ნოველები
შეცდომა. თავი 17. ღალატი
შეცდომა. თავი 17. ღალატი
– აღარ შემიძლია ამდენი...
ამოიოხრა ანიმ და ბატიბუტით ნახევრად სავსე თასი გვერდით გადადო.
– სადაცაა გავსკდები.
– მე გავაგრძელებ.
ჩაიბურტყუნა ნიცამ ისე, რომ ტელევიზორისთვის თვალიც არ მოუშორებია და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, მეგობარს სიცილი რომ აუტყდა.
– ნუ დამცინი, რა ჩემი ბრალია, გემრიელი თუ გამოგივიდა!
– მერე კიდევ გაგიკვირდება, ასე სწრაფად
როგორ გამეზარდა მუცელიო.
– კი არ გამიკვირდა, გამიხარდა! აი, ვისაც გაუკვირდა, ის რატომ არ ჩანს ამდენ ხანს, ეგ ვერ გამიგია...
ამოიბუზღუნა და მობილურს დახედა. ცხრა სრულდებოდა უკვე, დადიანისგან კი, დარეკვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შეტყობინებაც არ მიუღია.
– შეიძლება არც მისულა ჯერ სახლში.
– რა შუაშია. იქნებ მოვკვდი, არ უნდა მიკითხოს?
– ნიცა, გეყოფა.
პირდაპირ ვერ ეუბნებოდა ანი, ძალიან რომ შეიჭრა როლებში, თუმცა ჯობდა, რომ ეთქვა. ახლა ნამდვილად ჯობდა...
– ვხვდები, რისი თქმაც გინდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაღაც შეიცვალა.
ამოიოხრა და ბოლო წუთის განმავლობაში მეშვიდედ შეამოწმა შეტყობინების ფანჯარა. ისევ არაფერი...
– მე რომ დავურეკო?
– და რა უნდა უთხრა, რატომ არ მკითხულობო?
– არა, უბრალოდ, სად არის ამდენ ხანს...
– არ გაინტერესებს, რა რეაქცია ექნება, როცა სახლში მივა და არ დახვდები? ნუ ხარ ასეთი მოუთმენელი! შენ ალბათ ბავშვსაც შვიდთვიანს გააჩენ.
– ჯვარი სწერია...
შეშინებულმა მოისვა მუცელზე ხელი, შემდეგ კი, საწყლად გადმოატრიალა ტუჩები, თუმცა მობილურისთვის ხელი აღარ უხლია. ნამდვილად ჯობდა მოეთმინა, შემდეგ რომ არ ენანა ზედმეტი ყურადღება...
* * *
ისეთ ხასიათზე დაბრუნდა სახლში, დალევის მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ კლუბში წასვლაზე მაინც უარი თქვა, ნიცას გამო. მიუხედავად დღევანდელისა, არ უნდოდა, მარტო დაეტოვებინა, თუმცა შინ დაბრუნებულს სიურპრიზი დახვდა და კიდევ უფრო მოუჭირა უხილავმა ხელებმა ტვინზე. ყველა ოთახი შეამოწმა, მაცივარსაც კი შეხედა, წერილი ხომ არ იყო ზედ მიკრული, მაგრამ ინფორმაცია არსად ჩანდა, ისევე, როგორც ის გოგო, რომელიც მუცლით მის ბავშვს ატარებდა. ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მოთმინებაგამოლეულმა შეამოწმა მობილური, იმ იმედით, რომ უხმო რეჟიმზე ყოფნისას, რაიმე მნიშვნელოვანი გამორჩა. ისევ არაფერი... არა, როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა? კი არ ბრაზდებოდა, ნერვები ეშლებოდა უკვე და არც დაფიქრებულა, ისე მოძებნა კონტაქტებში ყიფიანი.
– სად ხარ?
ყოველგვარი მისალმების გარეშე ჰკითხა, შვიდი ზარის გასვლის შემდეგ ძლივს რომ აღირსა პასუხი.
– მეგობართან.
ასევე მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
– რომელ მეგობართან, ნიცა?
– არ იცნობ. მოხდა რამე?
