რომ დაედო. – რატომ არ ისმის?
– რა?
– არგელოდის ხმა. არ გამოდის კონტაქტზე.
– ქეთო, ჯერ ორი თვისაა! – გაეცინა ნიცას. – მაგრამ... შეიძლება შენთან კი დაამყაროს კომუნიკაცია.
– ეჭვიც არ შეგეპაროთ. – წარბები აწკიპა, შემდეგ კი მუცელს ისე ჩაუკრა თვალი, თითქოს ნაყოფი, რომელიც ჯერ არც კი ჰგავდა ბავშვს, მართლა შეძლებდა ამის დანახვას...




* * *
როგორც ჭეშმარიტად ზარმაც მეგობრებს, შუადღემდე ეძინათ და უკვე პირველი იყო დაწყებული, მაღვიძარას წყალობით რომ გაიღვიძეს. ყოველთვის ასე ხდებოდა ხოლმე. ზაფხულშიც კი ღამეებს ათენებდნენ, დღისით კი ისეთ დროს გადიოდნენ პლაჟზე, ხალხი რომ უკან ბრუნდებოდა. მართალია, ნოემბერში და თან ასეთ მდგომარეობაში ნიცა წყალში არაფრის დიდებით არ ჩავიდოდა, მაგრამ სანაპიროზე გასეირნება ნამდვილად უნდოდა. უყვარდა იქაურობა. რამდენჯერმე უთქვამს კიდეც ქეთოსთვის, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდიო. ვერასდროს თანხმდებოდნენ ამ საკითხზე, ბოლოს კი, იმ აზრამდე მიდიოდნენ, რომ როგორც ყველას, იქ ერჩივნათ, სადაც არ იყვნენ. თუმცა ნიცას ნურიგელის ტბის პირას, ტირიფის ქვეშ ჯდომა მაინც განსაკუთრებულ ბედნიერებას ანიჭებდა.
– რამდენიმე თვის წინ, მზეზე დახრუკულები, რომელიმე ვიფიქრებდით, რომ სულ მალე ორი ჩამოხვიდოდი?! – საოცარი წინადადება ჩაახვია ქეთომ და დასრულებისას თვითონვე აუტყდა სიცილი.
– არ გეკადრებათ, ამხელა ფილოლოგ ქალს!
– სიტუაციაა თვითონ ისეთი, სხვანაირად არ გამომივიდა. – გაეკრიჭა და კუბოკრული პერანგი შემოიცვა ნაცრისფერ მაისურზე.
– მართალი ხარ... – ამიოხრა, ჯერ კიდევ პიჟამაში გამოწყობილმა. – ვერასდროს წარმოვიდგენდი, საკუთარ თავს ასე თუ მოვექცეოდი.
– ნუ ამბობ მასე, ეწყინება! – თვალები დაუბრიალა. – შენ თუ ბატი ხარ, ჩემი ნათლულის ბრალი არ არის! ახლა კი, ადექი, ტიტანიკი უნდა დაგაჯახო...
– გამორიცხულია! – წამიერად გამოფხიზლდა ნიცა ნათქვამის გააზრებისას. – ყველაზე პატარა აჭარულს ვერ ვჭამ ბოლომდე და „ტიტანიკისთვის“ მიმეტებ?!
– ახლა ორი ხარ და ბავშვს ნუ ავიწროებ.
– ოუჰ, მარტოც ხომ არ დაგტოვოთ? – გაეცინა და მართალია, საწოლიდან გამოძრომა საშინლად ეზარებოდა, თუმცა ხაჭაპურის ხათრით, მაინც მოტივირებული წამოდგა.
– ვგიჟდები მიხვედრილ ხალხზე! – თვალი ჩაუკრა ქეთომ, შემდეგ კი დოინჯშემორტყმული დაადგა, დროზე ჩაიცვი, მე უკვე მომშივდაო...



