ინტიმური ჰიგიენა – ისეთი დელიკატური თემაა, რომ, როგორც წესი, მასზე საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებთ. თუმცა ამ დუმილმა და წესების უცოდინრობამ, შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ინტიმური ჰიგიენის აუცილებელი წესები:
ინტიმური ადგილების დაბანის დროს არ უნდა გამოიყენოთ საპონი, მხოლოდ ჩვეულებრივი თბილი წყალი ან სპეციალური საშუალება ინტიმური ჰიგიენისთვის. დაბანა აუცილებელია სუფთა ხელებით, დღეში არანაკლებ ორჯერ.
წყლის ჭავლისა და ხელის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან, რომ ვაგინაში არ შევიტანოთ ინფექციები უკანა გამოსასვლელიდან. დაბანის შემდეგ ფრთხილად შევიშრობთ სველ ადგილებს.
ანალური ხვრელის ირგვლივ ადგილებს ვიბანთ ჩვეულებრივი ტუალეტის საპნით, რადგან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი გელები ვერ უზრუნველყოფს ამ ზონის დეზინფექციას.
ამ ზონებისთვის განკუთვნილი პირსახოცი უნდა იყოს სუფთა, რბილი და მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი.
მენსტრუაციის დროს არ არის რეკომენდებული აბაზანის მიღება, აუზში ან სხვა წყალსაცავში ბანაობა. უმჯობესია, თუ მოერიდებით სქესობრივ კონტაქტსაც. ციკლის დროს ჰიგიენური საფენები უნდა გამოიცვალოთ დღე-ღამეში 4-5 ჯერ.
თუ თქვენ იყენებთ ჰიგიენურ ტამპონებს, გახსოვდეთ, რომ მათი გამოცვლა აუცილებელია ორ საათში ერთხელ. საერთოდ, ექიმები გვირჩევენ, რეგულარულად არ ვისარგებლოთ ტამპონებით.
სასურველია, თუ ყოველდღიურ ჰიგიენურ საფენებს სისტემატურად არ გამოიყენებთ, თუ ამისთვის განსაკუთრებული მიზეზები არ გაქვთ.
საშოს გამორეცხვა (სხვადასხვა ანტიბაქტერიული ხსნარით) უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ექიმმა-გინეკოლოგმა დაგინიშნათ. რეგულარული ჰიგიენისთვის ის არათუ საჭირო არ არის, არამედ საზიანოც კი გახლავთ – შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს საშოს მიკროფლორა.
რატომ უნდა მივაქციოთ ასეთი განსაკუთრებული ყურადღება, ერთი შეხედვით, მარტივ ჰიგიენას?
საქმე ისაა, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემის "ცენტრი" – საშვილოსნოს ყელი – უნდა იყოს სტერილური, განსაკუთრებით, მომავალი დედებისთვის.
საშო ძალიან ახლოს მდებარეობს ანალურ ხვრელთან. ამიტომაც აუცილებელია, ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ინტიმურ ჰიგიენას, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის მოხვედრა სასქესო ორგანოში.
განსაკუთრებით დიდი რისკია საშოში ინფექციის მოხვედრისა მენსტრუაციის დროს, რადგან ციკლის პერიოდში დამცავი საცობი საშვილოსნოს ყელში არ არსებობს.