– არა, არაფერი. საერთოდ არაფერი!
მაქსიმალურად ეცადა, ხმისთვის რომ არ აეწია, მაგრამ ისე ერთიანად მოიცვა სიბრაზემ, ძლივსღა მოახერხა.
– დღეს არ დამელოდო, გვიან დავბრუნდები.
– მე საერთოდ არ დავბრუნდები დღეს...
აი, ეს კი მართლა ბოლო წვეთი გამოდგა და მანამ გაუთიშა, სანამ რაიმე ძალიან, ძალიან ცუდს ეტყოდა. დილანდელი საუბარიც კმაროდა, თუმცა ამან საბოლოოდ დასვა წერტილი. აღარც არაფერზე უფიქრია, მაგიდაზე მიგდებულ ბაიკის გასაღებს ხელი დაავლო და ისე გავარდა სახლიდან, თვითონაც არ ჰქონდა წარმოდგენა, სად აპირებდა წასვლას...
სიჩქარე ერთადერთი იყო, რასაც შეეძლო, ნებისმიერ სიტუაციაში მოეყვანა გონს. გაწითლებამდე გაბრაზებულსაც კი ამშვიდებდა, ძრავის ღმუილი რომ ესმოდა და დაბერილ ძარღვებში მორბენალი სისხლიც ნორმალური ტემპით იწყებდა მოძრაობას.
უყვარდა, როგორ ფერმკრთალდებოდა გარშემო გამოსახულება, როგორ აღიქვამდა ყველაფერს ისე, თითქოს „LSD” მიეღოს და საბურავების სუნიც კი სიამოვნებდა. დამწვარი რეზინის სუნი, ქალაქის ჭუჭყიანი ასფალტის მტვერთან შერეული. სპიდომეტრის ისარმა მაქსიმალურ ნიშნულს რომ მიაღწია, კიდევ ცოტახანს აწვალა „ჰარლი“ და შემდეგ მალევე გაჩერდა. რაიმე განსაკუთრებულ ადგილას არ წასულა, არ იყო ისეთი ტიპი, სიმშვიდე განმარტოებაში ეპოვა. არც არაფერი მომხდარა სამაგისო.
უბრალოდ, გაისეირნა და ბოლოს, გაჩერებულ ბაიკზე ჩამომჯდარმა სიგარეტის კვამლით რომ აივსო ფილტვები, მაშინვე გაუარა ყველაფერმა. ან საერთოდაც, რა დაემართა? არაფერი იყო იმაში განსაკუთრებული, რაც მოხდა. არც იმაში, რაც გაიგო. წესით, არც კი უნდა ჰქონოდა რეაქცია, უბრალოდ, მოულოდნელობის ეფექტმა იმოქმედა ასე ძალიან. თუმცა ახლა ამ თემის გაგრძელების სურვილიც აღარ ჰქონდა და ბევრი არ უფიქრია, ჩამწვარი სიგარეტი უგულოდ მოისროლა, შემდეგ კი გეზი იმ ბარისაკენ აიღო, სადაც ნაცნობს ვერავის გადაეყრებოდა...

* * *
ვეღარაფრით მოისვენა ნიცამ. მთელი ღამე იწრიალა და მაინც რომ ვერ დაიძინა, პატარა ბავშვივით აეტუზა ანის, შენს ოთახში დავიძინებო. არ ელოდა დადიანისგან ასეთ ცივ პასუხს. კი, არც თვითონ მოექცა კარგად, მაგრამ მაინც გაუკვირდა. ისეთი შეგრძნება დაუტოვა, თითქოს იმ ოდნავ დამთბარ სიტუაციას ერთიანად გადაუსვა ხაზი. არადა, როგორც არ უნდა ემტკიცებინა ყველასათვის, პირველ რიგში კი, საკუთარი თავისთვის, მაინც აშკარა ფაქტი იყო, ყურებამდე რომ უყვარდა ის ადამიანი, ვინც ამას საერთოდ არ იმსახურებდა.