* * *
– კარგი გოგო ჩანდა, არა?! – პირგამოტენილმა დემეტრემ პირველივე შესაძლებლობისას იკითხა ის, რაც უკვე რამდენიმე საათია უტრიალებდა გონებაში.
– ვინ?
– მესიმინდე ბებო! – თვალები აატრიალა მის მიუხვედრელობაზე. – ვინ და ნიცას მეგობარი.
– დედას გაფიცებ, სად მოასწარი შეთვალიერება?! – აროხროხდა დადიანი.
– რა მოსწრება უნდოდა, ვერ დაინახე, რა თვალები ჰქონდა?!
– ერთი ნახვით შეგიყვარდა, ხო?
– ჰო და სმოკინგი იყიდე, ამ საღამოს ცოლად მომყავს. – ხელოვნური ღიმილი აიკრა სახეზე ბიჭმა და ანანასის წვენი საწრუპი ჩხირის გარეშე, ერთი მოსმით გამოცალა. – შენნაირი ნელი კი არ ვარ, ჯერაც რომ არ გამოგიყვანია მანქანა.
– ამ მზეში დამაყენე ახლა იმხელა რიგში და თან ასეთი დაღლილი. გაიქცევა სადმე?!
– მანქანა არა, მაგრამ რისთვისაც ჩამოიყვანე, ის მიზეზი რომ ახლოვდება?
– მაზეგ აქვს დაბადების დღე და ჩვენ წესით, ზეგ დილით უკვე თბილისში უნდა ვიყოთ, არა?
– მე რას მეკითხები, შენ ხარ წამოსული ოჯახით! – თვალი ჩაუკრა დემემ, შემდეგ კი დაასწრო და პირველმა თვითონ მოითხოვა ანგარიში...
– გავიდეთ ზღვაზე?! – ისეთი ტონით იკითხა დადიანმა სასტუმროდან გამოსვლისას, თითქოს შუა ნოემბერში ცურვას აპირებდა.
– უნდა გაირუჯო? – დასცინა მეგობარმა.
– არა, ლუდი უნდა დავლიო და შენ მიყურო. – თუმცა, არც თორნიკე დარჩენია ვალში და ის იყო, მოგებული რაუნდით უნდა დაეკმაყოფილებინა თვითკმაყოფილება, ამღერებული მობილურის ეკრანზე მიმი რომ დაეწერა და ძალიან, ძალიან არ უნდოდა პასუხის შემდეგ ის გაეგონა, რაც მისი ვინაობის გაგებისას, პირველად გაიფიქრა...


* * *
– მგონი, არასწორად ვიქცევი... – ამოიოხრა ნიცამ და ისეთი შეწუხებული სახით გადახედა ქეთოს, თითქოს სიკვდილ–სიცოცხლის საქმე ჰქონდა გადასაწყვეტი.
– ძალიანაც სწორად იქცევი. რა უფლებით არ გითხრა? შენი აგენტია? თუ მესაკუთრე! ვინ ჰკითხავს საერთოდ?
– თან მიმიმ მითხრა, მე ვიცოდი, რომ უარი თქვიო.
– ზუსტადაც. ისე გადაგიწყვიტა, არც კი გკითხა.
– თან, კარგი ფოტოსესია... – საკუთარი თავის დასარწმუნებლად უფრო საუბრობდა ნიცა. ჯერ ისევ კაფეში ისხდნენ, მიმიმ რომ დაურეკა. ფოტოგრაფს ჯერ კიდევ არ უპოვია მოდელი და იქნებ დათანხმდეო. მაშინვე თვალები ჭყიტა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ეუბნებოდა. როგორც საუბრიდან გაარკვია, ჟურნალის გამოცემის შემდეგ კიდევ ერთი ბრენდი დაინტერესებულა ფოტოსესიით, ოღონდ ამჯერად ჟურნალის კი არა, პერსონალური კატალოგისთვის და თორნიკეს მისი სახელით ისე უთქვამს უარი, თვითონ საერთოდ წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა. საშინლად გაბრაზდა. იმდენად საშინლად, რომ დაუფიქრებლად დათანხმდა, ახლა კი, უკვე მაკიაჟიც რომ გაუკეთეს და მხოლოდ ტანსაცმლის ჩაცმა რჩებოდა, ისე აღელდა, აღარც კი იცოდა, სწორად იქცეოდა, თუ არა.
– ფოტოსესიის რა გითხრა, მაგრამ იმისთვის ნამდვილად კარგი გზაა, ზოგიერთი რომ მიხვდეს, სად მთავრდება მისი უფლებები... – თვალი ჩაუკრა მეგობარმა და ის იყო, ნიცა სახელდახელოდ მოწყობილი საგრიმიოროდან გავიდა, რომ შიგნით დატოვებულმა მობილურმა გულსაკლავად დაიწყო რეკვა...

გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
ლილიანა
ავტორს მივმართავ,იმედია არ მიწყენთ,მაგრამ მოქმედი პირების ემოციების გამოსახატავად თითქმის ყოველთვის ,,თვალები აატრიალა'-ს ხმარობთ და ძალიან ცუდად ხვდება თვალში)))
15:22 / 24-11-2016
გამოხმაურება / 0 /
თათა
ყოველ ახალ თავს ვკითხულობ იმ იმედით რონ სიუჟეტი განვითარდება, თუმცა ამაოდ, უკვე დავიტანჯე და ცოტა მოსაბეზრებელი გახდა, ან უფრო მეტი დადეთ ან უფრო დინამიური.
05:33 / 23-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31