არომატული წვნიანი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. მაწვნის სუპი ყველა სეზონზე შესანიშნავია, რადგან შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილი, ასევე ცივიც.
ცოტამ თუ იცის, რომ ამ კერძს თურქეთშიც აკეთებენ. უბრალოდ მაწონს იქ სხვა სახელი ჰქვია. ამ უგემრიელესი წვნიანის რეცეპტის უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა თურქული, უმარტივესი მომზადების წესი ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული. დაივიწყეთ ხახვი, ძეხვი და ათასგვარი მწვანილი. დაგჭირდებათ მხოლოდ:
ინგრედიენტები:
- მაწონი - 2 ქილა.
- წყალი - 4 ქილა.
- პურის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი.
- კვერცხი - 3-4 (ან მეტი)
- ბრინჯი - 1/2 ქილა.
- ცოტაოდენი კარაქი, ხმელი პიტნა და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- გახსენით ორი ქილა მაწონი წყალში, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და და ათქვეფილი კვერცხი. კარგად მოურიეთ.
- დიდ ქვაბში, კარაქში მოწვით ხმელი პიტნა და დაასხით მიღებული მასა ისე, რომ ქურა არ გამორთოთ.
- სასურველია, გაატაროთ საწურში, რომ კოლტები არ დარჩეს.
- პარალელურად, მოხარშეთ ბრინჯი დაბალ ცეცხლზე. მაწვნის სუპს ურიეთ წამოდუღებამდე, ადუღეთ რამდენიმე წუთი და შეურიეთ მოხარშული ბრინჯი.
- ადუღეთ 1-2 წუთი და ჩაახალეთ 2-3 ც კვერცხი სურვილისამებრ. დაამატეთ მარილი და რამდენიმე წამში გამორთეთ, ისე, რომ კვერცხი თოხლოდ მოიხარშოს.
დააწურეთ ლიმონი და გემრიელად მიირთვით!