იქნებ თვითონაც გადააჭარბა? ზედმეტად შევიდა აზარტში და... ისე მოეწონა პოტენციური ეჭვიანობის იდეა, არც კი უფიქრია, საპირისპიროს მოხდენის ალბათობა თითქმის ერთს რომ უტოლდებოდა. ჰმ, ახლაც იმ საგნის ენაზე დაიწყო ფიქრი, ყველაზე მეტად რომელიც სძულდა.
– ან მოისვენე, ან ბალიშს დაგაფარებ და გაგგუდავ...
ამოიბურტყუნა ნერვებმოშლილმა ანიმ, ვერაფრით რომ ვერ თმობდა ძილს და კიდევ ერთხელ იცვალა გვერდი, თუმცა ნიცამ ისე ამოიოხრა, წამში დაუფრთხო ანგელოზები.
– უნდა წავიდე!
– რა მოგელანდა?
– ზედმეტი მომივიდა...
– ბატიბუტი?
– ეგეც.
ჩაიფხუკუნა და ოდნავ გამობერილ მუცელზე მოისვა ხელი.
– მაგრამ ახლა თორნიკეს ვგულისხმობ.
– ვერ შეგედავები, მაგრამ მაგის შედეგი მუცელში გიზის ახლა...
– ოო, ანი! მაშინ კი არა, ახლა. ცუდად გამომივიდა გუშინ.
– რა იყო, ისე ინერვიულა, ღამე აღარ დაეძინა და დაგირეკა?
თვალები აატრიალა, ნაადრევად გაღვიძებით გაღიზიანებულმა.
– არა, მაგრამ ცუდი ხმა ჰქონდა. ვეღარ ვისვენებ, უნდა წავიდე.
– ეგ დაგღუპავს ზუსტად!
საბოლოოდ გაბრაზდა მეგობრის გულუბრყვილობაზე, თუმცა აღარაფერი უთქვამს მეტი. იცოდა, მაინც არ ჰქონდა აზრი. რამდენადაც სულელი, იმდენად ჯიუტი გახლდათ ყიფიანი და თუ რამეს აიჩემებდა, პლანეტებს რომ საპირისპირო მიმართულებით დაეწყოთ მოძრაობა, მაინც არ გადათქვამდა.
საუზმეზეც კი ვერ დაითანხმა. ისეთი სისწრაფით ჩაიცვა და მოწესრიგდა, სპეცრაზმელსაც კი შეშურდებოდა. თითქოს, რაღაც განსაკუთრებულისთვის ემზადებოდა, თუმცა მაშინ, ასეთი მონდომებით რომ ჯდებოდა სამარშრუტო ტაქსიში, ჯერ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ელოდა სახლში, რომელშიც ცხოვრების უფლება მხოლოდ დროებით ჰქონდა მოპოვებული...
Image result
* * *
თვალების გახელაც კი ეზარებოდა, გამოფხიზლებისთანავე ისეთი ტკივილი იგრძნო. თითქოს, მთელი თავის გარშემო გაძალებით უჭერდნენ ხელებს და მოძრაობის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. რამოდენიმე წამში კი, ტკივილთან ერთად, ყნოსვის ფუნქციაც დაუბრუნდა და ისეთი ტკბილი სუნი ეცა, შეშინებულმა დააჭყიტა თვალები. ოღონდ ის არ იყოს, რასაც ფიქრობს... სამამდე დაითვალა და მხოლოდ შემდეგ გაიხედა საეჭვო ზონის მიმართულებით, ნანახით შეძრწუნებულს კი, შუბლში მოუნდა ხელის შემორტყმა, როდესაც იგრძნო, რომ ისიც დაკავებული ჰქონდა.
ჰმ, მაკიაჟგათხაპნილ გოგონას თავისი ქერა კულულები ოფიციალური მეპატრონესავით დაეფინა ზედ, თავად კი ისე ფშვინავდა, დადიანის ძალისხმევა რომ არა, კიდევ დიდხანს არ დააპირებდა გაღვიძებას.
– დილა მშვიდობისა...
ძილისა და ნაბახუსევისგან ჩახლეჩილი ხმა სპეციალურად გაწელა და გრძელი ფრჩხილები მხარზე დაუსვა, მეტი ეფექტის მოსახდენად, თორნიკემ კი, თვალები დახუჭა და ისე ღრმად ამოისუნთქა, აშკარად თვითკონტროლის შენარჩუნებას ცდილობდა.
– გამარჯობა, ამმ...
აი, აქ კი ნამდვილად გაიჭედა. წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან უნდა გაეხსენებინა იმ გოგოს სახელი, რომლის არსებობის შესახებაც მხოლოდ გაღვიძებისას შეიტყო.
– ტატა.
– გამარჯობა, ტატა და ნახვამდის, ტატა. მაპატიე, მაგრამ სამსახურში მაგვიანდება, სასწრაფოდ უნდა წავიდე.
– სერიოზულად?!
„აღშფოთებული“ წამოჯდა საწოლში და წეღანდელი მცდელობისგან რადიკალურად განსხვავებულად, ამჯერად პატიოსანი გოგოს როლის თამაში გადაწყვიტა და ისე აიფარა მოშიშვლებულ მკერდზე საბანი, თითქოს ძალდატანებით აღმოჩნდა რამდენიმე საათის წინ გაცნობილი ბიჭის საძინებელში.
– შენ მე ვინ გგონივარ?!
– ვინც ხარ, მაგას გუშინ გავარკვევდით, არა?
ცალყბად ჩაეცინა და ზედმეტი გაჭიანურების გარეშე, პირველმა თვითონ დაიწყო ჩაცმა.
- მაპატიე, საყვარელო, მაგრამ მართლა ძალიან მეჩქარება!
– ასეთ სამსახურში, სად მუშაობ?!
ცხვირი აიბზუა, ტატად წოდებულმა და აშკარად უკმაყოფილომ დაიწყო თავისი ტანსაცმლის ძებნა.
– სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ურცხვად დააბრეხვა, რაც პირველად მოადგა თავში, შემდეგ კი ისეთი სახით მიუტრიალდა, უკვე ეტყობოდა, კარგად რომ იყო როლში შესული.
– ოღონდ დაიმახსოვრე, არსად არ უნდა წამოგცდეს.
– ჯაშუში ხარ? ჯეიმს ბონდივით?
თვალები გაუფართოვდა ქერას. ჰმ, ზოგჯერ მართლა როგორ მართლდება მათზე შეთხზული ლეგენდები.
– ზუსტად! ოღონდ ესეც სახელმწიფო საიდუმლოა.
– რა მაგარია!
წამოიძახა აჟიტირებულმა და ძირს დაგდებული კაბის ასაღებად ისე გადაიხარა, ეფექტის მოხდენის ნაცვლად, დადიანმა წარბები შეჭმუხნა და უკმაყოფილომ მოისვა წვერზე ხელი, ასე ძალიან რომ გამოთვრა გუშინ.

* * *
ყიფიანმა საკეტში გასაღები რომ გადაატრიალა, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს უკვე შინ იყო. ყველაზე მეტად უყვარდა ასეთი მომენტები. საკუთარ ადგილს რომ უბრუნდებოდა და შეეძლო, ისეთი ყოფილიყო, როგორიც რეალურად. ისე მოქცეულიყო, როგორც თვითონ უნდოდა და არა სხვების დასანახად. მშვიდად ეგრძნო თავი და ევლო ფეხშიშველს ცივ მეტლახზე, შემდეგ კი, ლოტუსის პოზაში მოკალათებულიყო დივანზე და ცხელი ყავის ფინჯანზე თითებშემოხვეულს, ბოლო ხმაზე აღრიალებული ტელევიზორისათვის მშვიდად ეყურებინა. სამწუხაროდ, ბოლო დროს საერთოდ აღარ ჰქონდა ასეთი მომენტები, ახლა კი, გადაწყვიტა, თვითონვე შეექმნა. რა უშლიდა ხელს? არც არაფერი!
გაღიმებულმა შეაღო სახლის კარი, გასაღები ტუმბოზე მდგარ დაბალ ლარნაკში ჩაუძახა და ის იყო, მეორე სართულის კიბეს უნდა აჰყოლოდა, უცნაური ხმაური რომ მოესმა. წამიერად გაშეშდა. თითქოს, შეეშინდა კიდეც. ნუთუ, ცხოვრებაში პირველად, მაინცადამაინც დღეს გაიღვიძა დადიანმა დილის ათ საათზე? ანერვიულებულმა ტუჩები დაისველა და ის იყო, სამზარეულოში დააპირა გაბრუნება, რაიმე მძიმესა და ბლაგვის ასაღებად, რომ კიბის თავში უმოკლეს კაბასა და უგრძელეს ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი, წითელტუჩსაცხიანი და ქერაკულულებიანი გოგო დაინახა.

აი, მაშინ კი მართლა გაიყინა ადგილზე. თვითონ უცნობი ვერ ხედავდა, ზურგით მოდიოდა კიბისკენ და თან მასპინძელს რაღაცას უხსნიდა, თუმცა რას, ნიცას ეს უკვე აღარ ესმოდა. საერთოდ არაფერი აღარ ესმოდა, საკუთარი გულისცემის გარდა და წამიერად თითქოს ისიც გაჩერდა, როცა შენიშნა, როგორ იკრავდა პერანგის ღილებს მეორე ქერა, ოღონდ გაცილებით მოკლე, უკან შეკრული თმით. ეს როგორ გაუკეთა?!
პირველივე შემთხვევას ელოდა, მარტო დარჩენა სათავისოდ რომ გამოეყენებინა? ან, თუ ასე ყველა სახლში მოჰყავდა, ნიცა რატომ წაიყვანა სასტუმროში? საშინელი ზიზღის შეგრძნებამ წაუჭირა ყელში ხელი და არც უფიქრია ყურადღების მიქცევაზე, უნებურად გაუვარდა ჩანთა, თვითონ კი პირზე ხელაფარებული გაიქცა საპირფარეშოსაკენ...

ვერც კი ტიროდა, ცივ მეტლახზე ფეხშიშველი სიარულის ნაცვლად, მუხლებით რომ იჯდა და ბოლო დროის განუყრელ მეგობარს ეხუტებოდა. როგორ სძულდა იმ მომენტში დადიანი. გულს ურევდა, პირდაპირი მნიშვნელობით! მაგრამ, რატომ გაუკვირდა? რამეს ელოდა? რამეს დაჰპირდა? ერთი სიტყვითაც კი არ გამოუხატავს ცვლილება და არც იყო გასაკვირი. მარტოხელა, თავისუფალი კაცია. დიდი ამბავი, გოგო თუ მიიყვანა სახლში! მუშტებშეკრული ჩამოჯდა თავდახურულ უნიტაზზე და ისე ელოდა, როდის შეაკითხავდა თორნიკე, ლამის მოელანდა კიდეც. იქნებ კვდება?! ნიცა თუ არა, ბავშვი მაინც არ აინტერესებს? თუ უკვე შეეჩვია? უნამუსო, თავხედი, უპასუხისმგებლო!

– დეგენერატი!
ვეღარაფრით შეიკავა თავი და ხმამაღლა აღმოხდა გამწარებულს, შემდეგ კი, გარეთ გასვლისას ისეთი ძალით გაიჯახუნა კარი, გაუკვირდა კიდეც, სახელური რომ არ შერჩა.
– არ ვიცოდი, სტუმრები თუ გვყავდა, ძვირფასო, თორემ უფრო ადრე დავბრუნდებოდი!
წარმოთქვა თორნიკესათვის სრულიად მოულოდნელად და უკვე კართან მისული ქერათმიანიც გაოგნებული სახით შემობრუნდა.
– ძვირფასო?
შემდეგ კი, გაკვირვებულმა დააფახულა ხელოვნურად დაგრძელებული წამწამები და ყბასაც კი დაუწყო ძებნა, ნიცას შეთავაზება რომ მოისმინა.
– რატომ ჩქარობთ? ყავაზე დაგპატიჟებთ! მცოდნოდა მაინც, რამეს წამოვიღებდი. თუმცა, აი, თორნიკე ჩაირბენს ნამცხვარზე, ხომ?
– ეჩქარება, ნიცა.
კბილებს შორის გამოსცრა ბიჭმა და სანამ ნერვები ჯერ კიდევ ჰყოფნიდა, ისე გააცალა ტატა იქაურობას, არც ერთის პასუხს აღარ დალოდებია...

* * *
– აქეთ გაგიჩალიჩა?
სიცილს ვერ წყვეტდა ირაკლი, საღამოს, ბარში შეკრებილებს, თორნიკემ დილანდელი სიტუაცია რომ მოუყვა.
– წარმომიდგენია იმ გოგოს სახე...
ჩაიფხუკუნა დემემაც.
– საერთოდ საიდან მოგივიდა თავში აზრად, სახლში რომ მიგეყვანა?
ეს კი, რა თქმა უნდა, ალექსი იყო.
– ჩემი სახლია და იქ დროებითი მდგმურის არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ასკეტი ბერივით დავიწყებ ცხოვრებას.
– შე ჩემა, დაილია სასტუმროები? რანაირად იქცევი?
– სადაც მინდა, იქ მექნება სექსი! და ნიცა ამას ვერ გამიკონტროლებს.

ჯიუტი ბავშვივით ჩაიდუდღუნა და ლუდი უნდა მოესვა, მობილური უცნაური მელოდიით რომ აუმღერდა. მხოლოდ ეკრანზე დახედვისას მიხვდა, ნომერზე კი არა, „სკაიპში“ რომ ურეკავდნენ და ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც.
– დავით ბატონს ვახლავარ!
სრულიად შეცვლილი ხმით უპასუხა მამას და ბიჭებს ანიშნა, ცოტა ხნით გავალო.
– როგორ გიკითხოთ, ბერლინის მბრძანებელო?
– ნეტა შენ ჭკუა გქონდეს, შვილო, თორემ მე რა მიჭირს!
– ჭკუაც მაქვს და ფულიც, მამა. მაგაზე არ იდარდო.
გაეცინა და პატარა ბიჭივით, ხმაურის დასამალად საერთოდ გავიდა ბარიდან.
– რა მოხდა, ასეთ დროს რატომ მირეკავ?
– ორი ამბავი მაქვს, ოღონდ ჯერ კარგით უნდა დავიწყო.
– რატომ უკუღმა?
– ლოგიკურია და იმიტომ.
ჩაეცინა კაცს, შემდეგ კი, ისე გააგრძელა, არც კი უფიქრია, რომ შეეპარებინა.
– ჩვენ რომ ვიცით, ის მანქანა უკვე ბათუმშია, მაგრამ რევაზი ვეღარ ახერხებს ჩამოყვანას და შენ უნდა წახვიდე.
– ცუდიც შემომაპარე?
– ნუ ხარ ზარმაცი, თორნიკე. ორი დღის საქმეა. ჩახვალ, წამოიყვან და ჩამოხვალ. არ გინდა წუწუნი.
– რა გეშველებოდათ უჩემოდ?! არ შეიძლება, მთელი სანათესაო ერთი ბიჭის იმედად იყოს. ამდენი შრომით, დავეცემი ერთხელაც მაგდანას ლურჯასავით და...
– ჰოდა, ისე იშრომე, მარტო შენს კისერზე რომ არ დაგვტოვო დადიანები. კაცი ხარ უკვე, მე და დედაშენსაც შვილიშვილი გვინდა...
შემპარავად დაიწყო დავითმა, თორნიკეს კი ლამის ხველა აუტყდა ამის მოსმენისას.
– ფოსტით გამოგიგზავნით და დახვდით...
– თორნიკე, მე სერიოზულად ვამბობ. როდემდე უნდა იარო მარტომ?
– არ დავდივარ მარტო. ხან ვის დავატარებ, ხან ვის.
გაეცინა და თან გულში იმის ალბათობას ითვლიდა, მოასწრო თუ არა მანანამ დედამისისთვის სიმართლის მოყოლა. – და საერთოდაც, საიდან გაგახსენდა ახლა ეს?
– დეიდაშენმა დაგვირეკა, ერთი გოგო გაგიცვნია... მანანასთან მიგყავს და ჩვენ გვიმალავ?! რა იყო, თინეიჯერობაში ჩარჩი?
აი, აქ კი, მართლა აუტყდა ხველება და ისე დაიზმუვლა, უტელეფონოდაც შეძლებდა მამამისი გაგონებას.
– ხვალ ბათუმში წავალ და თუ ძალიან არ მომიშალა ნერვები იმ სათამაშო ვითომ მანქანამ, მაგ თემაზეც დავილაპარაკოთ შემდეგ. იმედია, აკულუმატორი ბოლომდე დამჯდარი არ იქნება, ხო?
– იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა, მამი!
გაეცინა დავითს. ამდენი წელია, გერმანიიდან მანქანებს აგზავნიდა, თორნიკე კი ყოველთვის ერთსა და იმავე სისულელეს ეკითხებოდა.
– დავატენინებ იქვე ან ავკიდებ ევაკუატორს. არა, მაინც რას ავიტეხე დაბადების დღისთვის მანქანის ჩუქება?! – ჩაიბურტყუნა თორნიკემ თავისთვის, შემდეგ კი, მამას დაემშვიდობა და ისევ ბიჭებთან დაბრუნდა, რომელიმე რომ დაეთანხმებინა და მარტოს არ გაევლო დამღლელი გზა დედაქალაქიდან ბათუმამდე...

* * *
სიმწრისგან უკვე აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. ყველა დაქალთან სათითაოდ ისაუბრა და უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა. თამოს ისიც კი გამოუცხადა, ალექსს ულტიმატუმად წაუყენე, მეჯვარედ არ წაიყვანოს, თორემ ბავშვი მაგას რომ მოანათლინოთ, თავის სივირეს გადასცემსო, თუმცა მაინც ვერაფრით მოიოხა გული. ხან ტელევიზორს ჩაუჯდა, ხან საჭმლის გაკეთება გადაწყვიტა, შემდეგ კი, როცა გააცნობიერა, რომ მხოლოდ თავისთვის არ იკეთებდა, უფრო გაბრაზდა და მთლიანი ქვაბი გადაუძახა ნაგვის ურნაში.
არა, როგორი სულელია, დილანდელის შემდეგ მაინც მისი მუცლის ამოვსებაზე რომ ფიქრობს?! ღირსია, შიმშილით მოკვდეს და ერთადერთი, რასაც მისი ტუჩები შეეხება, იმ ქერათმიანის უხარისხო, ქიმიური, წითელი ტუჩსაცხი იყოს. ჯანდაბა, ამის წარმოდგენისასაც გააჟრიალა!
– ბიჭი რომ იყო და მამაშენს დაემსგავსო, ჩათვალე, დამკარგავ!
გაბრაზებულმა ჩასძახა მუცელს და სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, კარადიდან სამზარეულოს მოსავლელი ხსნარები გადმოალაგა. ბავშვობიდან გიჟდებოდა მძაფრ სუნებზე, ახლა კი ეს პლატონური სიყვარული გაუორმაგდა. ექიმსაც კი ჰკითხა, საშიში ხომ არ არისო და მხოლოდ რამდენიმეზე რომ აიღო ნებართვა, იმ დღესვე აყიდინა თორნიკეს ფხვნილები და სახეხი საშუალებები.

სიმართლე რომ ითქვას, დიდი დიასახლისობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა ისე გამალებული ხეხავდა ისედაც გაკრიალებულ გაზქურას, ვერც გაიგო დადიანის დაბრუნება. უდანაშაულო ტექნიკაზე იყრიდა ჯავრს და იმდენი ფხვნილი დააყარა, ბოლოს ამაზეც ნერვები მოეშალა და აცრემლებული დაეყრდნო ნიჟარას.

– რას აკეთებ?
კინაღამ გული გაუსკდა, თორნიკეს ხმა რომ მოესმა უკნიდან. როდის შემოვიდა?!
– ვთამაშობ!
– ყოჩაღ.
მოუჭრა უხალისოდ.
– მაჭამე რამე და უნდა გავიდე, ბათუმში მივდივარ.
– სად?
თვალები სწრაფად დაახამხამა ამის გაგონებისას. ბოლომდე გადაწყვიტა გართობა? თბილისელი გოგონების მარაგი ამოწურა და ახლა ბათუმზე გადავიდა?
– რა გინდა?!
– საქმე მაქვს.
თვალები აატრიალა და მაცივარი გამოაღო.
– არაფერი გაგიკეთებია?
– დადექი და გაიკეთე! არ მცალია.
შეუღრინა გაცოფებულმა და ისევ გაზქურას მიუბრუნდა, თორნიკემ კი, სისინით რომ შეისუნთქა ჰაერი, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, ამჯერადაც ზედმეტი მოუვიდა.

და რა, ახლა მარტო უნდა დარჩენილიყო ნიცა ამხელა სახლში, ვაჟბატონს კი ბათუმში მოეწყო რომანტიკული თავგადასავალი? ხან რომელი გოგო აეყვანა ნომერში და ხან რომელი?! არა, მოკვდებოდა, მაგრამ ამას არ დაუშვებდა! ისე მოუნდა შურისძიება, ისე... არც დაფიქრებულა, სწრაფი ნაბიჯებით გააკითხა მისაღებში და უკვე ტექსტიც ჰქონდა მომზადებული, იქაურობა ცარიელი რომ დახვდა. ჰმ, როგორც ჩანს, უკვე ბარგს ალაგებს ბიჭი!
– მეც მოვდივარ!
უცერემონიოდ შეუღო საძინებლის კარი და წელზე დოინჯშემორტყმული აესვეტა წინ.
– სად მოდიხარ?
წარბები ასწია თორნიკემ. საერთოდ არ ჰქონდა ახლა მასთან კამათის თავი, ისედაც ნერვები ჰქონდა მოშლილი, გუშინაც და დღესაც ასე რომ ელაპარაკა.
– იბიცაზე! სად მიდიხან შენ?
– ბათუმში.
– ჰოდა, გამარჯობა! მეც მანდ მოვდივარ.
– იყიდე უკვე მატარებლის ბილეთი?
არც შეუხედავს, ისე ჰკითხა და სპორტული ჩანთის ელვაც შეკრა.
– შენ რა, დამცინი?
– მე არა, შენ?
– არ შეიძლება ჩემთვის მატარებლით მგზავრობა. შენ მოგყვები.
– რა გინდა, ნიცა?! უნდა დამითვალო, რამდენ ქერას ავიყვან ნომერში და რამდენ შავგვრემანს?!
– თუ გინდა, წითურებიც ააყოლე, საერთოდ არ მაინტერესებს. სასტუმროშიც კი არ ვაპირებ გაჩერებას შენთან ერთად, უბრალოდ, ბათუმამდე გამოგყვები, ჩემს მეგობარს ვნახავ და შემდეგ უკან დავბრუნდებით. დამიჯერე, შენ ნამდვილად არ შეგაწუხებ.
– ახლა გაგისკდა მონატრების ბუშტი? სანამ შენ მოწესრიგდები... მელოდება დემეტრე უკვე, მისი მანქანით მივდივართ აქედან.

– ჰოდა, ათი წუთი ჩემ გამო კიდევ დაგელოდება. შენგან განსხვავებით, იცის, რომ ორსული გოგო არ უნდა ანერვიულოს! –მოუჭრა და შემდეგ ოთახიდან ისე გავიდა, პასუხს აღარც დალოდებია. იმ მომენტში მხოლოდ ერთი იცოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დადიანს იქ გართობის საშუალებას არაფრის დიდებით არ მისცემდა...


გაგრძელება იქნება  
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
იხილეთ ასევე: შეცდომა. თავი 16. შავი "მერსედესი"


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 10 /
შორენა
დღეს დაიდება 18 თავი?
17:59 / 21-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნგნ
რა წესია, ამდენ ხანს რომ გვალოდინებთ ახალ თავებს ?! :(
17:50 / 21-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31